დანაღმული პეიჯერებიდან დანაღმულ სათვალეებამდე - ისრაელის „მოსადის“ გამოცდილებას უკრაინა რუს ოკუპანტებზე „ხვეწავს“ - კვირის პალიტრა

დანაღმული პეიჯერებიდან დანაღმულ სათვალეებამდე - ისრაელის „მოსადის“ გამოცდილებას უკრაინა რუს ოკუპანტებზე „ხვეწავს“

ისრაელის მხრიდან „ჰესბოლას“ საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებაზე სამხრეთ ლიბანში 2024 წლის17-18 სექტემბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, როდესაც ათასობით „ჰესბოლელს“ ხელში აუფეთქდათ „მოსადის“ მიერ წინასწარ დანაღმული პეიჯერები, მსოფლიოს სპეცსამსახურების წარმატებული საიდუმლო ოპერაციების ათეულში ნამდვილად შევა...

თუმცა ისრაელის „მოსადს“ ამ ათეულში ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურის(სავარაუდოდ, სამხედრო დაზვერვის) მიერ ახლახანს განხორციელებული ოპერაცია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ,რომელიც შეიძლება ისეთივე მასშტაბის არ იყოს, რაც „ჰესბოლას“ გაუკეთეს, მაგრამ თავისი გამოგონებითა და სიეშმაკით ნამდვილად არ ჩამოუვარდება...

2-sat-1740126435.jpg
FPV-სათვალეებში ჩასაწყობი მინიატურული ასაფეთქებელი მოწყობილობები

ის, რომ უკრაინის ომში ორივე მხარე აქტიურად იყენებს კამიკაძე FPV-დრონებს, ახსნა აღარც სჭირდება - FPV იშიფრება, როგორც First Person View ანუ „პირველი პირიდან დანახული“. დრონის ოპერატორს უკეთია სპეციალური სათვალე, რომელშიც დამონტაჟებულია ეკრანი და ოპერატორიც ამ ვიდეოგამოსახულების მიხედვით, რადიოკავშირის საშუალებით დისტანციურად მართავს საფრენ აპარატს.

საერთოდ, კამიკაძე-დრონებს არაერთი მისსავე ოპერატორი და დამხმარე შეეწირა, გინდ რუსების და გინდაც უკრაინელების მხრიდან - დრონის გასაფრენად მომზადებისა და მასზე კუსტარული ასაფეთქებელი მოწყობილობების დამაგრების პროცესში...

მაგრამ ის, რომ დისტანციური პულტით ხელში მჯდომი დრონის ოპერატორი სავარძელშივე ფეთქდებოდეს, ეს მანამდე არავის ენახა, თუმცა ერთი თვის წინ ასეთი არანაკლებ რვა შემთხვევა მოხდა ერთმანეთის მიყოლებით, როდესაც ფრონტის ხაზზე დრონების მართვისას რუსი ოკუპანტები სკამებზევე აფეთქდნენ...

3-sat-1740126435.jpg
FPV-სათვალეში კულერის ადგილზე დამონტაჟებული მინი-ბომბი

რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მცირე სიმძლავრის აფეთქება ხდებოდა სწორედ იმ სპეციალურ სათვალეში, რომლებიც ოპერატორებს თავზე ეკეთათ, რის შემდეგაც ოპერატორებმა თავის არეში,კერძოდ კი საფეთქლებთან დაზიანებები მიიღეს, დაკარგეს მხედველობა, თუმცა ცოცხლები გადარჩნენ...

ცოცხლები კი იმიტომ გადარჩნენ,რომ დეტონაციას განიცდიდა მხოლოდ 10-15 გრამის მასის პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც წინასწარ განთავსებული იყო FPV-სათვალის იმ ნაწილში, სადაც წესით გამაგრილებელი კულერი(რომელიც იცავს კომპიუტერულ პროცესორებს გადახურებისგან) უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული...

4-sat-1740126434.png
გახსნილ პლასტმასის კონტეინერში ჩადებულია ელექტროამფეთქი და ჩაყრილია 10-15 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება...

მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვამ გაარკვია აფეთქებების წყარო და მექანიზმი, ამ სპეცოპერაციამ დაკარგა მოულოდნელობის ეფექტი და უკრაინის სპეცსამსახურმაც(დიდი ალაბათობით, გენერალ ბუდანოვის სამხედრო დაზვერვამ) მოახდინა მანამდე ძალზე გასაიდუმლოებული ინფორმაციის ნაწილის განზრახული „გაჟონვა“ უკრაინის მასმედიის დაახლოებულ წყაროებში.

5-sat-1740126434.jpg
დანაღმული FPV-სათვალეები უკრაინელმა დივერსანტებმა რუს ოკუპანტებამდე ჯერ...დაკლული ღორების თავებზე გამოსცადეს...

უკრაინულ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა იმ რუს ვოლონტერებს, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეხმარებიან, უფასოდ მიაწოდა 80 ერთეულამდე Skyzone Cobra-ს ტიპის FPV-სათვალე. გახარებულმა ვოლონტარებმაც ეს სათვალეები მაშინვე ფრონტის ხაზზე გაუგზავნეს FPV-დრონების ოპერატორებს და შედეგმაც არ დააგვიანა - FPV-სათვალის ჩართვის შემდეგ, უნდა ამოქმედებულიყო კულერი პროცესორის გასაგრილებლად...თუმცა მის მაგივრად დამონტაჟებული მინი-ბომბი ინიცირდებოდა 10-15 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით...

და, როგორც ირკვევა, უკრაინელ დივერსანტებს რუსი ოკუანტების თავებზე დანაღმული FPV-სათვალეების აფეთქებებამდე,ეს ნოუ-ჰაუ დაკლული ღორების თავებზე გამოუცდიათ...