„ევროპას უნდა თუ არა, მოუწევს იმის გაკეთება, რასაც ტრამპი გადაწყვეტს რუსეთსა და უკრაინასთან ერთად“
12 თებერვალს ტრამპმა და პუტინმა 90-წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართეს, რაც შესაძლოა გლობალური დიპლომატიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი გახდეს. საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტის შესაძლებლობა, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო პუტინმა უკრაინაში შეჭრით. მას შემდეგ ომის შეწყვეტის საკითხი მუდმივი საუბრის თემაა, მაგრამ მხოლოდ საუბრის. აქამდე ამ ომის შეწყვეტასთან ყველაზე ახლოს, ალბათ, ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში თურქეთში გამართული შეხვედრები იყო, მაგრამ ფაქტია, არ მოხერხდა. ცხადია, მაშინდელი მოლაპარაკება და შედეგები დაკავშირებულია დღეს არსებულ მდგომარეობასთან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაშინდელი და დღევანდელი მოცემულობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაბამისად, შეთანხმების ყველა სცენარი ამ მოცემულობაზეა აგებული - რუსეთს აქვს აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილი დაკავებული, ყირიმი 2014 წლიდან ოკუპირებულია, მთავარი კითხვა ახლა ის არის, სად გაჩერდება ომი და რის ფასად.
ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ "ორივე მხარემ გამოხატა სურვილი, ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლონ და კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა მოიძიონ". პუტინმა კი ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფუნდამენტური უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული, რაც მიანიშნებს, რომ კრემლი მზად არის მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არ მიიღებს ისეთი ტიპის შეთანხმებას, რომელიც რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს არ ემთხვევა. თუმცა ზელენსკი აცხადებს, "ჩვენ გვჯერა, რომ ტრამპს შეუძლია მოახდინოს ზეწოლა პუტინზე, რათა ომი დასრულდეს". მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებაში ჩართვამდე საჭიროა მკაფიო უსაფრთხოების გარანტიები.
ნატოს გენმდივან მარკ რუტეს თქმით, "თუ ევროპული ქვეყნები სერიოზულ როლს ითამაშებენ მოლაპარაკებაში, მათ უნდა შეიმუშაონ კონკრეტული გეგმები უკრაინისთვის".
ცხადია, ტელეფონით საუბრის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ტრამპის განცხადება, რომ ის აპირებს პუტინთან შეხვედრას საუდის არაბეთში, რაც იმედსა და შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო არენაზე. თუკი შეთანხმება მოხერხდება, ტრამპის სამშვიდობო ინიციატივა შეიძლება გახდეს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის დასასრული, ეს კი შეამცირებს ნატო-რუსეთის დაძაბულობას და ასევე აშშ-რუსეთის დიალოგმა შესაძლოა შეამციროს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის რისკი. ომის დასრულება დაეხმარება ენერგორესურსების ფასებისა და გლობალური ინფლაციის შემცირებას. ცხადია, ეს იქნება ტრამპის დიპლომატიური გამარჯვება და შეძლებს 2028 წლის არჩევნების წინ საერთაშორისო წარმატებად წარმოაჩინოს სამშვიდობო შეთანხმება... ცხადია, ამას ექნება ნეგატიური მხარეებიც, რადგან წარმოუდგენელია შეთანხმება უკრაინის ტერიტორიული დათმობების გარეშე და, თუ უკრაინას აიძულებენ, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი დათმოს, ეს პუტინის გამარჯვებად ჩაითვლება. ამასთან, დაზარალდება ნატოს პრესტიჟი და, თუ ევროპელი მოკავშირეები სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ეს ნატოში განხეთქილებას გამოიწვევს. რუსეთი გაძლიერდება თუ პუტინი მიაღწევს მიზანს, ეს შეიძლება ახალი აგრესიის მოტივი გახდეს თუნდაც მოლდოვაში, საქართველოსა და ბალტიისპირეთში. ამასთან, თუ ზელენსკი შეთანხმებას დიდი დათმობებით დათანხმდება, მისმა მთავრობამ შესაძლოა მოსახლეობის უკმაყოფილება და საპროტესტო ტალღა მიიღოს.
სწორედ ამიტომ მოჰყვა ამ სატელეფონო საუბარს არაერთგვაროვანი რეაქცია. ეს განსაკუთრებით ცხადი შეიქნა უკვე კვირის ბოლოს გამართულ მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ტრამპი-პუტინის სამშვიდობო ინიციატივა განიხილეს როგორც მხარდამჭერებმა, ისე სკეპტიკურად განწყობილმა ლიდერებმა. ევროპელმა ლიდერებმა მწვავედ გააკრიტიკეს ტრამპის ცალმხრივი დიპლომატია, განსაკუთრებით ის, რომ ნატოს მოკავშირეები თავიდანვე არ იყვნენ ჩართული მოლაპარაკებაში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ "თუ უკრაინა და ევროპა არ იქნებიან ჩართული მოლაპარაკებაში, ეს მხოლოდ არამდგრადი, იძულებითი მშვიდობა იქნება". გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის თქმით კი, ტრამპის მიდგომა "ცალმხრივი და სარისკოა", რადგან რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეთანხმების დარღვევა. საინტერესოა ისიც, რომ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსის გამოსვლას, რომელმაც აქცენტი ევროპის პრობლემებზე გააკეთა და ჩაითვალა, რომ ამით მან უკრაინის საკითხი გადაფარა.
პროცესების შესაძლო განვითარებაზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.
- ამერიკის ამ ადმინისტრაციას ჰყავს ევროპაში თანამოაზრეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკიდურესმა ვოუქიზმმა ევროპა სიგიჟეებამდე მიიყვანა. ვიცე-პრეზიდენტმა ვოუქიზმის სიგიჟეების საინტერესო მაგალითებიც მოიყვანა, როდესაც ადამიანებს სჯიან ლოცვისთვის, რადგან ეს სხვების შეურაცხყოფად ითვლება; თქვა, რომ ევროპა დასაცავია არა გარე მტრებისგან, რუსეთისგან თუ ჩინეთისგან, არამედ საკუთარი სიგიჟეებისგან - ანუ ევროპა იდეოლოგიურ კრიზისშია. მან გააკრიტიკა ის, რაც რუმინეთში მოხდა, როდესაც პრეზიდენტის არჩევნების შედეგები გააუქმეს, რომ ეს დაუშვებელია და დემოკრატიას ეწინააღმდეგება და რუსების თუ სხვა ქვეყნის შიშით დემოკრატიაზე უარი არ უნდა ვთქვათ - ანუ მან ევროპას მოუწოდა, რომ გამოფხიზლდნენ ვოუქიზმისგან და მარტივად რომ ვთქვათ, საქმეს მოჰკიდონ ხელი. მართლაც, ბოლო ოცი წელია, ყოველივე ეს სიგიჟეში გადავიდა. ვენსიმ გააკრიტიკა საიმიგრაციო პოლიტიკაც, თქვა, რომ ამასაც თავისი საზღვრები უნდა ჰქონდეს. პრინციპში ევროპას უთხრა, თუ ჩვენ გამოგვყვებით, გამოგვყვებით ასე და, თუ არადა, კარგად იყავითო. ევროპა ამერიკის გარეშე კი იარსებებს, მაგრამ დამთავრდება ის ცხოვრება, რაც აქამდე ჰქონდათ. ევროპას ამერიკის გარეშე ცხოვრება უკვე ვერ წარმოუდგენია, რადგან ამერიკა მას იცავს. ამიტომ ან გაჰყვებიან და მოუწევთ რაღაცების შეცვლა, ან არ გაჰყვებიან, მაგრამ მაინც მოუწევთ ცვლილებები.
- ვენსიმ აქცენტი გააკეთა "დემოკრატიის გადატვირთვაზე". რას ნიშნავს ეს, რას ელოდებიან ამერიკელები ევროპელებისგან?
- იმას ნიშნავს, რომ დემოკრატია იმ გაგებით, რაც დამკვიდრდა ბოლო ოცი წელია, მემარცხენე უკიდურესობაში გადავარდა. დემოკრატია უნდა დაბრუნდეს ისეთი, როგორიც ჩვენ ვიცით - ასეთია ხალხის ნება. ფაქტობრივად, ვენსიმ თქვა, თუ ხალხმა ტრამპი აირჩია, პატივი ეცით მის არჩევანს, ნუ ხართ ისტერიკაშიო. ძალიან საინტერესოა, რომ გამოვიდა ერთი ევროკომისარი და ამაყად თქვა, რუმინეთში ხომ გავაუქმეთ არჩევნები და თუ საჭირო იქნება, გერმანიაშიც გავაუქმებთო. ეს ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრის შიშით დემოკრატიას ზღუდავ, ეს კი არ არის დემოკრატია.
- თუ ევროპა და ამერიკა ვერ მოახერხებენ შეთანხმებას, შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ნატოს დაშლის/მოდიფიცირების საკითხი?
- არა მგონია, რადგან ნატო ამერიკის ხელში მძლავრი ინსტრუმენტია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამით დაშანტაჟება დაიწყოს მოთხოვნით, რომ ევროპელებმა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
- ევროპელები შიშობენ, რომ ტრამპი პუტინს გაურიგდა მათ ზურგს უკან. ეს რას ცვლის?
- ტრამპს მიაჩნია, რომ ევროპას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, მთლიანად მასზეა დამოკიდებული. შეუძლია თქვას, მე პუტინთან ყველაფერს მოვაგვარებ, უკრაინის ინტერესების რაღაც დონეზე გათვალისწინებით და ევროპას თუ არ მოგწონთ, თქვენ მიხედეთ უკრაინას, თქვენი ფულით დააფინანსეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები და პუტინსაც თქვენ მოელაპარაკეთო. ასე რომ, ევროპას უნდა თუ არა, მოუწევს იმის გაკეთება, რასაც ტრამპი გადაწყვეტს რუსეთსა და უკრაინასთან ერთად.
- უკრაინასთან ერთად? უკვე გაჩნდა ეჭვები, რომ ასე არ მიდის პროცესები...
- რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ იქნება ისე, როგორც უკრაინას ან ევროპას სურს.
- ტრამპი პუტინს ელაპარაკა ტელეფონით და პოსტ ფაქტუმ ჩააყენა ზელენსკი საქმის კურსში. ეს რა დასკვნების საშუალებას იძლევა?
- ეს ნიშნავს, რომ ტრამპი საერთაშორისო ურთიერთობებს უყურებს როგორც თამაშს დიდ სახელმწიფოებს შორის. დიდი სახელმწიფო კი ამ ეტაპზე სამია: ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი და მიაჩნია, რომ მათ შორის უნდა გადაწყდეს ყველაფერი. ტრამპი უკრაინაში ირიბად დაპირისპირებულია რუსეთთან, შესაბამისად, ვისაც ებრძვი, პირველად იმას უნდა დაელაპარაკო... პრინციპში, გამოიკვეთა სურათი, თუ როგორ ხედავს ომის დამთავრების სცენარს ტრამპის მთავრობა. ეს განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრის გამოსვლაში ჩანდა, რომ ომის დასრულების შემდეგ იქ ევროპელები უნდა ჩადგნენ, ოღონდ ეს არ იქნება ნატოს მისია - ანუ თუ დაარტყამს რუსეთი, მას ამერიკა არ დაეხმარება. რა დარჩება უკრაინას, ამაზე მიდის ახლა ბრძოლა. ჩემი აზრით, რუსეთი იმაზე მეტად ვეღარ წაიწევს წინ, სადაც ახლა არის. შეიძლება დონბასის კიდევ რაღაც ნაწილი დაიკავოს.
- ანუ მოლაპარაკების დროს სადაც გაივლის ფრონტის ხაზი, ის იქნება გამყოფი ზოლი?
- ალბათ, ასე იქნება.
- რუსეთს რამის დათმობა არ მოუწევს?
- ტრამპი ცდილობს ეს ომი ბაიდენს გადააბრალოს. ამბობს, მე რომ ვიყავი პრეზიდენტი, რუსეთს ეს არ გაუკეთებია, ეს ობამას და ბაიდენის დროს მოხდაო. სურს ამ ფორმულით გამოძვრეს აქედან - მე არ გამიფუჭებია და სხვისი გაფუჭებულის გამო ვერ გავრისკავ ომს რუსეთთანო. შესაბამისად, სიტუაცია ცუდი სცენარისკენ მიდის.
- ეგ ცუდი სცენარი ამერიკას აწყობს?
- ამერიკას შეუძლია ცხოვრება უკრაინის გარეშე, მით უმეტეს, გადარჩენილი უკრაინა რუსეთის მტერი იქნება. შესაბამისად, საბოლოოდ ომი ვინ მოიგო? რუსეთმა რაღაც ტერიტორია კი მოიგო, მაგრამ უკრაინა დაკარგა - ანუ ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი გამარჯვებული იქნება.
- რუსეთი ასეთ შედეგს მაინც თავის მოგებად გაასაღებს... ის, რომ უკრაინის რაღაც ნაწილი რუსეთმა ძალით დაიპყრო, საერთაშორისო დღის წესრიგს როგორ შეცვლის?
- ეს მიზნის ძალით მიღწევის სერიოზული პრეცედენტი იქნება და ძალიან საინტერესოა, რომ ეს არადასავლურმა ქვეყანამ გააკეთა. ნატოს შეეძლო დაებომბა სერბეთი და ეიძულებინა გასულიყო კოსოვოდან, მაგრამ ეს არ გააკეთა და ახლა ეს გააკეთა რუსეთმა - მიზანს ძალით მიაღწია.
- ჩვენთვის ეს რა საფრთხეს ქმნის?
- ჩვენ ჩუმად ვართ. აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხში ყველაფერი ისევ ისე დარჩება... არც ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ნაწილად, არც ყირიმს და არც სხვა ტერიტორიას. ვნახოთ, მერე რა მოხდება.
რუსა მაჩაიძე