„გიორგი ვაშაძის ფორმულაა: „ყველა გავერთიანდეთ და მივიღოთ ნული“
საქართველო მძიმე პოლიტიკურ კრიზისს ებრძვის. ჯერჯერობით, გამოსავალი არ ჩანს. ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს სწრაფ გზას გაერთიანებაში ხედავს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანება უნდა შედგებოდეს სამი კომპონენტისგან: პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და სალომე ზურაბიშვილი... ოპოზიციის გეგმებსა და კრიზისის შესახებ ანალიტიკოს ლევან ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ.
- პოლიტიკოსები, რომლებიც სრულიად ხელმოცარულები არიან და არანაირი შანსი არა აქვთ მომავალ საქართველოში ადგილი დაიმკვიდრონ და მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში როლი ითამაშონ, ყოველთვის ცდილობენ გაათამაშონ დიდი გაერთიანების კარტი, იმიტომ, რომ დიდი გაერთიანების გარეშე თამაშგარეთ მდგომარეობაში რჩებიან. სწორედ ასეთი პოლიტიკოსია გიორგი ვაშაძე, რომელსაც თავისი არც ნიშა აქვს, არც პოლიტიკური პოზიცია, არც საზოგადოების პატივისცემა და ავტორიტეტი. ამიტომ ცდილობს რაღაც დიდ ტალღას მიეტმასნოს. ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც არც იდეები აქვთ და არც ხედვები.
რატომ უნდა ჩამოაყალიბონ ერთიანი გეგმა ადამიანებმა, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. ეს ხელოვნური გაერთიანება იქნება. მე არა ვარ გაერთიანების მომხრე, პირიქით, ვემხრობი იმას, რომ ბევრი ფლანგი წარმოიქმნას ჩვენს პოლიტიკურ ველზე, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ თავიანთი საზღვარი და არ უნდა იყვნენ ერთმანეთში არეულ-დარეული. საუბარი გაერთიანებაზე ნიშნავს ყველას ერთმანეთში არევასა და ქაოსს. თუ არის სტრატეგიული საკითხები, კოორდინირება უნდა იკისრონ სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ. დანარჩენ თემებში არ მინდა ერთად ვიხილო, ვთქვათ, ვაშაძე და გახარია. პოლიტიკა მათემატიკა არ არის, მათემატიკაში 1+1=2-ს, ხოლო პოლიტიკაში ერთს პლუს ერთი შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, როცა ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი, რადიკალურად განსხვავებული და დაპირისპირებული ჯგუფი ერთ კალათში აღმოჩნდება. ვაშაძის ფორმულაა "ყველა გავერთიანდეთ და მივიღოთ ნული".
ახლა არის დრო, როდესაც საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა დაიკავონ საკუთარი ადგილები. უნდა არსებობდეს მემარცხენე ლიბერალური, მემარჯვენე კონსერვატიული ფლანგი და ყველა მხრიდან უნდა იყოს შეტევა ხელისუფლებაზე, რომელსაც არ სურს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის არსებობა, რომელსაც სურს საქართველო მარტო დარჩეს რუსეთის, ირანისა და ჩინეთის წინაშე.
რაც შეეხება ვაშაძის მიერ სალომე ზურაბიშვილის გაერთიანებაში მოხსენიებას, პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს მაკოორდინირებელი ფუნქცია. როცა იქნება საჭირო ერთობლივი ძალისხმევით ან აქციის ჩატარება, ან სხვა ღონისძიების დაგეგმვა, მაშინ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის აპარატი იყოს გამაერთიანებელი ინსტიტუტი, რომელიც ყველას ძალისხმევას ერთ კალაპოტში მოაქცევს. სალომე ზურაბიშვილის გარდა, გამაერთიანებელი რგოლი, თან ლეგიტიმური, საქართველოში არ არსებობს.
- თუ ფიქრობთ, რომ ახლა ოპოზიციის გაერთიანების დრო არ არის და პირიქით, დამაზიანებელი იქნება ზოგიერთი პარტიისთვის, მაშინ როგორ შეაფასებთ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრებს, რომლებიც საერთო ინტერესსა და საქმიანობას შეეხება?
- სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრები ემსახურება შემდეგს: მაგალითად, როგორი საარჩევნო წესით უნდა ჩატარდეს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები - ამაზე ხომ შეთანხმებაა საჭირო, მექანიზმებია მოსაფიქრებელი. ვთქვათ, როცა საქმე ეხება საკითხს - რა გზავნილებით მივდივართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რა თემებზე ვამახვილებთ ყურადღებას. "ოცნების" საწინააღმდეგოდ განწყობილ ძალებს შორის მთავარი გზავნილები უნდა იყოს კოორდინირებული. მაგალითად, საუბარი წარიმართა, როგორ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ დაჯარიმებულ და დაჭერილ აქტივისტებს, ზოგს ფული არა აქვს, ზოგს ადვოკატი არა ჰყავს და ა.შ. ამ საკითხებზე შეიძლება ხელმოცარულმაც და წარმატებულმა პოლიტიკურმა ძალამ ერთად ილაპარაკონ.
კიდევ ერთი მომენტი, რაც, წესით და რიგით, თან უნდა ახლდეს ამ შეხვედრებს - ეს არის "ქართული ქარტია". იმედია, ზურაბიშვილი ყველა შეხვედრაზე ოპოზიციას ახსენებს მათ დაპირებას, რომელიც ასახულია "ქართულ ქარტიაში", რომ ახალი არჩევნების შემდეგ, როდესაც "ქართული ოცნება" ვერ აიღებს მანდატების 50%-ს, ჩვენ გვეყოლება ტექნიკური მთავრობა. ჩვენს საზოგადოებაში მუდმივად ისმის კითხვები: როცა გავუშვებთ "ოცნებას", ვინ მოგვყავს ხელისუფლებაში? ხაზარაძე, გახარია, გვარამია? სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა რეცეპტი - ხელისუფლებაში მოდიან უპარტიო პროფესიონალები და გვეყოლება ტექნიკური მთავრობა. ამაზე ხელი აქვს მოწერილი ყველა ოპოზიციურ პარტიას, რაც უნდა შესრულდეს!
- რას უნდა აკეთებდნენ პოლიტიკური პარტიები, რასაც არ ან ვერ აკეთებენ?
- დღევანდელ ოპოზიციას განსაკუთრებული რესურსები და შესაძლებლობები არა აქვს. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, იფიქრონ ახალ საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგულაციებზე, რა მეთოდებით შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები. დანარჩენი ფუნქცია მათ არა აქვთ, არ შეუძლიათ, თორემ როგორ არ არის საჭირო ისეთი პარტია, რომელსაც ხალხთან მიესვლება, რომელსაც შეუძლია რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანა, საზოგადოების დარწმუნება, მაგრამ არა გვყავს. პირიქით, ჩვენ ვთხოვთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ არაფერში ჩაერიონ, ამ პროტესტიდან განაპირდნენ, რათა ხელი არ შეუწყონ პროტესტის დისკრედიტაციას და ძირი არ გამოუთხარონ სახალხო მოძრაობას.
კარგია, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს საპროტესტო ტალღაში ჩართვას, თორემ აქციები მალევე დაიშლებოდა. დაიწყებოდა დავა, ვის უფრო დიდხანს ექნებოდა მიკროფონი ხელში, ვის უფრო მეტი გავლენა ექნებოდა ამ პროცესებზე და ა.შ. ოპოზიციურ პარტიებში არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია მოაწყონ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
ჩვენი პოლიტიკური პარტიების მთავარი პრობლემა ის არის, რომ არა აქვთ ხედვა, როგორ საქართველოში უნდათ ცხოვრება. როცა აქცენტს სვამ იმაზე, რომ შენ იყო ხელისუფლებაში და ამომრჩეველს არ ეუბნები, რისთვის გინდა ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ საკუთარ კეთილდღეობას უზრუნველყოფ, ჩნდება უფსკრული ამომრჩეველსა და პოლიტიკურ პარტიას შორის.
- საპროტესტო აქციები გრძელდება...
- ჩვენ გახანგრძლივებულ კრიზისში ვცხოვრობთ. ხელისუფლებაც და საპროტესტო ტალღაც დაღლილია, მაგრამ ორივე ხვდება, რომ თუ გაჩერდებიან, შეიძლება გაქრნენ პოლიტიკური ველიდან. ასე რომ, დაღლისა და გამოფიტვის მიუხედავად, ხელისუფლებაც და საპროტესტო ტალღაც ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას. პირველი ვინ დაიხევს უკან და ვინ გატყდება ამ კრიზისისა და ზეწოლის შედეგად - ამ პროცესს ვადევნებთ ამჟამად თვალს.
ხელისუფლება ოდნავ დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის მქონე პირებით რომ იყოს დაკომპლექტებული, დათმობას გატეხად არ აღიქვამდნენ, მაგრამ ჩვენ ისეთ ველურ პოლიტიკურ ფიგურებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებაზე ან კომპრომისზე წასვლა სისუსტისა და ლაჩრობის დემონსტრირება იქნება.
არ ვიცი, სადამდე ეყოფა ნერვები და რესურსები ბიძინა ივანიშვილს, არც ის ვიცი, როდის დაიღლება საპროტესტო ტალღა. ძალიან ძნელი სავარაუდოა, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებაზე ეკონომიკური ზეწოლა მარტსა და აპრილში ძალიან მძლავრი იქნება. იმედი მაქვს ბრიტანეთისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების სანქციების. ეს წნეხს გააძლიერებს "ქართულ ოცნებაზე". ავტორიტარიზმს სჭირდება ფინანსური უზრუნველყოფა, მისი რჩენა ძალიან ძვირი ჯდება. ივანიშვილს აქვს კი ამის რესურსი?! თუ დასავლეთის სასანქციო პოლიტიკა გამკაცრდება, არა მგონია, ივანიშვილმა შეძლოს ავტორიტარიზმისთვის საჭირო თანხების მობილიზება. წინ გვაქვს მარტი და აპრილი, როდესაც სტუდენტური ცხოვრება გააქტიურდება. მგონი, ეს პერიოდი ახალ სიცოცხლეს შთაბერავს პროტესტს. გარდა ამისა, ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებაზე. რაზე შეთანხმდებიან ისინი უკრაინის საკითხზე, ამის ჩრდილში მოექცევა საქართველოს თემაც.
- ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე ნაკლებად სავარაუდოა საქართველოს შესახებ ისაუბრონ...
- საქართველოზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ იქნება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ვერ გადაწყვეტს ყველაფერს. საქართველოს მდგომარეობაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება, თუ როგორი პოლიტიკა ექნება უკრაინის საკითხზე შეერთებულ შტატებს. ტრამპი ჩქარობს, სურს ორი შეხვედრით გადაწყდეს პრობლემა, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ თქვა, ერთ დღეში დავასრულებ ომსო, ომი კი ერთ დღეში არ მთავრდება. მაგრამ ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის ქმედებებთან ერთად იკვეთება შეერთებული შტატების კონიუნქტურა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ. ამ დამოკიდებულებას ექნება გადამწყვეტი გავლენა იმ კრიზისზე, რომელიც დღეს საქართველოში არის. ახლა დგას საკითხი ასე - აგრძელებს თუ არა შეერთებული შტატები აქტიურ ჩარევას პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკაში თუ დროებით მიდის რეგიონიდან. თუ ტრამპმა თქვა, რომ აცოცხლებს ე.წ. მონროს დოქტრინას, რომელიც გულისხმობს ამერიკის ორივე კონტინენტზე შტატების დომინანტობას, ხოლო დანარჩენ მსოფლიოზე გავლენის შემცირებას. თუ ეს პოლიტიკა გავიდა, მაშინ ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ვიქნებით. სულ არ მიგვატოვებენ, მაგრამ ძლიერი სუბიექტი გამოგვაკლდება. თუმცა შტატების ასეთი პოზიცია იქნება სტიმული იმისთვის, რომ ევროპა გააქტიურდეს, გადალახოს შიდა კონფლიქტები და დაიწყოს გეოპოლიტიკური აზროვნება.
სოფო კაჭარავა