"ტრამპი საქართველოს პუტინს არ დაუთმობს... ირანზე ზეწოლის მთავარი ადგილი სამხრეთ კავკასია იქნება" - მამუკა არეშიძის პროგნოზი: დიდი ბრძოლა პატარა ქვეყნისთვის
" ჩასაფრებები, კვერცხების სროლა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს არ მოიტანს", - ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძემ განაცხადა. „უბრალოდ, აქ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი, „ნაციონალები“ ისე საუბრობენ ამ ყველაფერზე, თითქოს თავად არ ხვდებოდნენ ადამიანებს სახლთან, კვერცხებს არ ესროდნენ, არ სცემდნენ და არ შეურაცხყოფდნენ. „ოცნება“ აკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთეს „ნაციონალებმა“. ეს აბსოლუტურად მიუღებელია! ამ პატარა ქვეყანამ იმიტომ მოაღწია ამ დრომდე, რომ ყველანი ერთმანეთის ნათესავები, ნაცნობ-მეგობრები ვართ და ერთმანეთს თავის გადარჩენაში დავეხმარეთ. ახლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს შორის ისეთი ნაპრალი გაჩნდეს, რომელსაც ვეღარასოდეს გავამთელებთ", - აღნიშნავს არეშიძე.
კითხვაზე, რატომ უნდა აწყობდეს ახლა ხელისუფლებას საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირება და ქვეყანაში დაძაბული ვითარების შექმნა, გვპასუხობს:
- მოდი, ასე დავსვათ კითხვა: ვინ დაიწყო? ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კვერცხები პოლიციელებმა ხომ არ ისროლეს? გიორგი გახარიასაც და სალომე ზურაბიშვილსაც ჩვეულებრივი მოქალაქეები დახვდნენ. შეიძლება, ვიღაცას ჯიბეში განსაკუთრებული პირადობის მოწმობაც ედოს, მაგრამ ამბობენ, რომ რიგითი მოქალაქეები არიან. პრობლემა ის არის, რომ დღეს არსებული ფონი „ნაციონალებმა“ შექმნეს.
ძალიან კარგად მახსოვს ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, რომ კვერცხების სროლა პროტესტის გამოხატვის ფორმა და სიტყვის თავისუფლებაა.
უნდა იცოდე, რომ ასეთი რამის თქმა აუცილებლად დაგხვდება წინ, ბუმერანგის პრინციპით. როდესაც ანგარიშსწორების ასეთ მეთოდს დასაშვებად აცხადებ, რატომ გგონია, ვიღაც, რიგითი მოქალაქე, შენს წინააღმდეგ არ გამოიყენებს ამას?
- რიგით მოქალაქეს საიდან უნდა ჰქონოდა ინფორმაცია ამა თუ იმ პოლიტიკოსის დღის განრიგის შესახებ?
- თეა წულუკიანი როგორ აღმოაჩინეს საფრანგეთში? ის ქალბატონი ხომ რიგითი მოქალაქე - ემიგრანტი იყო? შეიძლება, რიგითმა მოქალაქე - ემიგრანტმა დაინახა ესა თუ ის პოლიტიკოსი ევროპაში და მერე აქ, თბილისში, თავის ნათესავს შეატყობინა. არც ის არის გამორიცხული, რომ მთავრობა იყოს ჩარეული გახარიას და ზურაბიშვილის საქმეში, ვერაფერს გამოვრიცხავთ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, ეს ცუდი და მავნე პრეცედენტი „ნაციონალებმა“ შექმნეს.
- რამდენ ხანს შეიძლება ეს პროცესი ასე გაგრძელდეს და როგორი შეიძლება იყოს არსებული დაპირისპირების კულმინაცია?
- ეს არავინ იცის. რაც თავის მახსოვს, საქართველოში სულ ასეთი ამბავია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე. ზოგჯერ პროცესი გადაიზრდებოდა სამოქალაქო ომში, ზოგჯერ - სხვასთან ომში, ზოგჯერ ყველაფერი დროებით ჩაცხრებოდა და მერე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ამის მიზეზი გახლავთ ქართველების უმრავლესობის მწველი სურვილი იმისა, რომ თავად იყოს პოლიტიკაში. დღევანდელ პოლიტიკურ სურათს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ პოლიტიკოსები იმაზე არ ლაპარაკობენ, რაც ხალხს რეალურად აწუხებს, მაგალითად: სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, ურბანულ და სხვა ასეთ საკითხებზე. სამაგიეროდ, გაუთავებლად საუბრობენ იმის შესახებ, გაყალბდა თუ არ გაყალბდა არჩევნები. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთხელ ჩატარდა არჩევნები, რომლის შედეგებიც არავისთვის არ იყო საეჭვო.
- ყოველივე ამის ფონზე, რამდენად ლოგიკურად მიიჩნევთ, „ქართული ოცნების“ ინიციატივას, გადაიხედოს 2004 წლის არჩევნები და გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“? ახლა ვის შეიძლება აინტერესებდეს, რა მოხდა 2004 წლის არჩევნებზე ან რა აზრი აქვს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას 13 წლის შემდეგ, მით უფრო მაშინ, როდესაც „ნაციონალების“ დიდი უმრავლესობა, მურუსიძისა და „ხარებას“ თაოსნობით, ახლა „ქართულ ოცნებაშია“ გადმოპორტირებული?
- სრულიად ლოგიკური კითხვაა, მაგრამ ასეთი რამ უნდა გითხრათ - ასეთ კითხვას თავად ვსვამდი 2012-2013 წლებში - მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების კი არა, დასავლელი პარტნიორებისგანაც ვიღებდი ძალიან მკაფიო პასუხს, რომ ახლა არ შეიძლებოდა „ნაციონალების“ გასამართლება. მიზეზად უამრავი რამ სახელდებოდა.
- ფიქრობთ, რომ მურუსიძე და „ხარება“ ახლა დასავლეთის ზეწოლის გამო იცავენ მმართველი გუნდის ინტერესებს?
- ეს ცოტა ძნელი სათქმელია. ჩვენ კონკრეტული ადამიანების დასჯაზე კი არ ვსაუბრობდით, არამედ - თავად რეჟიმის, სისტემის შეფასებაზე. ეს აუცილებელი იყო. რასაც ვიტყვი, შეიძლება ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მართლა ასეა - თუ პოლიტიკური პროცესების საკვანძო საკითხები არ შეფასდება, სახელწიფო ვერ შედგება.
როდესაც ჩვენ სწორებას ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე ვიღებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკელებმა თავიანთი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე პირველი, რაც გააკეთეს, ეს იყო საკუთარი საქციელის შეფასება - ამერიკის ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაში, სამოქალაქო ომთან დაკავშირებით და ა.შ.
ყველაფერს შესაბამისი პოლიტიკური შეფასება მისცეს. ეს აუცილებელია. რასაკვირველია, ბევრი დრო დაიკარგა, ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს“. ოღონდ ეს ნაბიჯი იმისთვის კი არ უნდა გადაიდგას, რომ ხალხი ციხეში ჩასვან, რასაც კომისიის მუშაობა გულისხმობს. მე მხოლოდ შეცდომების შეფასებაზე ვსაუბრობ. ეს იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ სხვა თაობამ აღარ დაუშვას იგივე შეცდომები.
- ახლა, როდესაც არსებობს განცდა, რომ ხელისუფლება ქვეყნის მტრებად პროდასავლელი განწყობის ადამიანებს მიიჩნევს, ოპოზიცია კი - პრორუსული განწყობის პირებს, რამდენად სწორია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატოს?
- სხვათა შორის, როგორც ჟურნალისტს, ეს კითხვა მეც გამიჩნდა - რატომ ახლა? თუმცა, ალბათ, ოდესმე უნდა დამდგარიყო ეს საკითხი დღის წესრიგში. მთავარია დეფინიცია - რას გულისხმობს ეს ფრაზა - „სამშობლოს ღალატი“, რა შინაარსი იქნება ამ ფრაზაში ჩადებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.
- ბევრი რამ, ალბათ, მაშინ გამოიკვეთება, როდესაც საბოლოოდ გაირკვევა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ და, ზოგადად, საქართველოს მიმართ. თქვენი მოლოდინი როგორია, შესაძლებელია თუ არა, რომ ამერიკელი და რუსი ლიდერების გარიგების შედეგად საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს რუსულ ორბიტაზე?
- მე განვეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც მიიჩნევს, რომ ამერიკა არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს. ნატო-ში გაწევრების საკითხი დახურულია, ამერიკის ადმინისტრაციის ინტერესს არ წამოადგენს არც საქართველოს, არც უკრაინის და არც მოლდოვას ნატოში გაწევრება, ეს გამორიცხულია, მაგრამ რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ინტერესებს, ამერიკა არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს საქართველოს რუსეთს. ვაშინგტონის ინტერესებში უპირობოდ რჩება სამხრეთ კავკასია. ცალკე საქართველოს საკითხი ამერიკისთვის აქტუალური ვერ იქნება, მაგრამ რეგიონის კონტექსტში კი - ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. შავი ზღვის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, რეგიონში სიტუაციის გასაკონტროლებლად. კიდევ ერთ რამეს გეტყვით: ბრიუსელსა და ვაშინგტონს, ერთმანეთთან რიგი გაუგებრობების მიუხედავად, ერთ საკითხში ერთსულოვნება აქვთ - ორივე ძალის ცენტრი ეჭვის თვალით უყურებს თურქეთს.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- იმას, რომ თურქეთი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, ნატოს ჩარჩოების მიღმა. რბილად რომ ვთქვათ, ეს დასავლეთისთვის მისაღები არ არის. ამ მოცემულობაში ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის აკვატორიისა და სამხრეთ კავკასიის კონტროლი. ამიტომ ვამბობ, - დათმობა არ იქნება, ან იქნება პარიტეტი, ან რუსეთის ინტერესების უგულვებელყოფა. პარიტეტზე როდესაც ვსაუბრობ, მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მიაქციოთ ყურადღება - ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან აგრესიულად არის განწყობილი ირანის მიმართ, თუ ირანის ბირთვული პროგრამა არ დაიხურა, ამ ქვეყანაზე ზეწოლის მთავარი ბირთვი იქნება სამხრეთ კავკასიიდან.
- ამ მოცემულობაში, ალბათ, ვაშინგტონისთვის ისიც იქნება მნიშვნელოვანი, რა განწყობის მქონე პოლიტიკური ძალა იქნება საქართველოს ხელისუფლებაში.
- ვაშინგტონისთვის, რომელსაც პატარა ქვეყნებზე ზეწოლის უამრავი ბერკეტები აქვს, მთავარია, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ამერიკის მხარდამჭერი იყოს, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. „ქართულმა ოცნებამ“ კი იმთავითვე გამოხატა მხარდაჭერა ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიის (კონსერვატიულ და მემარჯვენე განწყობის) მიმართ. აქედან გამომდინარე, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ უკვე უნდა იყოს გამოხატული სიმპათიის ელემენტები.
- თუმცა ჩვენ სიმპათიის ელემენტების ნაცვლად სანქციებს ვხედავთ.
- სანქციები პუტინის მიმართ იყო თუ იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილია ეს ადამიანი... ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ისე გადაუარა ამ სანქციებს, რომ თითქოს არც არსებობდა. ასე რომ, დღევანდელ მსოფლიოში ძველი თამაშის წესები აღარ მუშაობს, ყველაფერი კონკრეტული ლიდერების თამაშის წესებზეა დამოკიდებული. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, დასკვნა ასეთია - არავინ გახლებს ხელს, თუ შენს ინტერესებს მსხვილი მოთამაშის ინტერესებს დაამთხვევ. ის, რასაც ახლა ჩვენ მსოფლიო არენაზე ვუყურებთ, დიდი სპექტაკლია და ყველაფერი კეთდება ძალების მოსინჯვის მიზნით. ჯერჯერობით ნათელი არაფერია, ტრამპისა და პუტინის დაგეგმილი შეხვედრა იმას არ ნიშნავს, ამერიკამ და რუსეთმა რამეზე მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ ან - მომავალში შეთანხმდებიან. მათ, უბრალოდ, კუნთები უჩვენეს ერთმანეთს და ინფორმაცია დაიგროვეს ხვალინდელი დღის წესრიგის შესამუშავებლად. სულ ეს იყო.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)