„საქართველოში ესთე­ტიკური ცენტრების მომხმარებელთა 45% მამაკაცია“ - კვირის პალიტრა

„საქართველოში ესთე­ტიკური ცენტრების მომხმარებელთა 45% მამაკაცია“

კოსმეტოლოგია, როგორც მედიცინის მიმართულება, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიბადა და იმ ხანიდან მოყოლებული ადამიანები იკეთებდნენ სხვადასხვა პროცედურას, რათა უფრო ლამაზები ყოფილიყვნენ. ძველმა ეგვიპტელებმა გვასწავლეს, რომ ტალახსა და თიხას შეუძლია მკურნალობა, ინა და ბასმა კი თმის ფერს ცვლის და ა.შ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არა მარტო ქალების, მამაკაცების კოსმეტოლოგიაც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. დღეს თავის მოვლა და ესთეტიკური ცენტრის მომსახურება არცთუ ისე მცირე თანხებს უკავშირდება, ამიტომ ქალების ინტერესი არ წყდება სახის კანის მოვლის შინაური მეთოდების მიმართ. ესთეტიკოსი სოფიო თოიძე იმ უნიკალური რეცეპტების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც უებარია როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სახის კანისთვის.

- სახის კანზე ზრუნვა სახის წმენდით იწყება. ნებისმიერ პროცედურამდე სახის კანი სპეციალისტთან უნდა გაიწმინდოთ და შემდეგ ჩაიტაროთ ის პროცედურები, რომლებიც ასევე სპეციალისტის დანიშნულია. მთავარი და მნიშვნელოვანი ღამის პროცედურაა. ძილის წინ სახე უნდა დაიბანოთ და კანზე წაისვათ საცხი, რომელიც კონკრეტულად თქვენი ტიპის სახისთვისაა განკუთვნილი. მამაკაცების კანის სტრუქტურა განსხვავებულია ქალისგან. საქართველოში ესთე­ტიკური ცენტრების მომხმარებელთა 45% მამაკაცია, განსაკუთრებით პოპულარულია სახის მოვლის პროცედურები - მასაჟი, აპარატურული კოსმეტოლოგია, ინიექციები, ბოტოქსსაც ხშირად იკეთებენ.

მამაკაცის კანზე ზრუნვა იწყება სპეციალისტთან ვიზიტით, კონსულტაციის შემდეგ მისი პრობლემებიდან ან კანის ტიპიდან გამომდინარე პაციენტს ენიშნება საჭირო მოვლის საშუალებები. 20-30 წლის წინ კაცებში არ იყო პოპულარული ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში სიარული, თითქოს ერცხვინებოდათ დღეს. პირიქით, მოთხოვნა გაიზარდა. სახის კანის მოვლა არის ჩვევა, რომელიც ადამიანებისთვის ცხოვ­რების წესად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში უფრო გვიან იწყება დაბერება. მამაკაცის სახის კანი უფრო მკვრივია, ვიდრე ქალის. ძირითადად, მამაკაცი იმ პროდუქციას მოიხმარს, რომელიც განკუთვნილია გაღიზიანების ასაცილებლად პარსვის შემდგომ, მშრალი კანის ღრმა დამატენიანებელს, ფორების შემავიწროებელს ცხიმიანი კანისთვის. მამაკაცის კანი 25%-ით სქელია, ვიდრე ქალის. ამის მიზეზია დიდი რაოდენობით ტესტოსტერონი და კოლაგენი. მამაკაცის კანი გამოიმუშავებს ბევრ ცხიმს კანზე, რაც ხშირად გაფართოებული ფორების მიზეზი ხდება.

ქალის მოვლის სისტემაში გვხვდება ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც მიმართულია კანის ჰორმონალური ცვლილებების შესანარჩუნებლად და დატენიანებისთვის.

როგორ მოვუაროთ სახის კანს შინ

- თავის მოვლა ფინანსურ რესურსებზეა­ დამოკიდებული, შესაბამისად, ყველას არ შეუძლია სისტემატურად ესტუმროს ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს. დაბერების პროცესს ადამიანი ვერ შეაჩერებს, მაგრამ რომ გამოვიყურებოდეთ სუფთად და მიმზიდველად, ყველა ქალს შეუძლია. შინ რა პროდუქტებსაც გამოვიყენებთ საკვებად, თითქმის ყველა სახის კანის მოსავლელად გამოსადეგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა ალერგია რომელიმე კომპონენტზე. მაგალითად, ბანანი, არაჩვეულებრივია კანისთვის, ატენიანებს და კვებავს, მდიდარია ვიტამინებით. ყველა ის ნიღაბი, მალამო თუ შტარი, რომელიც სახის კანს უხდება, თავი­სთავად გულისხმობს ლიფტინგის ეფექტს.

კანისთვის იდეალური ნიღაბია ბანანის, თაფლისა და შვრიის მიქსი, შეზავებული ლიმონის წვენსა და რძესთან, რათა მიიღოთ ჰომოგენური მასა, რომელიც 15-20 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ გაიჩეროთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანოთ. ლობიო სახის კანს იდეალურს ხდის. ლობიოს მარცვალი უნდა იყოს ჭრელი ან თეთრი. ეს გულისხმობს სახის კანის ფერმენტოთერაპიას, გაახალგაზრდავებას, სისხლის მიმოქცევის აღდგენას. მოხარშული ლობიო დასრისეთ, ოდნავ ზეთი დაამატეთ და 15 წუთით დაიდეთ კანზე. ლობიოს ნიღაბს კანის გამაცოცხლებელი ეფექტი აქვს.

კანი ყველაზე თხელია თვალის გარშემო და ყელზე. თვალის გარშემო დამარბილებელი და დამატენიანებელი ნიღბის დასამზადებლად კარგია ხაჭო და უმი კარტოფილი. მარლაში მოათავსეთ ერთი ჩაის კოვზი ხაჭო და დაიდეთ თვალზე 10-15 წუთით. მარლაში მოათავსეთ გახეხილი უმი კარტოფილი და დაიდეთ 10 წუთით, უხდება თვალის შეშუპებას და შავ წრეებს. თვალისთვის იდეალურია მწვანე ჩაის პაკეტებიც. ჯერ ცხელ წყალში მოათავსეთ, შემდეგ საყინულეში გაყინეთ და თვალის გარშემო მარლაში მოთავსებული წაისვით. ყველა ნიღაბს, რომელთაც ნატურალური პროდუქტისგან ვაკეთებთ, მაშინვე ვიყენებთ და არ ვინახავთ.

დღეს პრობლემაა თმის სიჯანსაღეც, რადგან დაბინძურებული ატმოსფერო, არაჯანსაღი კვების რაციონი და სხვადასხვა გარემო ფაქტორი მასზე უარყოფითად მოქმედებს. თმის ბზინვარებისა და აღდგენისთვის არსებობს ეფექტური ხალხური მეთოდი. თუ გაქვთ მოკლე თმა, აიღეთ ერთი სუფრის კოვზი აბუსალათინის­ ზეთი, ოროვანდის ზეთი და ერთი სუფრის კოვზი კონიაკი (თუ მუქი თმა გაქვთ), ღია ფერის თმისთვის კი კარგია გვირილის ნაყენი. ამ ნაკრებს დაამატეთ ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი შამპუნი, და E ვიტამინი, ერთი სუფრის კოვზი ხახვის წვენი და მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში. დაიტოვეთ 1 ან 2 საათის განმავლობაში. თმის პრობლემა იწყება სკალპიდან, სკალპი ჯანმრთელი უნდა იყოს. ეს ნიღაბი თვეში ორჯერ მაინც რომ გაიკეთოთ, თმის ხარისხი საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. შამპუნის დამატება აუცილებელია, რათა კარგად აქაფდეს და მარტივად ჩამოიბანოს თმა. ნებისმიერი სიგრძისა და ფერის თმისთვის იდეალურია ნატურალური აბრეშუმის ქსოვილით თმის დამუხტვა. ეცადეთ თმა აბრეშუმის შარფით გაიშროთ, ის კვებავს, მუხტავს და ატენიანებს. აბრეშუმით თმის გაშრობის ტრადიცია ძველი ჩინეთიდან მოდის.

ინგლისის პარლამენტი კოსმეტიკის წინააღმდეგ

დღესაც შემონახულია ეგვიპტელი ექიმების პაპირუსები, სადაც აღწერილია საინტერესო რეცეპტები და მოვლის საშუალებები. ძველთაგანვე არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცებიც იყენებდნენ თავის მოვლის საშუალებებს. მაგალითად, იაპონელი მამაკაცები იხატავდნენ ან იწებებდნენ ულვაშებს, განსაკუთრებით უვლიდნენ ხელისა და ფეხის ფრჩხილებს. თავის მოვლის რიტუალი ჰქონდათ ჩინელ მამაკაცებსაც, ევროპაში კი კოსმეტიკამ აღორძინების ეპოქაში შეაღწია, კერძოდ, საფრანგეთში, მაგრამ იქ ვითარდებოდა როგორც დეკორატიული კოსმეტიკა. ტანისა და სახის ჰიგიენას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას. კოსმეტიკური საშუალებები: პუდრი, ფერადი უმარილი, პომადა და სხვადასხვა საცხი საფრანგეთში იტალიელმა მოხეტიალე­ მსახიობებმა შეიტანეს. აქედან წამოვიდა გრიმის მოხმარების კულტურა. მე-16 საუკუნეში საფრანგეთი მთავარ როლს თამაშობს სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების დამზადებაში. ყველა რეცეპტი საიდუმლოდ ინახებოდა და შთამომავლობით გადაეცემოდათ. მე-18 საუკუნეში ინგლისის პარლამენტმა გამოსცა კანონი, რომლითაც იკრძალებოდა ყველანაირი კოსმეტიკური საშუალების დამზადება და გამოყენება. ვინც იყენებდა გრიმსა და კოსმეტიკას, მათ ბრალს სდებდნენ ჯადოქრობაში. საინტერესოა, რომ ოდითგანვე კანის მოვლის კულტურა არსებობდა არა მარტო ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც და საინტერესოა, რომ კოსმეტიკის სასწაულების შექმნის სათავეში მაინც მამაკაცები დგანან. ძირითადად, ყველა წამყვანი ბრენდის ავტორები ისინი არიან...