და კვლავ "ფურია როხა"!(ევრო 2012, დღე XXIV) - კვირის პალიტრა

და კვლავ "ფურია როხა"!(ევრო 2012, დღე XXIV)

დასრულდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი და რაც მთავარია ისე, რომ მრავალი ულამაზესი წუთი დაგვიტოვა ფეხბურთის მოყვარულთ. გაივლის წლები და კიდევ დიდხანს გავიხსენებთ აქ მონაწილე თითქმის ყველა გუნდს, რადგან სტატისტის როლში ჩავთვალოთ, რომ აქ ირლანდიის ნაკრებიც კი არ ყოფილა, რომელსაც მოვლენათა გარკვეული განვითარების შემთხვევაში, თვით "სკუადრა აძურა" შეეძლო რომ ჯგუფში ჩაეტოვებინა. იგივე შეეძლო დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებსაც, მაგრამ საბოლოოდ რაინდულმა სულისკვეთებამ იმარჯვა და თანაც იმისათვის, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში აქამდე ჩატარებული 13 ჩემპიონატის ფინალებიდან ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირებულიყო...

აი ამას კი არვინ ელოდა. თუკი იტალიის ნაკრები დიდი ანგარიშით იშვიათად იგებს, არც მარცხდება ხოლმე 0-4... აქამდე რეკორდი გერმანიიის ფედერაციის რესპუბლიკის ნაკრებს ეკუთვნოდა, რომელმაც 1972 წლის ჩემპიონატის ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 3-0 დაამარცხა. იმ მატჩში მონაწილეობას ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელები მურთაზ ხურცილავა და რევაზ ძოძუაშვილიც ღებულობდნენ. მიუხედავად ფინალში დიდი ანგარიშით დამარცხებისა, ორივე მათგანი შეიყვანეს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში, სადაც საბჭოთა კავშირის გუნდს მხოლოდ ისინი განასახიერებდნენ...

ვის შეიყვანენ იტალიის ნაკრებიდან ევროპის 2012 წლის სიმბოლურ ნაკრებში? ეს ამჯერად ალბათ მეორეხარისხოვანი საკითხია. მოდით ვთქვათ, ის რაც ვიცით. ჩემპიონატის "ოქროს ბუცი" ფერნანდო ტორესმა დაისაკუთრა. ესპანელი ფორვარდი ფინალურ მატჩში მოედანზე 75-ე წუთზე შემოვიდა და დარჩენილ დროში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. საბოლოოდ მან გაიმეორა გერმანელი მარიო გომესის (3+1) შედეგი, მაგრამ ამ უკანასკნელმა მინდორზე 279 წუთი დაჰყო, ხოლო ტორესმა კი მხოლოდ 189. აქედან გამომდინარე ჩემპიონატის მთავარი გოლეადორი ესპანელი ფორვარდია. ტორესმა სხვა გმირობაც ჩაიდინა. იგი პირველი ფეხბურთელია, ვინც ევროპის ჩემპიონატების ორ ფინალურ მატჩში მოახერხა გოლების გატანა და თანაც მატჩის მეოთხე გოლი შემოსვლიდან თვალის დახამხამებას რომ ვერ მოასწრებდა ისე, გაატანინა ხუან მატას, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სულ 4 წუთი დაჰყო მინდორზე!

ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ტურნირის ორგანიზატორებმა ანდრეას ინიესტა დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრების შუა და შემტევი ხაზის ბურჯს, წუხელ არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი გაუკეთებია. სამაგიეროდ კარიერის პირველი სანაკრებო გოლი მიითვალა ალბამ, რაზედაც კოეფიციენტი საბუკმეიკერო კანტორებში შესაძლოა რამდენიმე ათეულსაც კი აღწევდა...

მოგებული ფინალის შემდეგ ვისენტე დელ ბოსკემ მოკრძალებულად აღნიშნა, რომ სამი ტიტულის ზედიზედ მოგება საოცრად დიდი მიღწევაა, რომ მისი მიზანი არა მოგება, არამედ ბიჭების აღზრდაა და რომ იგი მომავალშიც დიდი სიამოვნებით განაგრძობს ნაკრებში მოღვაწეობას...

გუშინდელი მატჩის შემდგომ დელ ბოსკეზე ხომ აღარავინ იტყვის, რომ უსახურ ფეხბურთს ათამაშებს "ფურია როხას" თანავარსკვლავედს. არადა რა უმადურია ადამიანი. აბა ერთი წაეგო ესპანეთს ფინალური შეხვედრა თუნდაც პენალტების სერიაში. რა დღეს დააყრიდნენ მხცოვან მწვრთნელს ფეხბურთის სპეციალისტები, "ექსპერტები", გულშემატკივრები... არიქა და რატომ არ წაიყვანა რაული, სოლდადო, რისთვის წაიყვანა ლორენტე და ა.შ. იმ შემთხვევაში დელ ბოსკე უბრალოდ მშვიდად დატოვებდა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს და ვინძლო მემუარების წერასაც შესდგომოდა. მას ხომ უამრავი რამ აქვს გასახსენებელი ჯერ კიდევ მადრიდის "რეალის" პერიოდიდან მოყოლებული, სადაც ძალიან ცუდად მოექცნენ...

საბოლოოდ კი გუშინდელმა მატჩმა დელ ბოსკე ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელად აქცია, რადგან მსოფლიო და ჩემპიონთა ლიგის ტიტულს, მან ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულიც შეჰმატა, რაც აქამდე ნებისმიერი დიდი მწვრთნელის აუხდენელი ოცნებაა.

ფინალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ესპანეთის ნაკრებს დღეს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს და თითოეულმა მოთამაშემ თანაბარი წვლილი გაიღო იმ აუცილებელი ენერგიისა, რასაც მოჰყვა "სკუადრა აძურას" სრული ნგრევა-რღვევა...

და მაინც, თავი იჩინა ტურნირის სათამაშო სისტემის არასრულყოფილებამ, რაც ვერასოდეს გამოსწორდება, რადგან გამოსავალი მხოლოდ მეოთხედფინალური და ნახევარფინალური მატჩების ერთდროულად ჩატარებაშია. მოდით ვთქვათ, რომ იტალიის ნაკრების ფეხბურთელები სრულიად სამართლიანად აღიარებენ, რომ გუნდი ფინალურ მატჩს გადაღლილი შეხვდა. გერმანელებთან თამაშის წინ ორი დღით ნაკლებ დასვენებასთან ერთად, ესპანეთის ნაკრებმაც ხომ ფინალამდე მათზე ერთი დღით მეტი დაისვენა.

მაგრამ წუწუნისაგან შორსაა "სკუადრა აძურას" დიდი კაპიტანი, რომელსაც შესაძლოა სახელოვანი კარიერის მანძილზე, პირველად მოუწია ბურთის ოთხჯერ გამოტანა საკუთარი კარის ბადიდან: "ესპანეთის ნაკრები საუკეთესო მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ჩვენთან შედარებით ფინალებში თამაშის მეტი გამოცდილება აქვს მიღებული. ცუდია, რომ თავიდანვე ვუღალატეთ ჩვენს სათამაშო სტილს, მაგრამ გუშინ მაინც ვერაფერი გადაგვარჩენდა" – განაცხადა მატჩის შემდგომ ჯან ლუიჯი ბუფონმა, რომლის თვალსაც თანაგუნდელთაგან განსხვავებით "უაზრო" ცრემლი არ გაჰკარებია, რადგან გუშინ როგორმე იტალიის ნაკრებს არც კასილიასის კარის ძელები ჩამოუღია და საქმე არც წაგებულ თერთმეტმეტრიანების სერიამდე მისულა...

ესპანეთის ნაკრების ფინალამდე ჩატარებულ "უფერულ" თამაშებზე კი ციფრები სულ სხვაგვარად მეტყველებენ. მაგალითად ფინალამდე ესპანელებს იტალიელებთან შედარებით 824 გადაცემით მეტი ჰქონიათ გაკეთებული, აქედან კი ჩავის პირლოსთან შედარებით 101 პასით მეტი გადაუცია... ეს ყველაფერი თითქოს გულშემატკივრის თვალისთვის დამალულია, მაგრამ სინამდვილეში? სინამდვილეში სხვაობა გუშინდელ შეხვედრაში საგრძნობლად რომ გაიზრდებოდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ხოლო ესპანეთის ნაკრები რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება, ამის შესახებ უკვე ორი წლის შემდეგ ვისაუბრებთ...

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)