მიუნხენის კონფერენცია 2025 - განმეორდება თუ არა 87 წლის წინანდელი მიუნხენი, რასაც მსოფლიოში უდიდესი კატასტროფა მოჰყვა - კვირის პალიტრა

მიუნხენის კონფერენცია 2025 - განმეორდება თუ არა 87 წლის წინანდელი მიუნხენი, რასაც მსოფლიოში უდიდესი კატასტროფა მოჰყვა

1938 წლის მიუნხენში ევროპა ფაშისტურ გერმანიას „დაუწვა“, 2025 წლის მიუნხენში ტრამპის ამერიკა პუტინის რუსეთს „უწვება“?

დღეს, 2025 წლის 14 თებერვალს გერმანიაში,მიუნხენში იხსნება რიგით 61-ე კონფერენცია,რომელიც 1963 წლის თებერვლიდან ყოველწლიურად იმართება და ისტორიაში შევიდა,როგორც უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენცია.

წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულად გამორჩეული გამოვა, რადგან მსოფლიოში ბევრი რამ ელვისუსწრაფესად იცვლება და გადაფასდება მას შემდეგ, რაც სულ რაღაც 25 დღის წინ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისევ ჩაუდგა სათავეში.

მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია, თუ რა კარდინალური ცვლილებები მოხდება რუსეთ-უკრაინის საშინელ,სისხლისმღვრელ ომში, რომელსაც ათ დღეში სამი წელი შეუსრულდება...

ორიოდე დღის წინ მართლაც დაიძრა ყინული მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს სატელეფონო საუბრები ჰქონდა თავის რუს და უკრაინელ კოლეგებთან, მაგრამ სწორედ ამ სატელეფონო ზარების რიგითობამ(ჯერ ზარი პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან) და ასევე ტრამპის მიერ გაჟღერებულმა თეზისებმა, თუ როგორ ესახება ამ ომის შეჩერება მსოფლიოში და პირველ რიგში ევროპაში, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა...

1938 წლის 29-30 სექტემბერს სწორედ მიუნხენში ოთხი წამყვანი ევროპული ქვეყნის-დიდი ბრიტანეთის,საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთმანეთზე არ თავდასხმის შესახებ და...ჰიტლერის გერმანიას ნება დართეს მეზობელი ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის დაკავებაზე...

რაში გადაიზარდა მიუნხენის შეთანხმება, მალევე თავის თავზე ჩეხოსლოვაკიის გარდა იწვნია პოლონეთმა(რომელიც სხვათაშ ორის მანამდე ასევე მონაწილეობდა გერმანიასთან და უნგრეთთან ერთად ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის ოკუპაციასა და მისი ერთი ოლქის მიტაცებაში), საფრანგეთმა და ბოლოს თავად დიდმა ბრიტანეთმაც...

არადა, 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჩემბერლენმა თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე სიამაყით განაცხადა - მე ჩამოვიტანე მშვიდობა ჩვენი თაობისთვის!

რაზეც, იმ დროს ოპოზიციაში მყოფმა იუნსტონ ჩერჩილმა უპასუხა-თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და უღირსობას შორის, თქვენ აირჩიეთ უღირსობა და თქვენ გექნებათ ომიც!

ჩერჩილის სიტყვები ახლდა-სწორედ მიუნხენის გარიგება ჰიტლერთან იქცა ფაშისტური გერმანიის დიდ წახალისებად მეორე მსოფლიო ომის წამოსაწყებად, რომელშიც ჰიტლერს უკვე ჩერჩილი დაუპირისპირდა, რომელიც 1940 წელს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

რატომ დაგვჭირდა ამ ისტორიის გახსენება?

იმიტომ, რომ ისტორია სპირალურად ვითარდება და ის რაც მოხდა 1938 წლის მიუნხენში, 87 წლის შემდეგ შეიძლება განმეორდეს 2025 წლის უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც აშშ-ის ოფიციალური პოზიცია პუტინს ისეთივე დათმობებს სთავაზობს, როგორიც ჰიტლერს გაუკეთეს ამავე ქალაქში გასულ საუკუნეში...

ამის თქმის უფლებას იძლევა ის განცხადებები, რასაც პრეზიდენტი ტრამპი და მისი თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი ბოლო ორი დღის განმავლობაში აკეთებენ - უკრაინას არ მივიღებთ ნატოში, კიევს მოუწევს შეეგუოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებს, რუსეთი უნდა დავაბრუნოთ „დიდ შვიდეულში“...

დონალდ ტრამპი დიდ პოლიტიკაში დიდი ბიზნესიდან მოვიდა და წესით მასზე უკეთესად ვინ უნდა იცოდეს, რომ მოლაპარკებების დაწყების წინ ყველა კოზირის გაშლა წამგებიანია-რატომ აცხადებს ამერიკული მხარე თავიდანვე იმაზე თანხმობას, რაც შეიძლება ვაჭრობის საგნად გამხდარიყო პუტინის კრემლთან, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაზე მოლაპარაკებების დროს?

პრეზიდენტმა ტრამპმა ბევრი საინტერესო და კარგი ცვლილება დაანონსა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს სათავეში დაბრუნების შემდეგ ,რამაც დამყაყებულ დასავლურ ბიუროკრატიას „ჭკუა უნდა ასწავლოს“, მაგრამ რა საჭიროა პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, მის წინ „დაწოლა“?!