დიდი ფინალის მოლოდინში! (ევრო 2012, XXIII დღე) - კვირის პალიტრა

დიდი ფინალის მოლოდინში! (ევრო 2012, XXIII დღე)

უკრაინის დედაქალაქი 2012 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის მოლოდინშია. დღეს გვიან ღამით ცნობილი გახდება ძველი კონტინენტის უძლიერესი ნაკრების ვინაობა. ფეხბურთის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, ეს პირინეელთათვის მესამე ტიტული იქნება და ისინი ამ მაჩვენებლით გერმანიის ნაკრებს გაუტოლდებიან. იტალიელებისთვის კი ეს მეორე ტიტული იქნება. ისინი ხომ, აქამდე უფრო დამაჯერებლად მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოდიოდნენ.

ევრო 2012-ის ფინალამდე სულ რამდენიმე საათიღაა დარჩენილი და საფეხბურთო გულშემატკივარიც ყოველგვარ წვრილმანს დიდი ყურადღებით ეკიდება. მაინც ვინ მოიგებს? ვინაა უფრო ძლიერი? იქნება დამატებითი დრო, პენალტების სერია, "მეტობა", "ნაკლებობა" და ა.შ?

მოდით, თავდაპირველად ტოტალიზატორების ფსონებს გადავავლოთ თვალი და ვეცადოთ რაიმე დასკვნის გამოტანას. ესპანეთის ნაკრების მიერ ძირითად დროში მატჩის მოგებაზე კოეფიციენტი 2.0-2.2-ს შორის, ხოლო იტალიელთა გამარჯვებაზე კი 3.8-4.4-ს შორის მერყეობს. აქვე ვთქვათ, რომ ფრეზედაც კოეფიციენტი ტრადიციულად მიახლოებით 3.0-3.2-ია.

მგონი ბევრს ვერაფერს მივაღწიეთ, რადგან ბუნდესნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაშიც, "სკუადრა აძურაზე" კოეფიციენტი 4.0-ს აჭარბებდა. სხვა? სხვა ის, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები ძირითადად იტალიის ეროვნული გუნდის გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ და ეს არცაა გასაკვირი. მათ ხომ საკუთარ თავზე იწვნიეს იტალიის ნაკრების რისხვა. ნაკრებისა, რომელსაც დასასვენებლად მათთან შედარებით ორი დღით ნაკლები ჰქონდა და თანაც მეტოქედ არა საბერძნეთი ჰყავდა, რომელთანაც გერმანელთა შეხვედრა პრაქტიკულად მეორე ტაიმის მე-15 წუთზე დასრულდა, არამედ Fფაბიო კაპელოს ხელწერით, იტალიურ საფეხბურთო სტილზე მორგებული ინგლისის ნაკრები, ვისთან დაპირისპირებამაც თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიაღწია...

აი, რას ამბობს დღევანდელი მატჩისა და კონკრეტულად მარიო ბალოტელის შესახებ გერმანიის ნაკრების მცველი ჯერომ ბოატენგი: "ჩვენ სათანადოდ შევაფასეთ ბალოტელის შესაძლებლობები და მაქსიმალურად მჭიდროდ ვეთამაშებოდით ფორვარდს. რაც მოხდა, ჩვენი ბრალი არაა. უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ფეხბურთელის ამა თუ იმ ჩანაფიქრისა და გადაადგილების ტრაექტორიის გამოცნობა. ბალოტელიმ თუ ისევე ითამაშა ესპანელებთან, როგორც ჩვენთან, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებს ძალიან გაუჭირდებათ ტიტულის შენარჩუნება".

ჯერომ ბოატენგს ეთანხმება წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი – 1996 წლის ევროპის ჩემპიონი მათიას ზამერი: "იტალიისა და გერმანიის ნაკრებების თამაში, დღევანდელი მწვრთნელებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის საუკეთესო გაკვეთილია იმისა, თუ როგორია თანამედროვე ფეხბურთი. იტალიის ნაკრები მიმდინარე ტურნირზე უძლიერესია და მან ისეთივე თამაში თუ უჩვენა ფინალში, რაც გერმანიის წინააღმდეგ, ჩავთვალოთ რომ "სკუადრა აძურა" ჩემპიონია" – განაცხადა ზამერმა.

როგორც ვხედავთ, ბუნდესნაკრების წარსულში სახელგანთქმული და დღევანდელი მოთამაშეები საბუკმეიკერო კანტორებს მაინცდამაინც არ ეთანხმებიან.

რას გვამცნობს ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩების სტატისტიკა? ალბათ უპირველეს ყოვლისა იმას, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც "სკუადრა აძურა" მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდა და ჰოლანდიის ნაკრებთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ბეწვზე ეკიდა მისი მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლა, იტალიელებმა თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანეს მომავალ ევროპის ჩემპიონებთან მატჩი...

მაშინ კასილიასმა აჯობა ბუფონს. როგორი იქნება შესაძლო თერთმეტმეტრიანების შემთხვევაში უკვე ამჟამინდელი კაპიტნების დაპირისპირება? ამაზე პასუხის გაცემა, რაღა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, მაგრამ მოდით, მეკარეების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას გადავავლოთ თვალი. ბუფონი და კასილიასი მინდორზე აქამდე თერთმეტჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. აქედან ექვსი ტურინის "იუვენტუსისა" და მადრიდის "რეალის" საჩემპიონთლიგო შეხვედრათა "ანგარიშზეა", რომელთაგან ოთხი მატჩი "ბებერ ქალბატონს" აქვს მოგებული. თავისებური რევანში ზემოთქმულ ესპანეთი-იტალიის შეხვედრაში დაფიქსირდა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე. სამი ამხანაგური შეხვედრიდან კი, ერთი ფრედ 1-1 2004 წელს, ესპანელთა გამარჯვებით 1-0 2008 წელს და იტალიელთა გამარჯვებით 2-1 2011 წელს დასრულდა.

ეს არის და ეს, რითაც შეგვიძლია შემოვიფარგლოთ, გარდა იმისა, რომ ესპანელთა თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე სულაც არ ნანობს, რომ დაიცვა სამართლიანი თამაშის წესი ხორვატიის ნაკრებთან შეხვედრაში.

ერთი კია, რომ რაინდული სულისკვეთება ზოგადად გასდევს უკრაინა-პოლონეთის ჩემპიონატს, რაც შეიმჩნევა როგორც ფეხბურთელების ურთიერთდამოკიდებულების, ასევე მწვრთნელების მიერ შერჩეული სათამაშო სქემის თვალსაზრისით.

ფინალური მატჩის პარალელურად უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი ახალ იდეებს ვერ აუდის და ევროპის ჩემპიონატის მოწყობის ახალ სქემას განიხილავს: "ფინანსური თვალსაზრისით აშკარად უმჯობესია, რომ მატჩები ჩატარდეს იმ ქალაქებში, სადაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ისედაც მოწყობილია. დააკვირდით, რომ ლონდონიდან პარიზში მოხვედრა გაცილებით ადვილია, ვიდრე გდანსკიდან დონეცკში" – განაცხადა ბატონმა პლატინიმ და ამით მიანიშნა, რომ მომავალში ევროპის ჩემპიონატი შეიძლება სულაც მასპინძლის გარეშე დარჩეს და მას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 12-15-მა ქალაქმა უმასპინძლოს.

მეორეს მხრივ სასიხარულოა, რომ ჩვენთვის ასეთი არასასურველი განცხადების ფონზე, უეფა-ს გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ აღნიშნა, რომ ევროპის საფეხბურთო სუპერთასი 2015 წელს თბილისში გათამაშდება.

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)