„კურკის დათესვიდან ნერგი სამ წელიწადში მიიღება“ - კვირის პალიტრა

„კურკის დათესვიდან ნერგი სამ წელიწადში მიიღება“

რამდენიმე წლის წინ გიორგი მასურაშვილი ჩვენი გაზეთის სტუმარი იყო და ფსტის შესახებ გვესაუბრებოდა. მაშინ ეს საქართველოში შედარებით ახალი და უცხო კულტურა იყო, თუმცა მის სანერგეში უკვე აქტიურად იწარმოებოდა. დღეს გიორგი მასურაშვილი წარმატებული ფერმერია და ფსტის ნერგების გარდა, მის მეურნეობაში ბევრი დასახელების ნერგი გამოჰყავთ. `სხვა ნერგებს თავი რომ დავანებოთ, წლეულს მარტო ბალი გვაქვს 20 000 ცალი, ყველაფერი ერთად კი 50 000 ნერგი იქნება", - გვეუბნება ფერმერი, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ნერგებით ამარაგებს.

გიორგი მასურაშვილი:

- სანერგე საქმიანობა 2011 წელს დავიწყეთ. ჩვენი მიზანი იყო, ნერგები გვეწარმოებინა და ჩვენი პროდუქტი საზოგადოებისთვის გაგვეცნო. ნერგები 3 ჰექტარზე გამოგვყავს და მთელ საქართველოს ვამარაგებთ. გვაქვს გამწვანების, ხეხილის, მარადმწვანეების, დენდრონების, კაკლოვნების ნერგები, - მოთხოვნა დიდია. ჩვენი სანერგე მეურნეობა ქარელის რაიონში, ზემო ხვედურეთშია.

ამ საქმისთვის მთავარი და აუცილებელი რაც არის, უნდა იყო მიზანდასახული, საქმე გიყვარდეს, დანარჩენი თავისით მოდის. თავიდან გამოცდილება არ მქონდა და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი. საქმეს გულით რომ იწყებ, ის თვითონ გიჩვენებს გზას, რა უნდა გააკეთო. მთავარია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.

- რის ნერგებით დაიწყეთ?

- ვაზის ნერგებით დავიწყეთ, მერე ფსტის მივამატეთ, ხეხილი და სხვა დანარჩენი... ისეთი მოთხოვნაა პროდუქტზე, რომ ბევრი რამ მარაგში უკვე აღარ გვაქვს. სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდი გაყიდვაში ძალიან გვეხმარება. მართალია, ზოგი ჯიში ამოიწურა, თუმცა ხეხილი, კაკლები და კენკროვანები გვაქვს.

- შემოტანილი ჯიშებია თუ ადგილობრივი?

- შემოტანილია საძირე და აქ ჩვენი დამყნობილია. გვაქვს როგორც ნახევრად ჯუჯები, ასევე ძლიერ საძირეზე გამოყვანილი. ჩვენს სანერგე მეურნეობაში საქმეს 10 კაცი ავუდივართ.

23a54829-1deb-4afc-9d7d-ea40920d9b2e-1740166308.jpg

- ხეხილის ნერგები რით განსხვავდება სხვებისგან, რასაც აწარმოებთ და რას მოითხოვს ნერგების გამოყვანა?

- განსხვავდება სახეობებით, ჯიშებით, კლასიფიკაციით. ხეხილის გამოყვანა ასე იწყება: ვთესავთ კურკას, გამოგვყავს საძირე... ადგილობრივ საძირეზეა ლაპარაკი და არა შემოტანილზე. შემდეგ საძირე უნდა გადაირგოს, გაიზარდოს, დაიმყნოს, გაიფურჩქნოს... მთელი პროცედურებია, კურკის დათესვიდან ასე, სამ წელიწადში, ნერგის წაღება უკვე შეუძლიათ. ასევეა მარადმწვანეები. თესლს ვთესავთ, რომელიც მრავლდება, მასაც სამი წელიწადი უნდა, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ. ყველაფერს მოვლა უნდა, მორწყვა, გასხვლა, შეწამვლა, სასუქების შეტანა.

- ბიოპროდუქტს აწარმოებთ?

- ძირითადად ნაკელს ვხმარობთ, ცოტ-ცოტას გვარჯილას.

- მალე გაზაფხული მოვა. ახლა რა სამუშაოებია ბაღში? მოყვარულმა მებაღემ რა უნდა გააკეთოს?

- ახლა, ძირითადად, გასხვლა-დასუფთავების სამუშაოა ჩასატარებელი. მოყვარულმა მებაღემ ბაღი უნდა დაფოცხოს, დაასუფთაოს, ნასხლავი ბაღიდან გაიტანოს, ცოტა ხანში კი ბაღის მოხვნა-დაბარვაც დაიწყება, გააჩნია ფართობსა და მებაღის შესაძლებლობას, რისი საშუალებაც აქვს, იმას გააკეთებს.

- გასხვლას ცოდნა უნდა, ამ პროცედურაში რა არის მთავარი, რომ ხეხილი არ დააზიანოს?

- ზედმეტი ტოტები უნდა ამოაჭრას და მსხმოიარე დატოვოს, სამომავლო კვირტი არ უნდა დააზიანოს... ხშირად ამ შეკითხვით მოგვმართავენ, მათ ჩვენი პროფესიონალები, გამსვლელები ეხმარებიან, ცხადია, შესაბამისი ანაზღაურებით.

- ხეხილის ნერგი როდის უნდა დავრგოთ?

- შემოდგომიდან ირგვება, კარგია, თუ ზამთარს გამოივლის. შესაბამისად, გასულ შემოდგომას დავიწყეთ ნერგების გაყიდვა, ნოემბრის 20-დან, როცა ფოთოლცვენა დასრულდა. დარგვას მანამდე ვაგრძელებთ, სანამ კვირტი გაიღვიძებს.

a8e0f306-7d4c-42be-90ec-2d3bad14630e-1740166308.jpg

- ყინვაში თუ შეიძლება გადარგვა.

- -5°ჩ არაფერია ახალგადარგული ნერგისთვის, -15-20°ჩ-ზე თავი უნდა შევიკავოთ. საერთოდ, ზამთარში გადარგვისას გაფუჭების ნაკლები შანსია, რადგან მცენარე მიძინებულია.

- ხუთწლიანი ხის ერთი ადგილიდან მეორეზე გადარგვა თუ შეიძლება?

- მიწიანად თუ მოიჭრება და ასე გადავიტანთ სხვაგან, შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია ფესვი დაზიანდეს, რაც ხეხილს გაახმობს, რადგან უკვე დიდი ტოტები აქვს გამოტანილი, ტოტებს კი კვება სჭირდება. თუ კვებას ვეღარ მიიღებს, დასტრესილი იქნება და ვეღარ გაიხარებს.

- ხეხილიდან ყველაზე მარტივად მოსავლელი ნერგი რომელია?

- შედარებით მარტივად ხარობს სხვადასხვა ჯიშის ბალი, მოსავლელად ადვილია ვაშლები, ალუჩები, ხურმა, კარალიოკი, ბროწეული. დიდ შრომასა და გადაყოლას არ მოითხოვს, თითოეული ზომიერად წყლის მოყვარულია, წყალი არც ბევრი უნდა, არც ცოტა. დასავლეთში იციან, ახალ დარგულს ზაფხულში არ რწყავენ. ასე არ შეიძლება, რომ დარგავ, მორწყვით უნდა მიეხმარო. ასევე მოუთოხნო და ბალახისგან გაათავისუფლო... ჩვენს მეურნეობაში საქმე ხელითაც კეთდება და მექანიზებულადაც. მცენარეს რაც ხელით ჩასატარებელი სამუშაო სჭირდება, იმას მექანიზაციით ვერ გააკეთებ.

- უკვე დარგული ნერგი რას ითხოვს?

- ყურადღებას, რომ დაავადება არ შეეყაროს. ფაროსანა საქმეს ძალიან აფუჭებს. ზოგს როცა წყალი აკლდება, ფოთლებზე ეტყობა, მოიწყენს. თუ ყურადღებით ხარ, მცენარე თვითონ გეუბნება, რა დროს რას ითხოვს.

- მეურნეობისთვის კიდევ რა მცენარის შემატება გინდათ? რა გეგმები გაქვთ?

- გაისად გვექნება ბალი შპალზე. ეს არის ჯუჯა ბალი, რომელიც ახლო-ახლო ირგვება. ჯუჯაა და ცხადია, დიდი არ იზრდება, მაგრამ მეტ მოსავალს იძლევა, ისეთს, როგორსაც სტანდარტულად გაშენებული ჯიშები. ეს ახალი ჯიშები ორჯერ მსხვილია. ჩვეულებრივი ხარისგულას ჩაბარება თუ 4 ლარი ღირს, ამას 7 ლარში აბარებ და ეს მაშინ, როცა კახეთის ბალი უკვე მოლეულია ხოლმე. ამ დროს შიდა ქართლში შპალის ბალი შემოდის. კახეთის ბალი პირველი შემოსვლისას 12-15 ლარი ღირს, ეს კი 20 ლარი მაინც იქნება, რადგან ძალიან ხარისხიან ნაყოფს იძლევა. ახლა საძირე დარგულია, დამყნობილია და დაახლოებით 2 კვირაში გადავჭრით საძირეს, რომ კვირტმა გაიღვიძოს.

- სანერგე მეურნეობა გაქვთ, ხეხილის ბაღებსაც ხომ არ უვლით?

- ბაღები გვაქვს, მაგრამ მათ, ძირითადად, სადედე ხეებად ვამუშავებთ, ხოლო ხილი რაც მოდის, მხოლოდ პირადი მოხმარებისთვისაა. ასეთი ბაღის მოვლა დიდ ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ ან ერთი საქმე უნდა გააკეთო, ან მეორე...

- კლიმატური პირობები მუშაობაში ხელს არ გიშლით?

- აქ სეტყვა 5-6 წელიწადია არ მინახავს, ქარი კი ჩემს ნერგებს არაფერს უზამს. სხვა მხრივ, თუ შრომა არ გეზარება, ხელი რამ უნდა შეგიშალოს.