ევროპარლამენტის რეზოლუცია, ძველ-ახალი იდეები ოპოზიციაში და სალომე ზურაბიშვილის მისია
გასული კვირა საინტერესო მოვლენებით იყო დატვირთული. მსოფლიო ყურადღების ცენტრში მიუნხენის კონფერენცია მოექცა. როდესაც ეს სტატია იწერება, ჯერ არ არის ცნობილი კონფერენციის გაცხადებული და ფარული შედეგი და ისიც, გამართლდა თუ არა შიში იმისა, რომ ეს არ დაემსგავსოს "მიუნხენ 1938"-ს, როდესაც ჰიტლერს დაუთმეს, ამას კი მსოფლიო კატასტროფა მოჰყვა მეორე მსოფლიო ომის სახით. რაც შეეხება საქართველოს, დავიწყოთ ევროპარლამენტის მიერ 13 თებერვალს მიღებული რეზოლუციით. პირველ რიგში, გთავაზობთ დოკუმენტის ძირითად პასაჟებს:
"გმობს "ქართული ოცნების" "ხელისუფლებას" და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიამუშაკების ძალადობრივი რეპრესიები; არ აღიარებს "ქართული ოცნების" პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას; ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ისევე როგორც ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს მოუწოდებს, არ აღიარონ "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა; შესაბამისად, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს "ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს; აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას; საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნეს მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით; მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU-25-ს [უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით], ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე დაუყოვნებლივი და მიზნობრივი სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის კომპანიებს, და ყველა მისი აქტივი გაყინონ ევროკავშირში, მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში, დემოკრატიული უკუსვლის დაშვებასა და ქვეყნის დეკლარირებული ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებაში; მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და პირადი სანქციები დაუწესოს მას;…
გარდა ამისა, ევროპარლამენტი რეზოლუციაში ითხოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრის, თბილისის მერის, სხვა მაღალჩინოსნების, სამი მედიასაშუალების მფლობელებისა და რამდენიმე ბიზნესმენის დასანქცირებას.
წინა რეზოლუციებში სააკაშვილის გათავისუფლების თემაც ფიგურირებდა. გამონაკლისი არც ეს დოკუმენტია:
"ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, კონკრეტულად საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით; ხაზს უსვამს, რომ თვითდანიშნულ ხელისუფლებას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და სრულად ანგარიშვალდებული უნდა იყოს ნებისმიერი ზიანისთვის, რაც მას მიადგება", - ნათქვამია დოკუმენტში.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს რეზოლუციები სარეკომენდაციო ხასიათისაა. სანქცირებაზე გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, ისმის მთავარი კითხვა: ამ არეულ მსოფლიოში, განსაკუთრებით ტრამპის სიურპრიზების შემდეგ, რამდენად აქტუალურია საქართველოს საკითხი ბრიუსელისთვის და წავა თუ არა ის აშკარა ესკალაციაზე?!
დიახ, ესკალაციაზე, რადგან თუ ევროპის საბჭომ ევროპარლამენტის რეზოლუცია გაითვალისწინა და ბუკვალურად აღასრულა, ეს ნიშნავს, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს, ქვეყანაში ერთადერთ კანონიერ პოლიტიკურ ფიგურად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს და ითხოვს ახალი არჩევნების დანიშვნას. ეს ნიშნავს, რომ მაშინ ევროკავშირმა უმკაცრესი ნაბიჯები უნდა გადადგას, დაწყებული სანქციებით და დამთავრებული საზღვრების ჩაკეტვით (ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მოთხოვნაც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების თაობაზე). არის კი მზად ასეთი ნაბიჯებისთვის ევროკავშირი? - არა გვგონია.
რაც შეეხება სააკაშვილის თემის რეზოლუციაში ჩაწერას. ყველაზე საინტერესო თავად სააკაშვილის რეაქცია იყო: "მადლობა ევროპარლამენტარებს იმისთვის, რომ არასდროს ერიდებიან ჩემს ხსენებას, მათ შორის რეზოლუციებში, განსხვავებით ქართული კრიტიკული მედიებისგან". რატომ არ ეკითხება თავის თავს სააკაშვილი, თუ რატომ აღარ ახსენებენ კრიტიკული მედიები. კარგი, მედიებს თავი დავანებოთ - რატომ არ პედალირებს სააკაშვილის გათავისუფლების თემით თავად "ნაცმოძრაობა"?! იმიტომ, რომ თუ დღეს გინდა პროტესტი გაფანტო და ჩაახშო, ყველაზე კარგი მეთოდია "ფრი მიშას" ძახილი. რას ვიზამთ, ეტყობა, სააკაშვილისთვის შეუძლებელია რეალობასთან შეგუება...
ოპოზიციის ერთიანობა და სალომე ზურაბიშვილი
გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმართა დისკუსიები, უნდა გაერთიანდეს თუ არა ოპოზიცია და რაღაც ერთიანი ფრონტი შექმნას. ამჯერად თემა წინ გიორგი ვაშაძემ წამოსწია. მანამდე ანალოგიური იდეით გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ჰქონდა "სახალხო პარლამენტისა" და ერთიანი პლატფორმის იდეა. თუმცა საკითხავი მაინც ის არის, რას მოიტანს ეს ერთიანობა.
თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დღეს ოპოზიცია გაერთიანდა - ანუ "ნაცმოძრაობა", გვარამია-მელია, ხაზარაძე და გახარია დასხდნენ და შექმნეს, მაგალითად, საკოორდინაციო საბჭო და ა.შ. რას შეცვლის ეს? ხელისუფლებას შეეშინდება და სასწრაფოდ ახალ არჩევნებს დანიშნავს თუ საზოგადოების დიდ ნაწილს (მათ შორის მათაც, ვინც ყოველდღიურ აქციებში მონაწილეობენ) უცბად ოპოზიციის სიყვარულის ბუშტი გაუსკდება?! ამ კითხვებზე პასუხი ოპოზიციის ლიდერებს ნამდვილად არ ესიამოვნებათ. სიმართლე უნდა ვთქვათ - დღეს ოპოზიციის მთავარი სატკივარი ის არის, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტს ისინი არ მართავენ, მაყურებლებისა და კომენტატორების როლში არიან.
რა თქმა უნდა, გაერთიანებაზე მხოლოდ თეორიულად ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ, მაგალითად, გახარია ყველა ტელეეთერში იმეორებს, რომ არავისთან გაერთიანებას არ აპირებს და არც ზოგიერთი სხვა ლიდერი გამოხატავს საამისო ენთუზიაზმს.
პარტიების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდა სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. კერძოდ, მას "მიესვლება" ოპოზიციასთანაც და საპროტესტო აქციების მონაწილეებთანაც. შესაბამისად, მას ხიდის როლის შესრულება შეუძლია - ანუ უხეშად თუ ვიტყვით, ოპოზიციამ უნდა აღიაროს ზურაბიშვილი თავის ლიდერად, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. აი, მაშინ შეიძლება მოხდეს პოლიტიკური პარტიებისა და პროტესტის რეინტეგრაცია (თუ, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს გეგმაში არა აქვს თავისი პარტიის შექმნა).
თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მიმართულებით თავად სალომე ზურაბიშვილი არ აქტიურობს. კერძოდ, ის თავს კვლავ პრეზიდენტად მიიჩნევს და შესაბამისად, მიაჩნია, რომ პარტიულ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს. რამდენად სწორი სტრატეგია აირჩია სალომე ზურაბიშვილმა, რა თქმა უნდა, საკამათოა.
მოიცლის თუ არა ტრამპი საქართველოსთვის?!
ესეც ერთ-ერთი დისკუსიის საგანია ქართველ ექსპერტებში თუ პოლიტიკოსებში. მოიცლის რა, ტრამპი საწყობის გამგე კი არ არის, რომ ვერ მოიცალოს. მას ჰყავს მრავალრიცხოვანი გუნდი, რომელიც აუცილებლად მისცემს რეკომენდაციებს საქართველოს საკითხებში. როგორი იქნება ეს და რა გველის, ძნელად პროგნოზირებადია.
მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, მთელი პლანეტისთვის შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია უახლოეს მომავალში. ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრამპისა და პუტინის დაგეგმილ შეხვედრას. მანამდე მათ ტელეფონით ერთი საათი ისაუბრეს, რის შემდეგაც ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკის დაურეკა (ეს რიგითობაც მრავლისმეტყველია).
რა გეგმით მიდის ტრამპი პუტინთან? დასავლურ მედიაში ამ გეგმამ არაერთხელ "გაჟონა". "კვირის პალიტრის" სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი ამ გეგმაზე გაზეთის 10 თებერვლის ნომერში წერდა, რომელსაც შეგახსენებთ:
"პირველი - იგეგმება ცეცხლის შეწყვეტა რუსეთ-უკრაინის ომში 2025 წლის 20 აპრილისთვის, როდესაც მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები ერთ დღეს აღნიშნავენ ქრისტეს აღდგომას, ხოლო მოლაპარაკების წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, საბოლოო დოკუმენტზე ხელის მოწერა 9 მაისს.
მეორე - უკრაინას გამოჰყავს თავისი საექსპედიციო კორპუსი რუსეთის კურსკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელიც ნახევარ წელზე მეტია ოკუპირებული აქვს.
მესამე - ცეცხლის შეწყვეტის მომენტისთვის ფიქსირდება ის დროებითი ხაზები, სადამდეც უკვე ოკუპირებული აქვს რუსეთს უკრაინის ტერიტორია.
მეოთხე - უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრებაზე. აგრესორი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის 20%-ის უკან დაბრუნება უკრაინის არმიას ამ ეტაპზე არ ძალუძს, მთავარია, ახალი მიწებიც არ დაკარგონ.
მეხუთე - დემილიტარიზებულ ზონაში უკრაინის მხარეს შესაძლებელია სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის განთავსება ევროპული ქვეყნებიდან და არა აშშ-დან.
მეექვსე - რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ეტაპობრივად, რამდენიმე წელიწადში მოეხსნება საერთაშორისო სანქციები.
მეშვიდე - აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას".
რა თქმა უნდა, პუტინს კონტრგეგმაც ექნება. მაგალითად, რუსეთის ახალ "რუკაზე" ზაპოროჟიე და ხერსონი რუსეთის შემადგენლობაშია მოქცეული. დღეს მათ უკრაინელები აკონტროლებენ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, პუტინმა ამ ქალაქების გადაცემაც მოითხოვოს. მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა პუტინის მიმართ, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, ამერიკის პრეზიდენტი ამას დათანხმდეს. სავარაუდოდ, შეთანხმდებიან რაღაც შუალედურ ვარიანტზე.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამის შემდეგ ტრამპი ზელენსკის, უხეშად თუ ვიტყვით, "ფაქტის წინაშე" დააყენებს და აიძულებს ხელი მოაწეროს შეთანხმებას. შესაბამისად, შესაძლოა უკრაინელებისთვის და მათი გულშემატკივრებისთვის მძიმე მშვიდობა მაინც დამყარდეს, მაგრამ როდემდე... საკითხავი აი, ეს არის.
გიორგი კვიტაშვილი