"წყლის ადამიანები" - კვირის პალიტრა

"წყლის ადამიანები"

აგუარუნას ტომის ინდიელთა წარსულზე ცოტა რამ არის ცნობილი. კეჩუას ენაზე "აგუარუნა" ნიშნავს "წყლის ადამიანს". პერუს ძველი მცხოვრებნი - ინკები, როგორც ჩანს, ტყუილად არ უწოდებდნენ ასე. მათთვის ალბათ ცნობილი იყო აგუარუნას ინდიელთა უნარი - იცხოვრონ მშვიდობით და შეთანხმებით წყალთან, მდინარესთან.

აგუარუნას ტომის ინდიელები შემთხვევით არ სცემენ თაყვანს წყალს. მდინარე მათთვის არსებობის ძირითადი წყაროა. ისინი არცთუ ბევრნი არიან, დაახლოებით 12 ათასამდე. ტომი ცხოვრობს ტყეში, წინაპართა კანონებით, არავითარი კონტაქტი არ აქვთ გარემომცველ სამყაროსთან. როგორც ძველად, დაკავშირების ძირითადი საშუალება თანატომელთა შორის არის მდინარე. მათთვის მდინარე არის გზა, ფოსტა, ტელეფონი და ამასთანავე - საკვების ძირითადი წყარო.

მდინარეებში მრავალნაირი თევზია, უამრავი კუ და სამხრეთამერიკული ნიანგი. მდინარესთან დასარწყულებლად მოდიან ტაპირები, გარეული ტახები და თხები. აგუარუნას ხალხთა შორის აუცილებელად, ლამის წმიდათაწმიდად მიიჩნევა თევზაობისა და ნადირობის ხელოვნების შესწავლა, ცურვის ცოდნა, კანოეს (მოკლენიჩბიანი გრძელი ნავი) მართვა, რომელიც ხისგანაა გამოთლილი.

აგუარუნას ინდიელები ზედმიწევნით ამტანები არიან. შეუძლიათ რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში იცურონ მდინარეზე დინების საწინააღმდეგოდ და ოდნავადაც არ დაიღალონ. არაჩვეულებრივად ყვინთავენ და დიდხანს ძლებენ წყლის ქვეშ.

აგუარუნას ტომის წეს-ჩვეულებები საუკუნეობით არ იცვლებოდა. ოჯახში მამაკაცი ითვლება უფროსად. მან უნდა იპოვოს მოხერხებული ადგილი, გაჩეხოს მცენარეულობა, დაწვას და ნათესებისთვის მოამზადოს ნიადაგი, მოამარაგოს ოჯახი ახალი თევზითა და ნანადირევით, დაამზადოს ბადეები, სხვადასხვაგვარი საყოფაცხოვრებო მოწყობილობა, მშვილდი, ისრები, შუბები და ათასი სხვა წვრილმანი.

აგუარუნას მამაკაცები სანაქებო ხუროები და მშენებლები არიან. ისინი საცხოვრებლებს ამაღლებულ ადგილას აგებენ. საშენ მასალად იმას იყენებენ, რასაც ბუნება აძლევთ: ხის ტოტებს, ღეროებს, ბამბუკს, ლერწამს, პალმის ფოთლებს, თივას... ქოხი ისე იგება, რომ მასში წლის ნებისმიერ დროს სიგრილე იყოს. სიცხემ რომ არ შეაწუხოთ, სახლს ხიმინჯებზე დგამენ. ოთახები ისეა განლაგებული, რომ ყველა მათგანი ნიავდება. საცხოვრებელი კარგად არის დაცული წვიმისგან.

აგუარუნას მამაკაცები ფეიქრები და მკერავებიც არიან. ქალები სახლსა და ბავშვებზე ზრუნავენ, თუმცა მათ აღზრდას ოჯახის მამა უძღვება. მამაკაცების დამუშავებულ ნაკვეთზე ქალებს მოჰყავთ სხვადასხვა სახის ძირხვენა, ბანანი, სიმინდი, ციტრუსი, უვლიან შინაურ პირუტყვსა და ფრინველს, ამზადებენ თიხის ჭურჭელს.

აგუარუნას ინდიელებს სწამთ იდუმალი სულების, ბუნების ძლევამოსილი ძალების. მათი ძირითადი ღვთაებები მთვარე და მზეა. სჯერათ, რომ არსებობს კარგი და ცუდი ღმერთები. მათვე მიაწერენ სიხარულსა და დარდს, გამარჯვებასა და დამარცხებას.

"წყლის ადამიანები" ფაქიზად იცავენ წინაპართა ადათ-წესებსა და ტრადიციებს. საღამოობით, სამუშაო დღის მერე, მოხუცები და ახალგაზრდები იკრიბებიან და წრიულად სხდებიან. უფროსები ყვებიან მამებისა და ბაბუებისგან გაგონილ ამბებს. მათი ძირითადი მიზანია - ახალგაზრდობამ იცოდეს წარსული.

აგუარუნას ინდიელები მაღალი და მოძრავი ხალხია. მამაკაცები კუპრივით შავ, მბზინავ თმას კეფასთან იკრავენ, ქალები გაშლილი თმით დადიან და სხვა ტომელებისგან განსხვავებით, სამკაულებს არ ატარებენ.

ნოდარ ელიზბარაშვილი

ლია მაჭავარიანი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”