სათბურების გურჯი ოსტატი - კვირის პალიტრა

სათბურების გურჯი ოსტატი

"ხუთი წლის წინ ფერეიდანში ჩვენი საწარმო საუკეთესო საწარმოდ დაასახელეს. სოციალურ ქსელში მსურველებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ, სწავლება ქართულად უფასოა", - ამბობს სადეყ ლაჩინანი (ლაჩინაშვილი). ის სოციალურ ქსელში ფერეიდნელი ფერმერის სახელწოდებით გამოცდილებას ხალხს უზიარებს, აქვს თავისი საიტი. ფერეიდნელი ფერმერი ფერეიდნიდან გვესაუბრა:

- მე ვარ სადეყ ლაჩინანი (ლაჩინაშვილი), 38 წლის, პროფესიით სოფლის მეურნეობის ინჟინერი. სკოლა ფერეიდანში დავამთავრე, შემდეგ აჰვაზის უნივერსიტეტი. მყავს მშობლები და ორი უმცროსი ძმა. მამა ინგლისურის პედაგოგია, ამჯერად პენსიონერია. დედა დიასახლისია. დაოჯახებული ვარ, პატარა გოგო მყავს, მესამე კლასშია.

- სათბური როდის ააშენეთ?

- 2012 წელს და დღემდე ამ საქმეს ვემსახურები. ყვავილებს, ბოსტნეულს, მწვანილს, ნერგებს ვახარებ. სათბურში ჩვეულებრივ და ჰიდროპონიკის მეთოდებით ვთესავ. სანერგე მაქვს, ძველ ხეებს საუკეთესო ჯიშებით ვაახლებ, ვამყნი...

- მეურნეობის შექმნა რამ გადაგაწყვეტინათ?

- ამაზე ფიქრი 13 წლის წინ დავიწყე, როცა სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე და ფერეიდანში დავბრუნდი. მსურდა ჩემი ბიზნესი მქონოდა. მაშინ შევამჩნიე, რომ ირანში ბევრს ჰქონდა სათბურები და მეც მომინდა აშენება, მაგრამ ამ საქმეში გამოცდილება არ გამაჩნდა. შემდეგ ბევრმა რატომღაც აიღო სათბურები და, ფაქტობრივად, მარტო დავრჩი. ბევრი წიგნი წავიკითხე, ლიტერატურა სოფლის მეურნეობის შესახებ, ყვავილებზე, სიმინდის მოყვანაზე... ნელ-ნელა მივყევი ამ საქმეს და უკვე 13 წელია, რაც ფერეიდანში სათბური მაქვს. ვმუშაობ კალმახა სოკოს მოყვანაზეც.

- სამეურნეო საქმე, ალბათ, ბავშვობაშივე შეგიყვარდათ?

- ბაბუას ჰქონდა მეურნეობა, მაგრამ ადრე გარდაიცვალა. პატარაობისას ბიძასთან მივდიოდით, რომელსაც ბაღი ჰქონდა, და რომ ვეხმარებოდით, იქ სხვადასხვა კულტურას გავეცანი - ხორბალს, ლობიოს, ოსპს, სხვადასხვა ხილსა და ვაზის ჯიშებს... ირანის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას დიდი ადგილი ეჭირა. მოსახლეობის უმეტესობას ჰყავდა საქონელი, ცხვარი, იყო ბაზრები. წყლის მხრივ ირანში ყველაზე კარგი მდგომარეობა ფერეიდანშია. ამიტომაც სოფლის მეურნეობა კარგად იყო განვითარებული. დღეს ასე აღარ არის, ირანის ეკონომიკა უფრო ნავთობზეა დამყარებული, სოფლის მეურნეობა კი თანდათან შესუსტდა.

უნივერსიტეტში კურსზე 40 სტუდენტი ვიყავით და ამ პროფესიას მარტო მე გავყევი. სათბური რომ ავაშენე, ბევრი რამის სწავლა შემდეგ ჩემით მომიხდა. წიგნები ვიკითხე, ასე გავიგე მავნებლების, დაავადებებისა და სხვა თემების შესახებ.

5f373bc0-570f-4154-a9db-14761620fb80-1740165464.jpg

- ქართული ჯიშის რა გაქვთ სათბურში?

- ქლიავი 400 წლის წინ ქართველებმა ირანში თან ჩამოიტანეს, ვენახი კი 20 წლის წინ ერთმა ფერეიდნელმა საქართველოდან. აქ ორივეს ქართულ ჯიშად იცნობენ და საუკეთესო ჯიშებია საფერავი, ადესა... ირანში ღვინის დაყენება აკრძალულია, მაგრამ ხალხი შინ აყენებს.

9000 ძირი ვარდი მაქვს, 95% ერთი ჯიშია, წითელი "სამურაი", მაქვს ყვითელი, თეთრი და ცისფერი ვარდები.

ფერეიდანში ქართული კაკლის ჯიში არ არის, ფრანგული ჯიშის "ფერნორი" კი კარგად ხარობს. ფერეიდანი მთიანი და ცივი ადგილია და ეს ჯიში საგანგებოდ ასეთი ადგილებისთვის არის. ყველა კაკლის ხეს 6 თვე სჭირდება გამწვანების პერიოდად, ყლორტების გამოღებიდან ნაყოფის დამწიფებამდე, "ფერნორს" კი მხოლოდ 4,5 თვე. ამიტომ აქ კარგად ვითარდება. ფერეიდანში არის 200-300 წლის კაკლის ხეები, მაგრამ მათ სახელი არა აქვთ. ყველა განსხვავებულია, მაგალითად, იტყვიან, ლაჩინაანთ ბაღის კაკალი, გუგუნაანთ ბაღის კაკალიო, და ასე შემდეგ. კაკლის ჯიშებში, "ფერნორის" გარდა, არის ამერიკული "ჩანდლერიც". ესენი ერთი თვით გვიან იწყებენ გამწვანებას, როცა გაზაფხულის სიცივე გასულია და ამიტომაც საშიში არ არის, რომ ვერ გაიხარებენ.

მოსავლის ნაწილს ადგილზევე ვყიდი, ნაწილს კი ისპაანში ვგზავნი.

- სოკოც მოგყავთ...

- სოკოს ყველაზე დიდი პოტენციალი ის არის, რომ სოფლის მეურნეობის ნარჩენი მასალები (ჩალა, ნახერხი, ხილის ნათალი) შეგიძლიათ მის მოსაყვანად გამოიყენოთ.

ასევე საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა სათბურში მუშაობით: მეურნეობაში ბევრჯერ გვჭირდება სასუქის, პესტიციდების გამოყენება, რაც კარგი არ არის, ახლა კი შემიძლია სოკო მიწაში ავურიო, მისი მეშვეობით სასუქს მიწა, ბალახი უფრო ადვილად იწოვს, ამიტომ ძალიან ცოტა გვჭირდება პესტიციდი, სასუქი და შეგვიძლია ორგანიკ-მოსავალი მივიღოთ.

- საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები თუ გაქვთ?

- რამდენჯერმე ვცადეთ საქართველოში დაგვეწყო საქმე, მაგრამ ვერ შევძელით. საქართველოში კარგი კლიმატია, კარგი მიწა-წყალი, სტაბილური მდგომარეობა და უმჯობესია აქ შევქმნა მეურნეობა და არა ირანიდან ჩამოვიტანო.

ამ ოთხასი წლის განმავლობაში, რაც საქართველოდან ირანში ჩამოგვიყვანეს, არასდროს არც ერთ ირანელს არ უთქვამს, ირანის ქართველებიო, ყველანი ქართველებს გვეძახიან - გურჯს, გურჯი კი საქართველოდან მოსულს ნიშნავს... საქართველოში თუ ვინმეს დახმარება სჭირდება კონსულტაციით, რჩევებით, ვისაც კი სოფლის მეურნეობა, სათბურის აშენება, სოკოს მოყვანა სურს, ყველას უსასყიდლოდ დავეხმარები.