შოკში ჩავარდნილი ევროპა და ტრამპის წერტილი: "თუ ევროპა იმედოვნებს, რომ დონალდს გული მოუბრუნდება, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს" - The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ევროპა დღემდე ვერ აცნობიერებს თავის უუნარობასა და უმწეობას: ბრიუსელი უკრაინისადმი დახმარებას დონალდ ტრამპს კი არ უნდა ეხვეწებოდეს, თვითონ უნდა იმოქმედოს დამოუკიდებლად“ (ავტორი - დენიელ დეპეტრისი). „ვაშინგტონის პრიორიტეტებში ევროპა აღარ შედის, ამერიკას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი უფრო მეტად აინტერესებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ვიდრე ევროპა დონალდ ტრამპს უკრაინისათვის მოწყალების გაღებას სთხოვს, ევროპის ქვეყნებმა უმჯობესი იქნება, ერთმანეთში მოილაპარაკონ.
აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა ერ-რიადში, ორივე მხარის აღიარებით, წარმატებული გამოდგა. სამაგიეროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა ორი დღით ადრე პარიზში გამართული ევროკავშირის ლიდერთა სამიტი. მართალია, ერთად გადაღებულ ფოტოზე ყველა კმაყოფილია, მაგრამ როგორც კი სამიტი დასრულდა, სახეზე ყველას ღიმილი გაუქრა და მკაცრი გამომეტყველებით სახლებში დაბრუნდნენ. კითხვები, რომელთა გამოც ლიდერები შეიკრიბნენ, არ გადაწყვეტილა, იმავე სახით და იმავე რაოდენობით დარჩა.
ამ დღეებში ყველა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ლაპარაკობს. ევროპელებს არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ აშშ სამშვიდობო ძალების გაგზავნაში მონაწილეობას მიიღებს. თეთრ სახლს ამჟამად სულ სხვა პრიორიტეტები აქვს - ეფექტიანი ანტიჩინური სტრატეგიის შემუშავება და მისი რეალიზება ინდოეთ-წყნარი ოკეანეების რეგიონებში.
პრობლემა გამოიხატება იმაში, რომ ევროპული მთავრობები, როგორც ჩანს, ერთ ადგილს ტკეპნიან. ზოგიერთებს, მაგალითად, გერმანიას, საერთოდ არ სურს უკრაინაში ევროპული უსაფრთხოების ძალების განლაგების საკითხის განხილვა. ოლაფ შოლცის რეაქცია, რომელიც რამდენიმე დღეში კანცლერის პოსტს დატოვებს, თითქმის მტრული იყო. პოლონეთი, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში უკრაინას მხარს აქტიურად უჭერდა, დანტერესებული არ არის თავისი სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობით სამშვიდობო ძალებში. იტალია, ესპანეთი და დანია თავს იკავებენ, მათი პრემიერ-მინისტრები, განსაკუთრებით კი - იტალიელი ჯორჯა მელონი ეჭვობს, რომ ევროპული ძალების მოქმედება უკრაინაში ეფექტიანი იქნება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კი საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. ლონდონი, მართალია, ევროკავშირის წევრი აღარ არის, მაგრამ როგორც უკრაინის აქტიური მხარდამჭერი (ჯერ კიდევ ბორის ჯონსონის პრემიერობის დროიდან), მზად არის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცები გაგზავნოს. სხვათა შორის, კირ სტარმერმა იმედის მზერა ისევ ამერიკას მიაპყრო და განაცხადა, რომ მთავარი როლი მაინც ვაშინგტონმა უნდა შეასრულოს („ამერიკა რუსეთს ყველაზე ეფექტიანად შეაკავებს, მეორედ ომის დაწყების შემთხვევაში“).
ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ საით იხრება კირ სტარმერი: ამერიკელების გარეშე ევროპელებს, უბრალოდ, არც ძალა ეყოფათ და არც პოლიტიკური ნება, რათა ევროპული უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ, ცივი ომის დროიდან. იდეური ევროპელი ტრანსატლანტისტები, როგორც იქნა დარწმუნდნენ: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფნა-არყოფნა მთლიანად აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, აშშ-ის ადმინისტრაცია ამ დასკვნამდე დიდი ხანია, მივიდა. დონალდ ტრამპი ევროპელთა უუნარობაზე ამერიკის გარეშე ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე ლაპარაკობდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა. პირველი საპრეზიდენტი ვადის დროს იგი იმუქრებოდა, რომ ევროპას კარგად დაფერთხავდა, გონზე მოსასვლელად.
და მაინც, თუ ევროპა იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპს გული მოუბრუნდება ევროპაზე და პირველი ადმინისტრაციის კვალს არ გაჰყვება, ბრიუსელი ძალიან დიდ შეცდომას უშვებს.
მეორე ადმინისტრაცია ერთი თვეა, არსებობს და უკვე ძნელი არ არის იმის გაგება, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის საქმიანობის პრიორიტეტებში ევროპული უსაფრთხოება პირველ ადგილზე არ დგას.
ამერიკელი მაღალჩინოსნები - თავდაცვის მინისტრ პიტერ ჰეგსეთით და ვიცეპრეზიდენტ ჯიმს ვენსით დაწყებული და სპეცწარმომადგენელ კიტ კელოგით დამთავრებული, ამ დღეებში, მათ შორის მიუნჰენის კონფერენციაზეც, სულ ერთი მიზნის მიღწევას ცდილობდნენ: ევროპის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ამერიკას ერთდროულად ყველგან ყოფნა არ შეუძლია, ამიტომ მათ იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ვაშინგტონი ევროპისათვის რაიმეს ისევე გააკეთებს, როგორც ადრე აკეთებდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მკაცრი გზავნილია, რომელიც ევროპულ პოლიტიკურ ელიტას სრულებით არ მოეწონა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა აუცილებელი იყო.
უახლოეს კვირებში და თვეებში ევროპული მთავრობები, ალბათ, დიპლომატიურ ძალისხმევას გამოიჩენენ, რათა ვაშინგტონი უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში როგორმე ჩააბან, მაგრამ მათ დონალდ ტრამპის ხასიათი უნდა გააცნობიერონ: იგი ნებისმიერ საკითხზე იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. წერტილი!