"უმორჩილესად გთხოვ, გვიწინამძღოლე და ამ კომუნისტებისაგან გაგვათავისუფლეო! ის საწყალი დაუყოვნებლივ გაიყვანეს გადასაღები ველიდან"
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი საინტერესო მოგონებებს გვთავაზობს, რომლებიც ცნობილი და გამორჩეული პიროვნებების ცხოვრების ეპიზოდებს უკავშირდება.
ეპიზოდი მამაზე
- ჩვილ ასაკში დაობლებულ მამაჩემს - გიორგი ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილს (ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, მწერალი - ავტ.) სიჭაბუკისა და ახალგაზრდობის წლებში გამორჩეული თანადგომა გაუწია დიდმა ქართველმა მწერალმა, მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ გიორგი ლეონიძემ, რომელსაც მამაჩემი განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა. ჩვენს ოჯახში დაცულია გიორგი ლეონიძისეული წიგნი „ნატვრის ხე“ მისივე ავტოგრაფით.

თავის ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე გიორგი ლეონიძემ სიამაყით აღნიშნა, რომ მას შემოქმედებითი გზა დაულოცა გენიალურმა ვაჟა-ფშაველამ, რომელმაც ნორჩ პოეტს საგანგებო ლექსიც მიუძღვნა. შემდეგ კი გოგლამ დასძინა:
„როცა დამლოცა ვაჟა-ფშაველამ, / თავზე დამსკდარი ხელი დამადო“. ამ ფაქტთან დაკავშირებით მამაჩემმა დიდებულ შემოქმედს ასეთი ექსპრომტით მიმართა: „თქვენ დიდმა ვაჟამ დაგლოცათ, / თქვენ მის კუბოსთან ილოცეთ. / მგოსანო, ვაჟას ნაკურთხი / ცოტა მეც გადმომილოცეთ!“
აღელვებულმა იუბილარმა თავისი ვეება ხელის მტევანი მამაჩემს თავზე დაადო და თავისებურად ჩაიბუბუნა: „დამილოცნიხარ ჩემო გიორგი, დამილოცნიხარ!“
ედიშერ მაღალაშვილის ერთი როლის შესახებ
- ბატონ გიზო ჟორდანიასთან ვმეგობრობდი, რომელიც ჩემი ძვირფასი მასწავლებლის, პროფესორ ნათელა ვაჩნაძის მეუღლე გახლდათ. ბატონი გიზოს გარემოცვაში შევხვდი ედიშერ მაღალაშვილს, რომელიც 80 წელს იყო მიღწეული და ასაკის კვალობაზე მხნედ გამოიყურებოდა. მეგობრულ სუფრასთან ბატონმა ედიშერმა გაიხსენა:
„გასული საუკუნის 70-იან წლებში დამიკავშირდნენ კინოსტუდია „არმენფილმიდან“ და შემომთავაზეს მთავარი როლი მხატვრულ ფილმში „იმედის ვარსკვლავი“. დავით-ბეგი, რომლის განსახიერებაც მომანდეს, გახლდათ გამორჩეული სამხედრო სარდალი და სომხეთის ეროვნული გმირი. მან სომხეთის აღმოსავლეთი ნაწილი ყიზილბაშთა ბატონობისგან გაათავისუფლა. სომეხმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ამ საპატიო როლის შემსრულებლის კანდიდატურის შერჩევა მიუნდვიათ ყოველთა სომეხთა კათალიკოს ვაზგენისთვის, რომელსაც არაერთ მსახიობს შორის მე ამოვურჩევივარ.
სასინჯი გადაღებები ზვარტნოცის აეროპორტში მიმდინარეობდა. როდესაც დავით-ბეგის ტანისამოსში გამომაწყვეს, ავმხედრდი რჩეულ ყარაბაღულ ბედაურზე და გავაჭენ-გამოვაჭენე. გზაზე მოძრაობა გაჩერდა. მგზავრები დაუფარავი ინტერესით მიყურებდნენ. როდესაც გადაღება დასრულდა, ერთი შუახნის მამაკაცი მორიდებით მომიახლოვდა, დამიჩოქა და შემევედრა (სომხური მესმის): „დიდო დავით-ბეგ, უმორჩილესად გთხოვ, გვიწინამძღოლე და ამ კომუნისტებისაგან გაგვათავისუფლე!..“ ის საწყალი გადასაღები ველიდან დაუყოვნებლივ გაიყვანეს... ამ ფილმს დიდი წარმატება და აღიარება მოჰყვა. მე სომხეთის სახალხო არტისტის წოდება მომანიჭეს. ასე რომ, თუ ქართულ ფილმებში ძირითადად უარყოფითი როლების შესრულება მომიწია, სომხურ ფილმში მათი ეროვნული გმირის როლი განვასახიერე“.
ღირსეული პიროვნება - ელენე ახვლედიანი
- ცნობილმა მოქანდაკემ ბიძინა ავალიშვილმა მომიყვა: „1942 წელს, მოულოდნელად დამეღუპა მამა, რომელიც სულ 45 წლისა იყო. მეორე მსოფლიო ომის გამო, საყოველთაო გაჭირვებისა და შიმშილობის ფონზე, ახალგაზრდა მამის გარდაცვალება ჩვენი ოჯახისთვის დიდ განსაცდელად იქცა. მაშინ ოციოდე წლისა ვიყავი. ღმერთმა არ გაგვწირა და ჩვენს ოჯახს მშველელად მოუვლინა ელენე ახვლედიანი, რომელიც ვერაზე, ფაქტობრივად, ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა.
ქალბატონი ელენე დროდადრო გვინახულებდა და გვიტოვებდა გარკვეულ თანხას, რითაც ვსულდგმულობდით.
საახალწლოდ აუცილებლად მოგვაკითხავდა და დაიძახებდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი - ჩემი, კვალი - ანგელოზისა!“ შემდეგ მაგიდაზე მდგარ შუშის ლარნაკში ფულით სავსე კონვერტს ჩააცურებდა და მეტყოდა: „შვილო, ბიძინა, ჩაირბინე ვერის ბაზარში და ჩემი სახელით ინახულე ყასაბი „შავ-რუბენა“... მაშინვე მივდიოდი ყასაბთან, რომელიც ქალბატონ ელენეს დიდ პატივს სცემდა. ის მომაწვდიდა ნაცრისფერ, სქელ ქაღალდში გახვეულ, ახალდაკლული საქონლის ხორცის მოზრდილ ნაჭერს და მეც გახარებული ვბრუნდებოდი სახლში. ეს გრძელდებოდა მანამდე, სანამ მუშაობას დავიწყებდი და ჩემი შემოსავალი გამიჩნდებოდა...
შემდეგში მე და ჩემმა დამ - მერიმ გავიგეთ, რომ ელენე ახვლედიანი თურმე მარტო ჩვენი ოჯახისადმი როდი იჩენდა თანადგომას, ასე ეხმარებოდა არაერთ სხვა ოჯახსაც.

ერთხელ „შავ-რუბენამ“ მაჩვენა ელენე ახვლედიანის ხელით ჩამოწერილი გრძელი სია, ოცდაათამდე გვარი იყო, ძირითადად, რეპრესირებული ოჯახებისა და მითხრა: ქართველებს ზეციდან ღმერთი გწყალობთ, ვერისუბანში კი - ელენე ახვლედიანი. ეს მადლიანი ქალბატონი, გაყიდის თუ არა თავის რომელიმე ნახატს, მაშინვე ჩემთან მოდის, დასაკლავ საქონელს თვითონვე აარჩევს, ფულს სრულად გადამიხდის, ზედაც ფეშქაშად წითელ სამთუმნიანს დამიდებს და ამ გაჭირვებული ოჯახების სიას გადმომცემს ხოლმე. აქ წერია, თუ რომელ ოჯახს რა ნაჭერი უნდა გავატანო. მეც ვიწყებ ხორცის ჩამორიგებას და თან მიხარია, რომ ელენესნაირი ადამიანები კიდევ შემორჩნენ ამ წამხდარ წუთისოფელს...“
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)