ჟირინოვსკის "მოჩვენება" აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტში ჩასახლდა?! - გეოპოლიტიკური ტრაგიკომედია, რომელმაც შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს - კვირის პალიტრა

ჟირინოვსკის "მოჩვენება" აშშ-ის ვიცეპრეზიდენტში ჩასახლდა?! - გეოპოლიტიკური ტრაგიკომედია, რომელმაც შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს

სხვა დროსა და ვითარებაში შეიძლება ბევრი გროტესკი და ირონია დამეხარჯა აშშ-ის ახალი-ძველი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისა და უკვე განხორციელებული მოქმედებების შეფასებისას. მაგრამ დღეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ბედი წყდება, ზედმეტი ირონია მიუღებლად მიმაჩნია. ერთს კი ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში კარგიც ბევრი მინახავს და ცუდიც, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამერიკიდან მიღებული საინფორმაციო სიახლეების გაცნობისას მთავარი მოსალოდნელი პრობლემა ის იქნებოდა: ვიცინოთ თუ ვიტიროთ? ამ დროს რეალობისა და ფანტასტიკის, ტრაგიკულისა და კომიკურის განცდა ერთდროულად გიჩნდება და კაფკას ნაწარმოების გმირებთან გგონია თავი.

ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული რეალობაა: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ, ნოემბრის დასაწყისში იმართება, მთელი პლანეტის ყურადღების ცენტრშია. თავიდან ისე ჩანდა, რომ 2024 წლის 5 ნოემბერს ამერიკელებს არჩევანი ორ მოხუც პოლიტიკოსს: 81 წლის ჯო ბაიდენსა და 78 წლის დონალდ ტრამპს შორის უნდა გაეკეთებინათ. შემდგომ უფრო „ღრმად მოხუცი“ ბაიდენი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა და ის შედარებით ახალგაზრდა ქალბატონმა, კამალა ჰარისმა ჩაანაცვლა. არჩევნების შედეგებიც გეცოდინებათ: დონალდ ტრამპი ოთხწლიანი „შესვენების“ შემდეგ „თეთრ სახლს“ დაუბრუნდა... ახალი გუნდით, ჰიპერრადიკალური იდეებით და შეუდგნენ ბოღმიანი მუქარა/დანაპირებებისა და დაქადნილი შურისძიების შესრულებას.

ამ „საერთო ფერხულში“ ერთი, ახლად გამოჩეკილი პოლიტიკოსი გამოირჩევა, რომელსაც ორმოცი წელი შარშან შეუსრულდა და სულ რაღაც სამი წელია, „დიდ პოლიტიკაშია“. ამის მიუხედავად, ის ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების იერარქიაში ნომერ მეორე პოლიტიკური ფიგურა გახდა. ალბათ, მიხვდით: საუბარია აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსზე, რომელმაც ამ დღეებში თავი სკანდალური განცხადებებით დაგვამახსოვრა. თუმცა ეს ახალბედა პოლიტიკოსისგან რა გასაკვირია, როდესაც თავად პრეზიდენტი ტრამპიც გვიჩენს საფიქრალს! მრავალი „მარგალიტიდან“ მხოლოდ ერთს გაგახსენებთ.

19 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს გულმოსულმა განუცხადა: ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი გასულ კვირას კიევში გავგზავნე, მგზავრობა ძალზე ხანგრძლივი და საშიში იყო, ამ დროს კი ბესენტს იქ ძალზე უხეშად მოეპყრნენო. ტრამპის თქმით, მისი მინისტრი უკრაინაში წავიდა, რათა ზელენსკის შეხვედროდა და ხელი მოეწერინებინა უკრაინის „მინერალური ნედლეულის“ აშშ-ისთვის გადაცემის შეთანხმებაზე. ამ დროს კი სკოტ ბესენტს უთხრეს, ზელენსკის სძინავს და ვერ შეგხვდებათო. ამიტომ ჩემი მინისტრი ხელცარიელი დაბრუნდაო.

zelenski4-1740119151.jpg
2025 წლის 12 თებერვალი, კიევი. ზელენსკისა და ბესენტის შეხვედრა

ისე, მართლაც რა წინდაუხედავი უნდა ყოფილიყო ზელენსკი, რომ იმ ქვეყნის ფინანსთა მინისტრს არ შეხვედროდა, რომელიც ამ უთანასწორო ომში ეხმარება (ჯერჯერობით)?! ეს ხომ დიპლომატიურ უზრდელობასთან ერთად, სრულიად არაპრაგმატული იქნებოდა? ამ კითხვებზე პასუხი ერთია: ზელენსკისა და ბესენტის შეხვედრა 2025 წლის 12 თებერვალს კიევში შედგა და მათ ამ ხელშეკრულების პროექტზე ისაუბრეს. ამ შეხვედრის ვიდეო და ფოტოკადრებიც არსებობს, სადაც ზელენსკი და ბესენტი საუბრობენ (თუ ეს ზელენსკის ორეული არ არის და უკრაინის „ნამდვილ“ პრეზიდენტს ამ დროს არ სძინავს). რისი თქმა უნდოდა თავად პრეზიდენტ ტრამპს, ეს კი უცნობია. დავუბრუნდეთ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯეიმს ვენსის დაუჯერებელ პოლიტიკურ დებიუტს.

აშშ-ის კონსტიტუციით ვიცეპრეზიდენტს ბევრი უფლებამოსილება არ გააჩნია და ხშირად ისეა, როგორც კახურ სუფრაზე - ჯონჯოლი: შეიძლება ქეიფის ბოლოს გაახსენდეთ, თუმცა შეიძლება არც გაახსენდეთ. აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტის მთავარი კონსტიტუციური ფუნქციაა ის, რომ შეცვალოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი მისი დროებითი ქმედუუნარობის, გადადგომის, თანამდებობიდან გადაყენების ან გარდაცვალების შემთხვევაში.

შეერთებული შტატების ისტორიაში ვიცეპრეზიდენტის პოსტი სულ 50 ადამიანს ეკავა, მათგან რვა ვიცეპრეზიდენტმა დაიკავა უმაღლესი პოსტი პრეზიდენტის გარდაცვალების, ხოლო ერთი (ჯერალდ ფორდი) პრეზიდენტად დაამტკიცეს წინამორბედის (რიჩარდ ნიქსონი) გადადგომის გამო. ასე რომ, ვიცეპრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის ერთგვარი „დუბლიორია“, თუმცა სხვადასხვა გარემოებათა გამო, ის შეიძლება „მთლად უფროსადაც“ მოგვევლინოს. სამწუხარო ფაქტია, რომ აშშ-ის ოთხი პრეზიდენტი (აბრაამ ლინკოლნი, ჯეიმს გარფილდი, უილიამ მაკ-კინლი და ჯონ კენედი) პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი გახდა. მათ ნაცვლად პრეზიდენტის ფიცი დადეს, შესაბამისად: ენდრიუ ჯონსონმა (სწორედ ის დათანხმდა 1867 წელს 7,2 მილიონ დოლარად რუსეთისგან ალასკის შეძენას), ჩესტერ ართურმა (მისი დამსახურებაა აშშ-ის საჯარო სამსახურის რეფორმირება), თეოდორ რუზველტმა (მის შესახებ ცალკე ვისაუბროთ) და ლინდონ ჯონსონმა (ის იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიციატორი).

მკითხველს შევახსენებ, რომ 1901 წლის 6 სექტემბერს ანარქისტმა ტერორისტმა ლეონ ჩოლგუშმა რევოლვერიდან ორჯერ ესროლა აშშ-ის პრეზიდენტს უილიამ მაკ-კინლის, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. იმავე დღეს ვიცეპრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ფიცი დადო, როგორც აშშ-ის 26-ე პრეზიდენტმა და ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა (42 წლის და 10 თვის ასაკში) პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში.

პრეზიდენტ თ. რუზველტის რვაწლიანი მმართველობის პერიოდი საერთაშორისო ასპარეზზე აშშ მანამდე უჩვეულო სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობით გამოირჩეოდა. იმ პერიოდის აშშ-ის ძალისმიერი მოქმედებები ქრონოლოგიურად შემდეგნაირად გამოიყურება:

1902 წ. - აშშ-მა იარაღის ძალით აიძულა ჰაიტი, გადაეხადა ევროპის ბანკების დავალიანება; 1903 წ. - მოახდინა “სახალხო” აჯანყების პროვოცირება პანამაზე, რის შედეგადაც გამოაძევა კოლუმბია და თავად დააწესა კონტროლი იმ ტერიტორიაზე, სადაც შემდეგ უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი - პანამის არხი აშენდა; 1905 წ. - ფინანსური პროტექტორატი დააწესა დომინიკის რესპუბლიკაზე; 1906 წ. - აშშ-ის ჯარებმა მოახდინეს კუბის ოკუპაცია და სხვ.

აშშ-ის დიპლომატიურმა აქტიურობამ ერთგვარ მწვერვალს მიაღწია 1906 წელს, როცა პრეზიდენტ რუზველტის შუამავლობით მოხერხდა რუსეთ-იაპონიას შორის ომის შეწყვეტა და ზავის დადება (რისთვისაც ამერიკის პრეზიდენტს ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს).

ruzvelti-1740119441.jpg
აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი

პოლიტიკურ ლექსიკონებში ტერმინი "ეროვნული უსაფრთხოება" სწორედ თეოდორ რუზველტის დამსახურებით აღმოჩნდა. მან 1904 წ. აშშ-ის კონგრესს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც პანამის იმ ტერიტორიების ოკუპირებას, სადაც მომავალში არხი უნდა აშენებულიყო, ასაბუთებდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით. პრეზიდენტ თ. რუზველტის დამსახურებაა ის, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის საგარეო პოლიტიკამ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო და ამ ქვეყნის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები საშინაო საკითხებზე პრიორიტეტული გახდა. თეოდორ რუზველტის პრეზიდენტობიდან იწყება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ცნების გაფართოება და ამერიკის სტრატეგიული ინტერესების არეალმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა: აშშ-ის ადმინისტრაციის ყურადღება მიმართული იყო საზღვარგარეთის ქვეყნებში აშშ-ის ეროვნული კაპიტალისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ, ასევე, სტრატეგიული რესურსების წყაროებისა და გასაღების ბაზრების, აგრეთვე, ძირითადი სატრანსპორტო არტერიების გაკონტროლებისაკენ.

აშშ-ის პრეზიდენტების ისტორიულ რეიტინგებში, რომელიც ისტორიკოსების, პოლიტოლოგებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე დაყრდნობით დგება, აბრაამ ლინკოლნი განიხილება ამერიკის ისტორიაში უდიდეს პრეზიდენტად, მისი მთავარი „კონკურენტები“ არიან ფრანკლინ რუზველტი და აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს საპატიო მეოთხე ადგილი უკვია. აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რჩეული პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი კი ოცეულს ვერ სცილდება. ამის შემდეგ ძალზე გასაკვირია, რატომ არჩია ტრამპმა თეოდორ რუზველტს უილიამ მაკ-კინლი!

trampiii-1740119391.jpg
ტრამპ-ვენსის დუეტი: წინ ბევრი „სიახლე“ გელით

გასულ კვირას აშშ-ის ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კერძოდ კი - ტრამპ-ვენსის დუეტმა, კვლავ განაცვიფრა მსოფლიო. უფრო ზუსტად: გაახარა ჩვენი მტრები და სახტად დატოვა მეგობრები. ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა ჯერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლაში ახალი „პოლიტოლოგიური აღმოჩენებით“ სცადა, აღენიშნა „დიპლომატიური დებიუტი“ და თავი ყველასთვის დაემახსოვრებინა. ის ხომ პირველად იყო ამ დონის დიპლომატიურ ფორუმზე და პირველად ხედავდა „ცოცხლად“ პრეზიდენტებსა და პრემიერებს! ამიტომ პოპულისტურ არგუმენტებზე დაყრდნობით აკრიტიკა და აკრიტიკა „ბებერი ევროპა“. ყველაფერი დაუწუნა: დემოკრატია, რუსული „ჰიბრიდული შეტევებისგან“ ეროვნული ინტერესების დაცვის მცდელობა, ნატოს ეფექტიანობა და ა.შ. საფრთხე რუსეთიდან და ჩინეთიდან კი არ მოდის, არამედ - თქვენ ხართ თქვენივე თავის მტრებიო.

ამ რამდენიმე დღის წინ ვენსი თავის „პატრონს“ გამოესარჩლა და ასიამოვნა: თქვენ ერთი და შეუდარებელი ხართ, როგორც მომლაპარაკებელი და ისე, როგორც პოლიტიკოსიო, ხოლო ეს „პატარა დიქტატორები“ თავს იმართლებენ, როგორ შეიძლება ომის დროს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაო. ამ „არგუმენტის“ გასამყარებლად ვენსმა ორი მაგალითი მოიყვანა: 1864 წელს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა სამოქალაქო ომის დროს და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა 1945 წლის არჩევნებში მისი დამარცხების შესახებ თითქმის პოტსდამის კონფერენციაზე ყოფნის დროს შეიტყოო. რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას? 1864 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში მხოლოდ იმ შტატებში ჩატარდა, რომელთა ტერიტორიაზეც ბრძოლები არ მიმდინარეობდა. ამიტომაც იყო, რომ ეს არჩევნები ე.წ. კონფედერაციის ტერიტორიაზე (სადაც სამხრეთის 13 შტატი შედიოდა) არ ჩატარებულა. ხოლო რაც შეეხება უინსტონ ჩერჩილის დამარცხებას: დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები 1945 წლის 5 ივლისს გაიმართა, ხოლო ევროპის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები როდის დასრულდა და როდის მოაწერეს კაპიტულაციას გერმანელებმა ხელი, ეს განათლებით პოლიტოლოგმა ვენსმა წესით უნდა იცოდეს. ამ უსუსური არგუმენტების მოშველიებით, როგორ შეიძლება ახლა, ყოველწუთიერი დაბობვების ქვეშ მყოფ უკრაინაში ნებისმიერი დონის არჩევნების ჩატარება მოითხოვო? საინტერესოა, ტექნიკურად როგორ წარმოუდგენია „დუეტს“ საარჩევნო კამპანიის ჩატარება, რუსული დრონებისა და ბომბების თანხლებით?

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯ.დ. ვენსის „დაუვიწყარმა გამოსვლებმა“ აწ გარდაცვლილი, ასევე „დაუვიწყარი“ ვლადიმერ ჟირინოვსკი გამახსენა: კარიერა მანაც ვენსივით პოპულისტური, ნაციონალისტური და რასისტული განცხადებებით დაიწყო. მათ ძალზე ბევრი რამ აქვთ საერთო.

(მეორე ნაწილის დასასრული)