"მიუალერსე, უთხარი, რომ სიყვარული გკლავს, თორემ ქალია, იცოდე, წავა, გაჰყვება სხვას" - რა სიმღერა წაუღიღინა "ტურკეცამ" ნოდარ დუმბაძეს ცნობილ ლექსზე, რომელიც "მარადისობის კანონისთვის" შეირჩა?
ნოდარ დუმბაძის რომან „მარადისობის კანონის“ ერთ-ერთი გმირი - მარიამი ამბობს ლექსს: „მზეო, ამოდი, ამოდი, / ნუ ეფარები მთას, / სიცივით ქალი დამზრალა, / მიუალერსე მას... / მიუალერსე, უთხარი, / რომ სიყვარული გკლავს, / თორემ ქალია იცოდე. / წავა, გაჰყვება სხვას... “
მწერალი ერთხანს აფხაზეთში მუშაობდა ამ რომანზე, რისი მომსწრეც გახლდათ ცნობილი გეოლოგი გურამ კალანდაძე (იგივე „ტურკეცა“). ბატონი გურამი არა ერთხელ შეხვედრია ბატონ ნოდარს და ლექსთან დაკავშირებულ ეპიზოდსაც სიამოვნებით იხსენებს.
გურამ კალანდაძე:
- 1970-იანი წლების ბოლოს, სოხუმში მუშაობამ მომიწია. მშვიდი დრო იყო. თბილისურ ცხოვრებას ნაზიარებს, თავდაპირველად, ახლობლებისა და მეგობრების გარეშე ყოფნა გამიჭირდა. სოხუმში ადრეც ხშირად ვყოფილვა, ზღვის სიყვარულისა და დასვენების საბაბით. მეგობრებთან ერთად დრო სწრაფად გადიოდა და ეს იყო სტუდენტობის დაუვიწყარი წლები.
იმჟამად სამუშაოდ ჩასულს, დაძაბული შრომა და ახლის ძიების სურვილი თბილისურ ნოსტალგიას მიმსუბუქებდა. სოჭში, გაგრაში, ბიჭვინთაში, ლიძავაში წამსვლელ-მომსვლელი მეგობრები და ახლობლები მირეკავდნენ, მათ ვხვდებოდი, ვტოვებდი ჩემთან, ვაცილებდი. გადატვირთული სამუშაოსა და ცხოვრების ასეთი წესის გამო, ცოტა მეძინა. დაღლილი, დროდადრო გულრიფშში, ჩემი მეგობარი ქალის აგარაკზე ვატარებდი შაბათ-კვირას. აივანზე წამოწოლილი გავცქეროდი ზღვას, რომელიც აღმიძრავდა ახლობლების, მეგობრების ნახვის სურვილს და სევდიან გრძნობებს.
იმ სახლის მახლობლად, რამდენიმე სახლის იქით, ჩემთვის და ყველასათვის საყვარელი დიდი მწერლის - ნოდარ დუმბაძის აგარაკი იდგა. ნოდარს სტუდენტობიდან ვიცნობდი, მისი მწარე ხვედრის ჭირისუფალი მეც ვყოფილვარ. ამასთან - მისი იუმორის, ბედნიერი წუთების მომსწრე და თანაზიარიც. ნოდარი რამდენიმე ინფარქტგადატანილი, ხანგრძლივი შემოქმედებითი შვებულებით გულრიფშში ჩამოვიდა. აგარაკზე მარტო ცხოვრობდა, მშვიდ გარემოში, „მარადისობის კანონზე“ მუშაობდა.
გულრიფშში როცა ვიყავი, თავისუფალ დროს მეც ვაკითხავდი და ხილს, მოხარშულ სიმინდს მივართმევდი ხოლმე. თუ დრო ჰქონდა, საუბარსაც გავაბამდით. დროდადრო, განსაკუთრებით დილით, სასეირნოდ გამოსული ნოდარი მოადგებოდა ჩემი მეგობარი ქალის აგარაკის რკინის ჭიშკარს და დაიძახებდა - „ლიალიაააა“, ასე გააგრძელებდა, მერე იკითხავდა: „ჩაი ბუძეტ?!“ თუ სახლის პატრონი შინ იყო, თანხმობას მიიღებდა და სასიამოვნო მუსაიფიც გაიმართებოდა.
ერთ მშვენიერ, მზიან კვირა დილას, ნაცნობი შეძახილი გაისმა: „ლიალიააა“... იმ დროს იქ ვიყავი, ორივე გავედით და ნოდარი სახლში შემოვიპატიჟეთ. მოვიკითხეთ ერთმანეთი, მივუსხედით გაშლილ სუფრას, გავიხსენეთ აქაურ-იქაური და ჩაის სმას შევუდექით. - სტუმრები გყავდათო? - იკითხა და დაუმატა, - ეტყობა სუფრას. ავწიე პატარა კონიაკის ჭიქა, ვადღეგრძელე, ჯანმრთელობა ვუსურვე. მწარედ გაიღიმა, ვაკვირდებოდი მის სახეს. იშვიათად მენახა იმდაგვარი სევდიანი თვალები. უეცრად გიტარას შეავლო მზერა, თითქოს გვისაყვედურა, რატომ არ დამიძახეთო. და ვიგრძენი, ფიქრებში ჩაიკარგა.
ავიღე გიტარა და იმ მშვენიერი მზიანი დილის ნეტარებით სავსემ, წავიმღერე:
"მზეო, ამოდი, ამოდი,
ნუ ეფარები გორასა,
სიცივეს ქალი მოუკლავს,
მიუალერსე მას.
მიუალერსე, უთხარი,
რომ სიყვარული გკლავს,
თორემ ქალია იცოდე,
წავა, გაჰყვება სხვას".
დამთავრებული არ მქონდა მელოდია, გავხედე ნოდარს - ხელის მტევნები საფეთქლებზე შემოეწყო და თვალებში სასიამოვნო მიგნების ნაპერწკალი იგრძნობოდა. ზედმეტსახელით მომმართა: ტურკეცა, ძამა, შენ აგაშენა ღმერთმა, თოხანზე დამისვი დილა. სწორედ ასეთ ლექსს და მელოდიას ვეძებდი. შენ აგაშენა ღმერთმაო, გაიმეორა, მაგრამ მაი მასე არაა, - მოუქცია გურულად. ამას მე ჩემებურად შევცვლიდიო და თან იქვე წაუმღერა. ბუნებრივია, წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან არც სიტყვები იყო ჩემი და არც მელოდია. კიდევ ცოტა ვისაუბრეთ და ჭიშკრამდე გავაცილეთ.
აღნიშნული სიმღერის სიტყვები ნოდარმა რომანში „მარადისობის კანონი“ თავისებურად გამოიყენა (მზეო, ამოდი, ამოდი, / ნუ ეფარები მთას, / სიცივით ქალი დამზრალა, / მიუალერსე მას... / მიუალერსე, უთხარი, / რომ სიყვარული გკლავს, / თორემ ქალია იცოდე. / წავა, გაჰყვება სხვას... “).
წაკითხვისთანავე გამახსენდა გულრიფშის მშვენიერი მზიანი დილა. ასე გავხდი, ყველასათვის საყვარელი, დიდი მწერლის უნებლიე „თანაავტორი“.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)
ნოდარ დუმბაძე კითხულობს ლექსს - "მზეო, ამოდი, ამოდი"