"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის იანვრის ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის­ თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა (მათ შორის "ქართული ოცნების" მომხრეებიც) აღიარებენ ქვეყანაში გახანგრძლივებულ პოლიტიკურ კრიზისს და პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებენ. დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები და შიდაპოლიტიკური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე ნაწილობრივ აისახა. რამდენად გაუარესდება მომავალში ეკონომიკური სიტუაცია, მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზეა დამოკიდებული, სანქციების გაფართოებას კი, თავის მხრივ, პოლიტიკური­ კრიზისის გაგრძელება განაპირობებს. რა შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკურ კრიზისს და მის განმუხტვაში რა როლი აქვს სალომე ზურაბიშვილს,­ ანალიტიკოსი­ დავით­ ზურაბიშვილი გვესაუბრება: - ხელისუფლება გასულია სამართლებრივი სივრციდან, იღებს­ ანტიკონსტიტუ­ციურ კანონებს, თანაც დაჩქარებული წესით, აპატიმრებს, წერს არაადეკვატ­ურ ჯარიმებს,­ ქვეყანა იზოლაციაშია, "ოცნ­ებას"­ გაწყვეტილი აქვს კონტა­ქტები დასა­­ვლეთთან, აშშ-თან. ერთა­დერთი, ვისთანაც ურთიერთობენ, არაბული ქვეყნებია. - რა მოჰყვება პოლიტიკურ კრიზისს? - ამას შეიძლება მოჰყვეს სამი რამ: 1. ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები და განიმუხტება კრიზისი, როცა რეალურად ლეგიტიმური ხელისუფლება­ მოვა. 2. იმდენად გაღრმავდება კრიზისი,­ რომ შეიძლება დაიწყოს ხელისუფლების ჩამოშლა და მაინც არჩევნებით დაბოლოვდეს; 3. ხელისუფლებამ შიდა და გარე ფაქტორების ბედნიერი დამთხვევით შეიძლება მოახერხოს პროტესტის ჩახშობა და გაიმყაროს პოზიცია. პროტესტის ჩახშობა კი შეუძლებელი იქნება მხოლოდ შიდა ძალებით - რუსეთის­ პირდაპირი სამხედრო ძალის დახმარების გარეშე ვერ წარმომიდგენია. არის კიდევ ერთი ვარიანტი: თუ ასე გაგ­რძელდა, კარგა ხანს იქნება ქაოსი და საბოლოოდ ქვეყანა გადაიქცევა რაღაც იმის მსგავსად, 90-იანი წლების პირველ ნახევარში რომ ვიყავით. მთლად ის ვერ განმეორდება, დღეს სხვა პირობებია, მაგრამ აღზევდება კრიმინალი, კატასტროფულად გაიზრდება ფასები და კვლავ მივუახლოვდე­ბით იმ სტადიას, რასაც შეუმდგარი სახელმწიფო ჰქვია. ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი აუქმებს სახელმწიფო ინსტიტუციებს­ და მათ პირად მომსახურე კანტორებად ქმნის. სასამართლო და პარლამენტი ვერ ასრულებს ფუნქციას და პარლამენტარები ივანიშვილის ნოტარიუსებად არიან გადაქცეული, პოლიციას ბანდიტებისა და ყაჩაღებისგან ვეღარ გაარჩევ... დეპუტატები დარბიან, ჩხუბობენ, სცემენ. მოკლედ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამასხარავებულია. ეს პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურში გადაიზრდება და ხელისუფლება იძულებული გახდება, წავიდეს დათმობაზე... დღეს იმდენად ტურბულენტური საგარეო გარემოა, რთულია რაიმეს გადაჭრით თქმა. ხელისუფლება ამით სარგებლობს,­ ცდილობს ტრამპის გამონათქვამებით ჩაეწეროს იმ ტენდენციაში, რასაც ტრამპი და მისი გუნდი ამჟღავნებენ, თუმცა მისი ცდა ამაოა, იმიტომ, რომ არაგულწრფელია. - სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის გამაერთიანებლის როლის შესრულება შეუძლია? - პრეზიდენტობის ვადის განსაკუთრე­ბით ბოლო 2 წელიწადს სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც მტკიცედ იდგა ევროინტეგრაციის გზაზე. ახლა მას შეუძლია­ გააკეთოს ის, რაც ყველაზე მეტად­ აკლია პროტესტს. ყველანაირად კარგი პროტესტია, ვიტყოდი, უნიკალური, მაგრამ ამ პროტესტს აკლია ის, რაც ყოველ­თვის ჩანდა - მკაფიო პოლიტიკური ალტე­რნატივა, ანუ პოლიტიკური გაერთიანება. აქამდე მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაცმოძრაობა" იყო, ბევრისთვის ხელისუფლების მთავარ საპირწონედ ის აღიქმებოდა და ეს ხელისუფლების გამარჯვების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტიც გახლდათ, ვინაიდან "ნაცმოძრაობას" ჰქონდა ასევე ძალიან მაღალი უარყოფითი რეიტინგიც. დღეს "ნაცმოძრაობა" არის უკვე არა ძირითადი, არამედ ერთ-ერთი გამოკვეთილი პარტია ოპოზიციურ ფლანგზე. არიან სხვა პარტიებიც, რომლებიც "ახლისგან" განსხვავებით, არ არიან "ნაცმოსგან" გამოსული, მაგრამ მათ შორის იმდენად ფუნდამენტური განსხვავებაა, ოთხივეს ერთ პარტიად მექანიკური გაერთიანება რთულად წარმოსადგენია. სწორედ აქ შეუძლია სალომეს­ სერიოზული როლის თამაში - მან უნდა შექმნას ახალი პოლიტიკური გაერთიანება (შეიძლება მასში შევიდნენ როგორც ახალი,­ ისე ძველი პოლიტიკოსებიც), რომელიც გამოკვეთილი ლიდერი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე. - ანუ საპროტესტო მუხტის გაძლიერებას ხედავთ ახალი ძალის შექმნაში? - ეს არის აუცილებელი პირობა შიდა და საგარეო ფაქტორებისთვის, რათა გაფართოვდეს პროტესტში მონაწილე საზოგადოების მოცულობა.­ კვლევებმაც დაადასტურა, რომ თვითონ "ოცნების" მხარდამჭერებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ის გამოიწვია "ოცნებამ" და მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ასეთი მხარდამჭერების წილი არცთუ ისე ცოტაა. კვლევას თუ დავხედავთ, "ოცნების" 64% მხარდამჭერს აქვს სუსტი ბმა, ანუ კი უჭერს მხარს, მაგრამ არა იმიტომ, რომ გიჟდება ხელისუფლებაზე, არამედ ვერ ხედავს უკეთესს. ხელისუფლების თავგადაკლული მომხრე, რომელიც ყველაფერში ამართლებს­ "ოცნებას", 20%-ია. ამიტომ იმ ხალხის საპროტესტო მასაში გადმოსაყვანად, ასეთი გაერთიანება იქნებოდა მისწრება. ოპოზიციის გაერთიანება არ მოხდება,­ ეს ფანტომია. სალომეზე რაც არ უნდა იძახონ­, "ნაციაო", არ არის დამაჯერებელი.­ ახალი პოლიტიკური მოძრაობა და სალომეს­ ლიდერობა არ გამორიცხავს შემდგომში სხვა პარტიებთან კოალიციურ ურთიერთობებს,­ ან საერთო პოზიციებს რაღაც საკითხებზე. ვფიქრობ, ეს თვისებრივად ახალი­ პოლიტიკური ძალა "ქართული­ ოცნების" თანაზომადი იქნებოდა და ნებისმიერ არჩევნებში­ მას სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა. არის საგარეო ფაქტორიც, განსაკუთრებით ახლა, როცა ტრამპია აშშ-ის სათავეში - ის უფრო პრაგმატიკოსია და, ასე ვთქვათ, ვაჭარი, ვიდრე დემოკრატიული იდეალების მხურვალე მხარდამჭერი,­ ამიტომ ტრამპმა ბიძინა ივანიშვილს სხვა ლიდერი რომ ამჯობინოს, საჭიროა ის სხვა არსებობდეს და ჰქონდეს­ რეალური ძალა. ახალი პოლი­ტი­კური ძალა თუ შეიქმნება­, ეს იქნება "ოცნების" საპირწონე,­ რაც შიდა და საგარეო­ პოლიტიკასაც სჭირდება. თუ ასეთი­ ძალა შეიქმნა, ივანიშვილი ვერ მოგუდავს მას. ჯერჯერობით კარგია რაც ხდება - დიდი პროტესტი, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები არ მართავენ, ხელისუფლება დაბნეულია, რეპრესიებს იგონებს და ამით უფრო აღიზიანებს უკმაყოფილო მასას და აღვივებს პროტესტს. ხელისუფლება კი ჩაუდგა ჯიბრში ხალხს და ეგონა, 5.000-ლარიანი ჯარიმებით გატეხდა, მაგრამ არ გამოსდის და არც გამოუვა - კოლოსალურია ეს თანხები და მას ბიზნესი და ემიგრანტები ავსებენ, გარდა ამისა, ვხედავთ სოლიდარობის საოცარ მაგალითებს. - როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში ოპოზიციის სანდოობა რამ შეასუსტა. - მე არ ვეკუთვნი მათ რიცხვს, ვისაც­ მიაჩნია, რომ ჩვენი ოპოზიციონერები ცუდი ხალხია, მათ შორის ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანია, მაგრამ მთავარი მინუსი ის არის, რომ ეს ოპოზიცია სულ აგებს. ჩვენთან, საზღვარგარეთისგან განსხვავებით, პოლიტიკოსი როცა მარცხდება, არ აღიარებს, არც პასუხისმგებლობას იღებს, არც პარტიის ლიდერობიდან მიდის. ხომ ხედავ, აგებ და უნდა წახვიდე, სხვას დაუთმო გზა, რაღაცები უნდა შეცვალო. ასეთი პარტიები ოპტიმიზმს ვერ ასხივებენ. დღეს ისეთი ვითარებაა, ამ პროტესტიდან დაბადებული პოლიტიკური ძალა და სალომე ზურაბიშვილი, რომლის თაობაზეც, პრაქტიკულად, ოპოზიციურ ფლანგზე საზოგადოების დიდი კონსენსუსია, ალბათ, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნება.