გინდათ ბოსტნის გაშენება? ამისთვის ჯერ სათანადო ცოდნით უნდა შეიარაღდეთ და მის გაშენებას არა მარტო ნაკვეთში, არამედ კორპუსის ბინის მე-7 სართულზეც შეძლებთ. ამას შალვა გორდეზიანმა დიდი მონდომებითა და საქმისადმი მიზანმიმართული მიყოლა-მიდგომით მიაღწია. დღეს ის მებოსტნეა და სხვებსაც დაუზარლად აძლევს რჩევებს. - პროფესიით აგრონომი ბრძანდებით? - სატყეო კი მაქვს დამთავრებული, მაგრამ პროფესიით არ მიმუშავია. ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, მაშIინ აირია საბჭოთა კავშირი. საერთოდ, საქართველო უამრავ მეტყევეს აწვდიდა საბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებიც ტყეს აშენებდნენ... სხვადასხვა კუთხით ვმუშაობდი, პროფესიის შეცვლაც დამჭირდა. შალვა გორდეზიანი: - 6 წლის წინ მიწის მოვლა-პატრონობა გადავწყვიტე გურიაში, დედის გარდაცვალების შემდეგ მის ძველ კარ-მიდამოში, სადაც უძველესი ოდაც დგას. მე და ჩემს მეუღლეს ბოსტნეულის მოყვანა არ გამოგვივიდა, არაფერი ვიცოდით. თბილისში დაბრუნებული ამ საქმეს საფუძვლიანად ჩავუჯექი. მას შემდეგ, რაც სტატიებს, ლიტერატურას გავეცანი და ვიდეოც არაერთი ვნახე, ექსპერიმენტების ჩატარება განვიზრახე და ზამთარში ბანანის ყუთში პატარა მინისათბური გავაკეთე და ეს კორპუსის ბინაში, საბურთალოზე. სითბოს დაჭერას ყუთში ვერ მოვახერხებდი და ამისთვის სათბურა გამოვიყენე. - სათბურაში წყალი მალე არ ცივდებოდა? - რომ გაცივდებოდა, თბილი წყლით თავიდან ვავსებდი. სამ საათში ერთხელ წყალს ვუცვლიდი და სითბოს ასე ვინარჩუნებდი. იმ ყუთში სამი სათბურა ეტეოდა, ზემოდან ცელოფანი ჰქონდათ გადაფარებული. - რა გქონდათ დათესილი? - სხვადასხვა ბოსტნეული და ექსპერიმენტმა გაამართლა... ჩითილები რომ ამოვიდა, ნახევარლიტრიან პლასტიკურ ჭიქებში გადავიტანე და ფანჯრის რაფაზე დავაწყვე. წარმოიდგინეთ, ნაყოფიც გამოისხა. ამ პატარა ექსპერიმენტმა სტიმული მომცა. მერე დავუკავშირდი უკრაინელ მებოსტნეებს, ისინი ჩემს კითხვებზე პასუხებს დაუზარლად პასუხობდნენ. ამასობაში პირველი თერმობოქსიც შევქმენი, სადაც 400 მცენარის გამოყვანა შემეძლო. ქვემოთ ჰქონდა ელექტროფირფიტა, რომელიც თბებოდა. გავუკეთე ხელოვნური განათება, სითბოსა და სინათლის ამრეკლები. მითხრეს, რომ როგორც კი თესლი გაიღვიძებდა და ნერგი ამოვიდოდა, ერთი კვირის განმავლობაში 24-საათიანი განათების ქვეშ უნდა მქონოდა. - ხარისხიანი ნერგები ამოვიდა? - 400-ვე ნერგი საღი იყო, ამავე დროს, ხასხასაც, მაგრამ მაშინ არც ტერიტორია მქონდა, არც ფართობი, რომ ღია გრუნტში გადამეტანა და მათი გაჩუქება დავიწყე. გავგზავნე ჩემს სოფელში, გურიაში. მერე იქ მეუღლესთან ერთად წავედი. სათესლე მასალა მომარაგებული გვქონდა. პრიორიტეტი ჰიბრიდს მივანიჭე, რამდენიმე ჯიშისგან გამოყვანილ თესლს. მისი აღმოცენების უნარიანობა 95%-ია, ჯიშის კი 60%. ჩითილები რომ გამოვიყვანე, ღია გრუნტზე თოკებზე ავიყვანე, რადგან სარები არ მქონდა. ეს მეთოდი სოფელში ნანახი არ ჰქონდათ და ცოტა გაუკვირდათ. არადა, მოსავლელად გაცილებით მარტივია. - რა ბოსტნეული იყო? - კიტრი და პამიდორი. მერე მეზობლებს ვუთხარი, გასწავლით, ასე როგორ მოიყვანოთ და მოუაროთ-მეთქი. იმ ყველაფერმა რომ გაამართლა, თბილისში შემეხმიანენ, იქნებ თესლები და ჩითილები გამოგვიგზავნო, კმაყოფილი ვართო. მათაც გავუგზავნე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც მივაწოდე. მომდევნო წლის სეზონისთვის შეკვეთები მივიღე. მერე სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში რეკომენდაციების გაცემაც დავიწყე, მრჩეველი გავხდი. - როგორც ვიცი, კორპუსის ბინაში მინი-ბოსტანიც გააკეთეთ. - ბევრი რამ დავთესე, ყველა ეტაპზე ფოტოებს სოციალურ ქსელში ვტვირთავდი. აბიბინდა ყველაფერი... იუთუბზეც შევქმენი გვერდი, ერთ-ერთმა ტელევიზიამ სიუჟეტიც მოამზადა. ხალხმა ასე გამიცნო და ჩითილების შეკვეთებმაც მოიმატა. შემდეგ ნათესავებთანაც წავიწუწუნე,მიწის ნაკვეთი არ უნდა მქონდეს, როცა ასე მიყვარს ეს საქმე-მეთქი?! ნათესავმა ჩემთან წამოდიო, და ივერთუბანში ამიყვანა. აგერ 1200 კვადრატი მიწის ფართობია, აქ ჯერ არაფერს ვაპირებ და რაც გინდა, ის გააკეთეო... არაჩვეულებრივი მოსავალი მოვიყვანეთ, მაგრამ იმდენად ძლიერი ქარები იყო, ყველაფერს აფუჭებდა. მოსავალი რომ გადამერჩინა, პატარა გვირაბ-სათბურების მოწყობა დავიწყე. გაამართლა, მაგრამ ქარი მაინც ებრძოდა. მე და ჩემმა ნათესავმა ნოდარმა გავაკეთეთ 300 კვადრატის სათბური, რათა ადრეული მოსავალი მიგვეღო. ასე დაიწყო ყველაფერი. - ახლა რა მოგყავთ ამ სათბურში? - ჯერ ტყის მიწა და გადამწვარი ნაკელი შევიტანეთ. კვლებზე მოსავალი მხოლოდ ოჯახისთვის მოგვყავს, კომერციული მიმართულება კი ჩითილებია. ისინი კასეტებში გამოგვყავს. - იქვე? - სახლში, ერთ ოთახში, მე-7 სართულზე მაქვს სტელაჟები, სადაც 8 000 ჩითილი ეტევა. სითბოც მაქვს და ხელოვნური განათებაც. როცა ჩითილის გადატანის დრო დგება, სათბურში გადამაქვს და ოთახში უკვე ახალი ითესება. კონვეიერული სისტემაა. სხვადასხვა კულტურის ჩითილებს სხვადასხვა დრო სჭირდება. პამიდორს თუ 50 დღე უნდა, კიტრს - 22 დღე, მერე კი დიდ გრუნტში უნდა გადავიდეს. ნერგის გადაზრდაც არ არის მიზანშეწონილი, გადაზრდილის გადარგვას აზრი არა აქვს. - რატომ არის უპირატესი დაჩითილება და არა პირდაპირ ღია გრუნტში დათესვა? - ერთი რომ ადგილს არ კარგავ, ზუსტად იცი, ჩითილი აუცილებლად ამოვა, დათესვისას კი შეიძლება არ გაამართლოს და ადგილი დაკარგო ან მავნებელმა შეჭამოს. ამის გარდა, პერიოდი უნდა დაიჭირო. ჩითილის გამოყვანას თებერვალში რომ დავიწყებ, გაზაფხულზე გრუნტში გადამაქვს. დროსაც ვიგებ და უდანაკარგოც არის, ოღონდ ერთიცაა - თუ თესლი ხარისხიანია, პირდაპირ გრუნტში დათესვისას ფესვთა სისტემა მეტად ვითარდება, ნიადაგს თავიდანვე ეგუება... მოკლედ, ყველა შემთხვევას თავისი პლუს-მინუსები აქვს. მე მაინც უპირატესობას დაჩითილებას ვანიჭებ. - ამ ეტაპზე რამდენი დასახელების ჩითილი გამოგყავთ? - 40-მდე. სხვადასხვა სალათით ვიწყებთ, არის კომბოსტო, ბროკოლი, სიცივეგამძლეებია, უძლებენ ყინვასაც, ოღონდ არა ჩითილობის პერიოდში. ეს თებერვლის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე ხდება. აღმოცენების უნარიც სხვადასხვა კულტურას განსხვავებული აქვს. ყველაზე სწრაფად კიტრი აღმოცენდება, საერთოდ, გოგროვანი კულტურები - 3-დან 5 დღემდე. ამ დროს სასურველია 25-დან 28°ჩ-მდე სითბო. პამიდვრის ამოსვლისუნარიანობა 7-10 დღეა, წიწაკებს შეიძლება 2 კვირა დასჭირდეს. ბადრიჯანიც ასეა. სალათებიც მალე ამოდის - 3-4 დღეში. - ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? - ფერმერები, რომლებიც ათასობით ჩითილს მიკვეთენ, უმეტესობა კი მოყვარული მებოსტნეა. ჩემს საქმეში ის მომწონს, რომ ჯანსაღ პროდუქტს ვქმნი. გარდა ამისა, მომხმარებელს მოსავლის მიღების მთელი პროცესის რეკომენდაციას ვაძლევ. წვრილად ვუხსნი, რომელ ეტაპზე რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ყვავილობისას რა უნდა გაითვალისწინოს, რით უმკურნალოს, მწერებისგან როგორ დაიცვას. გაწერილი ფორმულა არაფერს არა აქვს, რადგან სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა კლიმატური პირობებია. ამიტომ შეიძლება რეკომენდაციებში კორექტივების შეტანა. მთიან რეგიონებში ნაკლებად არის სოკოვანი დაავადებები, მავნე მწერები, რადგან ჰაერი უფრო სუფთაა და ყინვებია, რასაც მწერი და სოკოვანი დაავადება ვერ უძლებს, ოღონდ მთაში გვიან ირგვება, კიტრი 45 დღეში იძლევა ნაყოფს და პამიდორს 100 დღე სჭირდება. მოკლედ, დაინტერესებული ვართ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივაწოდოთ მომხმარებელს, რომ ჰქონდეს არა უცხოეთიდან შემოტანილი, არამედ თავის მიწაზე მოყვანილი. ეს არის ჩვენი სტიმული და მიზანიც. ბევრი მადლიერი მომხმარებლისგან მესმის, რომ კმაყოფილი არიან და ესეც სტიმულია. თუმცა მარტივი საქმე არ არის. სეზონზე უმეტესად მარტოს მიწევს 30-40 ათასი ჩითილის გამოყვანა 3-4 თვის განმავლობაში. - თებერვლის ბოლოს სახლში თუ დავაჩითილებთ ბოსტნეულს, როდის უნდა გადავიტანოთ ღია გრუნტში? - რეგიონის მიხედვით დაკვირვებაა საჭირო - როცა ჰაერი 20-22°ჩ-მდე გათბება და დღისა და ღამის ტემპერატურები საშუალოდ 18°C იქნება (მაგალითად, თუ საღამოს 16°ჩ-ია, ხოლო დღის განმავლობაში - 22°C, საშუალოდ 18°C გამოდის). თესლის გაღივება ტემპერატურაზეა დამოკიდებული. თბილისში 20 აპრილიდან შეიძლება ჩითილის გადატანა გვირაბ-სათბურებში (ანუ ცელოფანის დაფარება დასჭირდება). დღისით ცელოფანი უნდა მოეხსნას, საღამოს ისევ დაეფაროს, ამიტომ საჭიროა ტემპერატურის გაკონტროლება. ბოსტნის გაშენებას ცოდნა რომ უნდა, ამაზე ჩემი გამოცდილებაც მეტყველებს.