"ვგრძნობ, რომ იქ ვარ, სადაც და უნდა ვიყო... ხალხისთვის დღემდე ცოტნე ცოტაშვილის ცოლი ვარ" - ჩცდ-ს მსახიობის ამერიკული ცხოვრება და ახალი გამოწვევები
"იქ ყოფნა ახლა ძალიან მაბედნიერებს და ვგრძნობ, რომ იქ ვარ, სადაც და უნდა ვიყო" - გვეუბნება მსახიობი ვიკა კალანდია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამერიკაში სასწავლებლად წავიდა... ამჟამად, საქართველოშია, ცოტა ხნით დაბრუნდა და თავის ამერიკულ ცხოვრებაზე საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა...
რა ხდება ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში, რატომ გადაწყვიტა ამერიკაში გამგზავრება და რამდენად კმაყოფილია ამ ნაბიჯით, ინტერვიუდან შეიტყობთ.ვიკა კალანდია:
- ვსწავლობ ნიუ-იორკში. კინოსკოლაში Terry knickerbocker film studio. ვეუფლები საინტერესო მეთოდს. ამ სკოლაში 8 თვის წინ ჩავაბარე. საერთოდ ჩემი ოცნება იყო ამერიკაში კინოსკოლაში სწავლა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, აქ ყველაფრისთვის თავი დამენებებინა და სასწავლებლად წავსულიყავი. ყოველთვის მაინტერესებდა ეს მეთოდი, რადგან მასზე ბევრი მსმენოდა. სანამ ამ სკოლას ავირჩევდი, რამდენიმე კომპეტენტურ ადამიანს დავეკითხე, სად შეიძლებოდა მისი შესწავლა. ეს სკოლა და კიდევ ერთიც მირჩიეს, ამ კვლევის შემდეგ საბოლოოდ ამ სკოლაზე შევჯერდი.
- რაში მდგომარეობს ამ მეთოდის არსი?
- ჩვენს თეატრალურ უნივერსიტეტში სტანისლავსკის მეთოდს გვასწავლიან... ეს ახალი მეთოდია, თუმცა უკვე აპრობირებულიც. გვასწავლიან, როგორ უნდა იმუშაო როლზე და მსახიობი როგორ უნდა იყო ნამდვილი, ავთენტური როლის შესრულებისას. ამაზე გვაქვს ლექციები, გაკვეთილები, ჩაგვიტარდა ძალიან საინტერესო მასტერკლასები. უკვე 5 თვეა, იქ ვარ და ჩართული ვარ ამ პროცესში. ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. ზუსტად ის ადგილია, სადაც ამ ეტაპზე ცხოვრება და სწავლაც მიხარია. ნიუ-იორკში პირველად ჩავედი, აქამდე არასდროს სხვა ქვეყანაში არ მიცხოვრია, თუ არ ჩავთვლით ევროპის ქვეყნებში რამდენიმე კვირიან დასვენებას. კომფორტის ზონიდან გამოსვლამ და ყველაფრის თავიდან დაწყებამ ჩემს ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედა... მეგობრებს ამ სიახლის შესახებ მას შემდეგ ვუთხარი, სანამ ამ სკოლაში არ ჩავაბარე. ჩემი ეს ნაბიჯი ცოტა კი გაუკვირდათ, მაგრამ ისიც იციან, რომ მიყვარს გამოწვევები, სიახლეები.
- მოკლედ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და რაღაც საინტერესოს შეჭიდება გიყვართ...
- კი ასეა და სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა და ყველაფრის თავიდან დაწყება, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა... ერთწლიანი სასწავლო კურსია, ჯერ არ ვიცი, შემდეგ რა იქნება, მაგრამ ახლა სადაც ვარ და როგორც ვარ, უკვე აღვნიშნე, რომ იქ მინდა ყოფნა. ეს მნიშვნელოვანია.
- გავიგე, რომ საუკეთესო სტუდენტად დაგასახელეს...
- კი, მომივიდა მეილი, საუკეთესო სტუდენტად დასახელდით, ჩვენი სკოლიდან დაგიკავშირდებიან, ფოტოებს გადაგიღებენ, ინტერვიუ ჩაწერენო. მოულოდნელი და ამავე დროს სასიხარულო ფაქტი იყო.
- ენობრივი ბარიერი ხომ არ შეგქმნიათ?
- ინგლისური ენა ყოველთვის ნორმალურად ვიცოდი, თუმცა ბოლო პერიოდში პედაგოგთან ერთად გაძლიერებულად ვსწავლობდი... რაც თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, სოხუმის თეატრში ვარ და თეატრის ხელმძღვანელმა, დათო საყვარელიძემ კაბინეტიც კი დამითმო, რომ იქ 2-3 საათიანი ლექციები მქონოდა. პედაგოგი მოდიოდა და ბოლო რამდენიმე თვე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. მოკლედ, ენის მეტად დასახვეწად ასე ვმუშაობდი. მერე გადავწყვიტე, რა დონეზეც ვიყავი, ასე წავსულიყავი და იქ პრაქტიკაში კიდევ უფრო ამედგა ენა და თავი გამომეცადა. ამიტომ ენის გასატეხად ნიუ-იორკში სპეციალურად ერთი თვით ადრე ჩავედი. ასევე მოვიარე, დავათვალიერე მთელი ქალაქი და ამის შემდეგ უკვე მზად ვიყავი განათლების მისაღებად და სწავლისთვის.
- ახალი კონტაქტები ალბათ შეიძინეთ. შემოქმედებითი კუთხით ხომ არ მიიღეთ კიდეც რაიმე შემოთავაზება?
- ნიუ-იორკი ისეთი ქალაქია, სადაც შეიძლება ისეთ ადამიანს გადაეყარო, რომ მთელი შენი ცხოვრება და კარიერა რადიკალურად შეცვალოს... კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა გაჩნდა რაღაც პროექტი და უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ შედგება. მოკლედ, ჯერ სანამ ხელს არ მოვაწერ, ამაზე საუბარი ნაადრევია. მოკლედ, არის რაღაცები, რაც უკან, ნიუ-იორკში მაბრუნებს, სადაც ამ ყველაფერში კიდევ მეტად ჩავერთვები... ნიუ-იორკი ნამდვილად არის ისეთი ქალაქი, თუ რაღაც გულით გინდა და ამისთვის რაღაცას აკეთებ, აუცილებლად გამოგივა. ეს ასეა და არ არის ცარიელი სიტყვები. უსაზღვრო შესაძლებლობებია, სულ რაღაც ხდება, სულ რაღაც აღმოჩენებს აკეთებ, რაც ძალიან საინტერესოა.
- საქართველოდან ამერიკაში ჩასული ქართველი მსახიობისთვის სირთულე რა აღმოჩნდა?
- სირთულეების გარეშე, თან ამ პროფესიაში, არც შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რომ რაიმე დისკომფორტი შემექნა. ერთი თვით ადრე რომ ჩავედი, მთელი თვე აღფრთოვანებული ვიყავი, ჩემმა მეგობარმა მითხრა, ახალი ჩამოსული ხარ, ერთ-ორ კვირაში გადაგივლისო. ერთ კვირაში რომ არ გადამიარა და მეხუთე თვესაც ასეთი აღფრთოვანებული ვიყავი, ცოტა გაოგნებული იყო... მაგრამ ზუსტად იმ ემოციებში და მდგომარეობაში ვარ, როგორშიც პირველად ჩასვლისას...
ვმგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. რაღაცნაირი თბილი ხალხია. ყველა კომპლიმენტს გეუბნება. პარიზსა და მილანში ასე და ასეთი კომპლიმენტების თქმა და სითბოს გამოხატვა არ იციან...
- როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ადამიანი ხართ.
- კი, მაგრამ იქ კიდევ სხვა დამოუკიდებლობაა, შენგან შრომისმოყვარეობას მოითხოვს. მეც ინტერესიანი ადამიანი ვარ და ვცდილობ, მუდმივად სიახლეები მოვძებნო, იმ ყველაფერს ფეხი ავუწყო. პროფესიულ დახვეწას ვცდილობ, რასაც ხელს მოვკიდებ, მინდა, თავდაჯერებული ვიყო და ყველაფერი როგორც პროფესიონალმა გავაკეთო. ვფიქრობ, რომ ამას ეს სკოლა და ეს ქვეყანა მომცემს. გააგრძელეთ კითხვა