ვის "მოჰპარა" ტრამპმა იდეები - ვინ იყო უილიამ მაკ-კინლი, რომელიც "დიდი დონალდისთვის" სამაგალითო პოლიტიკური ფიგურაა
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ ასეული წლის წინანდელი პროტექციონისტურ-იზოლაციონისტურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გზაზე დაბრუნების კონტურები უკვე აშკარად იკვეთება. ეს „ველური კაპიტალიზმის“ პერიოდის ამერიკის ისტორიაა და ვფიქრობ, XIX-XX საუკუნეების შეცდომების გამეორება კარგს არაფერს მოუტანს აშშ-ს. დიდი ახსნა არ სჭირდება ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის ძლიერი და სტაბილური ამერიკის მნიშვნელობას.
ნათქვამია: "ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო". აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები (რეფორმებს ჯერ ვერ ვუწოდებთ) მისი ერთ-ერთი ყოფილი კოლეგის, აშშ-ის 25-ე პრეზიდენტის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, უილიამ მაკ-კინლისგანაა „ნასესხები“. უფრო მეტიც: დონალდ ტრამპი ცდილობს (ჯერჯერობით ვერბალურად), სწორედ ამ პრეზიდენტის მოღვაწეობის სამაგალითოდ წარმოჩენას. პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილებით, ალასკის ქედზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს (რომელსაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას განკარგულებით, 2015 წელს სახელი გადაარქვეს და „დენალი“ უწოდეს) პრეზიდენტ უილიამ მაკ-კინლის სახელი დაუბრუნდა. მაინც რით იყო გამორჩეული „ტრამპის რჩეულის“ მოღვაწეობა? ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება ხანგრძლივი, წარმატებული და წარუმატებელი მცდელობების შედეგია, რაც მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებით იყო გამოწვეული. ისტორიულად აშშ-ის ადმინისტრაცია, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დამყარებისას, ტრადიციულად, ყოველთვის ცდილობდა, წინ დაეყენებინა საკუთარი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. ამ საკითხში თვით შეურიგებელ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორისაც კი თითქმის ყოველთვის აზრთა სრული თანხვედრა იყო. საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში აშშ ყოველთვის გამოდიოდა, როგორც დემოკრატიული პრინციპების, ეკონომიკური ლიბერალიზმისა და თავისუფალი ბაზრების აქტიური მომხრე/დამცველი. ის იყო და არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ადამ სმიტის კლასიკური თეორია (თავისუფალი საბაზრო სისტემა) სახელმწიფო იდეოლოგიის რანგშია აყვანილი. საუკუნეების მანძილზე ამერიკაში ეკონომიკური თავისუფლების დოქტრინა, ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად, აღიარებული იყო, როგორც ქვეყნის გავითარების პოლიტიკურ-ეკონომიკური საფუძველი. ტრადიციულად, აშშ-ის ხელისუფლება, ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონკურენციას ყოველთვის აღიარებდა არა, როგორც საფრთხეს, არამედ - როგორც ყველა სფეროში სრულყოფისა და პროგრესის ძირითად მიმართულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე შეიძლება გამოვკვეთოთ ის ფაქტორები რომლებმაც გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაზე, კერძოდ:
1. ათწლეულების მანძილზე თავისუფალი საბაზრო სისტემის უნივერსალურობის თეორიის და ეკონომიკური კრიზისების თვითრეგულირების პრინციპების ოფიციალურ სახელმწიფო იდეოლოგიად აღიარება;
2. სხვა კონტინენტებიდან უზარმაზარი საზღვაო სივრცით დაშორებამ და ძლიერი აგრესორი მეზობლების არყოლამ (რამაც დამპყრობლური ომებისაგან დაიცვა ქვეყანა) ხელი შეუწყო აშშ-ის ადმინისტრაციის გლობალური ტრანსოკეანური კატეგორიებით აზროვნების ჩამოყალიბებას და მაქსიმალურად დაიცვა ამერიკის საშინაო ბაზარი;
3. XIX საუკუნეში ყველა ქვეყანას საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა სამხედრო ძალის დახმარებით უხდებოდა, რაც საკმაოდ ძვირად ღირებული "სიამოვნება" იყო, ამიტომ XX საუკუნის დამდეგამდე აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს ერთგვარი თვითიზოლაცია და, ძირითადად, ამერიკის კონტინენტის პრობლემებში "ჩაკეტვა" ახასიათებდა. ფაქტია, რომ XIX საუკუნის ბოლომდე აშშ-ის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური აქტიურობა ძალზე შეზღუდული იყო და უკვე მომხდარ მოვლენებზე, განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რომლებიც ტერიტორიულად დაშორებულ (მაგ. ევროპისა და აზიის) ქვეყნებში ხდებოდა, დაგვიანებულ რეაგირებას წარმოადგენდა. იმ პერიოდში აშშ ყველა ქვეყანაში მიესალმებოდა დემოკრატიის გამარჯვებას, მაგრამ თავს იკავებდა მათი აქტიური მხარდაჭერისაგან, რადგან გაურბოდა საკუთარ საზღვრებს მიღმა ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. ეს მდგომარეობა ბუნებრივი იყო იმ ქვეყნისთვის, რომელიც ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებოდა და საშინაო პრობლემების გადაჭრის პრიორიტეტულობა არ აძლევდა საერთაშორისო მოვლენებში აქტიური მონაწილეობის საშუალებას. იმ პერიოდში კი მრავალი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა (საფრანგეთის რევოლუცია; ნაპოლეონის აღზევება და დაცემა; „ყირიმის ომი“ და ბრიტანეთის იმპერიის კიდევ უფრო გაძლიერება და ა.შ.), რომლებმაც, ფაქტობრივად, აშშ-ის მონაწილეობის გარეშე შეცვალეს ძალთა ბალანსი ევროპასა და აზიაში.
პრეზიდენტი ჯეიმს მონრო
მე-19 საუკუნეში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენდა ე. წ. მონროს დოქტრინა („ამერიკა ამერიკელებისთვის“), რომელიც მისი ავტორის, პრეზიდენტ ჯეიმს მონროს (1758-1831) სახელს ატარებს. აღნიშნული „დოქტრინის“ ტექსტი 1823 წლის 2 დეკემბერს მონრომ აშშ-ის კონგრესს გაუგზავნა. ამ დოკუმენტით აშშ აფრთხილებდა ევროპის ქვეყნებს და რუსეთს, რომ ლათინურ ამერიკაში მათ კოლონიურ-დაპყრობით მოქმედებებს ჩათვლიდა სერიოზულ საფრთხედ აშშ-ისათვის, თავის მხრივ კი, ამერიკა არ ჩაერეოდა ევროპის საქმეებში. თუმცა, ამ „გაფრთხილების“ მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი არა მარტო ინარჩუნებდნენ ძველ კოლონიებს, არამედ - ახალი ქვეყნების (მაგ.1861-1867 წლებში მექსიკაზე კონტროლის დამყარების მცდელობა) დაპყრობასაც ცდილობდნენ. მე-19 საუკუნეში აშშ ძალზე პასიურობდა საერთაშორისო ასპარეზზე: არ მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, მის გარეშე ხდებოდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ძალთა გადანაწილება, ახალი გასაღების და ნედლეულის ბაზრების ათვისება და აშშ-ს უკვე მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ თვლიდნენ.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან (პირველ რიგში, სამოქალაქო ომის შემდეგ) აშშ-ის პოლიტიკური სისტემა თანდათან იხვეწებოდა, ხოლო ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. თუმცა ამ ქვეყნის სამხედრო ძლიერებას ეს არ ეტყობოდა. 1880-იან წლებში შეიქმნა მეტად პარადოქსული სიტუაცია: ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს რეალური ეკონომიკური ლიდერი იყო, საგრძნობლად ჩამორჩებოდა სხვა ქვეყნებს არმიის რიცხოვნობით, შეიარაღების რაოდენობითა და ხარისხით. მაგალითად 1885 წელს აშშ-ის არმია სულ 25-ათას მეომარს ითვლიდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მხოლოდ მეთოთხმეტე ადგილი ეკავა, ხოლო სამხედრო ფლოტი, ხომალდების რაოდენობით, იტალიის, ჩილეს, ბრაზილიის და არგენტინის ფლოტებსაც კი ჩამოუვარდებოდა, რომ არაფერი ვთქვათ დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის სამხედრო ფლოტილიებზე. ამ დროს აშშ სამრეწველო-ეკონომიკური მაჩვენებლებით (უპირველესად კი - წარმოებული პროდუქციის მოცულობით) ცამეტჯერ აღემატებოდა იტალიის მაჩვენებლებს.
“მონროს დოქტრინით” მიღწეული 70-75-წლიანი საგარეო სტაბილურობა აშშ-ის მმართველი ძალების მიერ იყო იზოლაციონიზმის, როგორც საგარეო პოლიტიკის წარმართვის ერთ-ერთი მეთოდის შეგნებული გამოყენების შედეგი. ამ პერიოდში აშშ ავითარებდა ”ეკონომიკურ კუნთებს” და უკვე XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ვეღარ ეტეოდა “მონროს დოქტრინის” ძალზე მჭიდრო სამოსში. ეკონომიკური პოლიტიკის სწორმა წარმართვამ საშუალება მისცა ამერიკის ხელისუფლებას, ეკონომიკური და ფინანსური რესურსები სამხედრო მიზნით მიემართა, რის შედეგადაც საუკუნის ბოლოსათვის ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტი უკვე კონკურენციას უწევდა დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტებს. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის სამხედრო ფლოტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან სავაჭრო ოპერაციების დაცვა. ფლოტი აქტიურად მონაწილეობდა, როგორც ამერიკული მზა პროდუქციის გასაღების ბაზრებამდე ტრანსპორტირების, ასევე, სასარგებლო წიღისეულის იმპორტირების დაცვაში. იმ პერიოდიდან ფლოტი იქცა აშშ-ის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მიღწევის მთავარ ინსტრუმენტად. აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს უილიამ მაკ-კინლის პრეზიდენტობის პერიოდი (1897-1901), როდესაც ახალი „გასაღების ბაზრებისა“ და ნედლეულის წყაროების ხელში ჩაგდება ქვეყნისთვის
პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი
სასიცოცხლო აუცილებლობად გამოცხადდა. პარალელურად ტარდებოდა საკანონმდებლო ღონისძიებები აშშ-ის შიდაბაზრის მაქსიმალური დაცვისათვის. 1897 წელს მიიღეს კანონი საბაჟო ტარიფების შესახებ, რომლის მიხედვითაც ევროპიდან იაფი პროდუქციის შემოტანის აღსაკვეთად მნიშვნელოვნად გაიზარდა საბაჟო გადასახადი იმპორტზე. ახალი საგარეო პოლიტიკის პირველი “მსხვერპლი” ესპანეთი გახდა. ლოგიკურია, რომ აშშ, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროში ჰეგემონობაზე აცხადებდა პრეტენზიას, ვერ შეეგუებოდა იქვე, “ყურის ძირში” - კუბაზე, ესპანელების ბატონობას. 1898 წლის 19 აპრილს აშშ-მა ომი გამოუცხადა ესპანეთს და უკვე 10 აგვისტოს, ესპანეთის კაპიტულაციის შემდეგ, გამარჯვებას ზეიმობდა. ამის შედეგად აშშ-ს პროტექტორატის ქვეშ გადაეცა პუერტო-რიკო, გუამი და ფილიპინები. 1898 წელს ამერიკამ ფილიპინების ანექსია მოახდინა, რისი მთავარი მიზანიც ის იყო, რომ აშშ-ს ერთგვარი ტრამპლინი მოემზადებინა ჩინეთის, როგორც ამერიკული პროდუქციის გასაღების უზარმაზარ ბაზარზე შესაღწევად. ჩინეთს უკავშირდება აშშ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრინციპის - “ღია კარის პოლიტიკის” დოქტრინის წარმოშობაც. 1899 წელს პრეზიდენტ უილიამ მაკ-კინლის ადმინისტრაციამ წამოაყენა ჩინეთის ბაზარზე აშშ-ის, იაპონიის და ევროპის ქვეყნების თანაბარუფლებიანი და თავისუფალი შესვლისა და კონკურენციის პრინციპი (ჩინეთის იმპერიის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პირობით), რაც რეალურად არა მარტო აზიიდან სხვა ქვეყნების “გამოძევების”, არამედ, ფაქტობრივად, “მონროს დოქტრინის” დასასრულის დასაწყისადაც იქცა.
1900 წლის ნოემბერში უილიამ მაკ-კინლი მეორე ვადით აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად. 1901 წლის 6 სექტემბერს, ბუფალოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტს ანარქისტმა ლეონ ჩოლგუშმა რევოლვერიდან ორჯერ ესროლა, მიღებული ჭრილობის შედეგად უილიამ მაკ-კინლი გარდაიცვალა. როგორც შემდეგ გაირკვა, ანარქისტებმა, იცოდნენ რა აშშ-ის პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტი, თავდასხმა საგულდაგულოდ დაგეგმეს: ლეონ ჩოლგუში ადრევე ჩავიდა ქალაქ ბუფალოში, შეიძინა Iver Johnson-ის რევოლვერი, მარჯვენა ხელი თეთრი ქსოვილით შეიხვია და ამგვარად დამალა იარაღი. რაც შეეხება პრეზიდენტის დაცვას: არსებული ინფორმაციით,
თავდასხმა პრეზიდენტ უილიამ მაკ-კინლიზე, ილუსტრაცია.
„გარე პერიმეტრს“ თერთმეტი სამხედროფორმიანი ჯარისკაცი იცავდა, ხოლო უშუალოდ მის სიახლოვეს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა. პრეზიდენტისთვის ხელის ჩამორთმევის რიგში ათეულობით ადამიანი იდგა და, ალბათ, ამანაც შეასუსტა დაცვის ყურადღება. ლეონ ჩოლგუში ღიმილით მიუახლოვდა პრეზიდენტს და მარცხენა ხელი გაუწოდა, იმავე წამს კი შეხვეული ხელიდან ორი გასროლა განახორციელა. მათ შორის მანძილი ნახევარ მეტრზე მეტი არ იქნებოდა, არსებული ინფორმაციით, პირველი ტყვია მაკ-კინლის პიჯაკის ღილში მოხვდა და აისხლიტა, აი, მეორემ კი მუცელში გაიარა და ხერხემლამდე მიაღწია. მძიმედ დაჭრილი აშშ-ის 25-ე პრეზიდენტი გონზე იყო და 13 სექტემბრამდე იცოცხლა. ლეონ ჩოლგუში ადგილზე დააკავეს და სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1901 წლის 29 ოქტომბერს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი. ამგვარია დონალდ ტრამპის ფავორიტი პრეზიდენტის სიცოცხლისა და მოღვაწეობის მცირე ისტორია. ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი ამ თავდასხმით უფროა ცნობილი, ვიდრე განსაკუთრებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიღწევებით. მის შემდეგ პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი გახდა, რომელიც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ის გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომლის დროსაც დაიწყო ამ ქვეყნის ზეგავლენის გავრცელება მთელ მსოფლიოში.
(პირველი ნაწილის დასასრული)