"აბრამსების" მზე ჩაესვენა?- პენტაგონი ახალ ტანკს ირჩევს...
კრეიტონ აბრამსის, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ტანკისტისა და შემდგომში ოთხვარსკვლავიანი გენერლის გვარი პენტაგონმა სამუდამოდ უკვდავყო, როდესაც „აბრამსად“ მონათლა 1980 წლიდან სერიულად წარმოებული ამერიკული ძირითადი საბრძოლო ტანკი M1 Abrams-ი...
მას შემდეგ 45 წელი გავიდა და „აბრამსის“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკები ამერიკული არმიის ძირითად შემტევ ძალად რჩებიან, თუმცა ბოლოს და ბოლოს მათაც გამოუჩნდათ კონკურენტი...

რამდენიმე დღის წინ პენტაგონმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს ახალი M10 Booker -ის ტიპის ტანკის სრულმასშტაბიანი სერიული წარმოება, მაგრამ ნიშნავს ეს თუ არა, რომ ლეგენდარული „აბრამსების“ მზე საბოლოოდ ჩაესვენა და მას „ბუკერები“ მასიურად ჩაანაცვლებენ?
„აბრამსების“(რომელთა სერიული წარმოება დიდი ხანია შეწყვეტილია, დამზადებულია არანაკლებ 10 288 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის „აბრამსი“) სრული ჩანაცვლება „ბუკერებით“(ახალ ტანკს სახელი „ბუკერი“ ეწოდა ერაყში 2003 წელს დაღუპული ამერიკელი სერჟანტის ბუკერისა და 1943 წელს ტუნისში დაღუპული რიგითი ბუკერის საპატივცემულოდ) არ მოხდება, რადგან ისინი სხვადასხვა წონით კატეგორიაში „გამოდიან“.

„აბრამსმა“ თავი მარტო ბრძოლებში როდი გაითქვა, მან სხვა, ერთგვარი ანტირეკორდიც დაამყარა „გასუქების“ მხრივ-თუკი პირველი M1 Abrams-ები 54,4 ტონას იწონიდნენ, მისი ერთ-ერთი ბოლო მოდიფიკაციის M1A2SEP v.3-ის მასა 66,8 ტონამდე გაიზარდა.
„აბრამსს“ მართალია ძალიან ძლიერი, 1 500 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის ტურბორეაქტიული ძრავა უყენია, მაგრამ მისთვისაც გართულდა 12 ტონაზე მეტად დამძიმებული ტანკის კორპუსის ძველებურად „ჯირითის“ უზრუნველყოფა.
გარდა ამისა,ლოკალურმა ომებმა პენტაგონი კიდევ ერთი დიდი პრობლემის წინაშე დააყენა-66 ტონაზე მეტი ახალი „აბრამსების“ ჰაერით ოპერატიულად გადასროლა გაჭირდა, რადგან ძირითად ამერიკულ მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს Boeing C-17 Globemaster III -ს მხოლოდ ერთი ასეთი „გასუქებული“ „აბრამსის“ წაღება თუ შეეძლო.
საჭირო გახდა ახალი,შედარებით მსუბუქი ტანკის შექმნა,რომლის საჰაერო გადასროლა უფრო მოხერხებული გახდებოდა და ამასთან ის შესძლებდა ქვეითების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერას ანუ ის უნდა გამხდარიყო ერთგვარი შუალედი მძიმე „აბრამსსა“ და მსუბუქ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლს“ შორის.
ამერიკულმა კომპანიამ General Dynamics Land Systems-მა პენტაგონის დაკვეთით 2015 წლიდან დაიწყო ახალი მსუბუქი ტანკის შექმნა Mobile Protected Firepower (MPF) პროექტის სახით და უკვე ხუთი წლის შემდეგ შეუდგა M10 Booker -ის საცდელ ექსპლუატაციას აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთის, 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის შემადგენლობაში.
„ბუკერი“ შექმნილია ევროპულ (ავსტირული და ესპანური ფირმების მიერ დამზადებული) მუხლუხებიან შასიზე ASCOD 2-ზე, „აბრამსის“ თანამედროვე მოდიფიკაციის M1A2SEP v.3-ის კოშკურის დამონტაჟების გზით.
ანუ ჩანაფიქრი გახლდათ, რომ ახალი მუხლუხებიანი შასის გამოყენებით შეამცირებდნენ მასას, მაგრამ ძველი კოშკურის დატოვებით „ბუკერს“ „აბრამსის“ საცეცხლე შესაძლებლობები უცვლელი დარჩებოდა...
თუმცა, სურვილი არ ნიშნავს ასრულებას-ამერიკელ ინჟინრებს თავიდან იმედი ჰქონდათ, რომ „ბუკერს“ 32 ტონის ფარგლებში „ჩატევდნენ“ ანუ „აბრამსზე“ ორჯერ მსუბუქი გამოუვიდოდათ, მაგრამ „წონა“,როგორც მოსალოდნელი გახლდათ, „გაექცათ“-„ბუკერის“ მასა ჯერ 38 ტ-მდე,ბოლოს კი 42 ტონამდე გაიზარდა, თანაც კონსტრუქტორები იძულებულნი გახდნენ კოშკურაში 120 მმ-იანი სატანკო ქვემეხის ნაცვლად ისევ 105 მმ-იანი „დაებრუნებინათ“,როგორც ეს სულ პირველ „აბრამსებზე“ იყო.
2035 წლამდე პენტაგონი შეიარაღებაში 504 ერთეული სერიული წარმოების M10 Booker -ის ტიპის ტანკის მიღებას აპირებს, რაც ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 17 მლრდ დოლარამდე დაუჯდებათ, ამ ტანკების 30 წლიანი ექსპლუატაციის ჩათვლით.
მკითხველისთვის,იმედია საინტერესო იქნება ჩვენი ეს მოსაზრება:
რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე კარგად გამოიკვეთა,რომ უკრაინელი მებრძოლები ბევრად უფრო ეფექტიანად იყენებენ ამერიკული მხარის მიერ მიწოდებულ „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ვიდრე „აბრამსის“ ძირითად საბრძოლო ტანკებს.შეიძლება ეს იმითაც იყოს განპირობებული,რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის დროზე მხოლოდ 31 ერთეული „აბრამსი“ გაიმეტა უკრაინის არმიისთვის და ისიც M1A1 SA , არცთუ ახალი მოდიფიკაციის,რომლებსაც ასევე მოხსნილი ჰქონდათ გაღარიბებული ურანის შემცველი ჯავშნის კონსტრუქცია კოშკურებიდან.

31 „აბრამსიდან“ წელწადნახევარი ბრძოლების შემდეგ 19 ერთეული ამერიკული ტანკი განადგურებული, დაზიანებული და მიტოვებულია, ერთი კი რუსმა ოკუპანტებმა ალაფად აიღეს და მოსკოვშიც კი გამოფინეს.
„აბრამსების“ წარუმატებელი საბრძოლო ნათლობა უკრაინის ფრონტზე იმითაც იყო განპირობებული, რომ ამერიკელმა და უკრაინელმა სამხედროებმა წინასწარ არ მოამზადეს ეს ტანკები რუსული კამიკაძე-დრონების შეტევებისგან დასაცავად ანუ ისინი დამატებით არ აღჭურვეს დინამიკური დაცვის ელემენტებითა და რკინის ცხაურებით, რომლებიც ტანკის კოშკურას ზემოდან შეტევებისგან დაიცავდა.
საქმე ის არის, რომ პირველი „ცივი ომისთვის“ შექმნილი „აბრამსი“ ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსით სჯობდა საბჭოთა Т-64, Т-72 და Т-80-ებს.
საბჭოთა ტანკებში ჭურვებისა და მუხტების მარაგი უშუალოდ ტანკის კოშკურაში ინახებოდა,რაც აფეთქების შემთხვევაში იწვევდა მათ დეტონაციასა და ათ ტონაზე მძიმე კოშკურა ათეულობით მეტრზე გაიტყორცნებოდა, რის დროსაც ტანკის ეკიპაჟის გადარჩენა თეორიულადაც კი შეუძლებელი გახლდათ.
„აბრამსებში“ კი ჭურვები ტანკის კოშკურის უკან სპეციალურ შეჯავშნულ ნიშაში იყო განთავსებული და მათი დეტონაციის შემთხვევაშიც არ ზარალდებოდა ეკიპაჟი, რადგან ჭურვების დეტონაციისას ამ შეჯავშნული ნიშის ზედა პანელების გარღვევა ხდებოდა და აფეთქების ტალღა გარეთ გაიტყორცნებოდა.

უკრაინელი მებრძოლები „ბრედლებს“ უფრო ემადლიერებიან, ვიდრე „აბრამსებს“,თუმცა მათ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ...
თუმცა ეს დიდი პლუსი, „აბრამსებს“ უკრაინის ფრონტზე დიდ მინუსში გადაეზარდათ, რადგან რუსული კამიკაძე-დრონები ზემოდან სწორედ ამ შეჯავშნული ნიშების პანელებს „ურტყამდნენ“,რითაც ახდენდნენ ჭურვების მარაგის დეტონაციას-ეკიპაჟი კი ცოცხალი რჩებოდა, მაგრამ დაზიანებული 61 ტონიანი(„აბრამსის“ M1A1 SA მოდიფიკაცია დაახლოებით ამდენს იწონის) ტანკის უკან გამოთრევა უკრაინელ სამხედროებს აღარ შეეძლოთ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დარჩენილ დაზიანებულ „აბრამსებზე“ კი რუსული არტილერია იწყებდა „ვარჯიშს“...
ამ ომში უკრაინულმა მხარემ ასევე დაკარგა (განადგურებულის, დაზიანებულისა და მიტოვებულის სახით) 143 ერთეული ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2A2 Bradley ODS-SA.
იმის გათვალისწინებით,რომ ამერიკელებმა უკრაინის არმიას საერთო ჯამში 300-ზე მეტი „ბრედლი“ მიაწოდეს,მათი საბრძოლო დანაკარგი მნიშვნელოვნად მოჩანს-დაკარგულია ყოველი მეორე მანქანა,თუმცა ეს უფრო იმაზე მიუთითებს,რომ „ბრედლებს“ უკრაინელი ქვეითები ძალზე ინტენსიურად იყენებენ ფრონტის ხაზზე.
ახალი ამერიკული ტანკის M10 Booker -ის მთავარი საბრძოლო დანიშნულებაც, ისეთ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებების თეატრზე,როგორსაც რუსეთ-უკრაინის ომი წარმოადგენს,უნდა გახდეს ქვეითების ძლიერი საცეცხლე მხარდაჭერა შეტევით ოპერაციებში ანუ უნდა იყოს „ბრედლივით“ სწრაფი და შეეძლოს „აბრამსივით“ ძლიერი ცეცხლის გახსნა...