„საქართველოს გეოპოლიტიკურად შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე უკრაინას“ - კვირის პალიტრა

„საქართველოს გეოპოლიტიკურად შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე უკრაინას“

ამერიკულ ტელეარხ "სიბიეს ნიუსთან" ინტერვიუში ტრამპი ამბობს, რომ აუცილებელია კიევის გაბედული ნაბიჯები და მას მოუწევს ტერიტორიების დათმობა. უკრაინისათვის ნატოში მიღება არაპრაქტიკულია... მას მალევე უპასუხა ზელენსკიმ და განაცხადა, რომ უკრაინელები არასოდეს აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსების ტერიტორიად. "ჩვენ გვინდა ვიყოთ ნატოში. ჩვენ ვენდობით ნატოს უსაფრთხოების გარანტიებს"...

Bloomberg-მა გამოაქვეყნა რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების 3 ვარიანტი. ერთ-ერთი ვერსიით, ოკუპირებული ტერიტო­რიები დარჩება რუსეთის კონტროლქვეშ,­ შესაძლოა გარკვეული ტერიტორიის გაცვლა, მათ შორის კურსკის ოლქის ნაწილისაც. უკრაინა იღებს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ ვერ ხდება ნატოს წევრი. აშშ-ის დახმარება გრძელდება, თუ ევროპა შეინარჩუნებს კავშირს ვაშინგტონთან. ამ და დანარჩენ 2 ვერსიაზე მოსაზრებებს­ გვიზიარებს ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე.

- ეს არის ბაზისური ვერსია, რომლის რეალობად ქცევა დიდწილად ევროპასა­ და თავად უკრაინაზეა დამოკიდებული, რადგან აშშ არანაირ ვალდებულებას არ იღებს­. ევროპა მართლაც უფრო ძლიერად უნდა იყოს ჩართული უკრაინის უსაფრთხ­ოების საკითხში, ვიდრე ამერიკა, მაგ­რამ ამ ეტაპზე ამისთვის­ მზად არ არის. ამასთან,­ უკრაინი­სთვის უსაფრთხოების გარანტიას ნატოს გარეშე ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ გასცემს. ევროპა რომ ერთიანი ევროპული არმია ჰყავდეს და კარგად განვით­არებული სამხედრო წარმოება ჰქონდეს, ყველაფერი გასაგები იქნებოდა, მაგრამ დღეს ამ პრობლემას თავს ვერ გაართმევს. მეორე საკითხია, რომ ამ ვერსიით თუ ვაშინგტონი ხელს დაიბანს ევროპაში უსაფრთხოების საკითხებისგან, ეს ნიშნავს, რომ ამერიკა ჰეგემონი­ აღარ არის. ამასთან, ეს ვერსია­ გარანტიას არ იძლევა, რომ რუსეთი ახალ აგრესიას არ წამოიწყებს. შეიძლება პირდაპირ სამხედრო ინტერვენცია არ იყოს უკრაინაში (თუმცა არც ეს არის გამორიცხული), მაგრამ შეეცდება მისთვის სასურველი ხელისუფლების დასმას კიევში, ან სამოქალაქო ომის ინსპირირებას.

- Bloomberg-ის მეორე ვერსიით, დასავლეთი პირობას დებს,­ რომ დაუპირისპირდება­ რუსეთს, თუ ის დაარღვევს სამშვიდობო შეთანხმებას. სანქციები­ მკაცრდება, კიევი კი იღებს მხარდაჭერას თავდაცვითი მრეწველობის­ განვითარებისთვის და შეიარაღებული ძალების რეფორმებისთვის, რაც ნატოში გაწევრების გზას უხსნის.­ თუმცა­ რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის რისკი აშინებს ყველას...

- ამ ვერსიის შანსი­ ყველაზე­ ნაკლებია. უკრაინისთვის ყველაზე სასურველი ვარიანტია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას რუსეთი დათანმხდეს,­ იმიტომ,­ რომ ამ ვერსიაში უკრაინის უსაფრთხოების გარანტია არის სამხედრო­ წარმოებაც. ამ შემთხვევაში უკრაინის მილი­ტა­რიზაცია გაათმაგე­ბულად გრძელდება­ და უკრაინას თავად ეძლევა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნვე­ლყოფის შესა­ძლე­ბლობა­. რუსეთისთვის კი ეს იქნება­ მარცხთან მიახლოებული შედეგი, რადგან­ მის საზღვარ­თან იქნება ყველაზე მილიტარიზებუ­ლი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, თანაც შეიძლება კონფლიქტი ნებისმიერ დროს განახლდეს უკრაინის მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დაბრუნების მოტივით.

- მესამე ვერსია, ყველაზე უარესი ვარიანტია. ამ ვერსიაში ტრამპი დადასტურებულად­ თმობს ამერიკის ჰეგემონობას, კარგავს ინტერესს­ უკრაინის მიმართ, წყვეტს დახმარებას. ევროპა მარტო რჩება პრობლემის წინაშე. საბოლოოდ, უკრაინა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, მაგრამ რუსეთი მნიშვნელოვან უპირატესობებს იღებს.

- სამწუხაროდ, ამ ვარიანტის შესაძლებლობაც არსებობს. ამ შემთხვევაში კიევისთვის არანაირი მოტივაცია არ რჩება, დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკება ვაშინგტონის ჩართვით ან მის გარეშე. ეს ის ვარიანტია, რომლის თანახმადაც, უკრაინა­ ევროპელ მოკავშირე­ებთან ერთად რუსეთს მარტო უპირისპი­რდება, ამერიკა კი მთლიანად გამოთიშულია. ამ ვერსიაზე დათანხმება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია... პირველი ვარიანტის­ დღის წესრიგში დაყენება­ ყველაზე ოპტიმალურია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამისთვის არც ევროპაა­ მზად და არც უკრაინა, უახლოეს მომავალში შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელი არ არის. მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ სამი ვარიანტიდან არც ერთში არ ჩანს მთავარი­ კითხვა და მთავარი პასუხი. კერძოდ, რა სახით რჩება რუსეთს ის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებული აქვს. თუ საქმე­ ეხება საზავო ხელშეკრულებას და საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე კი არა, ომის დასრულებაზეა, გამოდის, ტერიტორიები ფორმალურად რჩება­ რუსეთს, რაც ნიშნავს, რომ იწყება ტერიტო­რიების ახლებური გადანაწილება, ეს კი დაპყრობითი ომების პრეცედენტს ქმნის საერთაშორისო­ სამართალსა და საერთაშორისო პოლიტი­კაში. თუ მხოლოდ დე ფაქტო ოკუპაციაზეა­ საუბარი, მაშინ ზავი ვერ დაიდება და გამოდის, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე გვაქვს საუბარი, რაც აბსურდია. ცეცხლის შეწყვეტა არანაირ გარანტიას არ იძლევა გრძელვადიანი მშვიდობისათვის.

- რა მოხდება, თუ ზავი დაიდო და რუსეთმა ანექსირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა?

- დრამატულ მსოფლიო წესრიგს მივიღებთ. თუკი ერთი ქვეყნის მიერ­ მეორის­ ტერიტორიების დაპყრობის ფაქტო­ბრივი პრეცედენტი შეიქმნება, ეს იქნება ომების, როგორც ტერიტორიული გაფართოების საშუალების საერთაშორისო პოლიტიკაში გრანდიოზული დაბრუნება. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარება შექმნის ფუნდამენტურ პრეცედენტს ევროპის საზღვრების ომით ცვლილების შესახებ, ეს კი ომების სერიის დასაწყისი­ იქნება ყველგან. ამით ყველაზე მეტად უკრაინამ კი არა, შეიძლება ჩვენნაირმა პატარა სახელმწიფოებმა იზარალონ, რადგან სწორედ ისინი აღმოჩნდებიან საფრთხეში. არც დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები იქნებიან გულხელდა­კრეფილი, ისინი ლოგიკური არჩევნის წინაშე დადგებიან - მრავალპოლუსიან მსოფ­ლიოში ან გაძლიერდნენ და შექმნან თავიანთი ღერძი, ან დასუსტდნენ და უმნიშვ­ნელო ძალად იქცნენ. პირველ შემთხვევაში მათი მილიტარიზაცია იქნება­ საჭირო, ეს კი ყოველთვის მშვიდობიანად არ ხდება ხოლმე.

- ასეთ შემთხვევაში საქართველოს სად ხედავთ?

- რეგიონში მოქმედი ძალებისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველოს გეოპოლიტიკურად შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე უკრაინას.

- ეს ჩვენთვის ცუდი რატომ უნდა იყოს?

- ჩვენთვის ეს კარგი იქნება თუ ცუდი, ჯერ ადრეა თქმა. ამერიკას საქართველო­ მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის­ გამო აინტერესებს. ვაშინგტონისთვის ის დერეფანია საინტერესო, რომლის მეშვე­ობითაც­ კავკასიაზე გადის. ამერიკისთვის უკრაინის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მინიმალურია, მასზე არც ტვირთები­ გადის,­ არც გზაგამტარია და არც დასავლეთის დერეფანია. კი, ენერგოდერეფნები უკრაინაშიც გადიოდა, მაგრამ ახლა შეჩერებულია. საქართველოს ენერგოდერეფანიც დიდი აქვს და სატრანსპორტოც - საქართველოდან ძალიან მალე ხვდები როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე შუა აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, შავი ზღვის აკვატორიაში და ა.შ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველო მხოლოდ ამერიკისთვის კი არა, ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინის საკითხზე მიბმული არ არის და ეს ძალიან კარგია.

- მაშინ რა არის ჩვენი პრობლემა?

- ჩვენი პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით, როგორი იქნება ევროპის და ამერიკის რეაქცია, თუ რუსეთი თავისი გავლენის სფეროში მოგვიაზრებს. თუ დახურულ კარს მიღმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების დროს საქართველოს საკითხიც­ არ დაიძრა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჩვენი­ საკითხი ცალკე განხილვის თემა იქნება, უკრაინისგან დამოუკიდებლად. ერთიან­ პაკეტში საქართველოს განხილვა­ არ გვაწყობს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ევროპამ­ შეძლოს უარყოფითი პოზიციის დაფიქსირება. ამასთან, "ქართული ოცნების" წყალობით მოკავშირის გარეშეც ვართ დარჩენილი. ამიტომ უნდა ვილოცოთ, რომ უკრაინის კონტექსტში საქართველო არ განიხილონ.

- ახალი საერთაშორისო სამართლის შექმნის­ შემთხვევაში ომის დანაშაულებისთვის ძებ­ნილი პუტინის საკითხი როგორ გადაწყდება?

- ის თავისუფლად დაბრუნდება გავლენიან მოთამაშედ, ხოლო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იქნება უფუნქციო და ღიმილის მომგვრელი ინსტიტუცია, რომელსაც არანაირი გავლენა­ აღარ შერჩება, ხოლო გენოციდისა და ომის დანაშაულების პრეცედენტის შექმნა სხვა დიქტატორებს დამატებით მოტივაციას მისცემს გენოციდისთვის. დაიწყება ჩინური აგრესიული ომები. პუტინის უკრაინაში გამარჯვება და გავლენიან საერთაშორისო მოთამაშედ დაბრუნება სი ძინპინისთვის იქნება სიგნალი, რომ დასავლეთის დამარცხება შესაძლებელია, მით უფრო ხანგრძლივი ზეწოლით. რუსეთი ჩინეთზე სუსტია­ და თუ ეს შეძლო რუსეთმა ევროპის ტერიტორიაზე, რატომ ვერ შეძლებს ჩინეთი იმავეს აზიაში? შეეცდება მაინც.

- დღის წესრიგში ისევ დადგება ტაივანი?

- დიახ, აუცილებლად. ჩინეთი ამისთვის აქტიურად ემზადება. ტაივანის დაკავების შემთხვევაში ჩინეთს აღარ ექნება ფიზიკური კუნძულოვანი ბარიერი, რომელიც წყნარ ოკეანეში გადაადგილებაში შეუშლის ხელს. მისი ერთ-ერთი სამიზნე ფილიპინებისა და ვიეტნამის საზღვაო აკვატორიის მიტაცებაცაა, რასაც დაჩქარებული წესით ახდენს კიდეც. სანამ დასავლეთი გადაეწყობა ახალ რეალობაზე, ჩინეთი შეეცდება საკუთარი პოზიციის იმგვარად გამყარებას, რომ მისი შეკავება ძალიან რთული იყოს. მას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - შეუძლია დაძრას კორეის საკითხიც. მისი წაქეზებით ჩრდილოეთ კორეის აგრესიის საფ­რთხის ზრდასთან ერთად, დასავლეთის მიერ ფოკუსის რამდენიმე საკვანძო თემაზე­ გასწორება კიდევ უფრო გართულდება, ეს კი ჩინეთის მოქმედებას მხოლოდ გაამარტივებს. ჩინეთს შორს მიმავალი გეგმები აქვს აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაშიც. ომის შემდეგ რუსულ-ჩინური ღერძი ნამდვილად­ არ დაიშლება, პირიქით, გაძლიერდება, რადგან ეს ერთგვარ წარმატების ფორმულად იქნება გააზრებული მოსკოვსა და პეკინში. ცხადია, მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალია, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ სხვები ჰყავთ უფრო მნიშვნელოვან მეტოქეებად, ერთმანეთთან ყოფნა უფრო მეტად მისაღები იქნება.

- რას უნდა ველოდოთ ომისგან გათავისუფლებული და საერთაშორისო არენაზე გავლენიან ლიდერად დაბრუნებული პუტინისგან?

- პუტინი აუცილებლად შეეცდება საბოტაჟის გაძლიერებას ევროპის წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს როგორც თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე, ისე პოლიტიკური პარტიებისა და თუ ჯგუფების დაფინანსება და ქაოსის გამოწვევა ევროკავშირში. რუსეთი შეეცდება ბელარუსის ანექსია მოახდინოს არა ომით, არამედ ულტიმატ­უმით ლუკაშენკოსა და მის მთავრობაზე. რუსეთი შეეცდება საკუთარი მთავრობა დასვას სომხეთშიც, იმავეს იზამს მოლდოვაშიც. არის სიტუაცია, რომ ბულგარეთსა და რუმინეთშიც გააძლიეროს პრორუსული­ ძალები. ყაზახეთში რუსი მოსახლეობის გამოყენება მაქსიმალური პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად ჩვეულებრივ ამბად გადაიქცევა. რუსეთი ყაზახეთს ჩრდილოეთის ტერიტორიებსაც ედავება. ამაზე მედვედევი ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა. შესაბამისად, რუსეთის უშუალო აგრესია არ არის გამორიცხული. არ არის გამორი­ცხული რუსეთის მიერ უმცირესობების გამოყენება, წაქეზებული დემონსტრაციები და კრიზისი ლატვიასა და ესტონეთში,­ რიგასა­ და ნარვაში. კრემლს იქ ისედაც ჰყავს­ მომხრეები, პუტინს ეხვეწებოდნენ, შემოდი ტანკებით ბალტიისპირეთშიო. მოკლედ, რუსეთი შეეცდება იჩქაროს და უკრაინაში ომის დასრულების შედეგად მიღებული დაბნეულობით ისარგებლოს. რუსეთი ბალკანეთს დიდ სიურპრიზს უმზადებს. ბოსნიაში სერბულ და ბოსნიურ ნაწილებს შორის ომის განახლება რეალისტური ამბავი იქნება. სერბული ნაწილი ისედაც მილიტარიზებული და უკიდურესად პრორუსულია. სერბეთში­ კოსოვოს კრიზი­სის დაძვრაც არ იქნება რთული. რუსეთი შეეცდება ომის შემდგომ უკრაინაში შიდა არეულობის გამოწვევასა და თავის სასარგებლო მთავრობის დასმას, დაიწყებს მზადებას ახალი ომის ულტიმატუმისათვის. ახლა უკვე გაუმჯობესებული პოზიციებით. ამიტომ უკრაინას რთული გზის გავლა მოუწევს.

- ეს საფრთხეები აიძულებს თუ არა ევროპას შეიარაღდეს და ამერიკისგან დამოუკიდბელი სტრატეგია შეიმუშაოს?

- მათ ან დამოუკიდებლად უნდა შეძლონ სამხედრო-პოლიტიკური ღერძის შექმნა, ან იქცნენ უმნიშვნელო ძალად აშშ-ის ქოლგის ქვეშ. თუკი ევროპის ან მისი წევრი სახელმწიფოების მილიტარიზაცია აშშ-ს წინათ დიდად არ სურდა, ახლა ამის მომხრეა. ამის ფაქტობრივი­ მტკიცებულება­ა ისიც, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინის საკითხზე პასუხისმგებლობის აღება სწორედ ევროპას გადააბარა. ამასთან, ტრამპი მოუწოდებს ევროპულ სახელმწიფოებს გაზარდონ თავიანთი­ დაფინანსება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ აშშ ნაკლებად ინტერესდება ევროპული სამხედრო-პოლიტიკური თეატრით­ და სხვა კონტინენტებსა და თუ აუზებზეა გადასული... გაძლიერებული ევროპა ჩვენს ინტერესებშიც შედის. ჩვენი, ისევე როგორც დასავლეთის ინტერესი, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მარცხია. რუსეთმა უკვე მიიღო ამ ომში რამდენიმე მარცხი­: გაფართოვდა ნატო, ვერ აიღო კიევი, კიდევ­ უფრო შეიარაღდა უკრაინა, გადაიარაღება დაიწყო აღმოსავლეთ ევროპამ და რუსული ეკონომიკა დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ ეს ძნელად გადაწონის იმ შესაძლო რეალობას, რომელიც იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუკი რუსეთმა ანექსირებული ტერიტორიების აღიარება მიიღო, ხოლო უკრაინა გარანტიების გარეშე დარჩა.

ხათუნა ბახტურიძე