როგორ დაბომბა ილონ მასკმა პოლონეთი სამჯერ... კოსმოსიდან... - კვირის პალიტრა

როგორ დაბომბა ილონ მასკმა პოლონეთი სამჯერ... კოსმოსიდან...

ილონ მასკის, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სახელი ისედაც მუდამ ჟღერდა საერთაშორისო საინფორმაციაო საშუალებებში, როდესაც მისი ხელმძღვანელობით მორიგ წარმატებას აღწევდნენ კოსმოსის სფეროს ათვისებაში, თუმცა ბოლო ერთი თვეა მას უკვე „თანაპრეზიდენტად“ მოიხსენიებენ, მას შემდეგ რაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გვერდზე დაიყენა და მისი ხელით აკეთებს „შავ საქმეს“ - გლობალურ რევიზიას ამერიკულ ბიუროკრატიაში და არა მარტო...

დღეს, როდესაც მასკი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპთან დაუკაკუნებლად შედის და ძალაუფლებას გემო გაუგო, მისთვის ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა იმის გაგება, რომ თანამონაწილეა აშშ-ის ევროპელი პარტნიორის - პოლონეთის... დაბომბვაში, თანაც სამჯერ და თანაც კოსმოსიდან...

1-kos-1740242130.jpg
ილონ მასკის რაკეტა-მატარებლის „ფალკონის“ სტარტი „ვანდერბერგის“ სარაკეტო ბაზიდან...

საქმე ის არის, რომ 19, 20 და 21 თებერვალს პოლონეთში სამ ადგილას ჩამოვარდა „კოსმოსური ნაგავი“, უფრო სწორედ კი ილონ მასკის კორპორაციის მიერ გაშვებული რაკეტა მატარებლის Falcon 9 R/B-ის ფრაგმენტები...

თქვენ ფრაგმენტი უძახეთ, მაგრამ როდესაც რაკეტის ოთხტონიანი ნაწილი ეზოში დაეცემა, საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ არის.

2-kos-1740242130.jpg
მასკის „ფალკონის“ ფრაგმენტების ღამისეული ნათება პოლონეთის ცაში...

Space X Starlink Group 11-4 მისიის ფარგლებში ამ რაკეტა-მატარებელმა19 თებერვალს სტარტი აიღო აშშ-ის „ვანდერბერგის“ სარაკეტო ბაზიდან და დედამიწის ახლო ორბიტაზე უნდა გაეყვანა Starlink-ის მორიგი თანამგზავრები, რომელთა დანიშნულებაზე ამავე ბლოგში სულ ორიოდე დღის წინ ვწერდით სტატიაში „ილონ მასკის შურისძიება ზელენსკიზე, რაც უკრაინის არმიას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს?! - რით შეაშინა პუტინმა ამერიკელი მილიარდერი?“ ილონ მასკი, რომელსაც ვერავინ დაასწრებს მის საკუთარ ინტერნეტრესურსზე კომენტარებს, საოცარ სიჩუმეს იჩენს, როდესაც საქმე მისი რაკეტა-მატარებლის ავარიასა და სუვერენული ქვეყნის-პოლონეთის ტერიტორიაზე სამ კოსმოსურ ინციდენტს ეხება, რომლებიც წმინდა შემთხვევითობით არ დამთავრდა ტრაგიკულად - მასკის რაკეტის ავზი პოლონელი გლეხის სახლს სულ რამდენიმე მეტრში ასცდა...

3-kos-1740242130.jpg
ილონ მასკს მოუწევს იმის აღიარება, რომ ეს „კოსმოსური ნაგავი“, რომელიც პოლონელი გლეხის ეზოში დაეცა, სინამდვილეში მისი რაკეტის ავზია...

სამაგიეროდ, მასკის „სარაკეტო დაბომბვამ“ თავად პოლონეთში გამოიწვია დიდი სკანდალი, ოღონდ სხვა მიზეზით - ნატოს წევრი ეს ქვეყანა, რომელიც მილიარდებს ხარჯავს საჰაერო თავდაცვის სასწრაფოდ გაძლიერებაზე, რუსეთისგან მოსალოდნელი საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად, კვლავ ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან პოლონეთის კოსმოსურმა სააგენტომ თურმე დროულად არ შეატყობინა თავდაცვის სამინისტროს, რომ მათი ქვეყნის თავზე მასკის „ფალკონი“ იშლებოდა და ნამსხვრევები დაეცემოდა.

კოსმოსურ სააგენტოში კი თავს იმართლებენ - ინფორმაცია მეილზე კი დროულად გავუგზავნეთ თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ მისი ელექტრონული მისამართი... ძველი აღმოჩნდაო...

4-kos-1740242129.png
ამერიკული რაკეტა მატარებლის Falcon 9 R/B-ის ფრენის ტრაექტორია, როგორც ხედავთ პოლონეთზეც გადის და საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილზეც ანუ მასკის მორიგი „ფალკონის“ ფრაგმენტებს ჩვენს ეზოებშიც შეიძლება დავუწყოთ ძებნა?

ასეთი კაზუსი, რომელიც ეხება ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე პოლონეთს, ადრეც მომხდარა, როდესაც 2023 წლის აპრილში პოლონეთის შუაგულში ტყეში მოქალაქემ რაღაც ფრაგმენტები აღმოაჩინა, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები... საბჭოთა/რუსული ფრთოსანი რაკეტის Х-55-ის აღმჩნდა, რომელიც ბირთვული ქობინის გადასატანად იყო განკუთვნილი - გაირკვა რომ ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში რუსების მიერ უკრაინის მხარეს გაშვებულმა ამ ფრთოსანმა რაკეტამ შეიცვალა ფრენის მარშრუტი და პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში 400 კმ-ზე მეტ მანძილზე შეფრინდა, ისე, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მისი არათუ ჩამოგდება, აღმოჩენაც კი ვერ შესძლო.

როგორც წესი, ის ქვეყანა, რომლის კოსმოსური ობიექტი ან მისი ფრაგმენტები ჩამოვარდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იხდის ბოდიშს და უხდის კომპენსაციას, მაგრამ ილონ მასკი დღეს ისეთ ფავორშია, რომ ნაკლებად მოსალოდნელია მან პოლონეთს „კოსმოსური ნაგვით“ სამჯერ დაბომბვისთვის მოუბოდიშოს, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპენსაციის გადახდაზე, თუმცა დაველოდოთ რა გაგრძელება ექნება ამ „კოსმოსურ ისტორიას“...