შანი ისევ „ფუფუნებაშია“
ცხოველთა მეფეს, ლომს, უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს ქართულ კულტურაში. თუმცა კატისებრთა ოჯახის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი საუკუნეა თავისუფლად არ უცხოვრია. მისი კვალი ჩანს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში. გავრცელებული ყოფილა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული გვაქვს უძვირფასესი კულტურის ნიმუშები: ოქროს ლომის ფიგურები და ოქროს ლომის ქანდაკება. ლომი გამოყენებულია სამეფო ჰერალდიკაშიც, თუმცა ქართველ მეფეებსა და დიდებულებს პირად საკუთრებაში ცხოველთა მეფე არ ჰყოლიათ.
ლომის ყოლის ვნება ქართველებში შესამჩნევი ხდება გასული საუკუნიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში ლომი ჰყავდა სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ მურმან როგავას, რომელსაც სოფლის ტერიტორიაზე, ვეებერთელა ფართობზე, შთამბეჭდავი ზოოპარკი ჰქონია, სადაც უამრავი ეგზოტიკური ცხოველ-ფრინველი ბინადრობდა, მათ სანახავად კი თანამდებობის პირებსა და კომუნისტური პარტიის ბოსებს უცხოელი სტუმრები დაჰყავდათ.
ძუ ლომ ინგასთან ერთად, 4 წლის განმავლობაში თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, ეზოიან სახლში ცხოვრობდა ცნობილი მკურნალის, თურმანიძეების ოჯახი. გარეულ მხეცს პატრონი დროდადრო მანქანით დაასეირნებდა, ერთხელ ეზოდანაც გაჰქცევიათ. თურმანიძეების ლომმა სიცოცხლე თბილისის ზოოპარკში დაასრულა, ამბობენ, შეუძლებელი იყო მისი ეზოში, თუნდაც კარგად დაცულ ვოლიერში ყოფნაო.
ცოტა ხნის წინ სკანდალურად გახმაურდა კიდევ ერთი ლომის ამბავი. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პაწია ბოკვერთან ერთად თბილისის ქუჩებში მანქანით სეირნობდა. როგორც ამბობენ, ცხოველი საქართველოში კონტრაბანდის სახით მოხვდა, საბედნიეროდ, მალევე ზოოპარკს ჩააბარეს, რამაც გადაარჩინა. გაუგებარია ამ დრომდე სამართალდამცავების დუმილი, როგორ მოხვდა ბოკვერი საქართველოში. არც ცხოველებით კონტრაბანდული ვაჭრობის გამო დასჯილა ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო დანაშაულის შესახებ კონკრეტულ პირებს არაერთხელ მიანიშნეს (უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, თავს შევიკავებთ ვარაუდების გავრცელებისგან).
1927 წელს დაარსებულ თბილისის ზოოპარკს ლომების ყოლის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, თუმცა არასდროს იმდენი არ ჰყოლიათ, როგორც 21-ე საუკუნის 10-იანი წლებიდან. ჯერ თეთრი ბოკვერი კლეოპატრა გამოჩნდა, შემდეგ მისი მეწყვილე სემუელი. მალევე წითური ლომები, სიმბა და ნალა, შეიმატეს. ორივე ოჯახმა იმატა, მაგრამ 2015 წლის ივნისში ვერეს ხეობაში წყალდიდობისას დატრიალებულმა ტრაგედიამ წითური ლომების მთელი ოჯახი და ძაღლ კარაკულასთან ერთად გაზრდილი თეთრი ბოკვრის, შუმბას სიცოცხლეც შეიწირა. დღეს ზოოპარკს თეთრი ლომების ულამაზესი ოჯახი ჰყავს, უკვე მოწიფული სემუელი და კლეოპატრა ულამაზეს შვილებთან ერთად ცხოვრობენ. ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე თბილისელი ლომების შესახებ გვესაუბრა:
- მახსოვს ინგა. იმ წლებში, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ზოოპარკში მომვლელად ვმუშაობდი, ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა. მასთან ერთად ცხოვრობდნენ კიდევ ერთი ძუ და ხვადი ლომები. როგავას ლომზეც მსმენოდა. თუმცა ერთხელაც, როდესაც მის ზოოპარკში მოვხვდი, ლომი აღარ დამხვდა. არ ვიცი, სად წაიყვანეს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. ხელმძღვანელად ჩემს მოსვლამდე ზოოპარკში ბევრი ლომი ცხოვრობდა. ბოკვე
ბოკვრები არც ერთს არ ჰყოლია. პატარა ძუ ბოკვერს, რომელიც ახლახან სრულიად გაუთვალისწინებლად შემოგვემატა, შანი დავარქვით. საბუთების უქონლობის მიუხედავად, დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ აფრიკული ლომია. ყურმოკვრით ვიცით, რომ შესაძლოა რუსეთში შეძენილი და იქიდან შემოყვანილია. ეყოლება თუ არა პარტნიორი? უკვე ვზრუნავთ ამაზე და ვეძებთ მეწყვილეს, შესაძლოა ძუც იყოს, მთავარია, დიდ ვოლიერში გადასვლის დროს მარტო არ იყოს. კარაკულა ერთადერთი იყო, რომელმაც ლომს დიდხანს გაუძლო. შეიძლება ითქვას, შუმბაც განსაკუთრებული იყო და ამიტომაც დიდხანს შემორჩა ძაღლთან ერთად. გვინდა თუ არა შანის გამრავლება? ძალიან რთული საკითხია, უნდა იცოდე, სად მიგყავს ნამატი. უამრავი ზოოპარკი ამრავლებს და ბოკვრების დაბინავება საკმაოდ რთულია. ამასთან, აფრიკული ლომი არ არის გადაშენების პირას მყოფი, რომ მათი მომრავლება პრიორიტეტი იყოს. ჯანმრთელობით შესანიშნავად არის, უკვე 12 კილოგრამს იწონის. მის კარგ მდგომარეობაზე ვეტერინარული კვლევების გარდა, მეტყველებს ხალებიც, რომელიც ლომებს სხეულზე დაჰყვებათ. რაც უფრო ჯანმრთელია ლომი, მით უფრო მუქია ხალები. ორი წინა კბილიც მოიცვალა, რაც ნიშნავს, რომ ასაკით სამ თვეს გადასცდა. ძალიან კარგი ხასიათი აქვს, კონტაქტურია, უყვარს თამაში და ჭამა. როდემდე იქნება ადამიანებთან? სანამ თბილისის ზღვაზე ვოლიერი არ დასრულდება. უმაღლესი სტანდარტების მქონე საბრძანებელი უკვე მზად არის. ასეთივე სტანდარტებს დააკმაყოფილებს გარე სივრცეც, რომელიც ახლა შენდება და, ალბათ, ორ თვეში დავასრულებთ. როდესაც თბილისის ზღვაზე ვოლიერების სისტემის, კატების ექსპოზიციის მშენებლობა დასრულდება, იქ იცხოვრებენ თეთრი ლომები, ვეფხვი და ლეოპარდებიც. როგორ ეწყობიან ერთმანეთს თეთრი ლომი სემი და მისი ვაჟი ჩაკა? ძალიან იჩხუბეს. ამიტომაც რიგრიგობით ვუშვებთ ღია ვოლიერში. მრავლდებიან თუ არა თეთრი ლომები? არა, ხელოვნურად შევაჩერეთ ეს პროცესი, რადგან ისედაც შვიდი თეთრი ლომი გვყავს, მშობლები და მათი ხუთი არაჩვეულებრივი ნაშიერი.
„ლომის პირად საკუთრებაში ყოლა სარისკოა“
ლომი ცუგა არ არის - ძაღლის ჯიშებსაც კი, ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული გარემო და სპეციფიკური მოვლა სჭირდებათ. ლომის პირად საკუთრებაში ყოლა სარისკოა როგორც პატრონისათვის, ისე მხეცისთვის. არასწორი მოვლისა და არასათანადო პირობების გამო ტრაგიკული შემთხვევები გარდაუვალია. ლომის ფლობა, როგორც შინაური ცხოველის, არა მხოლოდ სახიფათოა, არამედ არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ ტენდენციაზეც შეიძლება მიუთითებდეს, რომელიც უკავშირდება ძალაუფლების, ექსტრემალური გამოცდილების ან სოციალური სტატუსის დადასტურების სურვილს.
ძალაუფლებასა და ლიდერობასთან ასოცირებული ლომის ფლობისკენ მიდრეკილება იმ ადამიანებს აქვთ, თავს არა მარტო ძლიერ, დომინანტურ და ექსკლუზიური სტატუსის მქონე პიროვნებებად რომ აღიქვამენ. ზოგი ცდილობს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებულობა და სიმდიდრე წარმოაჩინოს. ეგზოტიკური და საშიში ცხოველების ყოლა გამორჩეულობის განცდას ქმნის. ვის ექსტრემალური სიტუაციები და საფრთხესთან თამაში იზიდავს და მტაცებლის სახლში ყოლა ემოციურად აღაგზნებს, ზოგი ვერც აცნობიერებს, რამდენად საშიშია მტაცებელი ცხოველის მოვლა. მათი აღქმა შესაძლოა ეყრდნობოდეს ინტერნეტში ნანახ ვიდეოებს, სადაც ლომები ადამიანებს ეთამაშებიან, თუმცა რეალობაში მაინც ინსტინქტებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ.
ლომების პოპულაცია საფრთხის ქვეშ არის!
ლომი სოციალური ცხოველია. ცხოვრობენ ჯგუფებად, პრაიდებად. დაყოფილი არიან რამდენიმე ქვესახეობად. მეცნიერები განასხვავებენ ლომის ორ მთავარ ქვესახეობას: აფრიკული ლომი (Panthera leo leo) გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, საჰარის სამხრეთით, ხოლო აზიური ლომი (Panthera leo persica) მხოლოდ ინდოეთის გირის ტყეებში გვხვდება და ერთ-ერთი იშვიათი ქვესახეობაა.
წარსულში ლომებს უფრო მეტ ქვესახეობად ყოფდნენ: ბერბერული (ატლასის) ლომი (Panthera leo leo) –ჩრდილოეთ აფრიკაში ბინადრობდა, დღეს უკვე გადაშენებულია ველურ ბუნებაში. კეიპის ლომი (Panthera leo melanochaita) გავრცელებული იყო სამხრეთ აფრიკაში, თუმცა დღეს გადაშენებულია. მესოპოტამიური (სპარსული) ლომი (Panthera leo persica) – დღეს მხოლოდ ინდოეთში შემორჩა. ამერიკული ლომი (Panthera atrox) – პრეისტორიული პერიოდის ლომი, რომელიც 10000 წლის წინ გადაშენდა. მღვიმის ლომი (Panthera spelea) - დაახლოებით 14 ათასი წლის წინ გადაშენდა.
ლომების რაოდენობა მსოფლიოში მკვეთრად იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკული ლომი ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული, მისი პოპულაცია მაინც საფრთხის ქვეშ არის, განსაკუთრებით აზიური ლომის.
ლომების დასაცავად აუცილებელია აქტიური კონსერვაციის პროგრამები, რომლებიც მოიცავს დაცული ტერიტორიების გაფართოებას, ბრაკონიერობის კონტროლსა და ჰაბიტატების აღდგენას.