„ბურატინოს“ „შვილიშვილი“ აუფეთქეს - რას წარმოადგენს "ტოსოჩკა", რომლის "პაპას" მოჯაჰედები ეშმაკის მოგონილ საშინელ იარაღს უწოდებდნენ
როდესაც მტერი სულ შეტევაზეა, შენ კი მუდმივად თავის დაცვა გიწევს, ფრონტის ხაზზე მცირე წარმატებაც კი მალამოდ ეფინება გულს...
2023 წლის ზაფხულის დიდი კონტრშეტევის, ფაქტობრივად, ჩაფუშვის შემდეგ, უკრაინის არმია ძირითადად თავდაცვაზეა გადასული (თუკი 2024 წლის აგვისტოს რუსეთის კურსკის ოლქში მოულოდნელ შეჭრას არ ჩავთვლით) და რუს ოკუპანტებთან მორიგი შეტაკებებისას რაიმე, სულ მცირე წარმატებას თუ მაინც მიაღწევენ, ამის ტირაჟირება ხდება უკრაინის დამცველების საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად და ზურგში მყოფი მოსახლეობისთვის იმედის მისაცემად...

ამჯერად ასეთად იქცა პოკროვსკის მიმართულებით, გზაზე აღმოჩენილი დამწვარი რუსული ТОС-2 - Тосочка, რომელსაც სხვანაირად... „ბურატინოს“ შვილიშვილსაც“ კი ეძახიან...
თავად „ბურატინო“ უნიკალური სახეობის საბჭოთა შეიარაღებას წარმოადგენდა, რომლის საბრძოლო ნათლობა ჯერ კიდევ 1988-89 წლების ავღანეთის ომში მოხდა, რის შემდეგაც ავღანელი მოჯაჰედები მას „შაითანად“ - ეშმაკის მოგონილ საშინელ იარაღად მოიხსენიებდნენ, რისი სრული საფუძველიც ჰქონდათ...
საქმე ის არის, რომ 1980-იან წლებში საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიღებული ТОС-1 - Буратино გარეგნულად ძალზე წააგავდა ტანკზე დამონტაჟებულ „ურაგანის“ რეაქტიული სისტემის რაკეტებიან პაკეტს, მაგრამ მთავარი განსხვავება სწორედ რაკეტებში გახლდათ - თუკი „ურაგანი“ ზალპად მსხვრევად-ფუგასური ქობინის მქონე უმართავ რაკეტებს უშვებდა, „ბურატინოს“, ასევე, ზალპად შეეძლო 30 ერთეული 220 მმ კალიბრის სპეციფიკური რაკეტის გაშვება - თითოეული 175 კგ მასის რაკეტა დატენილი იყო მოცულობით - დეტონირებადი ცეცხლგამჩენი სითხით (მაღალი წნევის ქვეშ ეს სითხე გაზისებურ მდგომარეობაშია) და რაკეტის მიწაზე დაცემისას ჯერ ეს აირი გამოიტყორცნებოდა, მაღალი წნევის დაწოლით, რაკეტის კორპუსიდან და ის ავსებდა სანგრებს, გამოქვაბულებს, სარდაფებს, ოთახებს, რის შემდეგაც, რამდენიმე მილიწამის დაგვიანებით ხდებოდა რაკეტის დეტონატორის ამოქმედება და ცეცხლის ალი წვდებოდა ყველა იმ ადგილს, სადაც მანამდე აირმა შეაღწია...

ამ ტიპის იარაღსაც სხვანაირად „ვაკუუმურ ბომბებსაც“ ან თერმობარულს უწოდებენ და მათი მთავარი საბრძოლო უპირატესობა ის გახლავთ, რომ სადაც ვერ შეაღწევს ბომბისა თუ ჭურვის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აფეთქების ტალღა და ნამსხვრევები, იქ დამღუპველ დაზიანებებს მოახდენენ მოცულობით დეტონირებადი საბრძოლო ქობინები...
თუმცა საბჭოთა „ბურატინო“ ვერ იქცა იდეალურ გამანადგურებელ იარაღად, რადგან მისი რაკეტების ფრენის მაქსიმალური მანძილი მხოლოდ 3,7 კმ-ს თუ შეადგენდა და მოწინააღმდეგეს ადვილად შეეძლო თვით 82 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნებითაც კი შედეგიანი კონტრსაბატარეო ცეცხლის გახსნა - „ბურატინოს“ 30-რაკეტიანი პაკეტი, რომელიც Т-72 ტიპის ბაზაზე იყო დამონტაჟებული, არ იყო შეჯავშნული და ადვილად დეტონირდებოდა ნამსხვრევების მოხვედრის შემთხვევაში, რის შემდეგაც „ბურატინო“ ისე ფეთქდებოდა, რომ მინიატომური ბომბის აფეთქებას მოგაგონებდათ...

ავღანეთის ომის შემდეგ „ბურატინოების“ საბრძოლო გამოყენება უკვე რუსმა გენერლებმა ჩეჩნეთის პირველ ომშიც დაიწყეს, როდესაც სამიზნედ ჩეჩნურ აულებს ირჩევდნენ.
2001 წელს დამზადდა „ბურატინოს“ მოდიფიცირებული ვარიანტი - ТОС-1А - Солнцепёк-ი, რომლის გამშვებ პაკეტშიც რაკეტების რაოდენობა 30-იდან 24-მდე შემცირდა, თუმცა მოდერნიზებულ რაკეტებს უკვე 6 კმ-მდე მიღწევა შეეძლოთ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს რამდენიმედღიან ომში რუსული მძიმე ცეცხლმტყორცნი სისტემების - „ბურატინოს“ ან „სოლნცეპიოკის“ საბრძოლო გამოყენების ფაქტები უცნობია.
სამაგიეროდ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად იყენებდნენ ამ ტიპის შეირაღებას და სამი წლის განმავლობაში ბრძოლის ველზე არანაკლებ 30 ერთეული ТОС-1А Солнцепёк-ი დაჰკარგეს.
ვიდეო: აი, რა საშინებელი შეიძლება მოახდინოს რუსული „ბურატინოს“ „სოლნცეპიოკის“, „ტოსოჩკასა“ თუ „დრაკონის“ ზალპად გაშვებული თერმობარული რაკეტების თითქმის ერთდროულმა აფეთქებებმა...
2023 წლის ოქტომბრიდან რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს მძიმე ცეცხლმტყორცნი რეაქტიული სისტემის ახალი მოდიფიკაციის - ТОС-2 Тосочка-ს საბრძოლო გამოყენება, რომელიც იმით განსხვავდება „პაპა“ „ბურატინოსგან“ და „მამა“„სოლნცეპიოკისგან“, რომ ტანკის ნაცვლად სამხიდიანი ბორბლებიანი სატვირთო Урал-63706-ის ბაზაზე იყო დამონტაჟებული, რათა გაზრდილიყო მობილურობა-რაკეტების ზალპის შემდეგ ამ დანადგარს რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა საცეცხლე პოზიცია, რომ არ მომხვდარიყო კონტრსაბატარეო ცეცხლის ქვეშ.
ბორბლებიანი ბაზის არჩევის გამო რუს კონსტრუქტორებს კიდევ უფრო მოუწიათ რაკეტების მარაგის შემცირება და „ტოსოჩკას“ ზალპის სახით მხოლოდ 18 ერთეული 220 მმ კალიბრის თერმობარული რაკეტის გაშვება შეუძლია, ოღონდ ბევრად უფრო შორს - 14 კმ-მდე.

„ტოსოჩკას“ გამოჩენა უკრაინის ფრონტზე ძალზე გააპიარა რუსეთის პროპაგანდამ, შესაბამისად გასაგებია მათი უკრაინელი „კოლეგების“ სიხარული, როდესაც პოკროვსკიდან ათიოდე კმ-ში რუსული მორიგი „საოცრება-იარაღის“ ТОС-2 Тосочка-ს პირველი აფეთქებული და დამწვარი „ჩონჩხის“ ფოტოვიდეოკადრები იხილეს...
რუსეთი „ბურატინოს“ „შვილთაშვილის“- ТОС-3 Дракон-ის გაგზავნასაც აპირებს უკრაინის არმიის წინააღმდეგ -„დრაკონი“ ისევ ტანკის ბაზაზე დაბრუნდა და ისევ, 15-მდე შეუმცირდა რაკეტების მარაგი გასაშვებ პაკეტში, თუმცა სავარაუდოდ ეს ახალი ტიპის თერმობარული რაკეტები იქნება,რომლებიც „ტოსოჩკაზე“ უფრო შორს და ზუსტად გაფრინდებიან...
შესაბამისად უკრაინელი სამხედროებიც ემზადებიან ახალი რუსული „დრაკონის“ მოსანადირებლად...