ევროპა ერთიანდება ტრამპი-პუტინის მოსალოდნელი „ჩახუტების“ საპასუხოდ?! - რატომ "დაცხა" პარიზში - კვირის პალიტრა

ევროპა ერთიანდება ტრამპი-პუტინის მოსალოდნელი „ჩახუტების“ საპასუხოდ?! - რატომ "დაცხა" პარიზში

ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა დაძლიეს ბიუროკრატიული ჩარჩოები და მოულოდნელი და სწრაფი შეხვედრის ორგანიზება მოასწრეს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სანამ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელს ჩამოართმევდნენ ერთმანეთს და უკრაინისა და ევროპის გარეშე დაიწყებდნენ უკრაინაში ომის შემდგომი ბედის გადაწყვეტას...

პარიზში სასწრაფო მოლაპარაკებების დასაწყებად საფრანგეთის პრეზიდენტმა მიიწვია გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, ნიდერლანდებისა და დანიის პირველი პირები ანუ შეიკრიბნენ იმ ქვეყნების ხელისუფალნი, რომლებიც ევროპიდან აქამდეც ყველაზე დიდ დახმარებას უწევდნენ უკრაინას, აგრესორი რუსეთისგან დასაცავად და რომლებსაც მომავალშიც მოუწევთ ბევრი რამის გაკეთება...

ის, რომ პარიზის შეხვედრაზე ნამდვილად „დაცხა“, გინდ პირდაპირი და გინდაც გადატანითი მნიშვნელობით, გავრცელებული ფოტოც მეტყველებს - ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს პიჯაკები გახდილი და სკამების საზურგეებზე უდიერად გადადებული აქვთ - მათი შეხვედრა, ჩანს, სერიოზული მსჯელობებისა და კამათის თანხლებით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო მიზანი მიღწეული იქნა...

ევროპა მზადაა, თავის თავზე აიღოს უკრაინის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები! - აცხადებს პარიზის შეხვედრის მონაწილე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე.

ეს არის ევროპის სასწრაფო, დასწრებითი რეაქცია ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციების მოლაპარაკების წინ, რომელმაც უნდა მოამზადოს ტრამპი-პუტინის პირადი შეხვედრა...

რაზე შეთანხმდებიან ტრამპი და პუტინი უკრაინისა და ევროპის გარეშე, ჯერ არავინ უწყის, მაგრამ ევროკავშირში ძალიან დიდი შიში აქვთ, რომ მათი შეთანხმება უკრაინის კაპიტულაციაში არ გადაიზარდოს, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავზე...

იმას, რომ ევროპელი ლიდერები მაინც უფრთხიან და ითვალისწინებენ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ფეთქებად და ძნელად პროგნოზირებად ხასიათს, მიუთითებს ისიც, რომ პარიზის შეხვედრის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა წინასწარ ჩააყენა საქმის კურსში თავისი ამერიკელი კოლეგა -ევროპელი პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან შეხვედრას ვაპირებთ და თქვენ მანდ, თეთრ სახლში, რაიმე სხვანაირად არ იფიქროთო...

წესით, ტრამპს რა უნდა სწყენოდა, როდესაც იქით მოუწოდებს ევროპას გააქტიურებას, თავდაცვითი ბიუჯეტების მნიშვნელოვან გაზრდას და უკრაინისთვის ევროპიდან უფრო მეტი სამხედრო დახმარების გაწევას.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალზე სწრაფ ტემპში (არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში ერთი თვეც კი არ არის, რაც დაბრუნდა) იკვეთება ტრამპის პუტინთან ურთიერთობების ელვისებური დაჩქარება, რაც ერთი მხრივ, შეიძლება მისასალმებელიც იყოს, მსოფლიოში საერთო დაძაბულობის შენელების თვალსაზრისით, მაგრამ ამერიკული მხარის იმ სისწრაფეს, რომ რაც შეიძლება მალე და ამასთან - სერიოზული კომპრომისების ხარჯზე შეჩერდეს ომი უკრაინაში, შეიძლება მოჰყვეს უკრაინის სახელმწიფოებრივი ინტერესების მნიშვნელოვნად უგულვებელყოფა, რაც საბოლოო ჯამში უკრაინის კაპიტულაციას დაემსგავსება, საკუთარი მიწის დასაცავად ასეთი სამწლიანი სისხლისღვრის შემდეგ...