"არ ვაღიარებდი, რომ ნიკო აღარ არის. თავიდან საერთოდ სხვა დიაგნოზი ვიცოდი, ქუჩაში მითხრეს, ეგ არ აქვსო... - როგორ იხსენებს ტასო გომელაური იმ მძიმე წლებს, როცა მამა დაკარგა
ნიკო გომელაურმა ქართულ თეატრში, კინოსა და პოეზიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. მისი გარდაცვალება არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ კულტურული სამყაროსთვისაც უდიდესი დანაკარგი იყო. წლები გავიდა, თუმცა მისი სახელი და შემოქმედება დღემდე ახსოვთ და აფასებენ.
ტასო გომელაური, ნიკოს ქალიშვილი, გულწრფელად იხსენებს იმ მძიმე პერიოდს, როდესაც მამა დაკარგა. „ნანუკას შოუში“ სტუმრობისას ტასომ გულში ჩადებული ტკივილსა და იმ ბავშვურ დაბნეულობაზე ისაუბრა, როდესაც მამის რეალური დიაგნოზიც კი ქუჩაში, შემთხვევით გაიგოტასო გომელაური:
- არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის. ერთ ჩემს ძალიან კარგ ადამიანს ვესაუბრე, თერაპიაზე რომ დავდიოდი, მან მიმახვედრა, რომ დაბლოკილი მქონდა და უნდა გამეხსნა. მგონია, რომ გავიზარდე და თან ახლა რომ ვფიქრობ, ნიკო იყო 39 წლის, მე ვხდები ახლა 33 წლის და ჩვენს შორის ძალიან პატარა სხვაობა გამოდის.
მაგ წელს ვაბარებდი, ძალიან დატვირთული ვიყავი ეროვნული გამოცდების სწავლით და თან ასეთი პრობლემა რომ გაქვს სახლში. მამა, რომელიც ძალიან ავად არის... ასე მალე ნამდვილად არ ველოდი ყველაფერს, როგორც მოხდა. თან თავიდან საერთოდ სხვა დიაგნოზი ვიცოდი, როგორც ხდება ხოლმე, ბავშვებს რომ უმალავენ. სრულიად შემთხვევით გავიგე მისი დიაგნოზის შესახებ. ფაქტობრივად, ქუჩაში მითხრეს, არა ეგ არ აქვსო. ძალიან ტრაგიკული წელი მქონდა, თან ისეთ ასაკში ვიყავი. ნიკო ჩემი გამოცდების ჩაბარებას ვერ მოესწრო.
ნიკო რომ ცოცხალი იყო ძალიან ბევრ ხალხს უყვარდა, თეატრშიც ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა, მისი პოეზიის საღამოებზეც ყოველთვის ანშლაგი იყო. განსაკუთრებით ქალბატონები. საერთოდ გარდაცვალების შემდეგ უფრო აფასებენ ადამიანს, მაგრამ ვთვლი, რომ ცხოვრებაშიც დაფასებული იყო.