ტრამპის 3 შეცდომა, რა სურს პუტინს და კატასტროფა ევროპისთვის?! - „მე მომეშვით, თქვენ თავს თვითონვე მოუარეთ..." - კვირის პალიტრა

ტრამპის 3 შეცდომა, რა სურს პუტინს და კატასტროფა ევროპისთვის?! - „მე მომეშვით, თქვენს თავს თვითონვე მოუარეთ..."

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „გარიგების დადების „ხელოვნება“: ტრამპის ერთი ზარი პუტინთან დასავლეთის უსაფრთხოებას კატასტროფას უმზადებს“ (ავტორი - ჩარლზ მური, პოლიტანალიტიკოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

განა დონალდ ტრამპი „მაგარი ბიჭი“ არ უნდა იყოს? განა იგი „გარიგების დადების ოსტატი“ არ არის? აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ მან დააშინა „ჰამასი“, ჯოჯოხეთური „განკითხვის დღის“ მოწყობით. დონალდ ტრამპი არ ერიდება მკაცრ ლაპარაკს მოკავშირეებთან ურთიერთობის დროსაც კი - კანადას კუნთებით თამაში დაუწყო.

მაგრამ რატომ დაურეკა აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას და უკვე დათანხმდა მისი სურვილების ნახევარს, როცა ოფიციალური მოლაპარაკება ჯერ დაწყებულიც კი არ არის? იმის ნაცვლად, რომ დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინისათვის პირობები წაეყენებინა, მისტერ პრეზიდენტი წინასწარ დათმობებზე წავიდა.

პირველი შეცდომა ან თუ ეს მან განგებ არ გააკეთა, პირველი დაუდევრობა იყო ის, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრეროგატივად ჩათვალა. თანაც მან საათ-ნახევრის განმავლობაში ისე ისაუბრა იმ ადამიანთან, რომელსაც ხელი უკრაინელების სისხლში აქვს გასვრილი, რომ უკრაინის პრეზიდენტს წინასწარ არაფერი გააგებინა. ისიც ცხადია, რომ როცა დონალდ ტრაპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა და საქმის კურსში ჩააყენა, ეს მან იმისთვის კი არ გააკეთა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებაში ჩაერთო, არამედ იმისთვის, რომ ეცნობებინა, თუ რა თქვა ორმა დიდმა ადამიანმა მესამის შესახებ. მოლაპარაკების მაგიდა ჯერ კიდევ არაა გამზადებული, მაგრამ უკვე წინასწარ ვიცით - მისი მენიუ უფრო მჩაგვრელს (რუსეთს) მოეწონება, ვიდრე - მის მსხვერპლს (უკრაინას).

მეორე შეცდომა, ტრამპის მიერ დაშვებული, არის ის, რომ მან თავისი თავდაცვის მინისტრის - პიტერ ჰეგსეთის მეშვეობით უკრაინის რამდენიმე საკვანძო თხოვნა ამოიღო ისე, რომ კიევის მიერ შედგენილი ჩამონათვალი არც კი განუხილავს.

ის, რაც პიტ ჰეგსეთმა თქვა - უკრაინის წევრად მიღება ნატოში „არარეალისტურია“, 2014 წლამდე არსებული საზღვრების აღდგენა „ილუზორული მიზანია“ (არადა, ამ საზღვრების დაცვის გარანტია უკრაინას, რუსეთთან და ბრიტანეთთან ერთად, აშშ-მაც მისცა!) - ნიშნავს იმას, რომ მისტერ დონალდ ტრამპმა ყველაფერი, რითი სარგებლობაც კი შეიძლებოდა, ტირანის ფეხებთან დააწყო და სამაგიეროდ არაფერი მიუღია. მისტერ ჰეგსეთმა გაიმეორა მოსკოვის მიერ ნათქვამი, რომ უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფო არ არის - ვადაგასული პრეზიდენტი ჰყავთ და სამხედროების ზეწოლით არჩევნებს არ ატარებენო. ყველამ კარგად იცის, რატომაც არ ჩატარდა არჩევნები უკრაინაში - ომის გამო ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობაა გამოცხადებული. დიდ ბრიტანეთს საყოველთაო არჩევნები 1935 წლიდან 1945 წლამდე არ ჩაუტარებია, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, მაგრამ განა ვინმემ იფიქრა, რომ ჩვენ არადემოკრატიულები გავხდით, სანამ ჰიტლერს ვებრძოდით?

მესამე შეცდომა, რომელიც ტრამპმა დაუშვა, კიდევ უფრო მასშტაბურია. ობიექტურად იგი მართალია, რომ ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის ვადის დროს იგი ნატოს ევროპელ წევრებს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას სთხოვდა. და ჩვენ, ევროპელები, ბრიტანეთიც, ყოველთვის ღიმილით ვეთანხმებოდით, შემდეგ ისევ ძია სემს ვკიდებდით ზურგზე ევროპელთა თავდაცვის ხარჯების მძიმე ტვირთს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მართლაც ვიმსახურებთ დასჯა-საყვედურებს.

მაგრამ იმას, რასაც დონალდ ტრამპი ახლა აკეთებს, ფინანსურ ხარჯებს არ უკავშირდება: საქმე ეხება საყოველთაო კოლექტიურ უსაფრთხოებას, რომელმაც თავის დროზე, სამი წლის წინ, თავიდან აგვაცილა რუსეთ-უკრაინის ომის საერთოევროპულ ომში გადაზრდის საფრთხე. ახლა კი რა ხდება? ტრამპი ამბობს, რომ მე და პუტინი (ანუ ევროპელებისა და ნატოელი მოკავშირეების გარეშე) უკრაინას იძულებულს გავხდით, წინააღმდეგობა შეწყვიტოს, თქვენ კი შეთანხმების პირობების დაცვას თვალი ადევნეთო, თანაც თეთრი სახლი არავითარ გარანტიებს არ იძლევა რუსეთის მიერ ომის განახლების შემთხვევაში.

სახეზეა სახიფათო არალოგიკურობა: თუ აშშ აღარ თვლის საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების გარანტად, მაშინ რა უფლებით ცდილობს ვაშინგტონი, თავს მოახვიოს უკრაინას ან ნატოს რუსეთთან დადებული გარიგება? თეთრი სახლი რუსეთს ურიგდება, დოკუმენტს კი შესასრულებლად ჩვენ გვიტოვებს და თვითონ მიდის. ნატოს ცნობილი მე-5 პუნქტის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. მართალია, უკრაინა ნატოს წევრი არ არის, მაგრამ არსებობს მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, „მხარეებმა კონსულტაციები ყოველთვის ერთობლივად უნდა ჩაატარონ, როცა რომელიმე წევრის აზრით, არსებობს მუქარა ალიანსის წევრების ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური სუვერენიტეტის და უსაფრთხოების თვალსაზრისით“. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ნატოს ყველა ევროპული წევრის უსაფრთხოებას ემუქრება. ის არა მარტო მეზობლების (პოლონეთის, რუმინეთის, ბალტიის ქვეყნების...) დესტაბილიზებას ახდენს, არამედ - მთელ ალიანსს არყევს. ამ დროს კი ამერიკა გვეუბნება - „მე მომეშვით, თქვენ თავს თვითონვე მოუარეთ“.

ეს სწორედ ისაა, რაც ვლადიმერ პუტინს სურს და - ალბათ, უკრაინის დაპყრობაზე უფრო მეტად. ევროპიდან ამერიკის წასვლის შემდეგ კრემლი დომინირებული მოთამაშე ხდება. ძლიერი შემკავებელი ძალის არარსებობის პირობებში, პუტინი თავს უფრო თავისუფლად იგრძნობს და შეიძლება კუნთებიც შეათამაშოს თავისი არასტრატეგიული ბირთვული იარაღით. თავის დროზე იოსებ სტალინსაც კი არ ექნებოდა ასეთი მოგებიანი პირობები.

მისტერ ჰეგსეთის ნათქვამიდან გამოდის, რომ მისი პრეზიდენტი თავისუფალი ქვეყნის ლიდერი არ არის და მას როგორც სურს, ყველაფერს ისე აკეთებს, მარტო თვითონ. თუ დონალდ ტრამპის პოზიცია მართლაც ასეთია, თუ იგი ნატოს ზურგს უკან მოქმედებს, მაშინ იგი კარგავს უფლებას, ნატოს სახელით ილაპარაკოს. გავიხსენოთ მისი ამასწინანდელი ნათქვამი ტარიფებთან დაკავშირებით: „ამერიკის მეგობრები ხშირად მტრებზე უარესები არიან“. შესაძლოა, ამ შემთხვევაში არის სიმართლის რაღაც ნატამალი, მაგრამ თავდაცვის საკითხებში თუ ამ პრინციპს გადმოვიტანთ, მაშინ ამერიკას მართლაც აღარ ეყოლება მეგობრები, მაგრამ ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდ. კორეა კვლავ მის მტრებად დარჩებიან.

რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ევროპული ქვეყნები დონალდ ტრამპის ყველა ნათქვამს კუდის ქიცინით შეხვდებიანო. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ისე არ იქნება, როგორც პუტინს ჰგონია.

საერთოდ, მიკვირს, თუ რატომ ვერ წვდება მისტერ ტრამპის საქმიანი გონება იმას, რომ თუ ჩვენ, ევროპას, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია აღარ გვექნება, ვინ იყიდის უდიდესი რაოდენობის ამერიკულ იარაღს?

დიდმა ბრიტანეთმა გადამწყვეტი კურსი უნდა აიღოს საკუთარი თავდაცვის მრეწველობის გასაფართოებლად და წამყვანი როლი უნდა შეასრულოს შეიარაღების განახლების საქმეში, ევროპის მასშტაბით და ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც.

მე დონალდ ტრამპისგან ასევე მიკვირს, რომ იგი ვერ ხედავს წინააღმდეგობებს თავის დამოკიდებულებაში ჩინეთის მიმართ, რომელსაც მტრად თვლის. მას უნდა აშფოთებდეს ის, რომ რუსეთი მზად არის, ჩინეთის ვასალი გახდეს, ევროპაზე გამარჯვების სანაცვლოდ. განა ტრამპმა არ იცის, რომ ვასლები თავიანთი პატრონების სურვილს ასრულებენ? ნუთუ იგი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთის ანუ ვასლის ყოველი გამარჯვება (ამ შემთხვევაში, ევროპაზე) პეკინს ხელს უწყობს უფრო გრანდიოზული გეგმების შემუშავებაში? განა ჩინეთის ჩუმი თანხმობით არ გამოჩნდნენ ჩრდილო-კორეელი ჯარისკაცები ევროპის მინდორ-ველებზე საომრად? ეს ფაქტი ხომ თავისი არსით ევროპული უსაფრთხოების გამოწვევაა?

ორი ადამიანი, რომლებიც საკუთარ თავზე ყალბი წარმოდგენებით ხელმძღვანელობენ და ჩვენი კონტინენტის ბედის გადაწყვეტა სურთ, ძალზე მახინჯ სანახაობას წარმოადგენენ.

უკრაინას მხრებზე უმძიმესი ტვირთი აძევს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე უდიდესი ზეწოლა ხდება, რომ მან „სწორად იაზროვნოს“. მაგრამ იგი ვერ დაეთანხმება იმ დასკვნებს, რომელთა შემუშავება მის გარეშე მოხდა. უკრაინა პაიკი არ არის, არამედ ქვეყანაა, რომელსაც უფლება აქვს, თავისი შეხედულებით განსაზღვროს საკუთარი მომავალი. მან ჩერჩილის მსგავსად უნდა იმოქმედოს ქვეყნისთვის ყველაზე საბედისწერო ჟამს.

ირონიაა, რომ ევროპა ასეთი რისკის წინაშე დააყენა არა დონალდ ტრამპის ქებულმა ძალამ, არამედ [რუსეთის წინაშე გამოვლენილმა] მისმა სისუსტემ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო