პუტინის ფარული შტურმის სქემა - „Русский дом“ ანუ "მატრიოშკები" "ტროას ცხენის" მაგივრად - კვირის პალიტრა

პუტინის ფარული შტურმის სქემა - Русский дом ანუ "მატრიოშკები" "ტროას ცხენის" მაგივრად

2025 წლის 3 თებერვალს აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის ახალი ფაზა დაიწყო. ამ დღეს ბაქომ რუსულ მხარეს გაუგზავნა ოფიციალური ნოტა რუსეთის „რბილი ძალის“ მთავარი სტრუქტურის - Россотрудничество-ს (რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება) ერთ-ერთი ოპერატიულ-საბრძოლო დანაყოფის, Русский дом-ის („რუსული სახლი“) აზერბაიჯანში საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნით.

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, რუსულ საინფორმაციო და კულტურულ ცენტრს - "რუსულ სახლს", აზერბაიჯანში იურიდიულ პირად რეგისტრაცია არ გააჩნია, რაც კანონმდებლობის სერიოზული დარღვევააო. ამ დროს კი რუსეთის სპეცსამსახურების ეს ფილიალი აზერბაიჯანში თითქმის ოცდაათი წელია, რაც მოქმედებს. რუსეთის ე.წ. საინფორმაციო და კულტურული ცენტრი ბაქოში 1997 წლის 3 ივლისს დაარსდა, „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო და კულტურული ცენტრების შექმნისა და ფუნქციონირების პირობების შესახებ შეთანხმების“ საფუძველზე. ამ „ცენტრის“ ოფიციალურად დასახელებული მიზნების გაცნობაც უკვე საკმარისია, რომ განვსაზღვროთ რუსეთის „რბილი ძალის“ შეტევის მთავარი მიმართულებები. კერძოდ, ესაა: რუსული კულტურის, მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაცია; რუსული ენის პოზიციის განმტკიცება; თანამემამულეების (აქ იგულისხმება ყველა რუსულენოვანი აზერბაიჯანელი - ბ. ალ.) მხარდაჭერა; ახალგაზრდული პროექტების განხორციელება; საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობა, ისტორიული -მემორიალური აქტივობები; რუსეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად ახალგაზრდების შერჩევა და ა.შ. „კრემლის“ მიზან-ინტერესების ამ ჩამონათვალიდანაც კარგად ჩანს საბოლოო ამოცანა: რუსული გავლენის გაზრდა აზერბაიჯანში.

რუსეთის სპეცსამსახურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებში “რბილი ძალის” ძირითად ინსტრუმენტებად განიხილავენ: რუსულ ენას, კულტურას (კლასიკურსა და თანამედროვეს), მეცნიერებასა და განათლებას, არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას ( სხვა ქვეყნებში, თორემ თავად რუსეთში ისინი უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ ), ახალგაზრდული პროგრამების ამოქმედებას, საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებებს, ტურიზმსა და, ასევე, მიგრაციას.

“რბილი ძალის” გამოყენების შედეგად კი რუსეთის ხელისუფლება ცდილობს: შეტევის ობიექტი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედებას, რუსეთის დადებითი იმიჯის შექმნას და რუსეთის მოქმედებების გამართლებას.

რუსეთის დიქტატორს - ვლ. პუტინს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: ჩვენ ბევრად უნდა გავაძლიეროთ საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას ოდნავ მაინც ესმის რუსული ენაო. რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკები არ მალავენ, რომ რუსული ენის სტატუსის ასახვა მეზობელი ქვეყნების კონსტიტუციებში მათი უმთავრესი ამოცანაა.

აზერბაიჯანში რუსული ენა დღესაც „არაოფიციალურ სამთავრობო“ და „ელიტის“ ენად, ასევე, შორეული რაიონებიდან ბაქოში სამსახურის დაწყებისა და დაწინაურების „ტრამპლინად“ითვლება.

გარდა ამისა რუსული ენა ბევრი აზერბაიჯანელისთვის, რომელიც სამუშაოს საძებნელად რუსეთში მიდის, ჰაერივით აუცილებელი ხდება. დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რუსული ენის მცოდნე/მოლაპარაკე მოსახლეობის საერთო რაოდენობა, რუსი სტატისტიკოსების მტკიცებით, მთელი მოსახლეობის 70 პროცენტს ანუ, დაახლოებით, 6 მილიონ ადამიანს შეადგენს.

ამ დროს კი რუსეთის ხელისუფლება ტერმინ “თანამემამულების” ძალზე ფართო ინტერპრეტაციას ახდენს და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას, მათი ეროვნებისა და მოქალაქეობის მიუხედავად (!!!), თანამემამულეებად თვლის. ამის მიზეზი კი ნათელი გახდება, თუ გავითვალიწინებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ “თანამემამულეთა” უფლებების შესაძლო, უფრო ხშირად კი - მოგონილ დარღვევებს, ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის საბაბად იყენებს. “რუსი თანამემამულეების უფლებების დაცვამ რუსეთისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინაო”, - ამტკიცებენ „კრემლში“.

რუსეთის ხელისუფლების იმპერიული სტრატეგია ხალხთა შორის “ჰუმანიტარული და კულტურული კონტაქტების გაფართოების” სურვილითაა შენიღბული. ამისთვის კი შემდეგი “რბილი იარაღი” გამოიყენება: უფასო რუსულენოვანი სახელმძღვანელოები და სიმპათიური რუსი მასწავლებელი გოგონები, რომლებიც გასაგები მისიით სხვადასხვა ქვეყანაში გაიგზავნებიან; ათასობით ვიდეომასალა და სხვადასხვა სახის ლიტერატურა რუსულ ენაზე; უფასო სწავლება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში და “ფაქიზი დამუშავება” რუსული პროპაგანდით. ეს ყოველივე “კრემლის” მიერ მომზადებული ფარული შტურმისთვისაა განკუთვნილი და ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურების “ყურები” მოჩანს.

განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლების მსურველ, სხვა ქვეყნების ახალგაზრდებს ეთმობათ: მათგან ხომ ყველაზე საიმედო “გავლენის აგენტების” გაზრდაა შესაძლებელი!

picture2sfsfsfs-1739514982.jpg

Русский дом-ი ბაქოში. რუსული სიახლე: „მატრიოშკები“ „ტროას ცხენის“ მაგივრად

ევგენი (სანდრო) პრიმაკოვი-უმცროსისთვის (ჩვენთვის კარგად ცნობილი „პლეხანოველი“ ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი), რომელიც 2020 წლის 25 ივნისიდან ხელმძღვანელობს Россотрудничество-ს, აზერბაიჯანის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. - რუსეთის საელჩომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და საგარეო საქმეთა სამინისტრომ არა ერთხელ მიმართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა დაგვხმარებოდნენ Русский дом-ის რეგისტრაციაში, თუმცა ჩვენი თხოვნა უპასუხოდ დარჩაო,– წუხს დასანქცირებული ევგენი პრიმაკოვი-უმცროსი.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, პუტინის ხელისუფლება ფინანსურ რესურსებს არ იშურებს აგრესიული პროპაგანდისთვის, სადაც რუსულ ენასა და კულტურას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ამ შემთხვევაში, ისინი რუსული “რბილი ძალის” შეუცვლელი კომპონენტები არიან, რითაც რუსეთი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს ისრულებს.

მათი ხანგრძლივვადიანი სტრატეგია ამგვარია: რუსული ენისა და კულტურის აგრესიული ექსპანსია ჯერ პოსტსაბჭოთა სივრცეში, შემდეგ - ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში და ბოლოს - მთელ მსოფლიოში.

ამ სტრატეგიული სპეცოპერაციის დაფინანსებისთვის 2012 წლის 1 იანვარს სპეციალურად შეიქმნა “უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სამართლებრივი დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდი”, რომლის თანადამფუძნებლები არიან... რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და Россотрудничество. სწორედ აღნიშნული “ფონდია” (ანუ უშუალოდ რუსეთის ხელისუფლება) რუსული “რბილი ძალის” მთავარი დამფინანსებელი. მიუხედავად სახელწოდებების ხშირი ცვლისა, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდიდან მოყოლებული, არ იცვლებოდა “თანამემამულეთა დახმარების საზოგადოებრივი ორგანიზაციების” მთავარი მიზანი: საზღვარგარეთ საბჭოთა, შემდეგ კი - რუსეთის, იმპერიული რეჟიმისთვის ხელსაყრელი ინფორმაციის გავრცელება და უცხოელი “პროგრესული” მწერლების, მეცნიერების თუ პოლიტიკოსების რუსეთში მიწვევა და მათი შესაბამისი იდეოლოგიურ-ოპერატიული დამუშავება. ამ ორგანიზაციებს ასობით ფილიალი ჰქონდათ და აქვთ ევროპის, ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ისინი უკლებლივ გამოიყენებოდნენ საბჭოთა სპეცსამსახურების ფარული ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებების შესანიღბად. რუსეთის სპეცსამსახურები კა-გე-ბეს მიერ გაკვალული გზებით მოქმედებენ და აგრძელებენ მის ტრადიციებს. Россотрудничество ძალზე აქტიურობს პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში. მისი ყოველწლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 180–200 მილიონი დოლარია (ეს - ოფიციალურად, ხოლო რუსეთის სპეცსამსახურების ბიუჯეტიდან კიდევ რამდენი იხარჯება, უცნობია), რაც ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფი რუსეთისთვის უმძიმეს ტვირთს წარმოადგენს.

picture1sdfsf-1739514982.jpg

ევგენი პრიმაკოვი-უმცროსი

თუმცა რუსეთის ხელისუფლებისთვის იმპერიული მიზნები მოსახლეობის კეთილდღეობაზე მაღლა დგას! რა მტკიცება უნდა: ვინც ფულს ანაწილებს, მუსიკასაც ის უკვეთავს. ასე რომ, რუსეთის “უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სამართლებრივი დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდი” ის სტრუქტურაა, რომელიც რუსული “რბილი ძალის” ღონისძიება-ოპერაციებს აფინანსებს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა შეძლო ადრე დაქსაქსულად მოქმედი რუსული "რბილი ძალის" ელემენტების გაერთიანება და ის პირად კონტროლს დაუქვემდებარა.

ამავე დროს გაფართოვდა რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები "რუსი თანამემამულეების” "მეხუთე კოლონად” გადაქცევისთვის. რუსული "რბილი ძალის" მართვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქმედებს, საიდანაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული გავლენის გასაძლიერებლად ცენტრალიზებულად ხდება ინფორმაციის მიღება და დავალებების განაწილება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პუტინთან შეთანხმების გარეშე არ იგეგმება რუსული "რბილი ძალის" არც ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია.

შეტევა, როგორც წესი, ორი მიმართულებით იგეგმება და ხორციელდება: პირველი, ესაა ლეგალური სამთავრობო და ვითომ "არასამთავრობო" ორგანიზაციების აქტიურობა, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შეთანხმებულად მოქმედებენ.

რუსული "რბილი ძალის" მეორე მიმართულება რუსეთის სპეცსამსახურების ფარული სპეცოპერაციებია.

Россотрудничество-ს , Русский дом-ის და “უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სამართლებრივი დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდის” ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა უმრავლესობა ჯერ კა-გე-ბესა და გე-ერ-უს საფარ ორგანიზაციებში მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი - რუსეთის სპეცსამსახურების “ფრთებს” შეეფარნენ. დღეს კი საპენსიო ასაკს მიღწეულ-გადაცილებული “ძველი ჩეკისტები”, ჩემი აზრით, უკვე “ოდეერების” სტატუსით მოქმედებენ. ეს, “დიპლომატის მუნდირს” შეფარებული სპეცსამსახურების თანამშრომლები განსაზღვრავენ, თუ რა “კულტურულ”, უფრო მართებული იქნება - ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებს დააფინანსებს “ფონდი”. ეს სქემა უკვე წლებია, კარგადაა დამუშავებული: სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებული რუსეთის საელჩოები იღებენ “ფონდიდან” ფულს და, თავის მხრივ, ადგილებზე “რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოებს” უნაწილებენ. საელჩოებშიც უამრავი “ჩეკისტია”, რომელთა კოტროლის ქვეშ ხდება ფულის გადაცემა უშუალო შემსრულებლებზე. ფინანსური რესურსების მოძრაობის მარტივი სქემაა და, წესით, “რბილი ძალის” სამიზნედ შერჩეული ქვეყნების სპეცსამსახურებს არ უნდა გაუჭირდეთ ამ სქემის გაშიფვრა. ასეც არის.

2025 წლის იანვარში ტელეარხმა Baku.tv-მა გაავრცელა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული კულტურის პოპულარიზაციის საფარქვეშ Русский дом-ი ჯაშუშობითაა დაკავებულიო.

ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აზერბაიჯანის ელჩი და უკმაყოფილება გამოუთქვეს. თუმცა აზერბაიჯანის რეაქციამაც არ დააყოვნა: მეორე დღეს ბაქომ ანალოგიური ნაბიჯი გადადგა: დაიბარა რუსეთის ელჩი „დეზინფორმაციული ხასიათის შეტყობინებების გავრცელების“ გამო და „ყური აუწია“.

თუმცა ილჰამ ალიევი უკანდასახევ გზას მაინც იტოვებს. თებერვლის დასაწყიში აზერბაიჯანის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: ჩვენი ქვეყანა აგრძელებს თანმიმდევრულ კურსს თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად და აჩვენებს, რომ არ აპირებს, მოითმინოს გარეჩარევა მის საშინაო საქმეებში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოდის იგი. ამის მტკიცებულებაა ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ადრეც იყო მიღებული ამერიკულ სააგენტო USAID-თან დაკავშირებით, ჯერ კიდევ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე და მის შემდგომ გადაწყვეტილებამდე, ამ სტრუქტურის ლიკვიდაციის შესახებო. ბუნებრივია, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესანიშნავად იცის, თუ რა მისია აქვს Русский дом-ს, ამიტომაც სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული შეფასებები მასთან იქნებოდა შეთანხმებული. USAID-ის მაგალითის მოყვანა კი, ალბათ, უფრო რუსეთთან და აშშ-სთან დაბალანსებული მიდგომის საჩვენებლად სჭირდებოდა. ჩემი აზრით, აზერბაიჯან-რუსეთის ამ სკანდალური დაპირისპირების მიზეზად მხოლოდ აზერბაიჯანის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის დასახელება ამ ორ ქვეყანას და მათ ლიდერებს შორის შექმნილი რეალობის გამარტივებული ახსნა იქნება. ილჰამ ალიევის „კრემლზე შეტევის“ უკან გაცილებით გლობალური მოვლენები იმალება.

(მეორე ნაწილის დასასრული)