ილონ მასკის შურისძიება ზელენსკიზე, რომელიც უკრაინის არმიას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს?! - რითი შეაშინა პუტინმა ამერიკელი მილიარდერი - კვირის პალიტრა

ილონ მასკის შურისძიება ზელენსკიზე, რაც უკრაინის არმიას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს?! - რით შეაშინა პუტინმა ამერიკელი მილიარდერი?

ილონ მასკი უკრაინის არმიისთვის Starlink-ის გამორთვით უდიდეს საჩუქარს გაუკეთებს პუტინს...

აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიბაძვით, რომელიც ორი დღეა, მკაცრად აკრიტიკებს თავის უკრაინელ კოლეგას, ზელენსკის ბრალდებები წაუყენა ილონ მასკმაც, მსოფლიოს ერთ-ერთმა თუ არა, ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენმა და, ამასთანავე, ტრამპის მარჯვენა ხელმა, რომელსაც თეთრმა სახლმა განუზომელი უფლებამოსილება მიანიჭა...

მაგრამ ერთია მასკის მიერ ზელენსკის გაკრიტიკება, მისსავე სოციალურ ქსელში და მეორე, თუკი ილონ მასკი ამ სიტყვებს საქმედ აქცევს და უკრაინის პრეზიდენტზე დაბოღმილი, ჯავრს უკრაინის არმიაზე იყრის, კერძოდ... Starlink-ის გათიშვით ფრონტის ხაზზე...

რა არის Starlink-ი და რატომ შეიძლება გახდეს მისი ფუნქციონირების შეწყვეტა უდიდეს კატასტროფად უკრაინის დამცველებისთვის და, ამასთან, უდიდეს საჩუქრად - პუტინის საოკუპაციო ძალებისთვის?

1-star-1740038262.jpg
უკრაინელი სამხედრო ფრონტის ხაზზე აყენებს Starlink-ისტერმინალის ანტენას

Starlink-ი სწორედ ის მანათობელი წერტილებია, რომლებსაც თბილისის და საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტების (ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში) მაცხოვრებლები დროდარო ხედავენ ღამის ცაზე, როდესაც ისინი ერთმანეთის მიყოლებით, ჩამწკრივებულები მიფრინავენ...

ბევრს თავიდან ეს შეიძლება „უცხოპლანეტელების შემოჭრაც“ ეგონა, მაგრამ ახსნა მალევე მოეძებნა - ილონ მასკის მძლავრ რაკეტა-მატარებელს დედამიწის ახლო ორბიტაზე ერთდროულად გაჰყავს რამდენიმე ათეული ხელოვნური თანამგზავრი და ისინიც, ორბიტაზე „თავისი“ ადგილის დაკავებამდე, ჯერ ერთმანეთის კუდში ჩამწკრივებულები უვლიან გარშემო ჩვენს პლანეტას...

Starlink-ი არის თანამგზავრული გლობალური სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მაღალი სისწრაფის ინტერნეტკავშირი იქაც, სადაც ჩვეულებრივი ინტერნეტი ვერ „აღწევს“.

შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ, პირველ რიგში, სწორედ პენტაგონი დაინტერესდა ილონ მასკის Starlink-ით, მათ შორის, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჯარების მართვისა და, ასევე, თანამედროვე მართვადი შეიარაღების მიზანში ზუსტად მოხვედრის უზრუნველყოფის სახით.

2022 წლის 26 თებერვალს ანუ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ორ დღეში, თავად ილონ მასკი გამოვიდა ინიციატივით, რომ Starlink-ზე წვდომა გადაეცა უკრაინის არმიის სარდლობისთვის -მართლაც, უკვე 1-ელ მარტს დაიწყო Starlink-ის სახმელეთო ტერმინალების გაგზავნა უკრაინელი სამხედროებისთვის და უმოკლეს დროში უკრაინაში ჩაიტანეს 15-ათასამდე ასეთი ტერმინალი.

რუსეთმა სცადა რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებებით ჩაეხშო Starlink-ის თანამგზავრების სიგნალი უკრაინაში, მაგრამ ილონ მასკმა თავის სპეციალისტებს სისტემის დაცვის ახალი ზომები აამოქმედებინა.

2-star-1740038262.png
ასე გამოიყურებიან მიწიდან ღამისეულ ცაში ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრები, როდესაც ჯერ არ აქვთ დაკავებული საკუთარი ორბიტები

მაგრამ 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ილონ მასკის დამოკიდებულება Starlink-ის უკრაინის არმიის მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით, რადიკალურად საწინააღმდეგოდ შეიცვალა - მისი ბრძანებით, 1 300 ტერმინალი უკრაინელ სამხედროებს გაუთიშეს ტრაფიკის საფასურის გადაუხდელობის მოტივით, თუმცა პრობლემა ბევრად უფრო სერიოზული გახლდათ, რადგან აშშ-ის, ბრიტანეთისა და პოლონეთის მთავრობებმა თავის თავზე აიღეს ამ ტერმინალების მომსახურების (ერთ ტერმინალზე ტრაფიკის გადასახადი თვეში 2,5-ათას დოლარს აღწევდა) ღირებულების დაფარვა და პრობლემა უნდა მოხსნილიყო...

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ილონ მასკს სატელეფონო საუბარი ჰქონია თვით... პუტინთან, რამაც შეცვალა ილონ მასკის პოზიცია, როდესაც მან ჯერ შუა ოპერაციის დროს გაუთიშა Starlink-ი იმ უკრაინულ საზღვაო კამიკაძე-დრონებს, რომლებიც ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის პორტში რუსულ სამხედრო ხომალდებზე აპირებდნენ შეტევების მიტანას, შემდეგ კი - ტერმინალების მოქმედების პროგრამაში შეატანინა ცვლილება, რომ უკრაინულ საჰაერო კამიკაძე-დრონებს რუსეთის ტერიტორიაზე ვერ მიეტანათ იერიშები...

გავრცელებული ხმებით, იმ სატელეფონო საუბრისას, თითქოს, პუტინმა, რომლის არმია სწორედ იმ პერიოდში - 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სამარცხვინოდ გამორბოდა მანამდე ოკუპირებული უკრაინის ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიდან, ილონ მასკი გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაში ააფეთქებდა ტაქტიკურ ბირთვულ მუხტებს, თუკი ამერიკული მხარე არ შეაჩერებდა უკრაინის არმიის წარმატებულ კონტრშეტევას...

მაშინ პუტინის ამ „ბირთვულმა შანტაჟმა“ იმოქმედა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაზე და კიევს მართლაც აიძულა კონტრშეტევის შეჩერება -როგორც ჩანს, ბაიდენის გარდა, ილონ მასკსაც შეშინებია პუტინის ბირთვული დამუქრებით...

3-star-1740038262.png
Starlink-ის თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე...

თუმცა მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა და მასკის Starlink-ი კვლავ ფუნქციონირებს და ძალიან ეხმარება უკრაინის გენშტაბს, შენაერთებისა და დანაყოფების შტაბებს ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, თუმცა გამოჩნდა ერთი საინტერესო ნიუანსიც...

რუსეთის ტერიტორიაზე მასკის Starlink-ი არ არის გააქტიურებული, მაგრამ რუსი ოკუპანტებიც სარგებლობენ მისი მომსახურებით, უშუალოდ ფრონტის ხაზზე, რადგან ტექნიკურად ურთულესია სულ რამდენიმე კმ-ის ფართობის ფრონტის ხაზზე ისე გაკეთდეს, რომ მის ერთ მხარეს ტერმინალმა დაიჭიროს თანამგზავრიდან სიგნალი, ხოლო მეორე მხარეს კი - დაიბლოკოს. უფრო უპრიანი იქნებოდა იმ არალიცენზირებული ტერმინალების სათითაოდ დაბლოკვა, რომლებიც არაოფიციალურად ხვდება რუსეთში და მერე იგზავნება უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი საოკუპაციო ძალების დანაყოფებში, მაგრამ ეს ტექნიკურად რთულად განსახორციელებელია ან... ილონ მასკმა ეს არ მოისურვა...

2024 წლის დეკემბერში აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციამ მოასწრო, გაეფორმებინა ხელშეკრულება ილონ მასკის კორპორაციასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის არმიას მიეღო Starlink-ის უფრო დაცული კავშირის მქონე სამხედრო ვარიანტის - Starshield-ის 3 000-ზე მეტი ტერმინალი.

მაგრამ სულ რაღაც ორი თვის შემდეგ დგება მომენტი, რომ შესაძლოა, ილონ მასკმა, პრეზიდენტ ტრამპის თანხმობით, საერთოდ გაუთიშოს უკრაინას თავისი Starlink-ი, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ურთულეს სიტუაციაში ჩააყენებს, რაც მოშლის ჯარების ერთიანი მართვის სისტემას და პუტინის ოკუპანტ არმიას დამატებით უპირატესობას მიანიჭებს...