ევრო 2012 და უკვე ფეხბურთის დღევანდელი დღე... - კვირის პალიტრა

ევრო 2012 და უკვე ფეხბურთის დღევანდელი დღე...

უეფა-ს საქმიანობა ისეა აწყობილი, რომ კაცს ერთი დღით სულის მოთქმის საშუალებასაც არ აძლევს.

დასრულდა თუ არა ევროპის ჩემპიონატი, კონტინენტის საფეხბურთო მარაქაში ჩვენც აღმოვჩნდით და ხვალ ქუთაისის "ტორპედოსა" და რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელებს ევროპის ლიგის გათამაშების პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი მატჩები ელით. ქართველ სტაჟიან და განსაკუთრებით ყმაწვილ გულშემატკივრებს კი თავიანთი ევროპის ჩემპიონატის განცდების უკვე ჩვენს გუნდებზე გადმოტანა მოუწევთ, მითუმეტეს რომ შორს არც ზესტაფონისა და ბაქოს "ნეფთჩის" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩია. იმერელთა ევროპულ დებიუტს განსაკუთრებული ინტერესითა და აზარტით ველით, რადგან გარდა იმისა, რომ ბაქოს "ნეფთჩი" თბილისის "დინამოსთვის" საუკეთესო წლებშიაც კი უხერხული მეტოქე იყო, ზესტაფონმა შვედურ "ჰელსინგბორგთან" ორი წლის წინ გამართულ შეხვედრაში, ბევრ სტაჟიან ფეხბურთის მოყვარულს გაახსენა, თუ რა არის ქართული გუნდის გულშემატკივრობა, ხოლო ახალბედებს კი დაანახა, რომ ჩვენთვის სულერთია თუ ვინ მოიგებს – ესპანეთი თუ იტალია, საფრანგეთი თუ გერმანია და რომ წესით და რიგით, სულაც არ უნდა გვაინტერესებდეს გახდება თუ არა ოდესმე ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონი ან იოაჰიმ ლიოვის გუნდს ეღირსება თუ არა იტალიის ნაკრების ძლევა...

მამა ავთანდილის მიერ დალოცვილი ქუთაისის "ტორპედო" ყაზახეთის "აკტობესთან" შეხვედრის წინ სრულ მზადყოფნაშია და საბუკმეიკერო კანტორებსაც საქართველოს წარმომადგენელი ფავორიტის რანგში ჰყავთ შერაცხული. ქუთათურების მოგებაზე კოეფიციენტი დაახლოებით 1.6-დან 1.7-მდე მერყეობს. ასევე ფავორიტის როლშია რუსთავის "მეტალურგი", რომლის მოგებაზედაც კოეფიციენტი "ტეუტასთან" გასვლით შეხვედრაში 2.0-2.1-ის ტოლია. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპის ლიგის გათამაშებაში, 19 ივლისს ქვეყნის თასის მფლობელი და გოგიტა გოგუათი (და არამარტო) გაძლიერებული გორის "დილაც" ჩაებმება, რომლის მეტოქეც გამოცდილი დანიური კლუბი "ორჰუსი" იქნება.

ევროპის ჩემპიონატის ექო კი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაამშვენებს და აისახება ძველი კონტინენტის როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო ფეხბურთზე. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ანათემას გადასცა" ჰოლანდიელ სპეციალისტ დიკ ადვოკაატის მოღვაწეობა ნაკრებში და უკვე გავრცელდა ხმა, რომ რუსეთში დიდია სურვილი ნაკრების მწვრთნელად ცნობილ იტალიელ სპეციალისტ ფაბიო კაპელოს ხილვისა.

ინგლისის ნაკრებიდან "შემოქმედებით შვებულებაში" გასული მწვრთნელი კი წინასწარი ინფორმაციით თანახმაა საქმიანი მოლაპარაკებების გასამართავად, თუკი საუბარი რიგითი ჟურნალისტების დონეზე არ იქნება და მის აგენტს რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად მიმართავს.

ლონდონის "ტოტენჰემ ჰოტსპურმა" კი ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბს მომავალი სეზონიდან ანდრე ვილაშ-ბოაში გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონის "ჩელსიდან" არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო გაათავისუფლეს. მისმა შემცვლელმა რობერტო დი მატეომ კი ლონდონური კლუბი პირველად მის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად აქცია.

"ტოტენჰემი დიდი ტრადიციების მქონე სახელოვანი კლუბია, რომელსაც საოცარი გულშემატკივარი ჰყავს. ასეთი გუნდის მწვრთნელობა დიდი პატივია ჩემთვის" – განაცხადა ახალგაზრდა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

აი გასული წლის გათამაშების ფინალისტ – მიუნჰენის "ბაიერნის" უფროსი მწვრთნელის – იუპ ჰაინკესის ბედი კი კლუბის მმართველი დირექტორის – კარლ ჰაინც რუმენიგეს თქმით, მიმდინარე წლის ბოლოსათვის გადაწყდება.

აქვე ერთი მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ, რომელიც აუცილებლად დააინტერესებს ფეხბურთის მოყვარულთ. მადრიდის "რეალი" მზადაა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები მიუნჰენის "ბაიერნის" 27 წლის ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერის გადაბირების თაობაზე. წინასწარი ინფორმაციით, სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ შვაინშტაიგერი მის თანამემამულე სამი ხედირაში ჩაანაცვლოს, რომელიც გაცვლის შემთხვევაში სამშობლოში – მიუნჰენის "ბაიერნში" გაემგზავრება...

უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ფრანგული "ლიონის" გოლკიპერი უგო ლორისი. საქმე ისაა, რომ 20 მილიონ ევროდ, მის გაშვებას არც კლუბის პრეზიდენტი ჟან მიშელ ოლა ეწინააღმდეგება, მაგრამ სამწუხაროდ კლიენტი არ ჩანს... ეტყობა ევროპის ჩემპიონატზე ოთხ მატჩში გაშვებულმა ხუთმა გოლმა კარგი სამსახური ნამდვილად ვერ გაუწია ლორისს და ევროპის წამყვანი კლუბებიდან მას არვინ ეპატიჟება, რისი დიდი იმედიც ჰქონდათ ჩემპიონატამდე, როგორც "ლიონის" პრეზიდენტს, ასევე თავად მეკარეს.

ლორისის თანამემამულე უეფა-ს პრეზიდენტს კი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სთხოვა, რომ ინგლისურ ენაზე ესაუბრა. მიშელ პლატინიმ პასუხად აღნიშნა, რომ ფრანგული უეფა-ს ოფიციალური სასუბრო ენაა და რომ... თავისუფალ დროს უკრაინაში არყის სმით ერთობოდა. შემდეგ უეფას უმაღლესმა ჩინოვნიკმა ხოტბა შეასხა ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებს და ისე ისაუბრა, თითქოს ევროპის ჩემპიონატმა უნაკლოდ განვლო და არც პოლონელ და რუს გულშემატკივრებს შორის ხელჩართულ ჩხუბს, არც მსაჯების შეცდომებს, არც რასისტულ გამოვლინებებს ადგილი არ ჰქონია. ჟურნალისტის შეკითხვაზე ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, პლატინიმ აღნიშნა, რომ იგივე უცხო არაა არც ინგლისის, არც საფრანგეთის სტადიონებისათვის, რაზედაც უეფა უმკაცრეს ზომებს ღებულობს. და ბოლოს, პლატინიმ სიხარულით აღნიშნა, რომ იდეის დონეზე მუშავდება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის გარეშე მოწყობა – "ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მთელი კონტინენტის მასშტაბით 12-13 ისედაც გამართული ინფრასტრუქტურის მქონე სტადიონზე ტურნირის ჩატარება გაცილებით მომგებიანი იქნება სამომავლოდ" – განაცხადა პლატინიმ.

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)