"აშკარაა, რომ ევროპელ ლიბერალებს საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მოყვანა სურთ..." - როგორ დასრულდება "ცივი ომი" თბილისსა და დასავლეთს შორის?!
ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ევროპელი პოლიტიკოსების განწყობებსა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციებზე, ასევე პროცესების შესაძლო განვითარებაზე ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
- რეზოლუციის ტექსტი და შინაარსი სრულად ემთხვევა ევროპარლამენტარების უმრავლესობის განწყობას და გასაკვირი არ ყოფილა. ერთადერთი, რაც ჩემთვის მოულოდნელი გახლდათ, სააკაშვილის საკითხის გააქტიურებაა. თითქოს უკვე გაირკვა მისი სამედიცინო საკითხები, მაგრამ ევროპარლამენტი ისევ ითხოვს ჰუმანიტარული ნიშნით მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საზღვარგარეთ მკურნალობას.
- რით ახსნით სააკაშვილის საკითხის კვლავ გააქტიურებას?
- ამ პასუხისთვის საჭიროა დავინახოთ ტყე და არა ფოთლები. თუ მხოლოდ ფოთლებს დავინახავთ, ბევრი გაუგებრობაა, თუ ტყის დანახვას მოვინდომებთ, ყველაფერი გასაგები იქნება. მხედველობაში მაქვს კონსერვატორებსა და ლიბერალებს, ამერიკული ტერმინებით თუ ვისაუბრებთ, კონსერვატორებსა და ნეოლიბერალებს შორის მძაფრი დაპირისპირება.
ამერიკაში დაწყებულმა დაპირისპირებამ ევროპაც მოიცვა. ტრამპმა არსებითად გაამყარა კონსერვატიზმის პოზიციები, მაგრამ ლიბერალიზმის მთელმა მუხტმა ევროპაში გადმოინაცვლა. ჩვენ ახლა ამ ბრძოლის სურათს ვადევნებთ. "ქართული ოცნება" კონსერვატიზმის მიმდევარია. შესაბამისად, ამ პოლიტიკური ჯგუფის ხელისუფლებაში დარჩენა ლიბერალებისთვის რეგიონში გავლენის დაკარგვას ნიშნავს.
ბოლო დროს საერთაშორისო არენაზე განვითარებული მოვლენები, მსოფლიო ლიდერების განცხადებები, მეტყველებს, რომ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა გაიზრდება. დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმასაც, თუ ვინ გააკონტროლებს რეგიონს.
თუ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება, ე.ი. რეგიონი კონსერვატორების კონტროლში მოექცევა. ამ ეტაპზე ლიბერალები "ოცნების" გადაგდებას ცდილობენ, არჩევნებით ეს ვერ მოახერხეს და ახლა რეზოლუციით ცდილობენ ამის გაკეთებას. ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა ყველა იმ სიცრუის ტირაჟირებას, რაც შეიძლება ოპოზიციის წისქვილზე ასხამდეს წყალს.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ სიცრუის ტირაჟირებაში?
- მაგალითად, იმას, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა. ასეთი ტყუილითა და სიყალბით ცდილობენ გავლენის გამყარებას კავკასიაში, რომ მერე გამოიყენონ საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლისთვის.
- ფიქრობთ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციის შინაარსი თბილისის ქუჩებში არსებულ განწყობას არ ემთხვევა?
- თბილისსა და საზოგადოდ, ქვეყანაში საპროტესტო განწყობა არის, მაგრამ... რაც შეეხება ევროპელ პოლიტიკოსებს, გაბედულად ვერ ვიტყვი, მაგრამ მრჩება განცდა, რომ "ქართულ ოცნებას" ყველა გზას უჭრიან და ერთადერთ გასასვლელს უტოვებენ - რუსეთისკენ.
- რას გულისხმობთ?
- სასჯელს სასჯელზე და სანქციას სანქციაზე უწესებენ საქართველოს ხელისუფლებას და ამით აიძულებენ, რომ რუსეთისკენ გაიხედოს. თუ დასავლეთს მართლა აწუხებს საქართველოს რუსეთთან დაახლოება, იმაში მაინც დაეხმაროს, რომ თავად გახდეს მიმზიდველი და საინტერესო. პირიქით, ივანიშვილს შორეული ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც კი მოუკითხეს. აი, ამიტომ მგონია, რომ მიზანმიმართულად გვიბიძგებენ რუსეთისკენ. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოსავალი მოძებნეს და დასავლეთი, რომელიც მათ ავი დედინაცვლის როლში მოევლინა, აღმოსავლური ქვეყნებით - ჩინეთითა და არაბული ქვეყნებით ჩაანაცვლეს. მეორე მხრივ, ინტენსიური გახადეს ურთიერთობა კონსერვატორულ ევროპასთან, ანუ უნგრეთთან. ჩვენ იზოლაციაში არ ვექცევით, მაგრამ ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ საშინელ იზოლაციაში მოგვაქცევენ, თუ მოინდომებენ. აშკარაა, რომ ევროპელ ლიბერალებს საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მოყვანა სურთ, რომ მერე თავიანთი ინტერესების მიხედვით იმოქმედონ.
- სააკაშვილის ხელისუფლებაში, ერთპიროვნულად დაბრუნება თქვენ შესაძლებლად მიგაჩნიათ?
- მე არა, მაგრამ ევროპაში მიაჩნიათ.
- აღნიშნეთ, რომ ევროპელებმა "ქართული ოცნებას" რუსეთის გარდა გზა არსაით არ დაუტოვეს, თუმცა გასულ წელს სწორედ ევროპელებმა მოგვცეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი...
- მე მაქვს კითხვა თქვენთან: დასავლეთი სააკაშვილს აკრიტიკებდა ისე მწვავედ, როგორც ახლა "ქართულ ოცნებას"?
- სიმწვავის რა მოგახსენოთ, მაგრამ დასავლეთმა კრიტიკა დაიწყო მისი მმართველობის ბოლო პერიოდში. სწორედ ამიტომ გახდა სააკაშვილი იძულებული, ეღიარებინა არჩევნების შედეგები და დაეთმო ძალაუფლება 2012 წელს.
- 2007 წელს რომ გააყალბა არჩევნები, ის რატომ აღიარეს? იმიტომ ხომ არა, რომ დასავლეთს აწყობდა, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად წარმოეჩინათ.
- ახლა ჩვენთვის საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა "ქართული ოცნება" რეზოლუციის რეკომენდაციას და ჩაატარებს თუ ვადამდელ არჩევნებს?
- არა, რადგან ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, იმიტომ, რომ არჩევნები ისე არ გაყალბებულა, რომ ამას საერთო სურათზე გავლენა მოეხდინა. სინამდვილეში, ქართველი ხალხის უმრავლესობამ ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა, მათ შორის მათაც, ვისაც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების ეშინია. შეიძლება მე და თქვენ არ გვეშინოდეს სააკაშვილის დაბრუნების, მაგრამ მოსახლეობის ნაწილს ნამდვილად ეშინია. მე არ გამოვრიცხავ გაყალბებას, ტრამპსაც გაუყალბეს არჩევნები და კინაღამ ხელი წაუცდა, რომ ქვეყანა დაენგრია, მაგრამ დროულად დაამუხრუჭა, ჩვენ რატომ ვანგრევთ ქვეყანას? მზად ვართ ქვეყანა დავანგრიოთ, თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა? ეს არ არის სწორი. დღეს ოპოზიცია მზად არის დაანგრიოს ქვეყანა.
- თქვენი შეფასებით, აქტივისტების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ბრძოლის მოტივაციაზე ოპოზიცია უფრო ახდენს გავლენას თუ მათ წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიები?
- რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ თქვენ პოლიციელებზე ძალადობა? პოლიციელების ძალადობაზე საუბარი "ნაცმოძრაობის" წევრებისგან ძალიან სასაცილოა. მე მაქვს ვიდეოფირი ნანახი, სადაც პოლიციელები არათუ ურტყამდნენ, არამედ კაცებს აუპატიურებდნენ.
- შესაძლოა "ნაცმოძრაობის" წევრებისგან სასაცილო იყოს ადამიანის უფლებებზე საუბარი, მაგრამ დანარჩენ საზოგადოებაზე რას იტყვით?
- სამწუხაროდ, მხოლოდ ევროპის რამდენიმე პატარა ქვეყანაშია აწყობილი ისე დემოკრატიის მექანიზმი, რომ პოლიციას ძალის გამოყენება არ სჭირდება და ციხეები ცარიელი აქვთ. ამ გამონაკლისის გარდა, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოიფიქრეს ის მექანიზმი, რომლითაც ძალადობა შეჩერდება.
ხათუნა ბახტურიძე