მიწური სახლების ტურისტული ეფექტი
ძველი მიწური სახლები საქართველოში, მესხეთ-ჯავახეთში დღემდეა შემორჩენილი, თუმცა უმრავლესობა მიტოვებულია. რამდენად რეალურია ამ სახლების აღდგენა და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად გადაქცევა? - ამ შეკითხვით მივმართეთ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს:
"ისტორიული სოფლების გაცოცხლებაში სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია"
გიორგი ნათენაძე, "ჭაჭკარის განვითარების ფონდის" პრეზიდენტი: - მესხური ტომები ოდითგანვე მიწურ სახლებში ცხოვრობდნენ. ასეთი სახლები კომპაქტურად არის შემორჩენილი ჩემს სოფელშიც, ჭაჭკარში, სადაც შეიძლება უძველესი დასახლება აღვადგინოთ. ამ მიზნით შევქმენით "ჭაჭკარის განვითარების ფონდი", რომლის მიზანია, ძველისძველი სახლების აღდგენა და ტურისტულ ობიექტად გადაქცევა.
მკაცრ კლიმატურ პირობებში ასეთი საცხოვრებლის აგება ძალზე გონივრულია, რადგან მიწური სახლები ზამთარში სითბოს ინარჩუნებს, ზაფხულში კი - სიგრილეს. იქვე ინახავდნენ მარცვლეულს, ხორბალსა და სხვა პროდუქტებს. ჩვენებური სოფლების მთავარი ღირსშესანიშნაობაა დარანი ანუ მიწისქვეშა სოფელი, სადაც მტრის შემოსევის დროს თავს აფარებდნენ. მესხეთ-ჯავახეთში, ისტორიული სოფლების ქვეშ, დარანები ახლაც არის. დარანში კილომეტრებზე იყო გაყვანილი გვირაბები, სადაც მთელი სოფელი იმალებოდა. ზოგიერთ დარანში საქორწილო დარბაზიც კი ჰქონდათ.
სოფელი ჭაჭკარი ვარძიის უკან მდებარეობს და იქ უამრავი უძველესი მიწური სახლია. გარდა ჭაჭკარისა, მიწური სახლები და დარანები სამცხე-ჯავახეთის არაერთ სოფელშია: საროში, უდეში, ჩუჩხაში, ასპინძაში... ზოგან მოსახლეობამ თავისი ძალებით აღადგინა და ამ სახლებს ტურისტები ახლაც სტუმრობენ, მესხურ კერძებს აგემოვნებენ, მასპინძლებთან ერთად თონეში პურს აცხობენ და ადგილობრივ ყოფას ეცნობიან, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. ასეთი სოფლის არსებობას სულ სხვა ეფექტი ექნებოდა... ამიტომ დიდი სურვილი გვაქვს, ჭაჭკარს ისეთი სახე ჰქონდეს, როგორიც მე-12 საუკუნეში ჰქონდა. ვარძიაში ჩამოსულ სტუმრებს რომ ენახათ, როგორი იყო მე-12 საუკუნის მესხური სოფელი, ჩვენი ისტორიით უფრო მეტად დაინტერესდებოდნენ. სურვილი გვქონდა ღია ცის ქვეშ მუზეუმიც ყოფილიყო, მაგრამ ეს პროექტი ვერ განვახორციელეთ. ისტორიული სოფლების გაცოცხლებაში სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია, ოღონდ მოსახლეობამაც უნდა მოინდომოს. თუ ჩვენი მხარე ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, ეს დამატებით შემოსავალს და სოფლის გაძლიერებას ნიშნავს.
"უძველესი ქართული ძეგლები ინგრევა და ძველი სოფლების აღდგენას ვინ მოინდომებს"
ზაალ მაღრაძე, თავისუფალი გიდი: - მიწური სახლები გავრცელებული იყო არა მარტო სამხრეთ საქართველოში, არამედ ქართლშიც. მესხეთ-ჯავახეთში ძალიან ცივი ზამთარი და დიდთოვლობა იცის და მთლიანად ან ნახევრად მიწური ნაგებობა, მესხეთ-ჯავახეთის კლიმატურ პირობებს იყო მორგებული. ბანიანი ანუ მერცხლური გადახურვა მიწური სახლების მთავარი ნიშანია. 1980-90-იანი წლებიდან ხალხმა ორსართულიანი სახლების აგება დაიწყო. დღეს თითზე ჩამოსათვლელია ხალხი, რომელიც ამგვარ ნაგებობას საცხოვრებლად იყენებს. ბევრი მათგანი ჩამოინგრა, რადგან მიწურ სახლს ყოველ გაზაფხულზე შეკეთება და მიწის დატკეპნა უნდა. რაც დანგრევას გადაურჩა, პროდუქტების შესანახად ან საქონლის სადგომად იყენებენ.
სავსებით რეალურია ძველი მესხური სოფლების ტურისტულ ობიექტებად გადაქცევა, მაგალითად, სოფელი ჭაჭკარში, რომელიც ვარძიას ღვინით, არყითა და სხვა პროდუქტებით ამარაგებდა, შემორჩენილია ხელუხლებელი მიწური სახლები და მისი რეაბილიტაცია კარგი იქნებოდა! არსებობს საინტერესო პროექტი, რომ ეს სოფელი მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად გადაიქცეს, მაგრამ ამას ფინანსები და მონდომება სჭირდება. უძველესი ქართული ძეგლები ინგრევა და ძველი სოფლების აღდგენას ვინ მოინდომებს. სხვათა შორის, რამდენიმე კერძო პირმა შეძლო თავის კარ-მიდამოში მესხური მიწურის აღდგენა, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის. მათ შორისაა ჯომარეთის მკვიდრი ალუდა ჯვარიძე, რომელიც აღდგენილ სახლში ტურისტებს მასპინძლობს. ვიცნობ მასწავლებელს, რომელიც მიწურ სახლში ცხოვრობს, მაგრამ ძველი სახლების უმრავლესობა მიტოვებული და ნახევრად დანგრეულია. ნათქვამია, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, და ამ საქმეს ერთი ან რამდენიმე ადამიანი ვერ მოერევა.
"მესხური მიწური სახლების რეაბილიტაცია სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს"
ნატა კვაჭანტირაძე, "საქართველოს ტურიზმის ასოციაციის" თავმჯდომარე:
- ძველი მესხური სახლები მესხების ცხოვრების სტილზე ბევრ რამეს გვიამბობს. მესხური თონე, მესხური სამზარეულო უნიკალური მოვლენაა. მესხური მიწური სახლების რეაბილიტაცია და სათანადო ტურისტული ინფრასტრუქტურის მომზადება სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს. აუცილებელია რეაბილიტაცია სწორად ჩატარდეს. მარტო ძველი ყოფის გაცოცხლება საკმარისი არ არის, ადგილობრივი გასტრონომიისა და ტრადიციების ჩვენებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივაც საჭიროა, მაგრამ კერძო ბიზნესი და სახელმწიფოც აქტიურად უნდა ჩაერთონ. ამ შემთხვევაში ჩვენი მშვენიერი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ მნახველს მოიზიდავს და უფრო პოპულარული გახდება.
პიეტრაგალა - ასე უწოდებენ იტალიის პროვინციალ პოტენცაში სოფელს, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. ამ დასახლების ისტორია მე-14 საუკუნიდან იწყება. სოფლის თავისებურება ის არის, რომ მას შუა საუკუნეების დროინდელი მიწური სახლები ამშვენებს. პიეტრაგალაში არის რამდენიმე სახლი, რომელიც XIV-XV საუკუნეებით თარიღდება, თუმცა მათი უმრავლესობა გვიანდელი პერიოდისაა. სახელმწიფოს ხელშეწყობით მიწურებს რეაბილიტაცია ჩაუტარეს, ხოლო იქაური გიდებისა და მოსახლეობის წყალობით უძველესმა დასახლებამ ახალი სიცოცხლე შეიძინა.
ხათუნა ჩიგოგიძე