"ყურებისა და ნიკაპის არეში ჭრილობები მიაყენა" - რა არის ცნობილი ვენაში დაკავებულ ქართველ კაცზე, რომელიც პლასტიკურ პროცედურებს არალეგალურად ატარებდა
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, კერძოდ ლანდშტრასეს რაიონში, ერთ-ერთ ბინაში, 35 წლის მამაკაცის მიერ არალეგალურად ჩატარებული სილამაზის ოპერაციის შედეგად, 58 წლის ქალი მძიმედ დაშავდა. ქალი ბინაში ნიკაპის გასამკვრივებელი პროცედურის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა ოპერაციის დროს მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ავსტრიის პოლიციის ცნობით, ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. კაცი, რომელიც ექიმის სტატუსით პროცედურას ატარებდა სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
ვინ არის ეჭვმიტანილი?
35 წლის ეჭვმიტანილი წარმოშობით საქართველოდანაა და საკუთარ თავს პლასტიკურ ქირურგად მოიხსენიებს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მან ვენაში ბინა ონლაინ პლატფორმის საშუალებით იქირავა და არალეგალური ოპერაციებისთვის სისტემატურად იყენებდა.
სამშაბათს, 58 წლის ქალი მეგობართან ერთად, პროცედურის ჩასატარებლად აღნიშნულ ბინაში მივიდა. პოლიციის ცნობით, მას ნიკაპის ლიფტინგი ჰქონდა დაგეგმილი. ოპერაციის პროცესში ეჭვმიტანილმა ქალს ყელის, ყურებისა და ნიკაპის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ პაციენტს მოულოდნელად სუნთქვის პრობლემები დაეწყო. მამაკაცმა, სავარაუდოდ, მდგომარეობის გამოსასწორებლად მედიკამენტი გაუკეთა, თუმცა ამის შემდეგ ქალის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პაციენტის შეშინებულმა მეგობარმა და ეჭვმიტანილის ნაცნობმა – სასწრაფო დახმარებას მიმართეს, რომელიც ადგილზე 17:45 საათისთვის მივიდა.
სამართალდამცველების რეაგირება
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე მისვლისას დააფიქსირა, რომ ქალს სახის არეში ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. ვენის სასწრაფო დახმარების წარმომადგენლის, ანდრეას ჰუბერის თქმით, მათ ეჭვმიტანილი ჰკითხეს, თუ რა მედიკამენტი შეუყვანა პაციენტს, მაგრამ მან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო. გააგრძელეთ კითხვა