„წყალბურთის პელე“ დევების სამფლობელოდან - კვირის პალიტრა

„წყალბურთის პელე“ დევების სამფლობელოდან

პატარა ქვეყნის ბედი დიდ სახელმწიფოთა შორის სახარბიელო არასოდეს არის. თუმცა შესაძლოა განგება ამიტომაც ანიჭებს მის შვილებს გამორჩეულობას. ისინი აჩვენებენ დიდ ქვეყნებს მათი პატარა ქვეყნის დაუმარცხებლობას. პეტრე მშვენიერაძის ფოტოები დღესაც ვრცელდება სოციალურ ქსელში და მნახველს აოცებს, ნუთუ მართლა არსებობენ ასეთი დევები?! წყალბურთელი პეტრე მშვენიერაძე ზესტაფონის სოფელ საღვინეთიდან გარეგნობით მართლაც დევი იყო. მას ამერიკელებმა "წყალბურთის პელე" შეარქვეს და მართლაც დევის საქმეს აკეთებდა თავისი პატარა ქვეყნისთვის: სადაც არ უნდა ყოფილიყო, მუდამ ამბობდა, მე ქართველი ვარო, თანაც ამტკიცებდა, საქართველოში ჩემზე უკეთესები არიანო.

სამწუხაროდ, პეტრე მშვენიერაძის პირდაპირი შთამომავალი, ისე როგორც სხვა მრავალი ქართველი, საქართველოში არ ცხოვრობს და მათთან დაკავშირება­ შეუძლებელი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, საღვინეთში, მშვენიერაძეების სოფელში, მცხოვრებმა პეტრე მშვენიერაძემ დიდი პეტრეს ყველა ამბავი მშვენივრად იცის:

- ყველა მშვენიერაძის ძირი საღვინეთშია. როგორც დღეს ახარებენ მსოფლიოში­ ცნობილი ქართველები საქართველოს, პეტრეც იმავეს აკეთებდა საქართველოსთვის. შეიძლება მეტსაც, რადგან მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და საზღვარგარეთ მისი ხსენება იკრძალებოდა.­ პეტრე, როგორც საბჭოთა წყალბურთის გუნდის კაპიტანი, მსოფლიოში ყოფნისას სულ იმას იმეორებდა, მე ქართველი ვარ, საქართველოდანო. პეტრეში მგონი მართლაც იყო იმ დევების სისხლი, ჩვენ რომ ზღაპრებში წაგვიკითხავს, 1მ 98 სმ იყო სიმაღლით და მთელი ნაკრების თამაშებს ხშირად მხოლოდ საკუთარი ზურგით იგებდა. ამაში, ცხადია, სიმაღლეც უწყობდა ხელს. ემოციური კაცი იყო. სხვათა შორის, როცა სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სტალინის ვაჟს, ვასილის ეჩხუბა და მიაძახა, ჩემთან ჩხუბს გერჩივნა, ქართულად ლაპარაკი გესწავლაო.

- ეგ ძალიან საინტერესოა, მაგრამ მანამდე უნდა მომიყვეთ, როგორ მოხვდა ეს კაცი საბჭოთა კავშირის მთავარ გუნდში, ცურვა სად ისწავლა და ა.შ.

- ცურვა მტკვარზე ისწავლა, მტკვარი რომ არა, ალბათ, ზესტაფონის მდინარეზე ივლიდა, მთელი სხეული ცურვისთვის ჰქონდა შექმნილი, სიმაღლეც და მოქნილობაც: მსოფლიოში საკუთარი ცურვის სტილი შექმნა: შეუძვრებოდა წყალქვეშ მოწინააღმდეგეს, წამოიკიდებდა ზურგზე, გადააგდებდა და მერე აგდებდა ბურთს კარში. მამამისი სოფლიდან თბილისში რომ გადასახლდა, პეტრე მაშინ დაიბადა, დღევანდელ აღმაშენებელზე. მტკვარიც ხომ იქვეა და დარბოდა ბიჭებთან ერთად. ერთხელაც ზამთარში, მტკვარზე რომ ვეღარ წავიდა და ცურვა მოენატრა, საცურაო აუზში გადაიპარა. იქ დარაჯმა დაინახა და წყლიდან ამოგდებას უპირებდა, თუმცა დარაჯის ხმაზე მწვრთნელი მივიდა და პეტრეს ცურვა რომ ნახა, დარაჯს უთხრა, გაჩერდი, შე კაცო, რა გაყვირებს, ამისთანა ბიჭს წლებია ვეძებ და ახლა თავისი ფეხით მოვიდაო! აი, ასე დაიწყო ყველაფერი.

პეტრე თავდაპირველად საქართველოში­ თამაშობდა, მაგრამ მისნაირ მოცურავეს აქ ვინ გააჩერებდა. ეს ის დრო იყო, როცა ქართული გუნდის სახელით ვერც ერთ ქვეყანაში ვერ გახვიდოდი. ამიტომ პეტრე მოსკოვში გადაიყვანეს, საბჭოთა კავშირის ნაკრებში. იმ დღიდან დაიწყო სახელგანთქ­მულობაც, მაგრამ ხომ იცით, დიდებასაც თავისი თავსატეხი აქვს.

მოულოდნელად პეტრეს თავსატეხად სტალინის შვილი იქცა. ვასილის უყვარდა წყალბურთი და საჰაერო ძალებში გუნდი შექმნა. ჰოდა, პეტრეს თამაშები რომ ნახა, ყველაფერი გააკეთა, რომ ნაკრებიდან პეტრე მის გუნდში გადაეყვანათ.

piii-1739726193.jpg

- მაშინ მოცურავეს არავინ ჰკითხავდა, გინდა თუ არა სხვაგან გადასვლაო...

- რა თქმა უნდა, არ ჰკითხეს, მაგრამ პეტრე გადაირია, რას ჰქვიაო!

ვასილი სტალინის გუნდში ნარჩევი წყალბურთელები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთთან არ მეგობრობდნენ, ქიშპობდნენ. ეს პეტრეს არ მოეწონა­ და განაცხადა, ჩემს გუნდში დამაბრუნეთო. რომ არ დააბრუნეს, ადგა და შეწყვიტა თამაშებზე სიარული და ჩასვეს ციხეში. პროცესზე თავად ვასილი სტალინი მივიდა. ალბათ, უფრო არა გასამტყუნებლად, შესარიგებლად, რაც მერე გამოჩნდა. მაგრამ კარგი ის იყო, რომ მოსამართლემ მთელი გუნდი დაიბარა­ მოწმედ და გუნდში ყველა პეტრეს მიემხრო.

სხვათა შორის, პროცესის შემდეგ ვასილი სტალინმა პეტრე აგარაკზე დაპატიჟა, სადაც­ ქართველ მეგობრებთან ერთად მივიდა. ბიჭები ქართულად ლაპარაკობდნენ, ვასილი სტალინმა კი ქართულის არაფერი იცოდა. თუმცა, როგორც ჩანს, პეტრესთან ჩხუბი ისევ მოახერხეს, ამიტომ პეტრემ ვასილს გულმოსულმა უთხრა, ჩემთან ჩხუბს გერჩივნა, ქართული ენა გესწავლაო. ამით დამთავრდა ეს ამბავი, რაც მერე პეტრეს მეგობრებმა გაამხილეს. ვასილიც შეეშვა პეტრეს. ამბობენ, ცუდი ადამიანი არ იყოო.

- კარგი ისტორიაა. ევროპაში ბევრჯერ მოიგო პეტრეს გუნდმა?

- ევროპაში და ოლიმპიადებზე კი არა, გუნდმა სხვა მსოფლიო შეჯიბრებებზეც ბევრჯერ მოიგო. ამიტომ გადაიღეს ამერიკელებმაO პეტრეზე ფილმი და "წყალბურთის­ პელე" დაარქვეს. კარგი იქნება, ფილმი მოიძებნოს და ყველამ ნახოს, რა გაოცებული­ შესცქერის მაყურებელი პეტრეს განიერ მხარ-ბეჭს აუზში ჩასვლისას. თავად პეტრემ­ რომის ოლიმპიადაზე, 1960 წელს, ვერცხლის­ მედალი მიიღო.

ერთ კარგ ამბავს კიდევ მოგიყვებით, რაც 1956 წელს მელბურნის ოლიმპიადაზე,­ ავსტრალიაში მოხდა.…ეს ის წელიწადია, როდესაც უნგრელებმა საბჭოთა კავშირს აჯანყება მოუწყვეს და რუსებმა სისხლში ჩაახშვეს, 2500 უნგრელი შეეწირა ამ აჯანყებას. ბუნებრივია, უნგრელების გუნდი, რომელიც რუსების ნაკრებს ხვდებოდა, ძალიან­ გამწარებული იყო რუსებზე. ჰოდა, შუა თამაშზე უნგრელმა მოთამაშე დეჰზე გიარმატმა პირდაპირ სახეში ისე სთხლიშა პეტრეს, რომელიც, ალბათ, რუსი ეგონა, პეტრეს ცხვირიდან სისხლი წასკდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამაზე პეტრეს რეაქცია არ ჰქონია, მოითმინა და თამაში განაგრძო.

- ესეც პატარა ქვეყნის შვილის რეაქციაა, გულში, ალბათ, თანაუგრძნობდა უნგრელებს.

- უეჭველად, თორემ პეტრე ისეთი ემოციური იყო, სტალინის შვილს გამოექცა და უნგრელ მოთამაშეს რას აპატიებდა. მერე ყველა ამბობდა, გაგვიკვირდა, რომ პეტრეს რეაქცია არ ჰქონდაო. სამაგიეროდ, მეორე წუთს, როდესაც უნგრელი ისე გაყოყოჩდა­ უპასუხობით, რომ პეტრეს მეორეჯერ სთხლიშა, პეტრემ წყლიდან ამოიწია და ამ კაცს ერთი ისეთი ჩაარტყა, მოქმედების უნარი დააკარგვინა. თამაში გაჩერდა და პეტრეს ძლივს გამოგლიჯეს მოწინააღმდეგე ხელიდან. ამ ამბავზე ლამის მთელი მსოფლიო სპორტი ლაპარაკობდა.

კიდევ ერთ რამეს მოგიყვებით მის ხასიათზე - ვიღაც საბჭოთა მილიონერი კამათისას დაენაძლევა პეტრეს რიწის ტბის გადაცურვაზე. თუ გადაცურავ, 5000 რუბლს მოგცემო. მაშინ ეს დიდი ფული იყო. მილიონერს, ალბათ, იმის იმედი ჰქონდა, რომ ზაფხულში­ რიწა ძალიან ცივია და პეტრე ამას აირი­დებდა, მაგრამ მას ჯერ ჩაეცინა, ფეხი ტბაში ჩაყო და უკან ამოყო, ვითომ ამას რა გადამაცურვინებსო, მერე კი უცებ ისკუპა, წყალში გადაეშვა და რამდენიმე წუთში მეორე მხარეს ამოყო თავი. როგორც ვიცი, იმ რუსის ფულით პეტრემ იქ მყოფი ქართველები აქეიფა. ასეთი იყო, მხარგაშლილი, გულგაშლილი და ძლიერი.

- თუმცა საქართველოსგან მაინც შორს...

- ბედისწერამ ქნა ასე. პატარა ქვეყნის შვილებს მსგავსი ბედი ხშირად აქვთ. ერთ რამეს გეტყვით კიდევ: ჩვენი სოფლიდან, საღვინეთიდან, მამიდაჩემი მოსკოვში ხშირად სტუმრობდა პეტრეს. გიჟდებოდა მის ცოლზე. გვარად გოგავა იყო, თუ კარგად მახსოვს. ამბობდა, ეგ ქალი მოსკოვში შვილებს ისეთ ქართველებად ზრდის, ეჭვი მეპარება, აქ ამას ვახერხებთო. იმ ბიჭებმაც­, ნუგზარმა და გიორგიმ, ევროპის ჩემპიონატები და ოლიმპიადები არაერთხელ მოიგეს. გიორგი ერთხანს თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა.

კიდევ ერთი ამბავი საღვინეთში მოხდა,­ ჩემს პატარაობაში. ერთხელაც სოფელში ამომავალი გაკრიალებული "ვოლგა" დავი­ნახე, ვიღაც კაცს გვერდით პატარა ბიჭი ეჯდა და ჩვენს სოფელში ამოდიოდა. მაშინ­ "ვოლგა" დიდი ამბავი იყო და თვალები­ ზედ დამრჩა. მანქანამ სოფლის­ ზემოთ აუხვია და გაჩერდა. გადმოვიდა მძღოლი, დაიწყო აქეთ-იქით ყურება და სიარული. მერე მეზობლები გამოცვივდნენ და შინ შეიპატიჟეს. რომ ვიკითხე, ვინ არის-მეთქი, მითხრეს, ჩვენებური პეტრე მშვენიერაძეა, მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ რამდენჯერაც საქართველოში ჩამოდის, იმდენჯერ ამოდის სოფლის სანახავად, მიუხედავად იმისა, რომ აქ აღარც სახლი აქვს და აღარც კარიო. მერე, წლების განმავლობაში, პეტრე ხშირად ამოდიოდა სოფელში. მეზობლებმა თქვეს, საქართველოში დაბრუნება უნდა და აქაურობასაც ისიყვარულებსო. როგორც გავიგე, თურმე ოცნებობდა საქართველოში დაბრუნებაზე და არც სოფელში სახლ-კარის აშენება გაუჭირდებოდა, მაგრამ დრომ და ბედისწერამ არა და ვერ გამოუშვა. სამწუხაროდ, ხშირად ასე მთავრდება სამშობლოდან შორს ყოფნა. მაგრამ კაცი იმით იზომება, რას შეძლებს ცხოვრებაში. პეტრემ კი ბევრი რამ შეძლო.