„უკან რომ გავიხედე, დაჩოქილი დამხვდა, ხელში ბეჭდით“
"ეს ჩემი პირველი ინტერვიუა, ჟურნალისტების ინტერესი ყოველთვის იყო, მაგრამ თავს ვარიდებდი, არ მქონდა სურვილი და არც საჭიროდ ვთვლიდი, ჩვენს ურთიერთობაზე საჯაროდ მესაუბრა", - ამბობს მორაგბე დავით ნინიაშვილის მეუღლე ლინდა ინაშვილი. რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევა ბიჭი, რომელსაც უკვე უწოდეს მსოფლიო რაგბის ამომავალი ვარსკვლავი და როგორია მისი ცხოვრება მოედანს მიღმა? - ამ ყველაფერზე ლინდა ექსკლუზიურ ინტერვიუში გვესაუბრება.
- ლინდა, დავითი საქართველო ნიდერლანდების (40:7) ნაკრებების თამაშის შემდეგ, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ის ყველა შეხვედრის გამორჩეული მორაგბეა არა მხოლოდ საქართველოში, ფრანგული გამოცემა წერს, რომ ნინიაშვილი ნებისმიერი ამბიციის გუნდს დაამშვენებდა. თქვენთვის რა განცდაა, როდესაც ეს ყველაფერი გესმით?
- რა თქმა უნდა, მეამაყება, მისი ყოველი წარმატება ძალიან მახარებს, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ხშირად ხდება, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. ყოველი თამაშის შემდეგ დათუნასგან უფრო და უფრო მეტს ველოდები.
- თავად როგორი იყო მისი ემოცია?
- თამაშის შემდეგ უმეტესად "დანგრეული" გამოდის ხოლმე. წაგებაც და მოგებაც მის ხასიათზე შესაბამისად აისახება. ამ შემთხვევაში ძალიან ბედნიერი იყო.
- დათუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მოედანს ყოველთვის იმ განცდით და ფიქრით ვტოვებ, თამაშს რა დავაკელიო. გამოდის, რომ თვითკრიტიკულია.
- ნამდვილად ასეა. არა აქვს მნიშვნელობა ეს ნაკრების თამაში იქნება თუ კლუბის (დავითი ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ფრანგული "ლიონის" ღირსებას იცავდა), ყოველი თამაშის შემდეგ სახლში რომ ბრუნდება, თამაშს თავიდან ბოლომდე უყურებს. ცდილობს, დაინახოს საკუთარი შეცდომები. ერთი თამაშიც კი არ მახსოვს, მას ეს არ გაეკეთებინოს. ალბათ პროფესიულ ზრდაში ასეთი მიდგომა ძალიან ეხმარება.
- თამაშის წინ, როგორ ამხნევებთ, რამე რიტუალი გაქვთ?
- თამაშის წინადღეს ვარჯიშიდან შინ რომ ბრუნდება, ისვენებს, ამ დროს ფსიქოლოგიურადაც ემზადება. რომ გითხრათ, რამე გამორჩეული რიტუალი გვაქვს-მეთქი, ასე არ არის. ენერგიის აღდგენა სჭირდება, ამაში კი მაქსიმალურად ვცდილობ ხელი შევუწყო, სიმშვიდით სათანადო პირობები შევუქმნა.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- 2018 წელი იყო, ჩემი მეგობრები თამაშობდნენ და საყურებლად მივედი. დათუნა იმ დღეს გავიცანი. გაცნობიდან პირველი ორი წელი კონტაქტი არ გვქონია, მოკითხვის დონეზეც კი არ ვურთიერთობდით. შეიძლება ითქვას, ჩვენი ურთიერთობა 2021 წლიდან დაიწყო და 3 წელი ვმეგობრობდით... მერე კი ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა - ორივე მივხვდით, რომ მომავალში ერთად ყოფნა გვინდოდა. ჩვენ ძალიან ვგავართ, ერთმანეთს მარტივად ვუგებთ და ურთიერთობა არც ერთ ეტაპზე არ გაგვჭირვებია. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და ეს ჰარმონიული ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია.
- ქორწილი გქონდათ?
- არა, დათუნას გრაფიკისა და დროის უკმარისობის გამო ძნელია ამ ყველაფრის დაგეგმვა და ორგანიზება, მაგრამ მომავალში ვაპირებთ... დათუნა ძალიან კარგი ადამიანია და ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. კეთილი, სამართლიანი, თბილი და მზრუნველია, არ უჭირს საკუთარი შეცდომების დანახვა და აღიარება. აქამდე არასდროს გვიკამათია და ეს ორივეს დამსახურებაა, ხან მე ვთმობ, ხან - ის.
- პიროვნული თვისებებიდან, რა დაეხმარა ყველაზე მეტად იმაში, რომ დღეს ასეთი წარმატებული სპორტსმენია?
- შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და სიმტკიცე. ყოველთვის განვითარებისკენ ისწრაფვის, არ ჩერდება, არანაირი დაბრკოლება არ აშინებს, პირიქით - მოტივაციაა. სულ ცდილობს კრიტიკა და შენიშვნები ნაკლებად იყოს მის ცხოვრებაში. რაც ყველაზე მთავარია, მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება.
- რომანტიკულია?
- (იცინის) 10-ბალიანი სისტემიდან 7-8 ქულას დავუწერდი.
- ამ მხრივ საკუთარ თავს როგორ შეაფასებთ?
- მეც დაახლოებით იგივე მაჩვენებელი მაქვს.
- თქვენი ურთიერთობიდან გაიხსენეთ დღე, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ.
- საბედნიეროდ, ასეთი ბევრი დღეა ჩვენს ცხოვრებაში. გამორჩეულად მახსოვს ჩვენი გაცნობის დღე - მეც ვიცოდი, ვინ იყო და დათუნამაც იცოდა, ვინ ვიყავი. პირველი 5-წამიანი კონტაქტი გვქონდა თვალებით და ეს 5 წამი არასდროს დამავიწყდება. ასევე ძალიან ამაღელვებელი იყო დღე, როდესაც ხელი მთხოვა. სამოდელო სააგნეტოდან საბერძნეთში ვიყავი, დათუნას იმ პერიოდში მსოფლიო თასზე ჰქონდა თამაშები. ბოლო შეხვედრის შემდეგ ჩამომაკითხა, რა თქმა უნდა, მე ეს არ ვიცოდი. კიბეზე ჩავდიოდი და სრულიად მოულოდნელად, უკან რომ გავიხედე, დაჩოქილი დამხვდა, ხელში ბეჭდით. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ძალიან გამიჭირდება ის ემოცია გადმოვცე, იმ წუთში რომ მქონდა. ვკითხე, რა-მეთქი (იცინის)? გაოცებული მიყურებდა, "კი" ან "არა" მითხარიო. ორივე დაბნეულები ვიყავით, ძალიან დიდ ემოციებში, ვნერვიულობდით. მარტო ვიყავი და პატარა ვიდეო თავად გადავიღე, რომელიც მხოლოდ ჩვენი ძალიან ახლობლებისთვისაა განკუთვნილი, არ ვასაჯაროებ.
- დათუნას თამაშებს ხშირად ესწრებით?
- როდესაც საფრანგეთში აქვს თამაშები, ხშირად ვესწრები. როცა საქართველოს ნაკრებთან ერთად თამაშობს, მე და მისი ოჯახიც ვცდილობთ მის გვერდით ვიყოთ. დათუნამ ნაკრებში პირველი სადებიუტო ლელო რუსეთთან შეხვედრის დროს დადო.
- მორაგბეებს სჩვევიათ, ლელოს საყვარელ ადამიანს უძღვნიან, თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
- დიახ, თუ შეგიმჩნევიათ, დათუნა ყოველი ლელოს დადების შემდეგ ხელს მაღლა სწევს, ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ ლელო მე მომიძღვნა.
- რაგბის წესებში გაერკვიეთ?
- ძალიან რთული წესებია. შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ გავერკვიე. რასაც ვერ ვიგებ, ვეკითხები, მასწავლის და მიხსნის. ერთსა და იმავე შეკითხვას რამდენჯერმე ვუსვამ, რამდენჯერაც ვერ გავიგებ, იმდენჯერ მიხსნის (იცინის).
- დათუნას თამაშებიდან არის რომელიმე, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია?
- 2022 წლის ივლისში, იტალიის ნაკრებთან შეხვედრისას, დათუნამ საუკეთესოდ ითამაშა და ეს ყველამ აღნიშნა. ამ შეხვედრიდან ინტერნეტსივრცეში დღესაც საოცარი ვიდეოები ტრიალებს.
- სოციალურ ქსელებში წარმატებულ ადამიანებზე ბევრი რამ იწერება, ეცნობით?
- ჩვენ ვცდილობთ პირადი სივრცე არ გავსაჯაროოთ, ამ მხრივ აქტიურობით არ გამოვირჩევით. ფოტოებსაც იშვიათად ვტვირთავთ, თუმცა სოცქსელებში რაც იწერება, თითქმის ყველაფერი ვიცი. სასიამოვნო კომენტარებს რომ ვნახულობ, ზოგჯერ დათუნას სქრინს ვუგზავნი. კრიტიკას თავად ეცნობა, მეტ მოტოვაციას აძლევს.
- არაჯანსაღი კრიტიკაც შეგხვედრიათ?
- რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ რას ვიზამთ.
- დათუნა ნაკრების გამორჩეული და ამ სპორტით დაინტერესებული ქართველების საყვარელი მორაგბეა, როგორია მისი დამოკიდებულება პოპულარობისადმი.
- დიახ, ქუჩაში რომ გავდივართ, ძალიან ბევრი ადამიანი ესალმება, სიყვარულსა და პატივისცემას თითქმის ყველა თაობის ადამიანი გამოხატავს, ეუბნებიან, რომ მაგარი ბიჭია და წარმატებას უსურვებენ. ფოტოების გადაღებას უმეტეს შემთხვევაში ბავშვები სთხოვენ. დათუნა ყველას თავს უხრის, როდესაც საქებარ სიტყვებს ისმენს, კი უხარია, მაგრამ ეს მომენტი უხერხულობას უქმნის. ძალიან თავმდაბალი ადამიანია.
- მოდელი ხართ, ამჟამად ამ საქმეში აქტიურად ხართ ჩაართული?
- დიახ, ლოოკ მოდელს-ის მოდელი ვარ. ვცდილობ ჩემი საქმე არ დავკარგო და ვიყო ჩართული, თუმცა ამას არა აქვს ყოველდღიური სამუშაო ფორმა. მოდელებს სულ გვიწევს კასტინგებზე სიარული, არასტაბილური სამუშაოა, არასდროს იცი, რა დროს რა მოხდება.
- დათუნა თქვენს ჩვენებებს ესწრება?
- მისი გრაფიკიდან გამომდინარე, ამას ვერ ახერხებს.
- იცის ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდით?
- კი, სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი ინტერვიუა და რომ დაგთანხმდით, გაუკვირდა. ჟურნალისტების ინტერესი ყოველთვის იყო, მაგრამ თავს ვარიდებდი, არ მქონდა სურვილი და არც საჭიროდ ვთვლიდი, ჩვენს ურთიერთობაზე საჯაროდ მესაუბრა.
- მადლობა ინტერვიუსთვის! დაბოლოს რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი დათუნასთვის?
- დათუნა, მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, ნებისმიერ სიტუაციაში, ვიცი, ყველა მიზანს მიაღწევ, რომელიც დასახული გაქვს და ამაში ხელს მაქსიმალურად შეგიწყობ, გგულშემატკივრობ, მიყვარხარ!
თამუნა კვინიკაძე