"საზოგადოებაში ისმის კითხვა: როცა გავუშვებთ "ოცნებას", ვინ მოგვყავს ხელისუფლებაში? ხაზარაძე, გახარია, გვარამია?" - რა უნდა შეახსენოს სალომე ზურაბიშვი - კვირის პალიტრა

"საზოგადოებაში ისმის კითხვა: როცა გავუშვებთ "ოცნებას", ვინ მოგვყავს ხელისუფლებაში? ხაზარაძე, გახარია, გვარამია?" - რა უნდა შეახსენოს სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას?!

საქართველო მძიმე პოლიტიკურ კრიზისს ებრძვის. ჯერჯერობით, გამოსავალი არ ჩანს. ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს სწრაფ გზას გაერთიანებაში ხედავს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანება­ უნდა შედგებოდეს სამი კომპონენტისგან: პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და სალომე ზურაბიშვილი... ოპოზიციის გეგმებსა და კრიზისის შესახებ ანალიტიკოს ლევან­ ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ.

- პოლიტიკოსები, რომლებიც სრულიად ხელმოცარულები არიან და არანაირი შანსი არა აქვთ მომავალ საქართველოში ადგილი დაიმკვიდრონ და მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში როლი ითამაშონ, ყოველთვის ცდილობენ გაათამაშონ დიდი გაერთიანების კარტი, იმიტომ, რომ დიდი გაერთიანების გარეშე თამაშგარეთ მდგომარეობაში რჩებიან.

სწორედ ასეთი პოლიტიკოსია გიორგი ვაშაძე, რომელსაც თავისი არც ნიშა აქვს, არც პოლიტიკური პოზიცია, არც საზოგადოების პატივისცემა და ავტორიტეტი. ამიტომ ცდილობს რაღაც დიდ ტალღას მიეტმასნოს. ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც არც იდეები აქვთ და არც ხედვები.

რატომ უნდა ჩამოაყალიბონ ერთიანი გეგმა ადამიანებმა, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. ეს ხელოვნური გაერთიანება იქნება. მე არა ვარ გაერთიანების მომხრე, პირიქით, ვემხრობი იმას, რომ ბევრი ფლანგი წარმოიქმნას ჩვენს პოლიტიკურ ველზე, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ თავიანთი საზღვარი და არ უნდა იყვნენ ერთმანეთში არეულ-დარეული. საუბარი გაერთიანებაზე ნიშნავს ყველას ერთმანეთში არევასა და ქაოსს. თუ არის სტრატეგიული საკითხები, კოორდინირება უნდა იკისრონ სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ. დანარჩენ თემებში არ მინდა ერთად ვიხილო, ვთქვათ, ვაშაძე და გახარია.

პოლიტიკა მათემატიკა არ არის, მათემატიკაში 1+1=2-ს, ხოლო პოლიტიკაში ერთს პლუს ერთი შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, როცა ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი, რადიკალურად განსხვავებული და დაპირისპირებული ჯგუფი ერთ კალათში აღმოჩნდება. ვაშაძის ფორმულაა "ყველა გავერთიანდეთ და მივიღოთ ნული".

ახლა არის დრო, როდესაც საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა დაიკავონ საკუთარი ადგილები. უნდა არსებობდეს მემარცხენე ლიბერალური, მემარჯვენე კონსერვატიული ფლანგი და ყველა მხრიდან უნდა იყოს შეტევა ხელისუფლებაზე, რომელსაც არ სურს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის არსებობა, რომელსაც სურს საქართველო მარტო დარჩეს რუსეთის, ირანისა და ჩინეთის წინაშე.

რაც შეეხება ვაშაძის მიერ სალომე ზურაბიშვილის გაერთიანებაში მოხსენიებას, პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს მაკოორდინირებელი ფუნქცია. როცა იქნება საჭირო ერთობლივი ძალისხმევით ან აქციის ჩატარება, ან სხვა ღონისძიების დაგეგმვა, მაშინ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის აპარატი იყოს გამაერთიანებელი ინსტიტუტი, რომელიც ყველას ძალისხმევას ერთ კალაპოტში მოაქცევს. სალომე ზურაბიშვილის გარდა, გამაერთიანებელი რგოლი, თან ლეგიტიმური, საქართველოში არ არსებობს.

- თუ ფიქრობთ, რომ ახლა ოპოზიციის გაერთიანების დრო არ არის და პირიქით, დამაზიანებელი იქნება ზოგიერთი პარტიისთვის, მაშინ როგორ შეაფასებთ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრებს, რომლებიც საერთო ინტერესსა და საქმიანობას შეეხება?

- სალომე ზურაბიშვილთან შეხვედ­რები­ ემსახურება შემდეგს: მაგალითად, როგორი საარჩევნო წესით უნდა ჩატარდეს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები - ამაზე ხომ შეთანხმებაა საჭირო, მექანიზმებია მოსაფიქრებელი. ვთქვათ, როცა საქმე ეხება საკითხს - რა გზავნილებით მივდივართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რა თემებზე ვამახვილებთ ყურადღებას. "ოცნების" საწინააღმდეგოდ განწყობილ ძალებს შორის მთავარი გზავნილები უნდა იყოს კოორდინირებული. მაგალითად, საუბარი წარიმართა, როგორ დავეხმაროთ და მხარი­ დავუჭიროთ დაჯარიმებულ და დაჭერილ აქტივისტებს, ზოგს ფული არა აქვს, ზოგს ადვოკატი არა ჰყავს და ა.შ. ამ საკითხებზე­ შეიძლება ხელმოცარულმაც და წარმატებულმა პოლიტიკურმა­ ძალამ ერთად ილაპარაკონ.

კიდევ ერთი მომენტი, რაც, წესით და რიგით, თან უნდა ახლდეს ამ შეხვედრებს­ - ეს არის "ქართული ქარტია". იმედია,­ ზურაბიშვილი ყველა შეხვედრაზე ოპოზიციას­ ახსენებს მათ დაპირებას, რომელიც ასახულია "ქართულ ქარტიაში", რომ ახალი არჩევნების შემდეგ, როდესაც "ქართული ოცნება" ვერ აიღებს მანდატების 50%-ს, ჩვენ გვეყოლება ტექნიკური მთავრობა. ჩვენს საზოგადოებაში მუდმივად ისმის კითხვები: როცა გავუშვებთ "ოცნებას", ვინ მოგვყავს ხელისუფლებაში? ხაზარაძე, გახარია, გვარამია? სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა რეცეპტი - ხელისუფლებაში მოდიან უპარტიო პროფესიონალები და გვეყოლება ტექნიკური მთავრობა. ამაზე ხელი აქვს მოწერილი ყველა ოპოზიციურ პარტიას, რაც უნდა შესრულდეს!

წაიკითხე ვრცლად