„სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს...“
"რატომღაც მეგონა, 17 წლის ასაკში ვიქნებოდი ბედნიერი...…შემდეგ - 19 წლის ასაკში...…ოცნების ჩიტი ირეალობაში იკეთებდა ბუდეს.…27 წელი...…ამის მერე ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. აი, დღეს 27 დეკემბერია...…ახალს არაფერს ველი...…სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს...…და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე...…ზეინაბ! ნუ აუკრძალავ დეიდას, მომიტანოს ქაღალდი, საწერ-კალამი... იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია...…უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს", - ეს გახლავთ ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით გამოკეტილი რომ წერდა. საბჭოთა რეჟიმმა ნიჭიერი ჟურნალისტი ჯერ გიჟად შერაცხა, მერე ფსიქიატრიულში გამოკეტა და წამებით მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლების მანკიერებებზე თამამად საუბრობდა.
"რას მთხოვენ? - უარვყო ჩემი პიროვნება? ეს არ მოხდება. ამქვეყნად არსებობს დიდი ზნეობრივი ფასეულობანი - ეს არის ხალხისა და ჩემი სამშობლოს სიყვარული, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ ეღალატების. სულიერად დაავადებულები არა ვართ... რისთვის გვთხოვენ ხელწერილს, თუ გიჟები ვართ? მე მთავრობას არ ვუჩივი. მე ვუჩივი უსამართლობას, უკანონობას..."
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ვაჟაობის დღესასწაულზე ნაზი შამანაური სიტყვით გამოვიდა და არნახული გაბედულებით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, აგრეთვე საქართველოს სავალალო მდგომარეობა, რისთვისაც მაშინვე დააკავეს უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა. დუშეთის უშიშროების განყოფილების გამგემ იქვე წაართვა მას 77-გვერდიანი მხილების ტექსტი. მასთან ერთად დააკავეს დედამისიც - სარა ინაშვილი. დუშეთის რაიონის სასამართლომ დედა-შვილს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახელობის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ნაზიმ 70 დღე იშიმშილა. მიუხედავად ამისა, მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებითა და ნეიროლეპტიკების ინიექციებით, რითაც მძიმედ დააავადეს.
1983 წლის იანვარში ნაზი შამანაურს საავადმყოფოს პერსონალმა სასიკვდილოდ სცემა, რის შედეგადაც მიიღო თავის ქალის ტრავმა და დაეწყო პერიტონიტი. ჟურნალისტი თბილისის მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ქირურგმა ოპერატორმა და პათანატომმა დაადასტურეს, რომ ის ცემით იყო მოკლული, თუმცა ექსპერტიზა ამ ფაქტს მალავდა. ნაზის დასაფლავებას 80 კაცამდე თუ ესწრებოდა, უმრავლესობა დედაქალაქიდან ჩასული ახალგაზრდობა იყო. დუშეთის რაიონის მოსახლეობამ შიშის გამო ვერ გაბედა მისვლა...
თანამედროვე საქართველოს ისტორიის მაგისტრმა ია ლოდიამ მის ნაშრომში "საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოცდილება საქართველოში" ცალკე თავი მიუძღვნა ნაზი შამანაურის საქმეს. ავტორი რეჟიმის მიერ დასჯილი ჟურნალისტის ცხოვრებიდან უცნობ დეტალებს გვიამბობს:
საბჭოთა ფსიქიატრია – დასჯის ინსტრუმენტი ურჩებისთვის
- სადამსჯელო ფსიქიატრია დაახლოებით 50 წელია განსჯის საგანია მსოფლიო ფსიქიატრთა საზოგადოებაში. ის აღნიშნავს ფსიქიატრიის გამოყენებას იმ ადამიანებზე პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, რომლებიც არ იზიარებენ სახელმწიფო წესრიგსა და იდეოლოგიას.
ჩემი კვლევის ძირითადი ნაწილი მეტწილად ეყრდნობა საქართველოს შსს-ს აკადემიის არქივში არსებულ სს წარმოების მასალას და როგორც სამთავრობო პრესის, ისე იატაქკვეშა გამოცემების ცნობებს. გარდა ამისა, მოშველიებულია ინტერვიუები (როგორც სადამსჯელო ფსიქიატრიის პირდაპირ მსხვერპლებთან, ისე მათთან კავშირში მყოფ პირებთან), პირადი დღიური (წარმოებული ნაზი შამანაურის მიერ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში), გარეშე პირების მოგონებები/მემუარები და სხვა.
ტოტალიტარულ სახელმწიფოში ფსიქიატრიის სადამსჯელო-პოლიტიკური მიზნით გამოყენებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობს: განსხვავებული აზრი, რომელიც ემიჯნება "სისტემას" და ექცევა მის საზღვრებს გარეთ, აღიქმება საფრთხედ, რომელიც ძალით უნდა დამორჩილდეს პოლიტიკურ წესრიგს, სადაც შემთხვევითობის და წინააღმდეგობების ადგილი არ რჩება - ნებისმიერ ეთიკურ საკითხს აქვს მხოლოდ ერთი გადაჭრა და უნდა ემსახურებოდეს საერთო სიკეთეს, რომელიც ეჭვქვეშ ვერ დადგება. საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიის სადამსჯელო მიზნით გამოყენების საფუძველია დაშვება, რომ ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რეჟიმს, ფსიქიკურად ავად იყო, რადგან "არ არსებობს სხვა ლოგიკური ახსნა, თუ რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საუკეთესო სოციო-პოლიტიკურ სისტემას" როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
ყველაზე რეზონანსული საქმე
- ნაზი შამანაურის საქმე საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის ყველაზე გახმაურებული შემთხვევაა საქართველოს მასშტაბით. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში გამოცემულმა დღიურებმა მკითხველს უჩვენა ფსიქიატრიული კლინიკების მანამდე უცნობი მხარე. საქმის რეზონანსის მიუხედავად, ოფიციალური საარქივო დოკუმენტი მის შესახებ ან განადგურებულია, ან დღემდე მიუწვდომელია, ვინაიდან საქართველოს სსრ ცენტრალური რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს (სადაც შამანაურმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა) საარქივო მასალები 1977 წლიდან წყდება. თუმცა ახლობლების მოგონებების, მისი ჩანაწერებისა და რამდენიმე საგაზეთო სტატიის მეშვეობით შესაძლებელია საერთო სურათის აღდგენა.
ნაზი შამანაური 1940 წლის 5 ივლისს დაიბადა დუშეთის რაიონში. 1958 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა ფრანგული ენის ფაკულტეტზე. 1965 წელს დუშეთის სკოლა-ინტერნატში აღმზრდელად მუშაობდა. 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო თბილისის ორჯონიკიძის სახელობის სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციაში, საიდანაც 1 წელიწადში შტატების შემცირების გამო გათავისუფლდა. მალევე იმავე პოზიციაზე მისი თანაკურსელი მიიღეს.
შოთა ჭინჭარაულის შედგენილი კრებული, რომელიც ნაზი შამანაურის დღიურს, ირაკლი აბაშიძისა და ჯანსუღ ჩარკვიანისადმი მის წერილებსა და შამანაურზე ახლობლების მოგონებებს აერთიანებს, იხსნება ზვიად გამსახურდიას 1983 წლით დათარიღებული წერილით, რომელშიც დაკავების მიზეზები და მოტივებია აღწერილი:
"1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ვაჟაობის დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტი ნაზი შამანაური (გაზეთ "საქართველოს" ყოფილი თანამშრომელი) და არნახულის გაბედულობით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, აგრეთვე საქართველოს სავალალო მდგომარეობანი, რისთვისაც ის მაშინვე დააკავეს უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა".
დუშეთის რაიონული კომიტეტის მდივან არჩილ შადურის თანამდებობაზე ყოფნის 13-15 წლის განმავლობაში მთაში ხალხს არ ჰქონია ელექტროენერგია, გაზი, წყალი, ფქვილი, ნავთი, რადიო, მარილს 20-30 კილომეტრიდან ეზიდებოდა. არც სავალი გზები იყო მოწესრიგებული პროდუქტების მოსამარაგებლად სხვა რაიონში გადასასვლელად. საყვედურის ბარათებს შამანაური საავადმყოფოდან ხანგამოშვებით გზავნიდა. მოგვიანებით არჩილ შადურმა თანამდებობა დატოვა, მაგრამ ბიძაშვილის, შს მინისტრის მოადგილე ვარლამ შადურის მესვეურობით ის მინისტრთა საბჭოს სისტემაში დააწინაურეს.
"დიდი იყო შადურის დანაშაული სამშობლოსა და ხალხის წინაშე. ის იყო შეუბრალებელი დიქტატორი, ხალხი დაამშია, მის ხელში დაიცალა და არსებობა შეწყვიტა ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთ-გუდამაყრის თითქმის ნახევარზე მეტმა სოფელმა, იძარცვებოდა სახალხო ქონება ყველას თვალწინ, რაიონის მწვავე პრობლემურ საკითხებზე მე, როგორც ჟურნალისტმა, საკითხი აღვძარი 1973 წლიდან საქ. კპ. ცენტრალურ კომიტეტში 1974-75-76 წლებში... ამის შემდეგ მწვავე დევნა დამიწყეს არა თუ მე, არამედ ჩემს ოჯახს, დეიდაჩემს".
წერილის მიხედვით, არჩილ შადურმა 1982 წლის იანვარში ნაზი შამანაურის დედა, სარა ინაშვილი, საბავშვო ბაღიდან "ყალბი, შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე" გაათავისუფლებინა, ხოლო დეიდას, ნინო ინაშვილს, დუშეთის რაიონულ სკოლაში შტატი სამჯერ შეუმცირეს.
"ამ დღიდან დაიწყო ტანჯვა-წამება"
- 1982 წლის 14 აგვისტოს ნაზი შამანაური დედასთან ერთად დააკავეს, იმავე თვის 16 რიცხვში კი თბილისის რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით დედა-შვილი ერთმანეთს დააცილეს. დაკავების დღიდან 1983 წლის 11 იანვრამდე ნაზი შამანაური საავადმყოფოში აწარმოებდა დღიურს, რომელშიც აღწერილია პაციენტებთან არაადამიანური მოპყრობა. "მე და დედას შიშისაგან არ გვეძინა. მე-13 დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს, დედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში და მე 1-ელში დამტოვეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება. გამატიტვლეს ყველას თვალწინ, თმებით მითრიეს, 13 დღის ნაშიმშილარს შემიკრეს ზეწრებით ხელ-ფეხი, ზოგი თმას მიჭერდა, მუცელში მცემდნენ, თმას მექაჩებოდნენ, ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო. შიგ სახეში მცემდნენ, ხითხითებდნენ: "შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, შენთვის ეს სურამის ციხედ იქცევა, ჟურნალისტი გამოვიდა სიმართლის მაძიებელი".
დღიურში არაერთხელაა ნახსენები ექიმი ვალიდა აბუსერიძე, რომელიც მასზე ფიზიკურად ძალადობდა და დროდადრო ნასვამიც ცხადდებოდა. თუმცა პატივისცემით იხსენებს ექიმ ზოიას, თერაპევტ კატო პირველს და პროფესორ ციციშვილს".
1983 წლის დასაწყისში შამანაურს ამნისტიით გათავისუფლებას შეჰპირდნენ, 12 იანვარს კი უგრძნობ მდგომარეობაში გადაიყვანეს მე-9 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც 8-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ზვიად გამსახურდია წერდა, რომ "საავადმყოფოში ის სასიკვდილოდ სცემა მედპერსონალმა, რის შედეგადაც მიიღო თავის ქალის ტრავმა. ქირურგმა არველაძემ და პათანატომმა დაადასტურეს, რომ ის ცემით არის მოკლული, თუმც ექსპერტიზა დღემდე მალავს ამ ფაქტს."
ნაზი შამანაურის მეგობარი ბელა წვერაძე მოგვიანებით იხსენებდა, რომ კონფლიქტი მისმა კრიტიკულმა წერილებმა გამოიწვია. წვერაძე პირველმა მდივანმა დაიბარა როგორც მეგობარი და სცადა მისი საშუალებით შამანაურისათვის დასაშოშმინებლად სამსახური შეეთავაზებინა, რაზეც პასუხად მიიღო: "მე ავაზაკებთან არ ვმუშაობ". ბელა წვერაძე იხსენებს დაკრძალვის ცერემონიალსაც: "ნაზის დასაფლავებას 80 კაცამდე თუ ესწრებოდა, უმრავლესობა ჩემთვის უცნობი, დედაქალაქიდან ჩამოსული ახალგაზრდობა იყო. არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ხმები დადიოდა, რაიონის აქტივს რაიკომიდან მითითება აქვს, დასაფლავებას არ დაესწრონო. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი მათგანი მე იქ არ მინახავს". დასაფლავებას არ დასწრებია არც ნაზის დედა, რომელიც იმ დროისთვის კვლავ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იყო.
სახე "გაბოროტებული ქალისა"
- რადიოსადგურ "თავისუფლების" მიერ ცნობის გავრცელების შემდეგ, რომელიც იუწყებოდა, რომ "საფრანგეთის მოსკოველ კორესპოდენტთა ცნობით, თბილისის საპატიმროში შიმშილობით დაიღუპა ცნობილი დისიდენტი ნაზი შამანაური. ხელისუფალნი ცდილობდნენ, იგი "სულით ავადმყოფად" გამოეცხადებინათ, რასაც გაზეთ "კომუნისტის" რედაქციამ "მზაკვრული ჭორი" უწოდა. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სტატიაში გამოაქვეყნეს ნაზი შამანაურის ცხოვრების პირადი დეტალები, შექმნეს სახე "გაბოროტებული ქალისა, რომელსაც არ გაუმართლა ცხოვრებაში". "რაიონში მას თავისი "უცნაური გამოხდომების გამო" იცნობდნენ";
"...ამბობენ, მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო. დღეს უფრო სწორი იქნებოდა, არაფერი გვეთქვა "შამანაურის საქმის" შესახებ".
"ამ "საქმეში" ხომ კარგი არაფერი ყოფილა, ისევე, როგორც არ ყოფილა თვით "საქმეც". იყო ორმოც წელს მიღწეული ქალის დიდი პირადი ტრაგედია, რომელმაც ვერც ოჯახი შექმნა, ვერ შეიძინა ვერც მეგობრები, ვერც საყვარელი სამუშაო იპოვა".
მომდევნო სტრიქონებში შამანაურის დედის პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალებია გარჩეული: "ნაზის მამა ფრონტზე დაეღუპა, მაშინ იგი 3 წლისა იყო. შინ სხვა მამაკაცი გამოჩნდა. იგი ცოლიანი იყო, ჰყავდა შვილები. სოფლად საზოგადოებრივი აზრი მგრძნობიარედ ეკიდება ამგვარ საკითხებს". რედაქციის სცენარის მიხედვით, "ნაზი შამანაურის მამობილი პირველ ოჯახს დაუბრუნდა, გოგონას კი გაბოროტებული დედა შეატოვა".
"კომუნისტის" ჟურნალისტები ნაზი შამანაურის ბიძას, ვანო ინაშვილსაც გაესაუბრნენ. მან გაიხსენა, რომ ბევრჯერ სცადა "კარჩაკეტილ" დედა-შვილთან ურთიერთობის აღდგენა,M მაგრამ გვაბრალებდნენ, ჩვენი სახლიდან გაძევება გინდათო. ბიძის მონაყოლი ამყარებდა აზრს, რომ "ნაზი შამანაურს წლების განმავლობაში სულ უფრო უვითარდებოდა დევნის მანია, ეჩვენებოდა, რომ შსს-ს თანამშრომლები მოწამვლას უპირებდნენ, დასდევდნენ და უთვალთვალებდნენ. მას არაერთხელ მიუმართავს შესაბამისი ინსტანციებისთვის, მაგრამ დაავადებამ შეიძინა საშიში ფორმები, გვიან ღამით ჩაიმსხვრა დუშეთის შს რაიონული განყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის ფანჯრის მინები. შემდეგ დადგა საბინაო-საექსპლუატაციო კანტორის ფანჯრების, გასტრონომიული მაღაზიის ვიტრინის ჯერი. დედა-შვილმა ისინი ქვებით ჩაამსხვრია..."
"საქმე გვაქვს შიზოფრენიის ფორმით სულით დაავადებასთან"
- ფსიქიატრი დავით მაღრაძე, რომელიც ნაზი შამანაურის მორიგ სამედიცინო შემოწმებას ესწრებოდა, ამბობს, რომ ნაზი შამანაურის მკურნალი ექიმი მზია გოგიჩაიშვილი იყო "კრისტალური ადამიანი" და მის მეთვალყურეობაში მყოფ პაციენტს "თითს ვერავინ დააკარებდა"; "ვინ გაბედავდა, ეცემათ დისიდენტობის გამო, ეგ არის ფსიქიატრიის შეურაცხყოფა". თუმცა ნაზი შამანაურის დღიურებიდან მზია გოგიჩაიშვილის სულ სხვა პორტრეტი იხატება.
ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმის აბელ მამარდაშვილის მტკიცებით (ზვიად გამსახურდიას წერილის მიხედვით, ნაზი შამანაურის მკვლელობაზე მამარდაშვილს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა), "საქმე ჰქონდათ შიზოფრენიის ფორმით სულით დაავადებასთან".
ფსიქიატრმა და ნეირომორფოლოგმა ავლიპ ზურაბაშვილმა განაცხადა: "ავადმყოფს განუვითარდა ე.წ. მწვავე მუცელი, ანუ საჭმლის გაუვალობა. ქალის სულიერი დაავადების სამწუხარო ფაქტი დასავლურმა წრეებმა გამოიყენეს ბინძური პროპაგანდის მიზნით. აღშფოთებული ვარ ამ ინსინუაციით და ამორალურად მიმაჩნია განსვენებულის ხსოვნის მიმართ".
"ყველა შუაში ხართ, ადამიანის ბედი როცა წყდება"
- 1990 წლის 2 ივნისს გაზეთ Вечерний Тбилиси-ში გამოქვეყნდა აბელ მამარდაშვილის წერილი, სახელწოდებით "ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი კომისია", სადაც ვკითხულობთ: "ნაზი შამანაური კლინიკაში მოათავსეს აშკარა ბოდვითი შიზოფრენიით, მას ეშინოდა, რომ მოწამლავდნენ, არ ჭამდა საჭმელს, არ სვამდა წყალს, რის გამოც განუვითარდა ჯანმრთელობის პრობლემა და გადაიყვანეს მე-9 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც დაიღუპა".
1990 წლის "სამიზდატის" გამოშვებაში "ახალგაზრდობა", გამოქვეყნდა ნაზი შამანაურის დღიურები, სადაც ის ამხელს მის მკურნალ ექიმებსა და მედპერსონალს. აბელ მამარდაშვილი წერს, რომ "დღიური ფალსიფიცირებულია, ორიგინალის ადგილსამყოფელი კი უცნობია. საავადმყოფოში გატარებული 5 თვის განმავლობაში არავის უნახავს, რომ ნაზის რაიმე დაეწერა". მან ისიც აღნიშნა, რომ დღიურის ავტორი სავარაუდოდ, საავადმყოფოს ყოფილი პაციენტია, რადგან "კარგად იცის შიდა სამზარეულო, მედპერსონალის ვინაობა".
ნაზი შამანაურის დღიურის ბოლო მონაკვეთი 1983 წლის 11 იანვრით თარიღდება (საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთი და გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე): "მზია ექიმი: ნაზი გვემდური ჩვენ?
ხმა არ გამიღია, მარტო ეს დავძინე: - ჩემი აზრი გუშინ მოგახსენეთ აკადემიკოსის შემოვლაზე, მეტს აღარ გავიმეორებ.
- ჩვენ არაფერ შუაში ვართ.
- მინდოდა მეთქვა: ყველა შუაში ხართ, ადამიანის ბედი როცა წყდება..."
p.s: ნაზის უკანასკნელი ჩანაწერი: "მეტი აღარ შემიძლია. ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ. სიკვდილს ვნატრობ,…ძალები არ გამომლევია, უბრალოდ, რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია".…