ევრო 2012-ის ირგვლივ... - კვირის პალიტრა

ევრო 2012-ის ირგვლივ...

დავიწყოთ, იმით, რაც ყველგან გამოქვეყნდა და ისედაცაა ცნობილი ფეხბურთის გულშემატკივრისათვის. უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებლების შეფასებით, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში 10 ესპანელია! ერთადერთი დაჩაგრული კაცი ალვარო არბელოაა, რომელსაც ალბათ იუმორის გრძნობის ქონების შემთხვევაში, სიცილად არ ეყოფა ეს ამბავი. საინტერესოა ისიც, რომ ჩამონათვალში ადგილი არ გამოინახა ტურნირის ოქროს ბუცის მფლობელ ფერნანდო ტორესისათვის, რომელმაც შესანიშნავად არამარტო ფინალურ მატჩში იასპარეზა და მოედანზე სულ რაღაც 189 წუთს დაჰყო.

მეორეს მხრივ ბუნებრივია, რომ სიმბოლური ნაკრები, მართლაც, რომ სიმბოლურ ხასიათს ატარებს ხოლმე და დიდი ყურადღების მიქცევას ჩვენგანაც არ საჭიროებს. ერთი სიახლეა აღსანიშნავი. როგორც იქნა მოიხსნა ჩავი – ინიესტას ერთიან საფეხბურთო ფიგურად წარმოსახვის კომპლექსი და ამ უკანასკნელსაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიანიჭეს!

შემთხვევით, იგივეს ხომ არ იმსახურებდა ეს ფეხბურთელი წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე? მაგრამ მაშინ ჩავიც არ ჩამოუვარდებოდა მას, საფეხბურთო ექსპერტები ეტყობა ამ მომენტმა დააბნია და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, მეოთხეადგილოსანი გუნდის წარმომადგენელ – დიეგო ფორლანს ერგო. ფორლანის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მანაც გაუტანა უძლიერეს ჰოლანდიის ნაკრებს ულამაზესი გოლი, ოღონდ ინიესტასაგან განსხვავებით, ნახევარფინალურ მატჩში.…

ინიესტას ევრო 2012-ის ფინალში მართალია არ გაუტანია, არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, როგორც იქნა ერგო. ამაში მას ისევ ჩავი "დაეხმარა", რომელმაც პორტუგალიელებთან ნახევარფინალურ მატჩში მაინცდამაინც ვერ ივარგა და ამ ფონზე უპირატესობა თანაგუნდელს დაუთმო. არადა ჩავის ის შეხვედრაც ფინალის დონეზე რომ ჩაეტარებინა, ვინ იცის, უეფა-ს ექსპერტები კვლავ დაბნეულიყვნენ და ტიტული ვთქვათ, იკერ კასილიასს დარჩენოდა. და არ იმსახურებს ვითომ ესპანეთის ნაკრების კაპიტანი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას? რითაა იგი ნაკლები ოლივერ კანზე, რომელიც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიელთა წინააღმდეგ შეცდომების მიუხედავად? იკერი აგერ უკვე მთელი 990 წუთის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების კარს მშრალად ინახავს, თერთმეტმეტმეტრიანების სერიაში გუნდი გავარდნას ჰყავს გადარჩენილი და კიდევ კაცმა არ იცის როდის გაუშვებს გოლს...

გავიხსენოთ და იკერმა ხორვატიასთანაც გადაარჩინა ერთ ეპიზოდში ესპანეთის ნაკრები. რომ არა მისი დიდებული "სეივი", ევროპის აწ უკვე სამგზის ჩემპიონი, ჯგუფიდან ვერ გასვლის ხიფათის წინაშე დადგებოდა.

მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა და დონ დელ ბოსკე მომავალს საქმიანად უცქერს: "ლუის არაგონესმა ბიძგი მისცა ესპანურ ფეხბურთს და ვენაში 2008 წელს მოგებულმა ფინალმა დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. ასეთი ძვირფასი პერიოდი ესპანურ ფეხბურთს არასოდეს ჰქონია. ახლა უნდა ვიფიქროთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე და კონფერედაციის თასზე ღირსეულ ასპარეზობაზე, სადაც ჩვენ ევროპის კონტინენტს წარმოვადგენთ. რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ჩვენ იგი შესანიშნავად ჩავატარეთ, ოდნავ გაგვიმართლა კიდევაც, რადგან როდესაც იტალიელებმა საპასუხო გოლის გასატანად შემოგვიტიეს, მათთვის ძალიან ცუდ დროს მეორე გოლი გავუტანეთ, თანაც მეტოქე გუნდში თავი დაღლილობამაც იჩინა, რადგან ჩვენ მათზე ერთი დღით მეტი დავისვენეთ. გუშინ ვესაუბრე მეფესა და მის შვილს. ისინი ფეხბურთელებს დღეს შეხვდებიან. მთელი ესპანეთი ზეიმობს" – განაცხადა ესპანეთის ნაკრების თავკაცმა.

ვერ გეტყვით მეფე რითი დაასაჩუქრებს ქვეყნის გმირებს, მაგრამ ფაქტია, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" დაახლოებისაკენ კიდევ ერთი გიგანტური ნაბიჯი გადაიდგა და ესპანეთის ნაკრებმა უეფასაგან 23 მილიონი ევრო უკვე დაიმსახურა. ტურნირის ფინალისტმა იტალიის ნაკრებმა ჯილდოდ 19.5 მილიონი ევრო მიიღო. დანარჩენი გუნდები კი ასე დანაწილდნენ: 3) გერმანია 16 მილიონი, 4) პორტუგალია 15 მილიონი, 5) ინგლისი 12.5 მილიონი, 6) ჩეხეთი 11.5 მილიონი, 7-8) საფრანგეთი და საბერძნეთი 11.5 მილიონი. უეფა-ს ყურადღების გარეშე არც ჯგუფში ჩარჩენილი რვა გუნდი დარჩენილა, რომელთაგან 8 მილიონი ევროს ოდენობით "უმცირესი" ანაზღაურება წილად ირლანდიელ და ჰოლანდიელ ფეხბურთელებს ხვდათ.

ევროპის ჩემპიონატით კმაყოფილებას გამოხატავს მიშელ პლატინი: "ძნელია რომელიმე მოთამაშე გამოჰყო. ჩვენ ვიხილეთ შესანიშნავი მოთამაშეებით დაკომპლექტებული თანაბარი გუნდები და უეფაც მზადაა იმის დასამტკიცებლად, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით, არანაკლებ საინტერესო იქნება 24 გუნდისაგან შემდგარი ტურნირი. 5 მსაჯის ექსპერიმენტმა აშკარად გაამართლა, რადგან იკლო საჯარიმო მოედანზე ფეხბურთელთა სიმულიაციამ და ძიძგილაობამ სტანდარტული სიტუაციების შესრულების დროს. უკრაინასა და პოლონეთს შეუძლიათ იამაყონ ჩემპიონატის შესანიშნავი ორგანიზებით. ტურნირი სანიმუშოდ ჩატარდა" – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა.

თუმცა რეალობა სხვაა და უკრაინაში ექსპერტები ევრო 2012-გან საკმაო პრობლემებს ელიან. აი რას ამბობს უკრაინის უმაღლესი რადის ეკონომისტი ქსენია ლიაპინა: "ევროპის ჩემპიონატი დიდი ზეიმია, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით ორი დიდი შეცდომაა დაშვებული. უპირველეს ყოვლისა ხელიდან გავუშვით ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე უცხოური ინვესტიციების ჩადების კარგი შესაძლებლობა. გამოვიდა ისე, რომ დონეცკის სტადიონის გარდა, ყველგან დაიხარჯა მილიარდები ქვეყნის ბიუჯეტიდან. მეორეც, საკმარისად ვერ მოვიზიდეთ ტურისტები, რასაც პოლიტიკური საფუძველიც გააჩნია" – აღნიშნა ქალბატონმა.

ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო ნათქვამია. სამაგიეროდ კიევის ოლიმპიურმა სტადიონმა ისეთი ფინალი იხილა, რომლის მსგავსიც ევროპისა კი არადა, მსოფლიოს ბევრ სტადიონს არ ახსოვს...

არჩილ ნებაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: EURO 2012-ის 10 საუკეთესო გოლი