გია ხუხაშვილის პროგნოზი: კვერცხები, პოლიტიკური კრიზისი და "სამშობლოს ღალატი" - "ეს სიტუაცია 2-3 თვე შენარჩუნდება და შემდეგ..." - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილის პროგნოზი: კვერცხები, პოლიტიკური კრიზისი და "სამშობლოს ღალატი" - "ეს სიტუაცია 2-3 თვე შენარჩუნდება და შემდეგ..."

„გაგიჟდნენ, გასაკოჭები არიან“, - ამგვარად ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთვის კვერცხების სროლის ფაქტს. ცნობისათვის, მიუნხენიდან დაბრუნებულ ზურაბიშვილს მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები დაუშინეს. მანამდე კი გახარიას გუნდის წევრებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ „მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ“. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

„რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს, ვერ გავიგე - არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა ჰგონია ახლა?!“ - ასეთი იყო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის - გურამ მაჭარაშვილის პასუხი, როდესაც ჟურნალისტებმა მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს, სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის ფაქტზე. მან ისიც განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ წუმპედან ამოიყვანა და რომ არა მათი მხარდაჭერა, მას სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა.“

ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემაზე გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკისას პირი გამოირეცხოს. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არა „ქართული ოცნება“, მაჭარაშვილს ნამდვილად არავინ არსად გააკარებდა, განსხვავებით - ზურაბიშვილისგან, რომლის წინაპრებზეც არაფერს ვიტყვი, ძალიან სერიოზული პირადი ბიოგრაფია აქვს - საკმაოდ წარმატებული დიპლომატი იყო თავის მეორე სამშობლოში, საფრანგეთში.

რაც შეეხება „ქოცებს“, მათგან აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს, კარგია, რომ ქვებს არ ისვრიან, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ მალე ესეც გააკეთონ.

ხალხი, რომელიც საკუთარ თავს ტრადიციებისა და ოჯახური სიწმინდეების დამცველად აცხადებს, კვერცხებს ესვრის ქალს, თანაც - ასაკოვანს. რისი თქმა შეიძლება?! გაგიჟდნენ, გასაკოჭები არიან! გიორგი გახარია კიდევ კაცია, ის როგორღაც აიტანს და გადაიტანს ამ შეურაცხყოფას, მაგრამ როდესაც ასაკოვან ქალს ასეთ რამეს აკადრებ და მერე ხატებს გამოდებ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე, ეს უბრალოდ გულის ამრევია. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ სტრატეგია აწყობილია საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაზე, მუდმივ ექსკალაციაზე, ცილისწამებაზე, სტიგმატიზაციაზე, მტრების ხატის შექმნაზე და მერე არარსებულ მტრებთან ბრძოლაზე. რაც ყველაზე ამაზრზენია, არანაირ მეთოდს არ ერიდებიან. ეს არის მათი მსოფლმხედველობის გამოვლინება, სხვადასხვა ფორმით, ზოგჯერ მეტად აგრესიული, ზოგჯერ - ნაკლებად აგრესიული სახით.

- როგორ წარმოგიდგენიათ, მმართველი გუნდის ასეთი ტაქტიკა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების საპროტესტო მუხტს დათრგუნავს თუ შესაძლოა, უფრო მეტი აგრესიაც კი გამოიწვიოს?

- რასაც ამ დრომდე ვუყურებ, ჯერ დათრგუნული არავინ მინახავს, გაბრაზებული კი - რამდენიც გნებავთ, იმდენია.

- ისიც ვიცით, რომ გაბრაზებული ადამიანებისთვის კანონებს ამკაცრებენ...

- ამათი კანონები უკვე აბსურდამდე მივიდა. "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება. სამშობლოს ღალატი ნამდვილად დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხავი ის არის, რას გულისხმობენ მმართველი გუნდის ლიდერები, როდესაც ამ კანონპროექტზე საუბრობენ? მე მაქვს მოსაზრება, რომ როდესაც ისინი სამშობლოს ღალატზე საუბრობენ, ქვეყანას - საქართველოს კი არა, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობენ. რატომ? იმიტომ, რომ ამ ხალხისთვის სამშობლო ასოცირდება მათი კეთილდღეობის წყაროსთან. „ქართული ოცნების“ ლიდერების კეთილდღეობის წყარო კი ბიძინა ივანიშვილია - ამბობენ "სამშობლოს" და გულისხმობენ "ბიძინას" და ამბობენ "ბიძინას" და გულისხმობენ "სამშობლოს". სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია სამშობლოს მოღალატეები არიან. თუ მოცემულობას ობიექტურად შევაფასებთ, სამშობლოს გახარია და ზურაბიშვილმა კი არა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უღალატეს, სწორედ მათ დაარღვიეს უზენაესი კანონი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი. მოვა დრო და კონტიტუციის ამ მუხლის დარღვევა აუცილებლად შეფასდება სამშობლოს ღალატად. შესაბამისად, სისხლის სამართალში ღალატის მუხლის შემოტანის წინააღმდეგი არ ვარ. რატომ? იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ვერავის გასამართლებას ვერ მოასწრებს, მათ გასასამართლებლად კი ეს კანონი ნამდვილად გამოგვადგება. ასე რომ, გაემზადოს ბატონი მდინარაძე, მალე მისივე მიღებული კანონით გასამართლდება. თან მინდა ვთხოვო, რაც შეიძლება მალე მიიღონ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონი, ჩვენ რომ დროის დაკარგვა აღარ მოგვიწიოს ამ საქმისთვის.

- ფაქტია, რომ ქუჩაში არსებულ პროტესტზე ხელისუფლება არ რეაგირებს და არც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აპირებს, რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს და იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ვეღარ მოასწრებს ამ კანონის გამოყენებას?

- დიახ, უკვე ცხადია, რომ ამ ხელისუფლებაზე საკუთარი ხალხის განწყობა არ მოქმედებს, ნამდვილად არ მაქვს იმედი, რომ ამ მხრივ რაიმე შეიცვლება და ისინი საკუთარი ხალხის ხმას გაიგონებენ, უბრალოდ, საჭიროა, კრიზისი მივიდეს იმ პიკამდე, საიდანაც მერე ქვეყანა განვითარების გზას დაუბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დავკარგავთ. დიახ, ხელისუფლება ხალხის განწყობებზე არ რეაგირებს, პროტესტი კი მშვიდობიან ფორმატში მიმდინარეობს, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება მუდმივად ახდენს პროვოცირებას. დღეს არსებული პროცესი კიდევ ორ ან სამ თვეს გასტანს, მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება.

- არსებული პროცესის სხვა ფორმით გაგრძელებისთვის ალბათ, ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის გამოჩენაა საჭირო, რაც ჯერ არ ჩანს. მეორე მხრივ, ოპოზიცია ისევ ვერ ახერხებს პროცესების მართვას.

- რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერი ნებისმიერი პროცესის ფორმირებას სჭირდება. ჩვენ სწორედ ეს პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, სხვა, ყველა კომპონენტი სახეზეა.

ახლა პოლიტიკური ლიდერები გვჭირდება წინახაზზე. მე ვფიქრობ, რომ უკვე დადგა დრო, გამოიკვეთონ ლიდერები.

- ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოკვეთას და, ზოგადად, პროცესის პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევას ხელს უშლის თუ არა სააკაშვილის ფაქტორის გააქტიურება, მით უფრო მაშინ, როდესაც ევროპარლამენტი მისი ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საზღვარგარეთ მკურნალობას ითხოვს?

- დიახ, ეს არის ფაქტორი და „ქართული ოცნებაც“ ყველანაირად ცდილობს მის გამოყენებას, საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ იკვებება ივანიშვილის იმ სატყუარათი, რასაც სააკაშვილის დაბრუნების შიში ჰქვია, მაგრამ ამ ხალხის რიცხვი ყოველდღიურად მცირდება და ძალიან მალე ეს შიში საერთოდ გაქრება.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)