"მეგობარს დაურეკა და უთხრა, რომ ბებია მოკლა...ეტყობა წამალს არ სვამდა და..." - რას ჰყვებიან სასტიკად მოკლული 84 წლის ქალის მეზობლები?
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში უმძიმესი დანაშაული მოხდა. 35 წლის გიორგი მამულაშვილმა 84 წლის ბებიას ნანული გურგენიძეს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში ნაჯახით მიაყენა და მოხუცი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, დამნაშავე შვილიშვილია. სახლში მხოლოდ ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდნენ, როცა მან მკვლელობა ჩაიდინა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავემ ბათუმში მყოფ მეგობარს დაურეკა და უთხრა, რომ მან ბებია მოკლა. მეზობლების თქმით, მეგობარმა აცნობა მომხდარი პოლიციას და სწორედ ამის შემდეგ მივიდნენ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე. იქ უმძიმესი სურათი დახვდათ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და დამნაშავე დააკავეს. `შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 1940 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადგილობრივების თქმით, დამნაშავე პოლიციის დანახვის შემდეგ მიმალვას შეეცადა, მაგრამ ის სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებამდე რამდენჯერმე გაისროლეს, დამნაშავეს მოუწოდეს, რომ არ გაქცეულიყო და პოლიციის მოთხოვნას დამორჩილებოდა. „ამბობენ, რომ ბებია ბიჭმა ნაჯახით მოკლა. მოხუცი ამ სოფელში არ ცხოვრობდა, რაჭაში ცხოვრობს, მაგრამ ეტყობა ზამთარში ჩამოყვანილი ჰყავდათ სოფელში. ამ ბიჭს აქვს ფსიქიკური პრობლემები, რა მოხდა სახლში არ ვიცით, ფაქტია, რომ ნაჯახით ჰყავს მოკლული საწყალი ქალი, ამის შემდეგ დაურეკავს ბათუმში მეგობრისთვის და უთქვამს ბებია მოვკალიო. იმ მეგობარს გამოუძახია პოლიცია და სახლში რომ შესულან, ქალი იატაკზე ეგდოო, ის უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფოც მოვიდა, მაგრამ რას უშველიდნენ, მოკლული იყო. როგორც ჩანს, ღამით მოკლა, დილით ადრე ეს ბიჭი მეზობლის სახლში შესულა და მისთვის უთქვამს ტელეფონი დამატენინეო. იმას უთქვამს ასე ადრე აქ რა გინდაო, მერე იქიდან გაქცეულა ყვირილით, არ მოვკალიო, თქვა თურმე და თავში თურმე ხელებს იშენდა და იქიდან წასულა. მერე გაირკვა, რომ ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ამ ბიჭს მე პირადად არ ვიცნობ, რადგან ის ამ სოფელში არ ცხოვრობს. აქ აქვთ სახლი, სადაც პერიოდულად ჩამოდიოდა. არც მოკლული ქალბატონია ადგილობრივი, ისიც შვილთან იყო ჩამოსული. თვითონ რაჭაში ცხოვრობს. მკვლელობაში ბრალდებულის დედის დედინაცვალი იყო. მოხუცს ამ ბიჭთან კარგი ურთიერთობა ჰქონდაო, არც ერთმა მეზობელმა არ იცის მიზეზი თუ რატომ მოკლა ბებო. ახლოს ვინც ცხოვრობს ის მეზობლები გაოგნებულები არიან. არასდროს გაუგიათ მათი ჩხუბი. ამ ბიჭს ფსიქიკური პრობლემები რომ ჰქონდა ეს იცოდნენ სოფელში. ეტყობა წამალს არ სვამდა და ეს საშინელი დანაშაული ამიტომ ჩაიდინა. თორემ სხვა რა მიზეზით უნდა მოეკლა მოხუცი მართლა არ ვიცი", - ამბობს ადგილობრივი.
მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ქონების გამო დავა განიხილება. კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ დამნაშავე მოხუცს მიწის ნაკვეთის დამტკიცებას სთხოვდა.
"სოფელში ამბობენ, თურმე ბაბოს ეს ბიჭი ეუბნებოდა მისთვის დაემტკიცებინა მიწის ნაკვეთი, მან ეტყობა უარი თქვა და ალბათ ეს იყო ჩხუბის მიზეზიო. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა. ისე სულ არეული დადიოდაო ეს ბიჭი. მეზობლად მცხოვრები მამიდის სახლიდანაც გაუტანია რაღაც ნივთები მანამდე. ფსიქიკურად შეურაცხადი იყო როგორც ვიცი. ერთი პერიოდი მკურნალობდა კიდეცო. მკვლელობის შემდეგ ქუჩაში ბიჭებთანაც მისულა, მაგრამ არ ვიცი მათ მკვლელობაზე უთხრა თუ არა რამე. დაიჭირეს პოლიციელებმა. სახლში საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღე მიდიოდა. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს", - ჰყვება ადგილობრივი.
კიდევ ერთი მეზობელი, რომელსაც ჰქონდა მასთან ამ დანაშაულის შემდეგ კომუნიკაცია ჟურნალისტებთან ასეთ რამეს ამბობს. "გუშინ დამირეკა წამიყვანე დუშეთში, გასვენებაში მივდივარო. მე ვუთხარი, ცვლიდან ახლა მოვედი, უძილო ვარ და არ მცალია შენთვის-მეთქი და წავიდა. მერე ამ დილით, 9-ის ნახევარი იყო, რომ მოვიდა. დამიძახა, ტელეფონის დატენვა მინდაო და გამოვვარდი, წადი, ამ დილა ადრიანად საიდან მოხვედი-მეთქი, გავვარდა და წავიდა. „არ მომიკვლია, არ მომიკვლიაო იძახდა. რაჭაში ცხოვრობდა ეს ქალი, მასთან წამიყვანია ადრე გიორგი და მიმიყვანია, ვტაქსაობ ხოლმე, ვიცი რომ მისი ბაბო იყო!“, - ამბობს ჟურნალისტებთან კიდევ ერთი მეზობელი.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება ჯერჯერობით უცნობია. ბრალს დამნაშავეს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. ამის შემდეგ იმსჯელებს სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. რა ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა გამოძიებას, რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები, ეს და სხვა ბევრი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. დამნაშავეს მოგვიანებით ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა მისი შერაცხადობის საკითხი. მოხუცის ცხედარს მშობლიურ კუთხეში, რაჭაში გადაასვენებენ და იქ მიაბარებენ მიწას.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)