კრემლის ტანკები ევროპისკენ დაიძვრებიან?! - ტრამპი ობამას სტრატეგიულ შეცდომას იმეორებს
აშშ-ის პრეზიდენტის - ტრამპის ყოველი მორიგი საჯარო გამოსვლა ახალ „მარგალიტებს“ შეიცავს, რომელთა ლოგიკურად გაანალიზება თანდათანობით ძალიან, ძალიან რთული ხდება...
„სამი წელია, იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, -ეს სიტყვები პრეზიდენტმა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საათის წინ წარმოთქვა.
ლოგიკურად გაანალიზებისას, მკითხველთა უდიდესი ნაწილი ჩათვლიდა, რომ ტრამპის ამ მიმართვის ადრესატი იყო სწორედ პუტინის რუსეთი - სწორედ რუსეთის საოკუპაციო არმია შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე და სამი წელია, ნელ-ნელა იპყრობს მის მიწებს და სწორედ კრემლს შეეძლო, ამ სამი წლის განმავლობაში თავისი ინიციატივით შეეჩერებინა ეს ომი ანუ შეეწყვიტა აგრესია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე...
მაგრამ - ნურას უკაცრავად. თურმე, ამ სიტყვებით ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიმართა და ისიც დააყოლა, რომ „ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვქონია უკრაინაში არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც უკრაინის ლიდერის, ძალიან არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ... მისი რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა“.
ამაში ტრამპი ნაწილობრივ მართალიცაა - უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისადმი ნდობის ხარისხი მისსავე ქვეყნის მოსახლეობაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ფრონტის ხაზზე, მებრძოლებში, მნიშვნელოვნად დაეცა.
ამას აქვს თავის ობიექტური მიზეზები, დაწყებული სახელმწიფოებრივი კორუფციიდან და დამთავრებული ფრონტზე არსებული რთული ვითარებით, როდესაც ზელენსკის გუნდის პოლიტიკური ინტერესების გამო, ალყიდან დროულად არ გამოჰყავთ უკრაინის დამცველები, რაც მათ მასობრივ დაღუპვასა და უგზო-უკვლოდ დაკარგვას იწვევს...
ის, რომ ტრამპს პირადი ინტერესები აქვს ზელენსკის მიმართ, ეს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოიკვეთა, როდესაც ოფიცილურმა კიევმა სწორედ ბაიდენს დაუჭირა მხარი და არა - ტრამპს, მათ შორის იმ გამოძიებაში, რომელიც ბაიდენის შვილის უკრაინაში კომერციულ საქმიანობას ეხებოდა და რისი გამოძიებაც ჰქონდა დაწყებული ტრამპის გარემოცვას.
ტრამპის ბოლო გაღიზიანება ზელენსკის მიმართ კი იმან გამოიწვია, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართულ შეხვედრაზე არ მიიწვიეს უკრაინის მხარე, რაზედაც ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა.
14 თებერვალს ამავე ბლოგის სტატიაში - „მიუნხენის კონფერენცია 2025 - განმეორდება თუ არა 87 წლისწინანდელი მიუნხენი, რასაც მსოფლიოში უდიდესი კატასტროფა მოჰყვა“, ვწერდით, რომ 1938 წელს მაშინდელი ევროპელი ლიდერები და, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი „დაუწვნენ“ ჰიტლერს იმ იმედით, რომ ევროპა ომისგან გადაერჩინათ, მაგრამ სამაგიეროდ მიიღეს მეორე მსოფლიო ომი, რადგან ევროპელების იმ დათმობამ ჰიტლერი პირიქით წაახალისა, „დიადი გერმანიის“ იდეის განხორციელების დასაწყებად. ეს ისტორიაში შევიდა, როგორც მიუნხენის სამარცხვინო გარიგება... იგივე ხდება პუტინის შემთხვევაში, რომელიც არც მალავს, რომ სიკვდილამდე სურს (არადა დარწმუნებულია, რომ თავის ბოლო დღემდე რუსეთის სათავეში დარჩება), აღადგინოს რუსეთის ძლიერება, არათუ საბჭოთა კავშირის, არამედ - მეფის რუსეთის იმპერიის ფარგლებშიც კი, როდესაც მასში ფინეთისა და პოლონეთის მიწებიც კი შედიოდა...
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა ღია სამხედრო აგრესიის შედეგად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, 2011 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პუტინთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა წამოიწყო, რაც კრემლში შეფასდა ამერიკული მხარის სისუსტედ და რასაც მალევე მოჰყვა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსია და იმავე უკრაინის დონბასში პრორუსი სეპარატისტების ხელით შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება...
რაში გადაიზარდა ეს ყველაფერი 2022 წლის თებერვალში, უკვე სამი წელია, ვხედავთ და ახლა აშშ-ის ახალი-ძველი პრეზიდენტი ტრამპი, ფაქტობრივად, იმეორებს წინამორბედის, პრეზიდენტ ობამას სტრატეგიული მნიშვნელობის შეცდომას და კვლავ „უწვება“ კრემლს, რასაც პუტინი თეთრი სახლის მორიგ სისუსტედ აღიქვამს და...
და ექნება გაგრძელება... გაგრძელება უკრაინიდან დასავლეთით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ, პირველ რიგში კი - რუსული ტანკების მუხლუხოების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ასევე, პოლონეთიც და იმან, რომ ისინი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან, შეიძლება დიდად ვერაფერიც შეცვალოს...
ვერ შეცვალოს იმიტომ, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების და, პირველ რიგში, ამერიკული ბირთვული პოტენციალის გარეშე ევროპა უძლური აღმოჩნდება პუტინის ტანკების ლა-მანშისკენ გალაშქრების შემთხვევაში...
თუ რამდენად მზად არიან ნატოს წევრი ევროპის ქვეყნები, რომ შესაძლო რუსულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას აშშ-ის გარეშე გაუმკლავდნენ, ეს ცალკე, დიდი სტატიის თემააა...