აბუდელაურის ტბები - მწვერვალებში გარინდებული ზღაპარი - კვირის პალიტრა

აბუდელაურის ტბები - მწვერვალებში გარინდებული ზღაპარი

დედამიწაზე სამოთხესავით ადგილებს ხშირად შეხვდებით, მაგრამ ამით ჩვენს სამოთხეს, საქართველოს, არაფერი აკლდება. ისე კი, როგორც ამბობენ, ისეთი სილამაზე, როგორიც ხევსურეთში თითქმის 3000 მეტრ სიმაღლეზე მდებარე აბუდელაურის ტბებს აქვს, საქართველოში კი არა, იშვიათია მსოფლიოში. ალბათ,… სხვაგან სად არის, რომ მწვერვალებში, ერთსა და იმავე ადგილზე, ლოდებს შორის სამი სხვადასხვა ფერის ტბა ამოიზიდოს. თუ თქვენ ხევსურეთში ზღაპრული ხეობებისა და მწვერვალების გავლით ამ ტბების სანახავად ასულხართ, მაშინ სხვებს ისღა დარჩენიათ, თქვენი შურდეთ. თუ არადა, იცოდეთ, რომ ეს ზღაპარი - ტბები, ალპური ზონიდან ბევრად მაღლა, სანახავი გაქვთ და წინ დიდი ბედნიერება გელით. აი, ნიკა კვარაცხელიამ კი, რომელიც ამ საოცრებაში არაერთგზის მოხვედრილა, მშვენივრად იცის, რა ძალა აქვს მშვენიერებას, რომელიც როგორც ღვთის ხელი, ამქვეყნიურ სადარდებელსაც კი აქრობს.

- დამეთანხმებით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის პატრონები ვართ. მინახავს უცხოელები­, რომელთაც თუნდაც აბუდელაურის ტბები ნახეს და კარგა ხანს შოკში იყვნენ...

- როდესაც ხედავ, უცხო ადამიანი­ რა აღტაცებით შეჰყურებს შენს ბუნებას, როგორ შეიძლება თავადაც არ დაფიქრდე, ამ ხალხს რა მოსწონს და რატომ მოსწონსო. თავად ვეღარც ვითვლი, საქართველო იმდენჯერ მაქვს ფეხით შემოვლილი, იმდენი სილამაზე მაქვს ნანახი, მაგრამ მათ შორის, აბუდელაურის ფერადი ტბები მართლაც დიდი ზღაპარია. მიხარია, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ხალხი დადის მათ სანახავად. ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც ამ ადგილებიდან გაოგნებული არ დაბრუნებულიყოს. ვინც თავიდან ჭოჭმანობს, გზა ტბებამდე მთებშია და არც ისე ადვილი გასავლელიაო, მაგ ხალხსაც კი ძლივს ვაბრუნებთ უკან. დადიან სუნთქვაშეკრულები, ათვალიერებენ იქაურობას, იღებენ ფოტოებს და არიან ბედნიერები.

- არ მიკვირს და ემოციებს ვინაწილებ. დიდი გზაა აბუდელაურისაკენ?

- გზა ორი ადგილიდან ადის: ერთი სოფელ როშკიდან, მეორე - ჯუთიდან. ორივე გზით დაახლოებით 8 კილომეტრს აღმართებზე ადიხარ და ბოლოს მიადგები აბუდელაურის სიფერადეს.G გზად ორივეგან ზღაპარი გხვდება, რადგან მდინარეების გამაოგნებელ ხეობებს მიუყვები და ჭიუხების მწვერვალებს უცქერ. იმიტომაც სწრაფად გადის ამ გზის 3-4 საათი. თუმცა გზის პირველი ნახევარი, ლურჯ და მწვანე ტბებამდე, ცოტა უფრო მარტივია, ვიდრე თეთრ ტბამდე. თუ გზა ლურჯი და მწვანე ტბებიდან თეთრი ტბისაკენ განაგრძე, სულ ლოდიანით უნდა აიარო. რაც შეეხება სოფელ ჯუთიდან ასვლას, 3800-მეტრიან მწვერვალებზე უნდა გადაიარო ტბებამდე მისასვლელად. სამაგიეროდ, როდესაც მწვერვალზე შედგები და თეთრ ტბას გადახედავ, აი, მაშინ მართლაც გგონია, რომ სამოთხეში გაიღვიძე. დგახარ 2800 მეტრის სიმაღლეზე და უყურებ ულამაზეს თეთრ წყალს, თეთრ სივრცეს. არადა, ვერც წარმოიდგენდი, რომ ამ ლოდიანში თუნდაც წვეთი წყალი სადმე იქნებოდა. ამას დავამატოთ ბუნების გამაოგნებელი სახის ცვლა: შუა პაპანაქებაში შეიძლება ისეთმა სეტყვამ წამოუშინოს, სიცივისაგან აძაგძაგდე, მაგრამ მზე ისევ მალე გამოჩახჩახდება.

აბუდელაურის ტბები ივნის-ივლისში უნდა ნახო, რადგან აგვისტოში სანახევროდ დამშრალია, მერე კი ივსება, მაგრამ სულ ყინული ადევს თვეების განმავლობაში.

- საიდან აქვთ აბუდელაურის ტბებს სამი ფერი - ლურჯი, მწვანე და თეთრი.

- მწვანე ფერს წყალმცენარეებიც აძლევს, მაგრამ ამ ადგილზე მცენარე ძალზე ცოტაა. ფერებს ტბებისთვის აქაური მინერალები გაიღებენ. როდესაც ყინავს, ყინული ქვებს ყინავს, კაწრავს, აფხვიერებს და ტბებს მათი ფერი გადააქვთ. ეს იმდენად განსაცვიფრებელი სანახაობაა, რომ ხშირად გახსენებს თავს, შეიძლება უცებ სადმე წამოგიტივტივდეს ნახატივით.

- ამ ტბებზე ღამით დარჩენილხართ?

- რატომაც არა, თანაც, თუკი ამ სიმაღლეზე ზურგჩანთით საკვებსა და კარავს აიტან. თუკი კარავი ან საძილე ტომარა არ წაიღე, ღამით აქ ისე ცივა, გაძლებაზე რა მოგახსენოთ. თბილი მოსასხამით შეგიძლია ღამით ვარსკვლავებით "მოჯადოებასაც" დაესწრო. როდესაც აქ გაგვითენებია, ჩემთვისაც უთქვამთ ხოლმე, მთელი ღამე ვარსკვლავების ყურებაში გავატარე, ცა ისეთი ლამაზი იყოო.

- პაპანაქებაში ტბების სიგრილით დატკბობა და ცურვაც შეიძლება?

- არ გირჩევთ, რადგან ტბის წყალი ყინულივითაა. იმიტომაც არ არის აქ თევზი, თორემ, ალბათ, იქნებოდა.

- სხვაგან სად გვაქვს საქართველოში ასეთი ზღაპარი?

- ლამაზი ადგილები საქართველოში უამრავია. თუმცა ვფიქრობ, ამქვეყნად ყველაზე ლამაზი მწვერვალებს შორის ლოდებში გაშლილი ტბებია. ასეთი მეორე ადგილი სვანეთში გვაქვს, ამავე სიმაღლეზე მდებარე ქორულდის ტბები, თუმცა იქ წყალს სამი ფერი არა აქვს.

- ჰოდა, დაე, სულ იყვნენ, მაშინაც კი როდესაც გვემუქრებიან, გლობალური დათბობა მოდისო.

- სხვათა შორის, ამ ტბებსაც ეტყობათ მაგის კვალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთი ზეციური სილამაზე არ გაქრება. მთავარია, ადამიანმა შეიგნოს, რომ თავისი მოქმედებით ზიანი არ უნდა მიაყენოს.