ირაკლი ალასანია პოლიტიკურ დუმილს არღვევს - "ოპოზიციამ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს" - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანია პოლიტიკურ დუმილს არღვევს - "ოპოზიციამ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პოლიტიკურ დუმილს არღვევს და საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან რადიო "თავისუფლების" პოდკასტში „2150“ ისაუბრა.

"ჩემი აზრით, უნდა მიიღოს ოპოზიციამ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა", - ამბობს ალასანია. მისი თქმით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად იქნება "ცვლილებების არჩევნები".

"ვერ ვიტყვი, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ყველა ვარიანტში შედგება და ამისთვის საზოგადოება სერიოზულად უნდა მოემზადოს. ყველა ვარიანტში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება ცვლილებების არჩევნები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მანვე ისაუბრა უწყვეტ საპროტესტო აქციებზე და თქვა, რომ მისი აზრით, "რაღაც ეტაპზე" ეს "პოლიტიკურ პროცესში უნდა გადაიზარდოს".

"მე მგონია, რომ რაღაც ეტაპზე ქუჩის აქციები უნდა გადაიზარდოს რაღაც მოლაპარაკებაზე და გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში. აქცენტი უნდა გაკეთდეს კონკრეტულ მიზნებზე და იმედი მაქვს, ასეც მოხდება".

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ეს? - ალასანია პასუხობს: "თუნდაც შემდეგი ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთობლივი მზადება და არჩევნებისთვის მზადებაში გაერთიანება".

ამ თემაზე, ჟურნალისტმა მას დამატებით ჰკითხა: "თვლით, რომ შემდეგი არჩევნები ისე შეიძლება ჩატარდეს, რომ მას არჩევნები ეწოდოს?" - რასაც მან ასე უპასუხა:

"სწორედ ამიტომაც, ალბათ, საჭიროა დიალოგი, ურთიერთობაც. არ მგონია, რომ აქ სრულყოფილი და იდეალური არჩევნები ჩატარდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, მომზადება, ადგილზე დამკვირვებლების მობილიზება, ბევრად უფრო უკეთესი შედეგის დადგომის შესაძლებლობას იძლევა".

წყარო