"ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით..." - რა ხდება დავითგარეჯაში? - რას ჰყვება გიდი, რომელიც დროდადრო სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში იდებს ბ - კვირის პალიტრა

"ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით..." - რა ხდება დავითგარეჯაში? - რას ჰყვება გიდი, რომელიც დროდადრო სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში იდებს ბინას

კლდე თბილია, - ასე უპასუხა ახალგაზრდა კაცმა მეგობარს, რომელმაც ჰკითხა­, როგორ შეეძლო დეკემბრის სუსხიან დღეებში გამოქვაბულში ცხოვრება. ეს ახალგაზრდა კაცი ცნობილი გიდი ზვიად ანანიაშვილია. 21 წლის იყო, საერო ცხოვრება რომ მიატოვა და დავითგარეჯის მონასტერთან ახლოს, სეისმოლოგების­ მიტოვებულ სახლში დასახლდა. მართალია, არც შუქი აქვს, არც გაზი და არც წყალი, მაგრამ მიაჩნია, რომ კომფორტულ გარემოშია. ამბობს, რომ მისი ყოფა გაცილებით საინტერესო და ნაყოფიერია, ვიდრე ერში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდისა. ზვიადი დროდადრო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში იდებს ბინას, ძირი­თადად, საშობაო და სააღდგომო მარხვების დროს. მონასტრის გამოქვაბულშია თუ სეისმოლოგიურ სადგურში, ბერმონაზვნებისთვის, დილით ადრე წყაროდან წყალს ხელით ეზიდება, მერე კი სხვა, ყოველდღიურ საქმეებში ეხმარება. არც საკუთარ პროფესიას ივიწყებს - ტურისტებს დავითგარეჯსა და მის ახლომდებარე ეკლესია-მონასტრებს აცნობს. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, უყვარს ისტორია, ლიტერატურა,­ მოგზაურობა... უფრო მეტს ამ საინტერესო ადამიანის შესახებ თავად მისგან შეიტყობთ.

ზვიად ანანიაშვილი:

- სოფელ უდაბნოდან ვარ. ჩემი ოჯახი მეფუტკრეობას მისდევს. მორწმუნე მშობლებმა გამზარდეს. როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, მამას დავითგარეჯის მონასტერში ყოველ­ კვირას მოვყავდი. აქვე მოვინათლე. თანდათან ძალიან შემიყვარდა ეს მონასტერი...­ ხანდახან ვრჩებოდი კიდეც. 21 წლის რომ გავხდი, მოვედი და დავრჩი.­ ერთი წელი მონასტერში ვიცხოვრე. მერე წავედი­ და დროდადრო ამოვდიოდი ხოლმე. იქვე ახლოს სეისმოლოგიური სამსახური იყო, ხშირად მივდიოდი, იქ მომუშავეებთან ვმეგობრობდი. ერთ დღეს მითხრეს, მაინც სულ აქა ხარ, დაგვეხმარეო. უარი არ მითქვამს. დროთა­ განმავლობაში სეისმოლოგიური სადგური ყველა ძველმა თანამშრომელმა დატოვა და მარტო დავრჩი.

სეისმოდანადგარები ჩემს სახლთან ახლოს, კლდეში გამოკვეთილ 25-მეტ­რიან გვირაბშია დამონტაჟებული. როგო­­რც კი სეისმური რყევა მოხდება,­ ინფო­რმაცია ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა გეოფიზიკის ინსტიტუტს. მე დანადგარების მუშაობას­ ვადევნებ თვალყურს. თუ ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ტელეფონით უნდა ვაცნობო შესაბამის სამსახურს.

- ტურისტები ამ გვირაბით არ ინტერ­ესდებიან?

- კი, მაგრამ დაკეტილია, მხოლოდ მე მაქვს შესვლის უფლება.

- სხვა თანამშრომლებმა რატომ დატოვეს­ სეისმოსადგური?

- არ უღირდათ, მცირე ხელფასის გამო ოჯახებიდან მოშორებით ცხოვრება.­ მე მაინც აქ ვიყავი და პრეტენზია არაფერზე მქონდა, არც ამ ხელფასის იმედზე­ ვყოფილვარ.

- სახლი, სადაც ცხოვრობთ, ალბათ, ძველი­ აშენებულია.

- კომუნისტებმა ააშენეს სეისმოლოგიური სადგურის თანამშრომლებისთვის. თავის დროზე არ იქნებოდა ურიგო. ჩემ­თვის არც ახლაა ცუდი. აი, მეგობრებს არ მოსწონთ. შორიდან ყველაფერი რომანტიკულად და ზღაპრულად ეჩვენებათ, მაგრამ რომ მოვლენ, ერთ დღეზე მეტხანს ვერ ჩერდებიან.

- თქვენ როგორ ჩერდებით შუქის, ინტერნეტისა და წყლის გარეშე.

- შუქის გარეშე არ მიჭირს, ინტერნეტი ტელეფონში მაქვს, ინფორმაციასაც ვკითხულობ და ფილმებსაც ვუყურებ, ტელეფონს კი მონასტერში ვტვირთავ. წყალი­ ხელით მომაქვს და ტანსაცმელსაც ხელით ვრეცხავ.

- შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სახლი­ არა გაქვთ და აქ იმიტომ ცხოვრობთ.

- სახლიც მაქვს, კარიც და ოჯახიც მყავს. ბავშვობიდან მიყვარდა განმარტოება­ და ჩემთვის თამაში. ყოველთვის ვოცნებო­ბდი ისეთ ადგილზე, სადაც ჩემ გარდა ვერავინ შემოვიდოდა. შეიძლება ერთი შეხედვით ჩანს, რომ აქ მარტო ვარ, თუმცა­ არც ასეა საქმე, მონასტრის ბერმონაზვნებთან ვურთიერთობ, გიდობას ვეწევი, ტურისტები ამოდიან, როგორც ქართველები, ისე უცხოელები და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ადამიანებს დავითგარეჯის და აქვე არსებულ სხვა ტაძრების ისტორიას ვაცნობ, მონასტერში საქმიანობაც მომწონს... აქ ყველაფრის კეთება შემიძლია, რაც მომწონს და რაც მაბედნიერებს.

ისე მოხდა­, ორი წელი ევროპაში მომიწია ცხოვრებამ, საათივით ავაწყვე საქმე, მაგრამ საშინლად მენატრებოდა მონასტერი და ჩემი სეისმოლოგიური სადგური. ისეთი განცდა მქონდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მივა­ტოვე. აი, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო და სხვაგან ცხოვრება არ მინდოდა. აქ ყველაზე ბედნიერი ვარ, როგორც ჰაერის და წყლის გარეშე არ შეუძლია ადამიანს გაძლება, ისე არ შემიძლია­ მეც გარეჯის და საქართველოს გარეშე ცხოვრება.

a9047e85-9cb4-4d51-8d45-0c508c62e6e8-1739726764.jpg

- ბერად აღკვეცას აპირებთ?

- ამაზე ბევრი მიფიქრია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღე.

- მეგონა, რომ დაოჯახდით.

- კი, ევროპაში წასვლამდე ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა.

- შვილი გყავთ?

- კი, სამი წლის ვაჟი.

- მახსოვს, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის­ მონასტრების გამო ძალიან ნერვიულობდით და ცდილობდით სიწმინდეების გადარჩენას. ახლა რა მდგომარეობაა იქ?

- ეს მონასტრები დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით, კლდის ფერდობზეა. უდაბნოს მონასტერი მრავალ ეკლესია­-სენაკს მოიცავს. აქ არის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც უნიკალური, 856-864 წლებში შესრულებული ფრესკებია. უნიკალური ფრესკული მოხატულობაა შემორჩენილი ჩიჩხიტურშიც. დღეს ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ნადგურდება, იშლება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ისტო­რიული საგანძური შევინარჩუნოთ. რამდე­ნიმე წლის წინ წვიმამ უდაბნოს მონასტრის თავზე კლდის დიდი ნაწილი ჩამოშალა, მაგრამ გასუფთავების უფლებაც არ მოგვცეს.

- ხელისუფლებას ასეთი წინასაარჩევნო ლოზუნგი ჰქონდა "გარეჯი საქართველოა". შეგიძლიათ თქვათ, რომ რამე გაკეთდა?

- ალბათ, უნდათ, მაგრამ არ გამოდის. ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, განსაკუთრებით, დავითგარეჯის მონასტრის მოძ­ღვრებმა არ დაზოგეს თავი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. 2019 წელს ჩაიკეტა იქ ჩვენთვის გზა და მორჩა! ჩვენს ისტორიულ საგანძურს აზერბაიჯანელი მესაზღვრე დარაჯობს და თუ ხასიათზე არ არის, არც შეგიშვებს.

ჩიჩხიტურის მონასტერს ძალიან ლამაზი უნიკალური სამეთვალყურეო კოშკი აქვს. დაახლოებით 7 წლის წინ ბერებმა მოინდომეს მისი აღდგენა და ხარაჩოებში ჩასვეს. აზერბაიჯანელებმა მაშინვე გააპროტესტეს, სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლები მოვიდნენ და ხარაჩოების დაუყოვნებლივ ჩამოხსნა მოითხოვეს. მიზეზად ის თქვეს, რომ სასაზღვრო ზოლში არაფრის აშენება არ შეიძლება. ამის შემდეგ ძალიან მალე, იმავე სასაზღვრო ზოლში, ჩიჩხიტურის მონასტრიდან 2 კილომეტრში ასკაციანი ბაზა ააშენეს და 24-საათიანი მეთვალყურეობა დააწესეს. ჩვენ ისტორიული ძეგლის გადარჩენით კანონს არ ვარღვევდით, მაგრამ პასუხი მოგვთხოვეს. აზერბაიჯანულმა მხარემ კი კანონი დაარ­ღვია (საზღვართან ამხელა ბაზის აშენება არ შეიძლება),­ მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს. აზერბაიჯანელების 100-კაციანი ყაზარმის წინ ქართველების 4-კაციანი "ვაგონის" დანახვა ძალიან გულდასაწყვეტია.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ პრობლემის­ მოგვარებაზე ახლა არავინ ზრუნავს?

- მე აქ 2019 წლის შემდეგ არავინ არ მინახავს. რამდენჯერაც ვიკითხე, მითხრეს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ახლა აღარ ვკითხულობ, რა აზრი აქვს. ერთადერთი ის ვიცი, ადრე უდაბნოს მონასტრშიც ავდიოდი და ჩიჩხიტურშიც, ახლა ვეღარ ავდივარ. აზერბაიჯანელები ამბობენ, ადრე კეთილმეზობლური ურთიერთობის გამო გიშვებდით, ახლა გადავწყვიტეთ, რომ სიმკაცრის გამოჩენაა საჭიროო.

- ალბათ, არის რაღაც, რასაც მიზეზთა­ გამო ვერ ამბობთ?

- აზრი რომ ჰქონდეს, ვიტყოდი, მაგრამ... ადრე ვაქტიურობდი, მაგრამ ახლა აზრი აღარაფერს აქვს. რომ ვხედავდე, რამის გაკეთება შემიძლია, თავს არ დავზოგავდი, ყველაფერს გავიღებდი, მაგრამ...

- აღარც აქტივისტებს ახსოვთ უდაბნო და ჩიჩხიტური?

- დროდადრო მოდიან. ალბათ, ჩემსა­ვით და მონასტრის მამებივით ამის გამო ყოველდღიურად არ დარდობენ,­ მაგრამ დროდადრო რომ ახსენდებათ, ესეც კარგია.

ხათუნა ბახტურიძე