"ფემინიზმი სულაც არ გულისხმობს მამაკაცების გაწყვეტას და ქალების გაბატონებას. ნუ ვიტყვით, რომ ქართველი კაცები სუსტები არიან, რომ ცოლები სამუშაოდ გაუშვეს და მათ კმაყოფაზე ცხოვრობენ!"
ადამიანური ურთიერთობები ისევე რთული და ამოუცნობია, როგორც სამყარო. ამ ურთულეს თემაზე გვესაუბრება პოპულარული მომღერალი - გიორგი სუხიტაშვილი:
- ურთულეს დროში ვცხოვრობთ, როცა ადამიანებს შორის ურთიერთობა გაციებულია, ისინი ადვილად იმეტებენ და შორდებიან ერთმანეთს, თქვენც ასე ფიქრობთ?
- ზუსტად ამ სიტყვებით შეგეძლოთ საუბრის დაწყება ოცდაათი, ოცი, ან 15 წლის წინ, რადგან სირთულეების გარეშე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. დრო არაფერ შუაშია, ბუნებრივი პროცესია, როცა ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ეჩვევიან, მაგრამ წლების შემდეგ ვეღარ უგებენ და ძირითად საკითხებშიც ვერ თანხმდებიან. ჩემი აზრით, ურთიერთობებს, როგორც ყველაფერს, სწავლა, დახვეწა და გაფრთხილება სჭირდება. ოჯახის შექმნაც კარგად გააზრებული ნაბიჯი უნდა იყოს, რადგან საძმაკაცოს და სანათესაოს შეძახილით მიღებული გადაწყვეტილება იშვიათად ამართლებს.
- თუმცა, ზოგჯერ წლობით ნაშენები და ნალოლიავები ოჯახებიც ინგრევა...
- გეთანხმებით, რადგან ორი ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ბევრი სირთულე ახლავს თან. ოჯახური ურთიერთობის გაწყვეტა თანამედროვე სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც უკვე არავის უკვირს.
ჩვენთან საქმე უფრო რთულადაა, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ ოჯახური ცხოვრება მორჩილებას და ლამის, ბატონ-ყმობას ნიშნავს. ბოლომდე ვერ გავიაზრეთ ერთმანეთის უფლებები და ეს საკითხიც ვერ დავაბალანსეთ.
მე არ ვამბობ, რომ ოჯახში ყველა თავის ნებაზე უნდა იყოს მიშვებული და ერთმანეთის აზრს არ ითვალისწინებდეს, პირიქით, ერთმანეთის აზრს მაქსიმალურ პატივს უნდა სცემდნენ. როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთისა ესმით, ისინი რთულ ცხოვრებისეულ პრობლემებსაც მარტივად წყვეტენ. ასეთ ოჯახში კარგად იციან, როდის უნდა დათმონ და როდის უნდა იყვნენ პრონციპულები.
- თუმცა, ქართული ტრადიციის მიხედვით, ზოგი თვლის, რომ ქალმა უფრო მეტი უნდა დათმოს და მოითმინოს, როგორ ფიქრობთ, ეს სამართლიანი მიდგომაა?
- ქალს და კაცს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, მათი ნაბიჯები გონივრული და გააზრებული იყოს. დათმობაც, ორივე მხარემ უნდა შეძლოს, თუ ამის საჭიროებაა, მით უმეტეს, როცა საქმე ოჯახს ეხება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და სადავო საკითხები ადამიანებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ.
ცხადია, ოჯახი ინსტინქტების საფუძველზე არ უნდა იქმნებოდეს და თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ცხოვრების გზაზე "შენი" ადამიანი შეგხვდა, სულაც არ არის აუცილებელი მენდელსონის მარში ჩართო. თანაც, ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა: ფემინიზმი და სქესთა შორის ჭიდილი ტრენდული გახდა.
ამ სიტუაციაში, კიდევ კარგი, ერთი რამ გავიაზრეთ: ფემინიზმი კაცთმოძულეობას არ ნიშნავს - ის ქალთა უფლებებს იცავს და სულაც არ გულისხმობს კაცების გაწყვეტას და ქალების გაბატონებას. იმასაც მივხვდით, რომ ფემინისტი შეიძლება მამაკაციც იყოს.
მე ამგვარი დაპირისპირების მომხრე არასდროს ვყოფილვარ, ისიც არ მესმის, რატომაა განსხვავებული ქალის და კაცის შრომა, ან რატომ უხდიან მამაკაცებს უფრო მეტ ხელფასს, ვიდრე ქალებს... ერთ-ერთ მაუწყებელში რომ ვმუშაობდი, ჩემი თანაწამყვანი ახალგაზრდა გოგონა იყო. სპეციალურად ვკითხე, იდენტური ხელფასი ჰქონდა თუ არა. მე უფრო მეტი ხელფასი რომ მქონოდა, განცხადებას დავწერდი და წამოვიდოდი, რადგან ასეთი განსხვავება ჩემთვისაც მიუღებელი და შეურახმყოფელია. მე რატომ მენიჭება უპირატესობა თუ ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ? ამავე დროს, არც ის მესმის, როცა ქალბატონებს უფრო მეტს უხდიან - ეს მეორე უკიდურესობა და უსამართლობაა. ქალთა უფლებების დაცვას მივესალმები, მაგრამ ამ საკითხში ზომიერების დაცვა მნიშვნელოვანია.
შეიძლება საუკუნეების წინ ქალებს ჩაგრავდნენ, შეიძლება სადღაც ახლაც ჩაგრავენ, მაგრამ არ მესმის, ვიღაცამ 100 წლის წინ რომ დააშავა, მის ნაცვლად, მე რატომ უნდა გადავიხადო?
- არ გიფიქრიათ, რომ ძველად ოჯახები უფრო მტკიცე იყო?
- როგორ არა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ძალიან დიდხანს მაქვს ნაფიქრი: საკითხავია, რატომ იყო ის ოჯახები მყარი, ან მართლა მყარი იყო თუ არა, ან ხომ არ ჰქონდა ყველაფერს ფასადური ხასიათი? ადრე მიღებული იყო ოჯახის ასეთი მოდელი: ქმარი მუშაობდა, ქალი კი, სახლში იყო და შვილებს უვლიდა, რაც ხშირ შემთხვევაში, ნებაყოფლობითი არ იყო. მსგავსი რამ შეიძლება ახლაც მოხდეს: გოგონამ გადაწყვიტოს, რომ ურჩევნია ოჯახს მიხედოს და შვილები თვითონ გაზარდოს. ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალური და ნებაყოფლობითი უნდა იყოს: უბრალოდ, ამ ადამიანს ურჩევნია სახლში იყოს და ოჯახს მიხედოს, მაგრამ ადრე ასე არ ხდებოდა: ხშირ შემთხვევაში, ქალებს ეკრძალებოდათ სამსახურში გასვლა, რადან მათი ფუნქციები წინასწარ იყო განსაზღვრული. შედეგად, მათ "იდეალურ" ოჯახებში ურთიერთობები დანგრეული იყო. მართალია, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად ვახშმობდნენ, შვილებსაც ზრდიდნენ, მაგრამ ეს ოჯახური იდილია ფასადური იყო. ვიღაც შეიძლება დამეთანხმოს, ან არ დამეთანხმოს და გამაკრიტიკოს, მაგრამ ეს მარტო ჩემი აზრი არ არის.
- თანამედროვე ცხოვრებამ ყველაფერი შეცვალა: ოჯახის რჩენა ქალებმა იტვირთეს და ამის გამო, ემიგრაციაშიც წავიდნენ. ამიტომ, ხშირად ისმის საყვედური, რომ ქართველი კაცები სუსტები აღმოჩნდნენ - თქვენი შეფასებით, ეს საყვედური რამდენად მართებულია?
- ეს ძალიან მტკივნეული თემაა და მასზე მსჯელობა თხელ ყინულზე სიარულს ჰგავს.
ფორმულირება, რომ კაცებმა თავიანთი დედები და ცოლები ემირაციაში გაუშვეს, არასწორია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცების 90 პროცენტისთვის, ეს სიცოცხლის ტოლფასი გადაწყვეტილება იყო!
როდესაც საქართველოში ეს ამბავი დაიწყო, 1990-იანი წლები იდგა. ემიგრაციის პირველი ტალღა თურქეთიდან დაიწყო და მათ შორის, ვინც ამ ქვეყანაში წავიდა, უმეტესობა ქალი იყო. ამას მოჰყვა ემიგრანტების ტალღა იტალიაში, საბერძნეთში თუ სხვა ქვეყნებში, სადაც სამსახური ქალებისთვის უფრო გამოჩნდა. კაცებისთვის სამსახურები არ იყო და რასაც ვუყურებ, მათთვის სამსახური ახლაც ჭირს. ყოველ მეორე ოჯახში შეიძლება ვნახოთ ერთი ემიგრანტი მაინც და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არაერთი ოჯახის ტრაგედიაა: იმ ასაკში, როცა ადამიანებს ერთმანეთი უნდა უხაროდეთ, იმის გამო, რომ შიმშილით არ ამოწყდნენ, ამ მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა უწევთ! ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამსახურის შოვნა რთულია. ამის საპასუხოდ, ხშირად ამბობენ - წადი და მშენებლობაზე იმუშავეო, მაგრამ ეს სადღეგრძელოსავით ფრაზები რეალურ ცხოვრებაში არ ამართლებს:
რამდენი მშენებლობაა საქართველოში, ან რამდენი სამუშაო შეიძლება იყოს მშენებლობაზე? მე ამ პრობლემაზეც ბევრი მიფიქრია, უცხოეთში რომ ჩავდივარ, გული მწყდება, როცა ჩვენს ემიგრანტებს ვხვდები. მათთვისაც რთულია, რომ ცხოვრებას ოჯახიდან შორს, უახლოესი ადამიანების გარეშე ატარებენ, თანდათან, გაუცხოება ეწყებათ და ერთ დროს უახლოეს ადამიანებს საერთო აღარაფერი აქვთ. ამიტომ,
ჩემი თხოვნა იქნება: ამ დამთრგუნველი ფრაზებით ნუ ვისაუბრებთ და ნუ ვიტყვით, რომ ქართველი კაცები სუსტები აღმოჩნდნენ, რომ ცოლები და დედები სამუშაოდ გაუშვეს, თვითონ აქ დარჩნენ და მათ კმაყოფაზე არხეინად ცხოვრობენ!
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)