გეოპოლიტიკური კატასტროფა: "დონალდ ტრამპი უკრაინას ჩააბარებს...პუტინი გახარებულია" - ამერიკული გაზეთის სკანდალური სტატია - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური კატასტროფა: "დონალდ ტრამპი უკრაინას ჩააბარებს... პუტინი გახარებულია" - ამერიკული გაზეთის სკანდალური სტატია

"დონალდ ტრამპი სამართლიანად თვლის, რომ უკრაინა აშშ-ის პრობლემა არ არის", - წერს ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) სტატიაში სათაურით - „პიტერ ჰეგსეთმა ნათლად მიანიშნა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას ჩააბარებს“ (ავტორი - ელიოტ უილსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

შარშანდელ საპრეზიდენტო კამპანიაში დონალდ ტრამპის მომხრეები ცდილობდნენ სკეპტიკოსთა დარწმუნებას, რომ რესპუბლიკელი კანდიდატის რიტორიკა უკრაინის საკითხებზე მხოლოდ წინასაარჩევნო პოზიორობაა და მეტი არაფერიო. ჯორჯ ბუშისდროინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოვნიკი დევიდ კრამერი მტკიცედ აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინის დამარცხება არ სურს: „ყველაზე მეტად, რაც მას არ უნდა რომ იყოს - ესაა დომხალი, კრახი და ავღანეთის გამეორება“.

რასაკვირველია, ასეთი ფიცი-მტკიცი ზედმეტი იყო: უკვე იმ დროსაც კი საკმაოდ ბევრი სიმპტომი ჩანდა იმისა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება გამოიწვევს უკრაინისადმი სამხედრო და ფინანსური დახმარების მკვეთრ შემცირებას და ხისტ მოთხოვნებს ომის შეწყვეტის თაობაზე, თანაც - ყოველგვარი წინასწარი გარანტიების გარეშე.

ყველა, ვინც კი ახლა გულწრფელად არის გაკვირვებული, უბრალოდ, თავის დროზე დონალდ ტრამპს ყურადღებით არ უსმენდნენ და მის ნათქვამზე ყურადღებას არ ამახვილებდნენ.

გასულ კვირას ეს მიდგომა დაადასტურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰეგსეთმაც: ნიშანდობლივია, რომ ეს მოხდა უკრაინის დახმარების მაკოორდინირებელი საკონტაქტო ჯგუფის - „რამშტაინის“ სხდომაზე. მისი გზავნილი ძალზე მარტივი იყო: ომი უნდა დამთავრდეს, აშშ ამისათვის მზად არის, არსებით დათმობაზე წავიდეს, რათა ვლადიმერ პუტინი დაარწმუნოს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ზურგს აქცევს. პიტერ ჰეგსეთმა 2014 წლის (ანუ ყირიმის ანექსიამდელი) საზღვრების დაბრუნებას „ილუზორული“ უწოდა, ხოლო უკრაინის ნატოს წევრად მიღებას - ომის „სამშვიდობო დარეგულირების არარეალისტური შედეგი“. მან დაამატა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაკონტროლება დაევალებათ ევროპელ სამხედროებს, თან იმავდროულად კატეგორიულად გამორიცხა უკრაინაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის განთავსება, ნებისმიერი ფორმატით და უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიით.

ალბათ, ვლადიმერ პუტინი ძალიან გახარებულია იღბლით.

დონალდ ტრამპის ასეთი პოზიციით რუსეთი, დიდი ალბათობით, შეინარჩუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს - უკრაინის ერთ მეხუთედ ნაწილს - და, ფაქტობრივად, მიიღებს ვეტოს უფლებას უკრაინის საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რადგანაც უკრაინის მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკვე აღარ განიხილება.

სიტუაციას აუარესებს დონალდ ტრამპის ცალმხრივი ურთიერთობა თავის რუს კოლეგასთან, რომლის მიმართაც არა ერთხელ გამოუხატავს აღტაცება. მათი სატელეფონო საუბარი, როგორც თვითონ დონალდ ტრამპი ამბობს, უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა და მათი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებას თეთრი სახლისა და კრემლის მეთაურების სამიტის მოსამზადებლად (18 თებერვალს საუდის არაბეთში, ერ-რიადში უკვე გაიმართა წინასწარი მოსამზადებელი შეხვედრა აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის).

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, იგი, როგორც იტყვიან, ჯერჯერობით „თამაშგარე მდგომარეობაში“ იმყოფება.

დონალდ ტრამპს სამართლიანად შეუძლია ჩათვალოს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გაჭიანურებული ომი ამერიკის პრობლემა მართლაც არ არის. მაგრამ ის აშკარად არ არის მართალი, როცა ომში დაღუპულებს „სრულიად ფუჭად გაღებულ მსხვერპლს“ უწოდებს. ჰკითხოს 100 ათასი დაღუპული უკრაინელის ოჯახს და ახლობლებს, მართლაც ფუჭი იყო მათი ბრძოლა?

დონალდ ტრამპს და პიტერ ჰეგსეთს პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავიანთი პოლიტიკური არჩევნის შედეგებზე. თუ ორივენი მათ მიერ განზრახულ დარეგულირებას უკრაინას თავს დაუყოვნებლივ მოახვევენ, მაშინ ვლადიმერ პუტინი რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნას გააკეთებს: პირველ რიგში, რუსი ლიდერი ჩათვლის, რომ მეზობლის წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული აგრესია, პლუს - სამხედრო დანაშაულებები, დაუსჯელად შეიძლება შერჩეს, თუ იგი საკმაოდ გაბედულად იმოქმედებს.

ზოგიერთი შეფასებით, რუსეთმა უკრანასთან ომში 250-ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა (ოთხჯერ მეტი, ვიდრე აშშ-მა ვიეტნამში), მაგრამ, სამაგიეროდ, დაიკავა უკრაინის ტერიტორიის 20% - ყირიმის ნახევარკუნძული, სადაც უკრაინისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სევასტოპოლის გაუყინავი სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს. გარდა ამისა, უკრაინის ნატოს წევრად მიღება გამოირიცხა და აშშ-მა მიანიშნა, რომ უკვე აღარ გააგრძელებს თავისი ევროპელი მოკავშირეების ძველებურ ტრადიციულ დაცვას, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის საფუძველზე (კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპით), თუ ისინი საკუთარ სამხედრო ბიუჯეტებს არ გაზრდიან.

მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, გასულ კვირაში, მსოფლიოს ლიდერებისა და სამხედრო ხელმძღვანელების მთელი პლეადა შეიკრიბა, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის - ჯეიმს ვენსისა და სახელმწიფო მდივნის - მარკო რუბიოს ჩათვლით.

სიტუაცია ისეთია, რომ გარდაუვალი გახდა პარალელების გატარება 1938 წელთან, ე.წ. მიუნჰენის გარიგებასთან, როცა დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თავიანთი მოკავშირე ჩეხოსლოვაკია "ფაქტობრივად" ფაშისტურ გერმანიას ჩააბარეს.

თუმცა პიტერ ჰეგსეთმა უარყო უკრაინისადმი „ღალატი“ და ხაზი გაუსვა, რომ „სისხლისღვრის შეწყვეტისათვის ორივე მხარემ უნდა აღიაროს ის, რაც მათ არ სურთ და არ სიამოვნებთ“.

მაგრამ ჰორიზონტზე უკვე წარმოსახულ ფინალს არანაირად არ შეიძლება ეწოდოს სამართლიანი მშვიდობა. კრემლმა სისხლით გადაიხადა თავისი სტრატეგიის ფასი, რომლის მიზანს დასავლეთის ნებისყოფისა და სიმტკიცის გამოცდა წარმოადგენდა. თანაც საქმე არ ეხება მხოლოდ უკრაინას: ახლა ვლადიმერ პუტინმა, ალბათ, ზუსტად იცის, რაც ადრე მეტ-ნაკლებად გაურკვეველი იყო - იგი თვალს დაადგამს ბალტიისპირეთს, პოლონეთს, საქართველოს ან სხვა რომელიმე ქვეყანას „ახლო საზღვარგარეთიდან“. კრემლს გაუჩნდება საოცარი შესაძლებლობა, განამტკიცოს ჩამოთვლილ ქვეყნებში თავისი სამხედრო გავლენა ან უფრო უარესი - მოახდინოს მათი ოკუპირება.

აშშ-მა გადაწყვიტა, რომ ვაშინგტონს აღარ აქვს არც სტრატეგიული ინტერესები, აღარც რაიმე მორალური ვალდებულება მოკავშირეების წინაშე. ბოლოსდაბოლოს, თუ დონალდ ტრამპს გრენლანდიის ან პანამის არხის ხელში ჩაგდება სწადია, მაშინ რატომ უნდა დააყვედროს მან ვლადიმერ პუტინს, თუ იგი ერთ-ორ გემრიელ ლუკმას ჩაიგდებს ხელში, მსოფლიოს ახალი გადანაწილების დროს?!

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო