„რუსეთში ბევრი კომენტარი შემომდიოდა სოცქსელში: ქართველები მკვლელები არიან და არ უნდა იცოცხლოო...“ - კვირის პალიტრა

„რუსეთში ბევრი კომენტარი შემომდიოდა სოცქსელში: ქართველები მკვლელები არიან და არ უნდა იცოცხლოო...“

"ისეთ ჩამწერ სტუდიებში ვმუშაობ, სადაც ჩაწერილია "ბითლზისა" და მაიკლ ჯექსონის მუსიკით დაწყებული, არაიანა გრანდეს, ჯასტინ ბიბერისა და ბიონსეს მუსიკით დამთავრებული... ყოველდღე ვმუშაობ­ "გრემზე" ნომინირებულ მუსიკოსებთან ან მომღერლებთან. ახლა სამწლიანი სამუშაო ვიზით ვარ ჩამოსული, რომელსაც მხოლოდ­ ექსტრაორდინარულ პირებს აძლევენ. ჩემი მიზანია მივაღწიო უმაღლეს დონეს და გავხდე "გრემის" მფლობელი", - ამბობს გელა ახალაია და შთამბეჭდავ კარიერაზე ჰოლივუდიდან გვიამბობს:

- დავიბადე სანქტ-პეტერბურგში, ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ლეწურწუმეში დეიდაშვილებთან ერთად ვატარებდი. ხშირად ვიყავი ქვედა­ ჩხოროწყუშიც ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან. სკოლა და უნივერსიტეტი სანქტ-პეტერბურგში დავამთავრე, ფინანსებისა და კრედიტების ფაკულტეტი, უფასოზე ჩავირიცხე.

მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს, მუსიკალური სკოლაც დავამთავრე. ვისწავლე გიტარის დაკვრაც. მეცხრე კლასიდან სახლში დავიწყე სიმღერების ჩაწერა, შემდეგ მეგობრებს ვუწერდი, ძირითადად, რეპს. 20 წლისას საკუთარი სტუდია მქონდა სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, აპარატურა ამერიკიდან თავად ჩამოვიტანე.

- რას უმადლით ქართულის ასე სრულყოფილად ცოდნას?

- ჩემი მშობლების დამსახურებაა, ქართულად წერა-კითხვა რომ ვიცი, სამშობლო რომ მიყვარს. ქართული ბავშვობაში ვისწავლე, მაგრამ ახლა ჩემი მეუღლის დახმარებით უფრო გავაუმჯობესე... დედა რუსული ენის მასწავლებელია,­ მამა მშენებელი იყო, საბჭოთა კავშირის­ დროს ლენინგრადში (მაშინ ასე ერქვა) მუშაობდა. მშობლების წყალობით ბავშვობაში­ ყველანაირ განათლებას ვიღებდი: მუსიკალურს, სპორტულს, რადიოელექტრონიკაში და ა.შ...

- როგორ აღმოჩნდით ჰოლივუდში?

- რუსეთში ქართველები, საზოგადოდ, კავკასიელები, დიდად არ უყვართ. თუმცა­ მე გამიმართლა, კარგ სკოლაში ვსწავლო­ბდი და რადგანაც ქალაქის გუნდში­ ფეხბუ­რთს კარგად ვთამაშობდი, ვერაფერს მიბედავდნენ. კარგი რუსი მეგობრები მყავდა, პატივს მცემდნენ და თუ საჭირო გახდებოდა,­ მიცავდნენ. 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, იმ დროს ქვედა­ ჩხოროწყუში ვიყავი. რუსეთში რომ დავბრუნდი უნივერსიტეტში სასწავლებლად, ბევრი კომენტარი შემომდიოდა­ სოცქსელში. მაგალითად, ერთი ასეთი იყო, ქართველები მკვლელები­ არიან და არ უნდა იცოცხლოო... რუსეთის პროპაგანდა ტელევიზიით ინფორმაციას ავრცელებდა, ქართველები ოსებს თავს დაესხნენ, მკვლელები არიანო, ვითომ რუსეთი ოსებს ქართველებისგან იცავდა. ჩემი რუსი მეგობრები მიცავდნენ მათგან და სიმართლეს პასუხობდნენ... შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა, ჩემი ჩამწერი სტუდია გავხსენი პეტერბურგის ცენტრში, უნივერსიტეტიც დავამთავრე და მუშაობა დავიწყე ფინანსისტად პეტერბურგის მერიაში. კარგ ხელფასს მიხდი­დნენ, 1000 დოლარზე მეტს, სანამ რუსეთმა ყირიმის ანექსია არ მოახდინა­ და ერთ დღეში­ ჩემი ხელფასი 500 დოლარამდე­ დავიდა. მას შემდეგ დავიწყე­ ფიქრი, რომ რუსეთი არ არის სანდო ქვეყანა საცხოვრებლად (მამაჩემი ისედაც სულ ამას ამბობდა).­ 2018 წლისთვის უკვე არაერთი მიწვევა მქონდა, მუსიკას ვწერდი მაღალი დონის მომღერლებთან: სმოკი მოსთან, ჯამბაზთან და ა.შ. ვინაიდან უკვე სოლიდური დანაზოგი მქონდა, დავფიქრდი, რაში დამებანდებიან. საქართველოში პარტნიორი ვერ ვიპოვე, რუსეთში კი არასტაბილური ეკონომიკის გამო გამოვრიცხე... საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლას ვაპირებდი, შემდეგ ჩემი ერთი მომღერალი მეგობარი, რომელსაც­ ყველა სიმღერა მე ჩავუწერე, რუსეთში უდიდესი სიმღერების კონკურსის ფინალში გავიდა. ჟიურის წევრები ტიმატი და ბასტა იყვნენ. ტიმატის ძალიან მოეწონა ჩვენი სიმღერები.­ იმ დროისთვის მე უკვე ვფიქრობდი, საკუთარ თავში ჩამედო ინვესტიცია და ვარიანტებს ვეძებდი ლოს-ანჯელესში გადასასვლელად.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ეს არის მუსიკალური ბიზნესის დედაქალაქი და თუ მინდოდა­ უმაღლესი დონის მიღწევები, ამ გზით უნდა წავსულიყავი. მე უკვე მიწვეული ვყავდი მოსკოვში ტიმატის პირად, რუსეთში ცნობილ ხმის ინჟინერ კონსტანტინ მატაფონოვს, მაგრამ უარი ვუთხარი და ამერიკაში გადასვლა გადავწყვიტე. თავდაპირველად ვამჯობინე სწავლა დამეწყო ლოს-ანჯელესის ფილმის სკოლაში მუსიკის ფაკულტეტზე. ისედაც ვიცოდი ყველაფერი (სასწავლებელი უმაღლესი შეფასებით დავამთავრე), მაგრამ დრო და კონტაქტები მჭირდებოდა, აქაური პროფესიონალები რომ გამეცნო­ და მუშაობა დამეწყო. აი, ასეთი გეგმებით ჩამოვედი ჰოლივუდში 2019 წელს. ქალაქს მალევე შევეჩვიე, სტუდენტურ­ ცხოვრებაში ჩავერთე, კავშირებიც გავიჩინე­ და დავიწყე საუბარი ჰოლივუდის მუსი­კალური სამყაროს წარმომადგენლებთან. უნივერსიტეტში პედაგოგები და თანაკურსელები მიცნობდნენ როგორც მაღალი დონის პროფესიონალს. სამწუხაროდ, სწავლის შუალედში პანდემია დაემთხვა, მაგრამ როცა სწავლა დავამთავრე, იმ რთულ პერიოდში­ მაინც მოვახერხე სამსახურის ოფიციალურად დაწყება, თავიდან ლოს-ანჯელესის ერთ ნაკლებად ცნობილ ჩამწერ სტუდიაში, ერთი თვის შემდეგ კი უნივერსიტეტიდან დამირეკეს, უმაღლესი დონის ხმის ინჟინერი ეძებს ასისტენტსო, და მე ვიყავი პირველი კანდიდატურა, ვინც აარჩიეს. წავედი გასაუბრებაზე და ლეონარდო იდალგომ სამუშაოდ მიმიღო. ძალიან ცნობილი სიმღერები, მათ შორის, „ჭიზკიდ, ჭატერ“ მისი შექმნილია. ამ დღიდან დაიწყო ჩემი მუშაობა­ ცნობილ პროდიუსერებთან, მათ შორის კრისტოფერ ბროდი ბრაუნთან, რომელმაც შექმნა ბრუნო მარსის ყველა ცნობილი სიმღერა...

- ახლახან დაოჯახდით, გვიამბეთ თქვენი­ და შორენა ქებურიას სიყვარულზე.

- ჩვენი სიყვარულის ისტორია სოცქსელში მიმოწერით დაიწყო, შეხვედრაზე კი ცოტა მაწვალა... ერთმანეთს კარგად გავუგეთ და მივხვდი, რომ ჩემი ადამიანია. ჩემი მეუღლე ძალიან მზრუნველია და გემრიელი კერძებით მანებივრებს, რაც მთავარია, გვერდში მიდგას და სჯერა ჩემი შესაძლებლობების, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. გვიყვარს და პატივს ვცემთ ერთმანეთს.

- რამდენად უკავშირდება თქვენი გეგმები საქართველოს?

- ახლო მომავალში ვერა, მაგრამ ვფიქრობ დაბრუნებას და საქართველოს მუსიკალური სფეროს განვითარებას.

- მსოფლიო შეძრა ლოს-ანჯელესის­ ხანძარმა. გვიამბეთ, რა ვერსიები ვრცელდებოდა.

- როცა ხანძარი გაჩნდა, პირველ დღეს მოსახლეობამ ყურადღება არ მიაქცია­, რადგან აქ ყოველ წელს იცის ხანძრები და პრობლემას მალევე აგვარებენ. მეორე-მესამე დღეს ხალხში უკვე შიში იგრძნობოდა, რადგან ცეცხლი დასახლებულ ადგილებს მოედო. აქამდე ასეთი მასშტაბური ხანძარი არ ყოფილა. ჰოლივუდის გორაკებზე,­ კონკრეტულად ერთ ადგილას გაჩნდა ხანძარი... იმ დღეს ჩემმა მეგობარმა (პროდიუსერმა, ვისაც სტუდია აქვს ჰოლივუდის გორაკებზე, სადაც მეც ვმუშაობ) დამირეკა, ჩვენს სტუდიაში ვერ ვიმუშავებთ, ჰარვისთან უნდა წავიდეთო. როცა მივდი­ოდი, ხანძარი უკვე ქალაქში კარგად ჩანდა, პირველად მაშინ შემეშინდა. მერე როცა ჰარვისთან მივედით, მთელი საღამო ამ ხანძარზე ვლაპარაკობდით, ყველას ერთნაირი აზრი მოუვიდა, რომ ამას, ალბათ, სპეციალურად აკეთებენ, რადგან მხოლოდ მდიდრების რაიონში გაჩნდა ხანძარი. ის ორი კვირა შეიძლება პანდემიის დასაწყისს შევა­დაროთ, როცა არავინ იცოდა, რა გაეკეთებინა. მადლობა ღმერთს, ნელ-ნელა დაუბრუნდა ქალაქი ნორმალურ ცხოვრებას. ყველა კომპანიამ, ხალხმა, სახელმწიფომ, მაქსიმალურად ხელი შეუწყო მათ, ვინც დაზარალდა. ევაკუაციაც ყველგან დროული იყო. იმედია, ეს აღარ განმეორდება.