დასჯადია თუ არა კვერცხების სროლა, "მონა, მონას" ძახილი, ლანძღვა, გინება, დამუნათება? - რას განმარტავს იურისტი?
ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება საზოგადოება სამართალდამცავებისგან იმ პირების გამოვლენას და პასუხისგებაში მიცემას, ვინც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას დახვდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, არა ერთი შეფასება მოვისმინეთ.
ცნობილი იურისტი, ადვოკატი თამარ აბესაძე თვლის, რომ პოლიციას ადმინისტრაციული წესით დაკავებული უნდა ჰყავდეს ამ დანაშაულის ჩამდენი პირები, რადგან აეროპორტში მათი დაკავება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, ირგვლივ ყველგან კამერებია და სურვილის შემთხვევაში, არც მათი იდენტიფიცირება გაუჭირდებოდათ.
დასჯადია თუ არა კვერცხების სროლა, შეურაცხყოფა, "მონა, მონას" ძახილი, ლანძღვა, გინება, დამუნათება? - ამ ყველაფერზე სამართლებრივი განმარტებები ვთხოვეთ ადვოკატ თამარ აბესაძეს.
- ქალბატონო თამარ, ჩვენ ვნახეთ აეროპორტში როგორ დაესხნენ თავს სალომე ზურაბიშვილს, წინა დღეს ანალოგიურად მოექცნენ გიორგი გახარიას, ვნახეთ, როგორ აყენებდნენ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას და კვერცხები როგორ დაუშინეს, თუმცა ამ დრომდე ამისთვის არავინ დასჯილა. საინტერესოა, არის თუ არა დასჯადი ასეთი ქმედებები?
- რა თქმა უნდა, მე, როგორც ადვოკატს და იურისტს, მიმაჩნია, რომ ეს არის მინიმუმ წვრილმანი ხულიგნობა და ადმინისტრაციულად დასჯადია. სახეზეა მინიმუმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმას
ან კიდევ, ადმინისტრაციული წესით, ორ თვემდე პატიმრობას.
როგორც ვხედავთ, საზოგადოება გახლეჩილია, ოპოზიცია, ხელისუფლების მხარდამჭერები და, ასევე, არიან ნეიტრალური პირები. მე ამ საზოგადოებისგან მაინტერესებს ერთადერთი: ერთმანეთთან დასაბრუნებელ გზებს რატომ იჭრიან, რატომ კარგავენ ასე ერთმანეთს? წარმოუდგენლად მძიმეა, რაც ხდება ქვეყანაში.
რაც შეეხება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილზე და გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ქმედებას, ეს კანონით დასჯადია. ამის ჩამდენი უდავოდ უნდა დაისაჯოს. ანალოგიურად ვსაუბრობ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზეც, რომლებიც, ასევე, ამუნათებენ ადამიანებს, ესეც არ შეიძლება, ესეც დასჯადი ქმედებაა. ნებისმიერი ასეთი ქმედება - კვერცხების სროლა, ლანძღვა თუ გინება, არ შეიძლება. მით უმეტეს, კამერებითაა აღჭურვილი აეროპორტი და დამნაშავეების დადგენა, წესით, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. რით ვერ დაადგინეს ამდენ ხანს? შეიძლება დაადგინეს კიდეც, ესეც არ ვიცით.
- ბოლო დროს, ადამიანები ბევრს საუბრობენ პოლიციელების მხრიდან ადამიანის "გატაცებაზე". მათ დიდხანს ეძებენ სხვადასხვა განყოფილებაში, არის თუ არა პოლიცია ვალდებული, როცა პირს აკავებს, მაშინვე ოჯახს აცნობოს დაკავების ფაქტი?
- როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, როცა პოლიცია გიბარებს და არ მიდიხარ, მათ შეუძლიათ მოვიდნენ და იძულების წესით დაგაკავონ. ალბათ, ამას ეძახიან "გატაცებას", ადამიანის მოპარვას და ა.შ. სად უნდა ეძებო დაკავებული პირი, ეს ყველამ იცის, ის უნდა იპოვო დროებითი მოთავსების იზოლატორში.
- იყო შემთხვევა, როცა აქციიდან სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირებმა "ტვ პირველის" ოპერატორი გაიტაცეს. ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ 5-ჯერ დარეკეს 112-ში და რეაგირება არ იყო. უნდა მისულიყო თუ არა იქ პოლიცია?
- დიახ, პოლიცია ვალდებულია, მივიდეს გამოძახებაზე, პოლიციას უფრო მეტი მოეთხოვება. თუ კანონი ავალდებულებს მოქალაქეს გარკვეულ ქმედებებს და ითხოვს მისგან კანონის დაცვას, ანალოგიურად, პოლიციასაც ავალდებულებს, დაიცვას კანონი, წესები.
როდესაც დააკავებენ პირს, პოლიცია ვალდებულია, მისი ოჯახის წევრს შეატყობინოს ეს ამბავი. რომ არ ატყობინებენ, ეს არის გულგრილობა და დაუდევრობა. პოლიცია ასე იმართლებს ხოლმე თავს. როცა პირს აყოვნებს, ჩასვამენ მანქანაში და მიჰყავთ, დრო დასჭირდება, ამბობს, დაკავებულად არ ითვლება ის პირი მანამ, სანამ არ გააფორმებენ დაკავების ოქმს, ამიტომ ამბობენ, დაკავებული მანამდე არ არისო, მაგრამ თავისთავად პირი ხომ დაკავებულია? როდესაც შედგება დაკავების ოქმი, პოლიციელი ვალდებულია, რომ დარეკოს დაკავებულის ახლობელთან, იმიტომ, რომ ეს არის პირის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება და ეს უფლება არ უნდა შეიზღუდოს. უნდა იცოდეს ოჯახმა მისი ადგილსამყოფელი და დაკავებულმა პირმა ადვოკატის მომსახურებით აუცილებლად უნდა ისარგებლოს.
- დაკავებულს ერთი ზარის განხორციელების უფლება აქვს, ვთქვათ, ჩასვეს მანქანაში, შეუძლია, მას იქვე მოითხოვოს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება?
- სამწუხაროდ, ერთი ზარის უფლება კარგ ფილმებში გვინახავს. საქართველოში ვიდრე პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მოხვდება, ტელეფონს არ მისცემენ.
მაგრამ როცა პირს აკავებს პოლიციელი, ის ვალდებულია, დაკავებულის ახლობელს შეატყობინოს ეს ამბავი. ზოგს, მაგალითად, არ უნდა მისი დაკავება გაიგოს მისი ოჯახის წევრმა და სურს, შეატყობინოს უშუალოდ ადვოკატს ან სხვა ახლობელს, რომელიც მეტად ეიმედება. დაკავებული ვისაც აირჩევს, იმ პირს უნდა დაურეკოს სამართალდამცავმა და შეატყობინოს ფაქტი და ისიც, თუ სად იმყოფება დაკავებული. ახლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით დაკავებულ პირებთან ხდება ამ წესის უგულებელყოფა, თორემ, ზოგადად, როცა სისხლის სამართლის ბრალდებით აკავებენ პირს, მაშინ რეკავს პოლიციელი და აცნობებს ხოლმე ოჯახს დაკავებაზე. იქიდან ვიგებთ, ვინ სად არის.
- ადმინისტრაციული პატიმრობის დროს რატომ არ ატყობინებენ?
- მაინც ვალდებულია პოლიცია, რომ შეატყობინოს დაუყოვნებლივ. აქციის ბევრ მონაწილეს რომ აკავებენ, ადგილები არ ყოფნით, ამიტომ ვის სად შეასახლებენ, არ იციან, რიგები დგას ხოლმე და ვფიქრობ, იმიტომ არ ატყობინებენ დროულად ოჯახებს, რომ არ მოხდეს პოლიციის მანქანაზე, სადაც დაკავებული ზის, აქტივისტების თავდასხმა. "პოლიციის შესახებ" კანონში გარკვევით წერია, რომ უნდა შეატყობინოს, მაგრამ სანამ შენობაში არ შეიყვანენ, მანამდე არაფერს ამბობენ.
- თქვენ ამბობთ, რომ დანაშაულად ითვლება მორალურად დამამცირებელი ქმედებების ჩადენა საჯარო პირების მიმართ, ეს იქნება კვერცხების სროლა, "მონა, მონას" ძახილი, თუ სხვა რამ, როცა ადამიანს სხეულზე ხვდება ნასროლი კვერცხი, თუ სხვა საგანი, ეს ქმედება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული?
- ჩვენ ვისაუბრეთ წვრილმან ხულიგნობაზე, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და 166-ე მუხლი, ეს უნდა მიუყენონ წესით ასეთი ქმედების ჩამდენ ადამიანებს.
მე თუ მკითხავთ ის ქმედება, რაც განხორციელდა აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე, რომ მას მოხვდა ნასროლი კვერცხი, არის უკვე სისხლის სამართლის დანაშაული.
იგივე მინდა ვთქვა იმ მოსამართლეზე, რომელსაც ესროლეს კვერცხი ოპოზიციურად განწყობილმა ახალგაზრდებმა, ესეც, რა თქმა უნდა, იმავე სახის დანაშაულია.
საჩხერის მოსამართლეზე განხორციელებულ ქმედებას ვგულისხმობ.
აქვე მინდა შევეხო, მოსამართლე ლილი მსხილაძეს რომ გადაუდგნენ წინ და საშინელი ტექსტები მოვისმინეთ. მართლა ძალიან შევშფოთდი. ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ გეტყვით, ლილი მსხილაძე იყო 2005 წლამდე დიდუბის რაიონის სასამართლოში მოსამართლე და მას ვერ იტანდნენ, იმიტომ, რომ ფულს არ იღებდა, ის იყო მოუსყიდველი მოსამართლე.
ამიტომ ვერავინ იტანდა ამის გამო. მე არ მეგულება ვინმე, ლილი მსხილაძეზე თქვას, რომ უსამართლოა. ერთადერთი მოსამართლეა, რომლის მდივანი და თანაშემწე არ მახსოვს, რადგან ყოველთვის თავის დროზე წერდა განაჩენს და არ იყო სახვეწარი მისთვის არაფერი. ვინც გვაწვალებდა მაშინ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფული უნდა აეღოთ. ისინიც - ყველა გვახსოვს. მედალს ორი მხარე აქვს. ამხელა შეურაცხყოფა მიაყენეს სალომე ზურაბიშვილს, დადევნება, კვერცხების სროლა, არ შეიძლება მოხვედრილმა კვერცხმა ტკივილი განგაცდევინოს? სილის გაწვნა თუ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული? მე ვემიჯნები პოლიციელზე სილის გაწვნას, მაგრამ ფაქტს აღვნიშნავ.
- დიახ, აღიარებს მზია ამაღლობელი რომ მან პოლიციელს სილა გააწნა სახეში, მაგრამ ამბობს, რომ პოლიციელმაც შეაფურთხა ამ ადამიანს სახეში. თუ წყობიდან გამოვა ასეთი ქმედების გამო ადამიანი და საპასუხოდ რამეს ესვრის ან სილას გააწნის მეორე პირს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული?
- პოლიციელი ან ნებისმიერი სხვა თუ შეგაფურთხებს, ცხადია, ამაზე მწვავე რეაქცია გექნება ადამიანს. სამწუხაროა ისიც, რაც წინა თვეებში აქციებზე ვიხილეთ: პოლიციელები, სპეცრაზმელები რომ ძირს დაგდებულ ახალგაზრდებს წიხლს ურტყამენ, ასეთი ქმედების ჩამდენები უნდა დაისაჯონ, მაგრამ არ დასჯიან, იცით, რატომ? - პოლიციელი რომ დასაჯო, მერე არც ერთი პოლიციელი და სპეცრაზმელი არ გამოვა აქციაზე სახელმწიფოს მხარდასაჭერად და ამის გამო არ აკავებენ მათ. ქვემდგომები ისე იქცევიან, როგორც ბრძანებას მისცემენ მათ. იქ უნდა იდგეს ღირსებით პოლიციელი და უღირსი საქციელი არ უნდა ჩაიდინოს. პოლიცია უნდა იყოს სახე. ვიცი, რომ იქ არიან ღირსეულები, მე არ მინდა, პოლიციის მიმართ ნდობა დაიკარგოს საზოგადოებაში.
ამას წინათ ინტერნეტში წავაწყდი, საშინელ სიტყვებს წერდნენ დაკავებული ქალბატონები, რომ ასე მიმართეს მათ პოლიციელებმა დაკავების დროს, საშინელი ჩამონათვალი იყო და სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერე, რადგან ვისთანაც შეხება მქონია, და ამდენი ხანია, ვმუშაობ ადვოკატად, ჩემი კლიენტებისგან ეს არ მომისმენია.
თუმცა იყო შემთხვევები, როცა დაკავებულ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვსაუბრობ კონკრეტულად ჩემს დასაცავზე, რომელიც არის არასრულწლოვანი. ისევ იმ არასრულწლოვანმა დაიხია უკან, თორემ ძალიან მონდომებული ვიყავი, ისინი ემხილებინა და დასჯილიყვნენ. ასე არ შეიძლება.
- როცა შეურაცხყოფას გაყენებენ ადამიანს, შეიძლება შენც გამოხვიდე წყობიდან, რამე ესროლო მას ან რამე უთხრა, პროვოკაციაზე წამოგაგონ, ამ დროს შესაძლებელია, შენც დაგაკისრონ პასუხისმგებლობა?
- თუკი პროვოცირებულია ქმედება, ის დასჯადი აღარ არის. ახლა რასაც ვუყურებ, სასამართლოში სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა გააფრთხილეს პირი და არ დააკისრეს ჯარიმა. ეს ძალიან გამიხარდა. ხომ შეიძლება შემოიფარგლონ ამ გაფრთხილებით, ამხელა ჯარიმებს რომ აკისრებენ ბავშვებს, სტუდენტებს. გასაგებია, გაჟღერდა ინფორმაცია, ამ ახალგაზრდებს ფინანსურად უზრუნველყოფენ სხვები და ისინი ეხმარებიან ჯარიმის გადახდაშიო, მაშინ რა აზრი აქვს ადმინისტრაციული სახდელის გადახდას?
- თუ გესროლეს კვერცხი ან სხვა ნივთი და არ რეაგირებს პოლიცია, ასეთ დროს უნდა იჩივლოს დაზარალებულმა, რომ აიძულოს პოლიცია, გამოავლინოს დამნაშავე?
- სისხლის სამართლის საქმეში ჩივილს არ აქვს მნიშვნელობა. პოლიცია ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს ფაქტზე და გამოავლინოს დამნაშავეები, რომ მათ აგონ პასუხი. პოლიციამ უპირობოდ უნდა დაიწყოს დევნა. საჩივრის შეტანა აუცილებელი არ არის. იგივე პრინციპი მოქმედებს ადმინისტრაციულ დანაშაულზეც.
აეროპორტში მომხდარი ფაქტის გამოვლენა ძალიან ადვილად შეუძლიათ. კამერები ყველგან არის და აქამდეც უნდა დაეკავებინათ ის პირები. შეუძლია პირმა უთხრას, მიმართოს თავისი პრეტენზიის შესახებ სხვას, მაგრამ ლანძღვა, შეურაცხმყოფელი სიტყვები, სხვადასხვა საგნები ესროლოს, კვერცხი ესროლოს, ამის უფლება ვინ მისცა? გინდა პოზიცია იყოს, გინდა - ოპოზიცია. ეს არის ყოვლად ამაზრზენი საქციელი, ეს არის დაბალი ინტელექტის მაჩვენებელი, ამას ჩადის სიძულვილით გაჟღენთილი ადამიანი და ქმედება არის დასჯადი.
მოქალაქეები ისედაც აღშფოთებულები არიან, ვინ უფრო მაგარ შეურაცხყოფას მიაყენებს ერთმანეთს, ამას ცდილობენ, ეს არის სირცხვილი. მაქსიმალურად ვერიდები ხოლმე ჩემი პოზიციის დაფიქსირებას.
შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართავ, პოლიციელებმა იმოქმედონ კანონიერად. დასაჯონ ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ამ დრომდე რომ არავინაა დასჯილი, ეს არ უნდა ხდებოდეს.
იმედი არ მაქვს, რომ ვინმე დაისჯება, მაგრამ თუკი ერთ მხარეს სჯი, აქეთ მხარეს რატომ არ სჯი? პოლიციელებმა, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი თავიანთი ემოციებისგან. თუ ნერვები არ ჰყოფნით, მაშინ დატოვონ სამსახური და წავიდნენ სახლში. მე ვხედავ იქ პოლიციელებს, რომლებსაც ძალიან ბევრის მოთმენა შეუძლიათ, ზოგიერთს კი ნერვები არ ჰყოფნის. დღეს რასაც ვხედავ, ეს არის საშინელი დამოკიდებულება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. ვემიჯნები ამ ყველაფერს. შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი იმუშაოს პოლიციელებთან, რომ ქვეყნის მასშტაბით პოლიციელებმა ღირსება არ დაკარგონ. ჩაატაროს თათბირები და მოუწოდოს მათ, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს.
(სპეციალურად საიტისთვის)