ზელენსკის დილემა - ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებს?!
ინაუგურაციიდან ერთ თვეში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე ძალიან ბევრი რამ მოასწრო - დანიას გრენლანდიის წართმევით დაემუქრა, პანამას არხის ჩამორთმევა დაუპირა, კანადას კი ამერიკის 51-ე შტატად გახდომა შესთავაზა.
მაგრამ გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე მოასწრო მეზობლებისა და თანაალიანსების გაღიზიანება-გაბრაზება, მან ორი დიდი "სამშვიდობო" ინიციატივაც წამოიწყო, რომელთა წარმატებით ხორცშესხმის შემთხვევაში ტრამპს, ალბათ, იმედი აქვს, რომ მას ნობელის პრემიას გადასცემენ მშვიდობის დარგში...
მაგრამ ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტს არანაკლებ ორი მონაწილე ჰყავს და არასოდეს ხდება, რომ კმაყოფილი ორივე დარჩეს - თითოეულ მათგანს მოუწევს კომპრომისზე წასვლა, რათა შეწყდეს ცეცხლი და მშვიდობამ დაისადგუროს.
თუმცა, როდესაც კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის კომპრომისი მოლაპარაკების დროს მის რეალურ კაპიტულაციას ემსგავსება, მშვიდობის მიღწევა ძალზე რთული ხდება.
2025 წლის 12 თებერვალი შეიძლება ჩაითვალოს დღედ, როდესაც რუსეთ-უკრაინის თითქმის სამწლიანი ომის შეჩერებისთვის კონკრეტული მოქმედება დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალ-ძველ პრეზიდენტ ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა მოსკოვსა და კიევთან...
ის, რომ ტრამპმა ჯერ პუტინს დაურეკა და მხოლოდ შემდგომ ზელენსკის, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თეთრი სახლი მთავარ მოლაპარაკებას ომის შეჩერებაზე სწორედ კრემლთან გამართავს და არა კიევთან.
სწორედ ეს გახდა ევროპელი პოლიტიკოსი ლიდერების განაწყენების მიზეზიც და ტრამპის სატელეფონო ზარების შემდეგ განაცხადეს, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ უკრაინასა და ევროპასთან ერთად შეიძლებაო.
ტრამპს კი ნაკლებად აინტერესებს ევროპელი კოლეგების აზრი - ის ბულდოზერივით "მიაწვება" იმ ტაქტიკას, რაც მას აწყობს და პუტინთან პირდაპირი გარიგების საფუძველზე უკრაინას დათმობებზე წასვლას აიძულებს.
ის, რაც დასათმობი ექნება უკრაინას, ომის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, უკვე გამოიკვეთა.
ეს არის ნატოში გაწევრებაზე სრული უარის თქმა, ოკუპირებული ტერიტორიების "დავიწყება", ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ 500 მლრდ დოლარის იშვიათი ლითონების მოპოვების უფლების გადაცემა ტრამპის ადმინისტრაციისთვის...
ეს სრული ჩამონათვალი სულაც არ არის, რადგან მოლაპარაკების პროცესში აუცილებლად დაემატება პუტინის კატეგორიული მოთხოვნები: უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის დათმობა, რომლებიც ჯერ ბოლომდეც არა აქვს ოკუპირებული რუსეთის არმიას.
ცალკე საკითხია კურსკის ოლქში უკრაინის საექსპედიციო კორპუსის მიერ ნახევარი წლის განმავლობაში ოკუპირებული 500 კვკმ-მდე რუსული მიწა - ზელენსკი აცხადებს, რომ მას გაცვლიდა ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე, მაგრამ კრემლი ამ გარიგებაზე არ წავა. პუტინი შეეცდება, ტრამპი დაიყოლიოს, რომ ზელენსკი აიძულონ კურსკიდან უკრაინელი სამხედროები სწრაფად და უპირობოდ გაიყვანოს.
დონალდ ტრამპი დიდ პოლიტიკაში დიდი ბიზნესიდან მოვიდა და მასზე უკეთესად ვინ უნდა იცოდეს, რომ მოლაპარაკების დაწყების წინ ყველა კოზირის გაშლა წამგებიანია - რატომ აცხადებს ამერიკული მხარე თავიდანვე იმაზე თანხმობას, რაც შეიძლება ვაჭრობის საგნად გამხდარიყო კრემლთან რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაზე მოლაპარაკების დროს?
არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უმთავრესია სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფოდ შეჩერება (რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია), მაგრამ უკრაინის სტრატეგიული ინტერესების ნაკლებად გათვალისწინებით, რაც უკვე ემსგავსება ამ ისედაც უთანასწორო სამწლიან სისხლისმღვრელ საშინელ ომში უკრაინის ერთგვარ კაპიტულაციას პუტინის რუსეთის წინაშე.
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, პუტინის საოკუპაციო არმია ომის ამ ეტაპზე ფლობს საბრძოლო ინიციატივას და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აგრძელებს უკრაინის ახალი მიწების დაპყრობას, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ომის მესამე წლისთავზე აგრესორი რუსეთი გამარჯვებულად გამოცხადდეს და 9 მაისს პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან ერთად უკრაინის დამარცხებაც იზეიმოს.